ბავშვობა ქვის ხანაში - კვირის პალიტრა

ბავშვობა ქვის ხანაში

თანამედროვე სამყაროში ბავშვს იცავს ყველა - მშობლები, ნათესავები, სახელმწიფო, მაგრამ სულ სხვაგვარი იყო პატარების ცხოვრება უძველესი ადამიანების ეპოქაში.

როგორ უნდა შევიტყოთ, როგორ ცხოვრობდნენ ბავშვები ქვის ხანაში? ამის შესახებ შესაძლოა ბავშვების ფეხის ანაბეჭდებმა გვიამბონ, რომელიც ჩვენი პლანეტის რამდენიმე კუთხეშია შემონახული.

ეთიოპიის სამხრეთში, ზემო ავაშის ზეგანზე მიაგნეს ნაკვალევს, რომელიც ჰაიდელბერგელმა ადამიანმა დატოვა. ზრდასრული ადამიანების ნაკვალევთან ერთად, აქ პატარების ნაფეხურებიც ნახეს. ანაბეჭდის ზომის მიხედვით, ის 2 წლის ბავშვისა უნდა ყოფილიყო. უცნობია, რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი ზრდასრულებთან ერთად ტალახში დააბიჯებდა, თუმცა ნაფეხურები ტალახში ჯერ მტვერმა, შემდეგ 700 ათასი წლის წინ ამოფრქვეული ვულკანის ფერფლმა დაფარა.

ნაკვალევთან ერთად მეცნიერებმა მიაკვლიეს ფლინტის (ერთგვარი ოპტიკური მინა, რომელიც შეიცავს ტყვიას) ინსტრუმენტებსა და ბეჰემოთის ძვლებს, რომელსაც ნაჭდევები ჰქონდა. ამ მასალების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რას აკეთებდნენ ამ ტერიტორიაზე ზრდასრული ჰაიდელბერგელები, მაგრამ რა უნდოდათ აქ ბავშვებს? პირველ რიგში იმის თქმა შეიძლება, რომ მათ სახლში არ ტოვებდნენ და თან დაატარებდნენ. ანუ კონკრეტულად ეს საზოგადოება ძიძის ინსტიტუტს არ იცნობდა. ქვის ხანის ბავშვის ნაკვალევი ნამიბიიდან ამავდროულად, ბავშვები თვალს ადევნებდნენ უფროსების საქმიანობას, როგორ იყენებდნენ ისინი იარაღს და სხვადასხვა ინსტრუმენტს. სწავლობდნენ, როგორ გაერჩიათ საკვებად ვარგისი და უვარგისი ნაჭრები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბავშვები ხშირად ახლდნენ ზრდასრულებს სხვადასხვა საქმიანობისას. მაგალითად საფრანგეთში, Tuc d’Audoubert-ის მღვიმეში ბავშვების ნაკვალევი გვხვდება იქ, სადაც კედლის მხატვრობებია. ეს ნიშნავს, რომ ისინი მხატვრის საქმიანობას აკვირდებოდნენ.

არგენტინაში, მონტე ერმოსოსში, ზღვის ნაპირას ქალებისა და ბავშვების ნაკვალევს მიაგნეს. შესაძლოა ისინი აქ ერთად აგროვებდნენ მოლუსკებს 7 ათასი წლის წინ. სწორედ ასე თარიღდება ზღვის სანაპიროზე მათ მიერ დატოვებული ნაკვალევი.

ბავშვის ფეხის კიდევ ერთი ანაბეჭდი, რომელიც 1500 წლისაა, ნამიბიაში აღმოაჩინეს, ქალაქ უოლფიშ-ბეისთან. როგორც ჩანს, ტალახზე, რომელიც შრებოდა, ბავშვების ჯგუფმა თხების ან ცხვრების ფარასთან ერთად გაიარა. თუმცა, როგორც ირკვევა, მწყემსვასთან ერთად, ბავშვები დახტოდნენ კიდეც, ოღონდ არა რეგულარულად. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებული ასაკის ბავშვების ჯგუფი კი არ მოძრაობდა, არამედ რაღაცას თამაშობდა. ჰაიდელბერგელი ადამიანი

ქვის ეპოქაში უზრუნველი და უსაფრთხო ბავშვობა მეტად ხანმოკლე იყო. პატარების ცხოვრების სრულად წარმოდგენა რთულია. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ბავშვები თან ახლდნენ ზრდასრულებს ნადირობისას, სამეურნეო საქმიანობისას, ხატვისას და სხვ. რას აკეთებდნენ ამ დროს, სეირნობდნენ თუ შორიახლოს თამაშობდნენ - ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. არც იმის თქმა შეიძლება, რომ მათ არ ჰქონდათ სათამაშოები. შესაძლოა ნივთები, რომლებიც საკულტო დანიშნულების გვგონია, სწორედ მათ სათამაშოებს წარმოადგენდნენ.

theconversation.com-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#89