თავისუფლების ჯარისკაცი - მიხეილ ქავთარაძის გახსენება - კვირის პალიტრა

თავისუფლების ჯარისკაცი - მიხეილ ქავთარაძის გახსენება

ათი წლის წინ, საქართველოს დედაქალაქში, მიწას მიაბარეს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი მიხეილ ქავთარაძე (1906-2008).

იგი გამორჩეული ბედის მქონე ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა. ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც კი მის მიერ განვლილი ცხოვრების ხანგრძლივ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზას გაეცნობა.

საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის (1921 წ.) შემდეგ, ქართველ მამულიშვილთა მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული გახდა, ემიგრაციაში გახიზნულიყო. მათ უმეტესობას ღრმად სწამდა, რომ საზღვარგარეთ დროებით მიდიოდა და თავის სათაყვანებელ სამშობლოში ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდებოდა.

ქართული ემიგრაციის ტალღას 1927 წლიდან შეუერთდა 21 წლის მიხეილ ქავთარაძე - სენაკელი საეკლესიო აზნაურის, ერისტო ქავთარაძის ვაჟი.

დიდი ილია ჭავჭავაძის იდეებზე აღზრდილმა, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დასავლეთ ევროპაში მთელი 76 წელიწადი იცხოვრა. ამის მიუხედავად, არასოდეს უცხოვრია საქართველოს გარეშე, რისი ნათელი დადასტურებაც არის მისი მემუარები, პუბლიცისტური წერილები და ლექსები.

97 წლისას ოცნება აუხდა და 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა. სამშობლო დატოვა სიმპათიურმა, წარმოსადეგმა ჭაბუკმა, რომელიც უკან ღრმად მოხუცებული და თვალდაშრეტილი დაბრუნდა. ოთხ წელიწადზე ოდნავ მეტხანს იცხოვრა ახალ საქართველოში და ბოლოს მშობლიურ მიწას შეუერთდა... 102 წელს მიღწეული მიხეილ ქავთარაძე 2008 წლის 9 იანვარს, თბილისში გარდაიცვალა. ფაქტობრივად, არ ყოფილა სხვა ქართველი ემიგრანტი, რომელსაც საუკუნეზე მეტხანს სიცოცხლის შემდეგ სული სამშობლოში დაელია. ბატონი მიხეილი ამ მხრივაც გამორჩეული ბედის გამოდგა.

მახსენდება მისი გაცნობის უჩვეულო ამბავი...

2004 წლის შემოდგომაზე, უნივერსიტეტში ლექციის კითხვისას, საუბარი ჩამოვაგდე ქართველ ემიგრანტებზე და მათ შორის მიხეილ ქავთარაძეც ვახსენე. თან დავძინე, რომ იგი შარშან სამშობლოში დაბრუნდა-მეთქი.

უცებ, ჩემს ლექციაზე მყოფმა ნიჭიერმა სტუდენტმა სოფო ჯაჯანაშვილმა წამოიძახა, - მიხეილ ქავთარაძე დედაჩემის ბიძაა და ჩვენს ოჯახში ცხოვრობსო...

ყოველივე ამას მოჰყვა ჩემი მიწვევა სოსო ჯაჯანაშვილის (მიხეილ ქავთარაძის ძმისწულის - ნანა ქავთარაძის მეუღლე) ოჯახში.

იმხანად უკვე წაკითხული მქონდა მიხეილ ქავთარაძის მემუარული ნაშრომი "იანიჩარები", საიდანაც მახსოვდა, რომ იგი სენაკიდან იყო. ასევე ვიცნობდი მის პოეტურ შემოქმედებას, სადაც ბატონი მიხეილი ქართულად დაწერილ ლექსებში ზოგჯერ მეგრულ სიტყვებსაც ჩაურთავდა ხოლმე. მაგალითად, ლექსს "პარიზიდან ტფილისამდე" ასე ამთავრებდა:

გთხოვთ, მეგობრებო, ნუ ფიქრობთ

ჩემს აქაურ სამარხზე,

გემუდარებით, მომწეროთ

ტფილისურ მისამართზე.

გული იმ მიწის ერთგულად

ხომ იქავე დარჩა.

როგორც იტყვიან მეგრულად:

"ჩქიმი ღურაშ დღაშა". ემირანტი მიხეილ ქავთარაძე პარიზის ქუჩებში სეირნობისას. გადაღებულია II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით გადავწყვიტე, ბატონი მიხეილისთვის სასიამოვნო სიურპრიზი მომემზადებინა.

იოსებ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ჯაჯანაშვილების ბინას ჩემს უფროს მეგობართან, ექიმ ზურაბ ჩიქოვანთან ერთად ვესტუმრე. ბატონი ზურაბი შემთხვევით არ შემირჩევია. იშვიათად მინახავს არაისტორიკოსი, რომელმაც მასავით ღრმად იცოდეს საქართველოს ისტორიული მხარეების (განსაკუთრებით ოდიშ-აფხაზეთის) ისტორია და ეთნოგრაფია.

ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ ორივე საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის - სამეგრელოს შვილები არიან, ქართულთან ერთად, მეგრულიც იციან და ერთმანეთს კარგად გაუგებენ-მეთქი. ოჯახში შესვლისთანავე ნანა ქავთარაძემ ბიძასთან წარგვადგინა. სავარძელში დარბაისლურად იჯდა ჭარმაგი, სიმპათიური მამაკაცი, რომელიც თავის ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდას ჰგავდა.

თავდაპირველად სიტყვაძუნწობდა. ვითარება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ადამიანურ ურთიერთობათა კარგმა მცოდნემ, ზურაბ ჩიქოვანმა მასპინძელს მეგრულად მიმართა და გაიხსენა მიხეილ ქავთარაძის მშობლების ახლობლები: გიორგი ჩიჩუა, მისი ასულის, ნუცა ჩიჩუას აფხაზი მეუღლე - კალდახვარელი თავადი ასტამურ ინალ-იფა, შარვაშიძეები, დადიანები, მარღანიები და საუკუნის წინანდელი ოდიშ-აფხაზეთის სხვა უწარჩინებულესი წარმომადგენლები. მიხეილ ქავთარაძე პარიზის გარეუბანში

მანამდე თავშეკავებული მოხუცი მოულოდნელად ენაწყლიან მოსაუბრედ იქცა. მათი ქართულ-მეგრული საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა...

ბატონმა მიხეილმა აღნიშნა, რომ ემიგრანტი ქართველი მამულიშვილებისთვის ზნეობრივ იდეალს წარმოადგენდა ლეგენდარული ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომლის დაკრძალვას 1930 წელს, სენტ-უანის სასაფლაოზე თავადაც დასწრებია. მისივე თქმით, 42 წლის გმირის გარდაცვალება ქართველებთან ერთად იგლოვეს დაკრძალვაზე მოსულმა ჩრდილოეთკავკასიელმა ემიგრანტებმაც.

მიხეილ ქავთარაძემ წუხილი გამოთქვა, ჩოლოყაშვილის სახელს სათანადოდ ვერ ვაფასებთო (მოგვიანებით, როცა ვაცნობე, რომ გადაწყდა ქაქუცას ნეშტის მთაწმინდაზე გადმოსვენება და მისი პორტრეტის გამოსახვა საქართველოს ეროვნული ბანკის 200-ლარიან კუპიურაზე, მახსოვს, ძალიან გაიხარა).

მან ასევე პატივისცემით გაიხსენა ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი სპირიდონ კედია და მისი მეუღლე - გამორჩეული მანდილოსანი სოფიო ჩიჯავაძე, რომელიც 108 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა და შესანიშნავი მემუარები დაგვიტოვა...

დაუვიწყარია მიხეილ ქავთარაძის მონათხრობი II მსოფლიო ომის დროს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მისი ჩამოსვლის შესახებ. იმხანად, გერმანიის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალმა და ძირითადად ქართველი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებულმა სამხედრო შენაერთმა ბრძოლით მოაღწია საქართველოს საზღვრამდე და ზემო რაჭის გადაღმა დაბანაკდა.

მიხეილ ქავთარაძემ გაიხსენა: "1942 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ კავკასიაში შეჭრილი გერმანული არმია, რომლის შემადგენლობაში ქართული ლეგიონიც ირიცხებოდა, აღმოსავლეთით წინსვლას განაგრძობდა. მან თანამიმდევრულად დაიკავა ქალაქები: სტავროპოლი, არმავირი, მაიკოპი და კრასნოდარი, ხოლო 21 აგვისტოს ევროპის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე სვასტიკიანი დროშა ააფრიალა.

სვასტიკიანი დროშა იალბუზზე

ამის შემდეგ გერმანულმა ჯარმა აიღო ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქი მოზდოკი, ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქი ნალჩიკი, ბოლოს კი ინგუშეთის ქალაქ მალგობეკამდეც მიაღწია. ქალაქი ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი) დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ფაქტობრივად, ალყაში იყო მოქცეული და მის დაცემას დღე-დღეზე ველოდით. ჩრდილოეთი ოსეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ურუხის ხეობაში დაბანაკებულ ჩვენს სამხედრო შენაერთს, რომელიც ქართული სამფეროვანი დროშის ქვეშ იბრძოდა, საქართველომდე სულ რამდენიმე კილომეტრიღა აშორებდა.

იმედით გავყურებდით კავკასიონის დათოვლილ ქედს, რომლის გადაღმაც ჩვენი სამშობლო გვეგულებოდა. რამდენჯერმე საქართველოდანაც გადმოვიდნენ და გვამცნეს - თბილისში საიდუმლო ანტისაბჭოური ორგანიზაციები მოქმედებენ და თქვენი შემოსვლისთანავე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აპირებენო. თვით ქართველი კომუნისტების ერთი ნაწილიც კი გვიგზავნიდა შუამავლებს და გარიგებას გვთავაზობდა.

ამასობაში, მიხეილ კედიას საიდუმლო დავალებით, ბერლინიდან ნალჩიკში ჩამოვიდნენ ალექსანდრე ასათიანი და ალექსანდრე ცომაია, რომლებმაც ყაბარდოში მცხოვრები რაჭველების მეშვეობით კავშირი დაამყარეს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებასთან. ქართული ემიგრაციის მიმართვა საბჭოთა ხელისუფლებისადმი შეიცავდა შემდეგ ინსტრუქციას: "სანამ გერმანულ ჯარს კავკასიონი არ გადმოულახავს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ხოლო როდესაც დაიწყება მათი წინსვლა სამხრეთით, დაასწარით და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადეთო!" ნალჩიკელმა რაჭველებმა, რომლებიც საქართველოსთან მუდმივ კავშირს მამისონის უღელტეხილის საშუალებით ინარჩუნებდნენ, თბილისიდან ჩამოგვიტანეს ქართველ ხელისუფალთა საიდუმლო შემონათვალი: "ჩვენც ასევე ვფიქრობთო".

ეს გეგმა ჩაშალა გერმანელების კატასტროფულმა მარცხმა სტალინგრადთან, რის გამოც იძულებული შევიქენით, დაგვეტოვებინა ჩრდილოეთ კავკასია და სამშობლოში დაბრუნების იმედიც კარგა ხნით გადაგვეწურა... მახსოვს, იმ დღეს, როცა უკან ვიხევდით, კავკასიონის მთები არაჩვეულებრივად ნათლად ჩანდა. ჩვენს სამხედრო ნაწილს ბოლოში მოვექეცი, რომ მშობლიური მთებისთვის რაც შეიძლება დიდხანს მეყურებინა"...

ბოლოს ბატონმა მიხეილმა დასძინა: "1942 წლის შუა ხანებისთვის ისეთი ვითარება იყო შექმნილი, რომ გერმანიის ძლევამოსილ გამარჯვებას თითქოსდა ვეღარაფერი შეაფერხებდა. მეც იმიტომ ვიყავი იმ ქართველ ემიგრანტთა შორის, ვინც აღნიშნული გამარჯვების შემდეგ შექმნილ რეალობაში საქართველოს როლსა და ადგილზე ზრუნავდა. ამიტომაც, ქართველთა ამ ნაწილის გამიზნული მოქმედება სწორედ ამით უნდა აიხსნას. ოდიშის თავად გიორგი ჩიჩუას ასული - ნუცა და მისი მეუღლე, აფხაზი თავადი ასტამურ საათ-ბეის ძე ინალ-იფა

დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, რომ კიდევ კარგი, გერმანელებმა საქართველოში ვერ შემოაღწიეს. ასეთი სიტყვების მოსმენა, ალბათ, გიკვირთ ჩემგან - იმ კაცისგან, რომელსაც იმხანად გერმანული სამხედრო ფორმა ეცვა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა... მაგრამ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მოხდებოდა გერმანული არმიის საქართველოში შეღწევის შემთხვევაში: ნაცისტები გაანადგურებდნენ ქართველ კომუნისტებს და ყველას, ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევდა.

ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით კი თავადაზნაურობიდან გამოსული ინტელიგენცია და განკულაკებული გლეხობა, რომელიც უკმაყოფილო იყო საბჭოთა რეჟიმით, თანამშრომლობას დაიწყებდა გერმანულ საოკუპაციო რეჟიმთან. როგორც მოგეხსენებათ, ომის ვითარებიდან გამომდინარე, 1943 წლის დასაწყისიდან, გერმანული ჯარი იძულებული გახდა, უკან დაეხია და დაეტოვებინა მის მიერ დაკავებული კავკასიის ნაწილი.

გერმანელთა საქართველოდან წასვლის შემთხვევაში კი დაბრუნდებოდა გამძვინვარებული საბჭოთა რეჟიმი, რომელიც დაუყოვნებლივ რეპრესიებს დაიწყებდა და მუსრს გაავლებდა კოლაბორაციონიზმში ბრალდებულ ქართველობას, რომელთა რაოდენობაც ცოტა არ იქნებოდა. სხვათა შორის, ასეთი ვითარება შეიქმნა სსრ კავშირის ტერიტორიის ყველა იმ ნაწილში, რომელშიც გერმანულმა არმიამ მცირე ხნით მაინც შეაღწია. იქ ცოდვის კალო დაატრიალეს ჯერ ნაცისტებმა, ხოლო მათი უკან დახევის შემდეგ, მობრუნებულმა კომუნისტებმა.

მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, რაც იმხანად სავსებით მოსალოდნელი იყო, ისედაც მცირერიცხოვანი ქართველი ერი კატასტროფულად შემცირდებოდა. აი, რას გადაურჩა მაშინ საქართველო! მიხეილ ქავთარაძე საგანგებო დანიშნულების რაზმის, "თამარ II"-ის ქართველ მოხალისეებთან ერთად, კოტროჩენის ბანაკში (1941 წ.) მართალია, მე ყოველთვის ვიყავი და დღესაც ვრჩები საქართველოს დამოუკიდებლობის დამასამარებელი საბჭოთა რეჟიმის დაუძინებელ მტრად, უნდა ვაღიარო, რომ აღნიშნული განსაცდელი საქართველოს ააცილა პირადად სტალინმა, რომლისთვისაც სრულიად დაუშვებელი იყო, რომ მის მშობლიურ ქვეყანაში მტერს შეეღწია.

მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ანტისაბჭოური განწყობა ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილისა, რომლებიც საქართველოში გერმანელთა შესვლის შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობას დაიწყებდნენ. ამიტომაც მოავლინა სტალინმა კავკასიაში ლავრენტი ბერია, რომელმაც უდიდესი ორგანიზატორული უნარი გამოავლინა და საქართველო გადაარჩინა როგორც გერმანული ოკუპაციის საფრთხეს, ასევე მის მოსალოდნელ ტრაგიკულ შედეგებს.

აფხაზეთის წარჩინებული თავადები. მარცხნიდან: გიორგი კონსტანტინეს ძე შარვაშიძე, ალექსანდრე გრიგოლის ძე შარვაშიძე, ალექსი ძიაპშ-იფა (დგას), მელიტონ ბატას ძე ემუხვარი და ასტამურ საათ-ბეის ძე ინალ-იფა (XX საუკუნის დასაწყისი) მან ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი 46-ე საბჭოთა არმიის სარდალი ვასილი სერგაცკოვი, რომელიც გამუდმებით უკან იხევდა, დაუყოვნებლივ მოხსნა და ამ თანამდებობაზე გენერალი კონსტანტინე ლესელიძე დანიშნა. ამიტომაც იბრძოდა ასეთი თავგანწირვით ლესელიძის სარდლობით დარაზმული ხსენებული არმია, რომელშიც ქართული დივიზიებიც შედიოდნენ"...

დიასახლისი გამოგვიტყდა: "როგორც ჩანს, ძია მიშას თქვენთან შეხვედრა ესიამოვნა, რადგან ამდენ ხანს და ასე გულწრფელად არავისთან უსაუბრიაო".

თვით მიხეილ ქავთარაძემაც აღნიშნა: "ასეთი დახვეწილი მეგრული, როგორსაც ბატონი ზურაბ ჩიქოვანი ფლობს, დიდი ხანია აღარ მომისმენიაო".

ამის შემდეგ, ბატონი მიხეილის ნახვის შესაძლებლობა კიდევ რამდენჯერმე მომეცა მისი ძმისწულის სტუმართმოყვარე ოჯახში. მახსოვს ავტორის მიერ წაკითხული თავისივე ლექსები, რომელიც დამუხტული იყო სამშობლოს სიყვარულითა და მისი მონატრებით. მაგალითად, ლექსში "ნოსტალგია" ავტორი ასეთ აღსარებას გვანდობს:

ჰოი, ჩემო წაბლის ოდა,

დახურულო მუხის ყავრით,

შენთან ყოფნა რომ დამცლოდა,

არ დავბერდებოდი ჯავრით.

საგულისხმოა, რომ მიხეილ ქავთარაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა ქართველი კაცის ღირსებებს, თუმცა ნაკლსაც ამჩნევდა. ლექსში "ქართველი კაცი" იგი წერს:

ცხოვრებამ ის ვერ ალაგმა,

ძველ წესს ვერ გადააჩვია,

ცა ქუდად ჰხურავს, ქალამნად

მას დედამიწა აცვია. ზურაბ ჩიქოვანი უკანასკნელად მიხეილ ქავთარაძე 2007 წლის 25 დეკემბერს ვნახე, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის (წინამძღოლი - კინომცოდნე გოგი დოლიძე) ინიციატივით კინოს სახლში გაიმართა მისი სქელტანიანი წიგნის "ცხოვრების 100 წელი (იანიჩარები, წერილები, თარგმანები, ლექსები)" პრეზენტაცია.

ბატონი მიხეილი ტრადიციულად დარბაისლურად იჯდა უზარმაზარ ხის საკარცხულში და ყურადღებით უსმენდა გამომსვლელებს: გოგი დოლიძეს, ჯანრი კაშიას, ოთარ ჯანელიძეს, პაატა ნაცვლიშვილს, რუსუდან დაუშვილს, რუსუდან კობახიძეს, ამ სტრიქონების ავტორსა და სხვებს, რომლებმაც ისაუბრეს მხცოვანი ემიგრანტის ხანგრძლივი და მრავალწახნაგოვანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

კვლავ მინდა გავიმეორო, რაც მაშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი: "ამ შესანიშნავი წიგნის წაკითხვის გარეშე შეუძლებელია ქართული ემიგრაციის ისტორიის სრულყოფილად შესწავლა. აქვე უნდა აღვნიშნო ქალბატონი ნანა ქავთარაძისა და მისი ოჯახის უდიდესი დამსახურება ბატონი მიხეილის სამშობლოში დაბრუნების, მოვლა-პატრონობისა და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის წიგნად გამოცემის საქმეში. ამ მხრივ ქართველი საზოგადოებრიობა ვალშია ამ დიდებული ოჯახის წინაშე!"

პრეზენტაციის დღეს მიხეილ ქავთარაძე ბერმუხასავით გამოიყურებოდა. მისი ღიმილიანი სახის შემხედვარე ძნელად დაიჯერებდა, რომ მოხუცს სულ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა...

2008 წლის 12 იანვარს, მხცოვანი მამულიშვილის დაკრძალვისას, უჩვეულოდ ციოდა და საბურთალოს სასაფლაო თოვლით იყო დაფარული. ამას ხელი არ შეუშლია მისი ახლობლებისა და თაყვანისმცემლებისთვის, რომ სამშობლოს ერთგული ჯარისკაცის ნატანჯი სხეული სათანადო პატივით მიგვებარებინა მშობლიური მიწისთვის.

უფალმა ნათელში ამყოფოს საუკუნის კაცის - ბატონი მიხეილ ქავთარაძის სული! …

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#89