აკაკი ჩხენკელის ერთი ფოტოკადრი წარსულიდან...
29-06-2018
აკაკი ჩხენკელის ერთი ფოტოკადრი წარსულიდან...
საქართველოს ხელოვნების სასახლეში მრავალი უნიკალური ფოტო ინახება.
მათ შორისაა არაერთი კადრი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შემოქმედთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ჩვენი ყურადღღება მიიქცია 1918 წლის ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" მე-14 ნომერმა, რომლის თავფურცელზე გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის სტუდენტობისდროინდელი ფოტო.

ეს არის ფრაგმენტი 1899 წლით დათარიღებული ფოტოსი, რომლის ორიგინალიც ჩვენთან ინახება. მასზე ასახულია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის გუნდი, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ აკაკი ჩხენკელი ყოფილა. გამოდის, რომ საქართველოს
ისტორიაში პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი მომღერალი იყო. ფოტოზე მას სწორედაც შესაბამისი ქულაჯა აცვია.

აქვე გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 16 ივნისის ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებიდან" ("მუსიკა და სახიობა"), რომელიც მკითხველს იმდროინდელი ქართული მუსიკის განვითარებაზე მოუთხრობს.

"ჩვენს მშობლიურ მუსიკას ეროვნული მონობის ხუნდები მოეხსნა და ეროვნული სამუსიკო თვითშემოქმედება
ნელინელ ფრთასა შლის. ჩვენს დედაქალაქში თავი მოიყარეს კომპოზიტორებმა: დიმიტრი არაყიშვილმა, მელიტონ ბალანჩივაძემ, ნიკო სულხანიშვილმა, კოტე ფოცხვერაშვილმა და მუშაობა გააჩაღეს. თითოეულმა მათგანმა უკვე გამართა კონცერტი ანუ თვისი ნაწარმოებნი საზოგადოებას მოასმენინა.

თითოეული მათგანის შემოქმედება, მუსიკის ხასიათი ერთიმეორისგან საკმაოდ განსხვავდება, ხოლო ყველა ერთად კარგ მასალას წარმოადგენს ჩვენი სამუსიკო ხელოვნების ასაღორძინებლად.

მარცხნიდან მეორე - აკაკი ჩხენკელი. მელიტონ ბალანჩივაძის გუნდის ეს ფოტო ინახება ხელოვნების სასახლეში. ასეთივე ფოტო არის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც, განმარტებით: ქართველი სტუდენტები კიევში, ჯგუფური ფოტო. მელიტონ ბალანჩივაძე, შიო ჩიტაძე, ალექსი ბეთანელი, გ. ნათიშვილი, გიორგი კვიტაშვილი, არდიშვილი, მიხაკო ჩხენკელი, გიორგი ჭოღოშვილი (ჩამონათვალში აკაკი ჩხენკელი და კიდევ რამდენიმე პირი მითითებული არ არის)

დიმიტრი არაყიშვილის სამუსიკო ნაწარმოებთ უკვე იცნობს ჩვენი საზოგადოება: კომპოზიტორს ფოტოგრაფიულის სინამდვილით აქვს აღნუსხული კილო და ხასიათი ჩვენის მუსიკის. თუ ბედმა გაუღიმა და ეს ჩვენი მუსიკის დიდი ოსტატი სამშობლოში დატრიალდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მშობლიურ ჰანგთა პირისპირ მოსმენა და მათ იდუმალობათა შეცნობა კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამრავალფერადებს მის შემოქმედებას. დროა საყვარელი კომპოზიტორი შეუდგეს სრულ ნაწარმოებთა შექმნას, თორემ ნამცეცებით სული ვერ გაძღება. აგერ, თითქმის სამგზის გაიმართა მის ნაწარმოებთა საღამო და სამივეჯერ ნაწყვეტებისა.

კოტე ფოცხვერაშვილმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რაოდენი ორგანიზატორული უნარი შესწევს. მუშაობს მეტად აუტანელ პირობებში და მიუხედავად ამისა, მაინც შესძლო საერო ჰიმნ-საგალობელთა კონცერტების გამართვა (2 ივნისს საქართველოს სახელმწიფო თეატრში, ხოლო 8 ივნისს სახალხო სახლში). ორივე კონცერტს აუარებელი ხალხი დაესწრო და დიდის პატივისცემით შეხვდა.

კოტე ფოცხვერაშვილი რამდენადაც მუსიკოსია, იმდენადაც იდეური მუშაკი - მქადაგებელი: სამშობლო მუსიკის გავრცელებას იგი სიტყვიერი ქადაგებით უფრო ფიქრობს და ამიტომაც არის, რომ მისი კონცერტების დროს უფრო მეტი სიტყვა- ლექცია ისმის. მუსიკოსი კი, ჩვენი აზრით უფრო მეტად თავისი შემოქმედებით, თავისი უდიდესი ენით - მუსიკით უნდა მეტყველებდეს.
1918 წლის ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" მე-14 ნომრის თავფურცელი აკაკი ჩხენკელის ფოტოთი (ინახება საქართველოს ხელოვნების სასახლეში)
განა სიმღერა-გალობაზე უფრო ძლიერი სხვა რომელიმე ენა მოიპოვება? თუმცა ყოველივე მისი ნათქვამი უადგილო არა ყოფილა და ბევრი რამ გადასცა საზოგადოებას. კომპოზიტორმა მოგვასმენინა ჰიმნი - დიდება და ლოცვა.

პირველი ნაწარმოები გმირული, მჭექარე და აღმაფრთოვანებელია, შიგადაშიგ თითქო უცხო მუსიკის გავლენა ემჩნევა, მეორე - ლოცვა უფრო ლბილია, სასოების მომგვრელი. საზოგადოებამ ჰიმნი გაამეორებინა და დიდის ტაშით დააჯილდოვა კომპოზიტორი.

ამავე კონცერტზე კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით მელიტონ ბალანჩივაძემ შეასრულა თავისი ჰიმნი. ეს ჰიმნი უფრო დამუშავებული, უფრო ნაზი გამოდგა. შეატყობდით, რომ ორი სხვადასხვა ხანის ჰანგი იყო: ერთი კოტე ფოცხვერაშვილისა - რევოლუციონური ხანისა, დემოკრატიის გამძლავრების, მეორე მელიტონ ბალანჩივაძის - მშვიდობიან დროის, სალონურ-არისტოკრატიული".

სტატიის ავტორია (ფსევდონიმით "წინამძღვარი") ჟურნალის დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი იოსებ იმედაშვილი.
გიორგი კალანდია
საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#89
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!