საქართველო უცხოელთა ფერებში - კვირის პალიტრა

საქართველო უცხოელთა ფერებში

(ნაწილი 1)

საქართველო ოდითგანვე უცხოელი პილიგრიმების, ელჩებისა თუ მოგზაურების ინტერესის ობიექტი იყო. ჩვენი ქვეყნით საზღვარგარეთიდან ჩამოსული არაერთი ხელოვანი მოხიბლულა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მხატვრებიც იყვნენ. სამწუხაროდ, მათი ხელოვნების საქართველოსთან კავშირი ცალკე სამეცნიერო კვლევის საგანი არ გამხდარა.

2014 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და სახელოვნებო უწყებებთან ერთად იწყებს მასშტაბურ პროექტს, რომლის მიზანიც მთელ მსოფლიოში საქართველოს შესახებ არსებული სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება და ერთიანი ბაზის შექმნაა. ჟურნალ "ისტორიანის" მკითხველი პირველი გაეცნობა ამ უნიკალურ მასალას. ამ ეტაპზე თქვენს ყურადღებას რუსულ მხატვრობაში ასახულ ქართულ თემატიკას დავუთმობთ.

ივან აივაზოვსკი (1817-1900), თურქულ-სომხური წარმომავლობის დიდი რუსი მხატვარია, საქართველოთი შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე დაინტერესდა. 1855 წელს მან შექმნა ნახატი "დარიალის ხეობა" (დაცულია სომხეთის ეროვნულ გალერეაში). მოგვიანებით, ოჯახური დრამის შემდეგ, როცა ივან კონსტანტინოვიჩი მეუღლეს, იულია გრევსს გაეყარა, მხატვარმა "სევდის განსაქარვებლად" კავკასიაში მოგზაურობა აირჩია.

"დარიალის ხეობა". ივან აივაზოვსკი, 1855 წ.

ბუმბერაზი მთები, ცად აზიდული მყინვარი და პირველყოფილი ბუნება მხატვარზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. აივაზოვსკის სამოგზაურო ალბომი ჩანახატებით გაივსო... ტფილისმა კი მხატვარი ისე აღაფრთოვანა, რომ გამოზამთრება საქართველოში გადაწყვიტა. აივაზოვსკისთვის დამახასიათებელი სიზუსტით, სისწრაფითა და ვირტუოზულობით ცოცხლდებოდა ნანახი და განცდილი.

1862 წელს მან მეორედ დახატა "დარიალის ხეობა", სადაც თერგის პირას, მთვარის შუქით განათებულ გზაზე, გრძელი ქარავანი მოჩანს (დაცულია პავლოვსკის მუზეუმ-ნაკრძალში). დარიალი დიდხანს რჩებოდა აივაზოვსკის შემოქმედებაში. 1868 წელს იგი ხეობას კიდევ ორ ტილოს მიუძღვნის: "გზა მლეთიდან გუდაურამდე" (დაცულია პ. გამზათოვის სახელობის დაღესტნის ხელოვნების მუზეუმში) და "დარიალის ხეობა მთვარის შუქზე" (დაცულია სომხეთის ეროვნულ გალერეაში).

აივაზოვსკის ტფილისში სტუმრობამ დედაქალაქის საზოგადოება ააფორიაქა და გამოაცოცხლა. ამბობენ, იმდენი იყო მომსვლელ-წამსვლელი, რომ მეეტლებმა გაჩერება იმ სახლთან გადაიტანეს, სადაც მხატვარი ცხოვრობდაო. ივან კონსტანტინოვიჩის სადარბაზოდან გამოსვლას ყოველთვის დიდი აურზაური მოჰყვებოდა თურმე, მხატვარს ყველა საკუთარ ეტლში ეპატიჟებოდაო... ის მეეტლე კი, ვისაც აივაზოვსკი ჩაუჯდებოდა, მთელი კვირა ყურადღების ცენტრში ყოფილა. მას ყველა აივაზოვსკისთან საუბრის შესახებ ეკითხებოდა.

"გზა მლეთიდან გუდაურამდე". ივან აივაზოვსკი, 1868 წ.

დიდი მხატვარი რომ კავკასიაზე უძვირფასეს ტილოებს ქმნიდა, მთელმა ტფილისმა იცოდა. მის შემოქმედებაზე არა მარტო განათლებულთა და წარჩინებულთა სახლებში, არამედ თითქმის ყველა ქუჩაზე, შუკაში თუ ბაზარში ჭორაობდნენ. ყველა ამბობდა, რომ აივაზოვსკი ჯადოსნური სისწრაფით ხატავდა. მართლაც ასე იყო. ივან კონსტანტინოვიჩმა ტფილისური ზამთრის განმავლობაში 12 საუცხოო ნახატი შექმნა...

აივაზოვსკის კავკასიურ ციკლში საქართველოს გამორჩეული ადგილი ეკავა, "ტფილისი სეიდ-აბაზიდან" (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. 1868 წელი), "ტფილისის ხედი" (დაცულია სტავროპოლის სამხარეო ხელოვნების მუზეუმში. 1869 წელი), "მდინარე რიონი" (დაცულია სომხეთის ეროვნულ გალერეაში. 1870 წელი), "მოღრუბლული დარიალის ხეობა" (დაცულია მოსკოვის სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში. 1891 წელი), "ზვავის ჩამოწოლა ყაზბეგთან საქართველოს სამხედრო გზაზე" (ნახატი დაკარგულია).

მალე თბილისში იმაზეც ალაპარაკდნენ, აივაზოვსკიმ კავკასიური ტილოების ხატვა დაამთავრა და მათი გამოფენისთვის ემზადებაო... დამთვალიერებელი უამრავი მოვიდა. თბილისელები ნანახით აღტაცებული იყვნენ, გამოფენიდან შემოსული სოლიდური თანხა კი ივან ავიაზოვსკიმ დედაქალაქის მიუსაფარ ბავშვთა სახლს გადასცა.

კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: მსოფლიოში განთქმულმა მარინისტმა გემების ხატვა 1877 წელს დაიწყო, როცა რუსეთ-თურქეთის ომი გაჩაღდა. აივაზოვსკის მიერ შექმნილი ზღვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი ბატალური სცენა საქართველოში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებას ასახავს.

ტილო სახელწოდებით "კატარღებისა და გემების ორთაბრძოლა. დიდი მთავრის, კონსტანტინეს ჭურვებით შეტევა თურქულ ჯავშნოსან ასარი-შევქეთზე 1877 წლის 12 აგვისტოს სოხუმის რეიდზე" ამჟამად სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ სამხედრო საზღვაო მუზეუმში ინახება და ისტორიული სიზუსტით გადმოსცემს სოხუმის სანაპიროზე რუსული და თურქული ფლოტის სისხლიან შეტაკებას). 1862 წელს აივაზოვსკიმ მეორედ დახატა "დარიალის ხეობა" * * *

"ის სახლში არ დამხვედრია, გადავწყვიტე, თუნდაც შუაღამემდე დავლოდებოდი. ჩემს გრაგნილებთან ერთად კიბეზე ჯდომამ ორ საათს მომიწია, შემდეგ კი ნაბიჯების ხმა გავიგონე, გულისცემა ამიჩქარდა, თან გაფაციცებული მზერით კიბეზე ამომავალ ადამიანს ვაკვირდებოდი... ის ტანდაბალი იყო, საკმაოდ უბრალო, არაფრით გამორჩეული.

"არა, ეს რეპინი არ არის!" - ჩემთვის გადავწყვიტე. ჩემი წარმოდგენით რეპინი ხომ გიგანტია. როცა უცნობი მომიახლოვდა, მე მას მორიდებულად შევეკითხე, ხომ არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა პროფესორი რეპინი.

- და ის რაში გჭირდებათ?

- მე მას ჩემი ნახატები უნდა ვაჩვენო, მე კავკასიიდან, საქართველოდან ვარ.

- ჰო! ძალიან საინტერესოა, აბა შემახედეთ!

ის დაიხარა და ჩემი გრაგნილები გაშალა, შემდეგ ნახატებიანი ალბომი გადაფურცლა და მითხრა:

- ძალიან, ძალიან საინტერესოა! აბა, წამომყევით ოთახში!

მე მას არცთუ ისე დიდ, მაგრამ სულში ჩამწვდომ თვალებში ჩავხედე და უცებ დიდებული რეპინი დავინახე! ის თითქოს ყველაფერს ხედავდა, იცოდა, რატომ ჩამოვედი პეტერბურგში, რა მსურდა და რაზე ვოცნებობდი... მე სწრაფად გადავლახე შებოჭილობა და განუზომელი თავისუფლება ვიგრძენი, მალევე მისთვის ახლობელ და მშობლიურ ადამიანად ჩავთვალე თავი". ასე იგონებს ქართული რეალისტური მხატვრობის საუკეთესო წარმომადგენელი მოსე თოიძე დიდ რუს მხატვარ ილია რეპინთან (1844-1930) შეხვედრას პეტერბურგში, სამხატვრო აკადემიის საიუბილეო გამოფენაზე. ილია რეპინმა სურათი "თბილისის ქუჩა" წარმოადგინა.

1881 წელს შესრულებული ეს ტილო, რომელიც ამჟამად ფსკოვის მუზეუმში ინახება, ერთ-ერთი პირველი ფერწერული ნამუშევარია, რომელზედაც საქართველოს დედაქალაქია გამოხატული. ხელოვნებათმცოდნე გიორგი გვახარიას თქმით, რეპინის "ფოტოგრაფიული რეალიზმი" სრულ უფლებას გვაძლევს აღვიქვათ ეს ტილო, როგორც ისტორიული დოკუმენტი. "მოსე თოიძე ილია რეპინის სახელოსნოში". ვალენტინ შერპილოვი (ნახატი დაცულია დადიანების სასახლეში)

1896 წელს ილია რეპინმა პეტერბურგში გამოაქვეყნა წერილი, სათაურით "საჭიროა თუ არა ხელოვნების სკოლა თბილისში", რომელშიც დაწერა:

"თბილისში აუცილებელია დაარსდეს სამხატვრო ოაზისი. სათავეს მას დაუდებს ისეთი რაციონალური სკოლა-სტუდია, როგორი სკოლა-სტუდიებიც არსებობდა იტალიაში მხატვრობის აყვავების დროს".

ილია რეპინი მოსე თოიძის გარდა გიგო გაბაშვილსა და ალექსანდრე მრევლიშვილთანაც მეგობრობდა. ქართველი მეგობრების ნიჭით აღფრთოვანებულმა მხატვარმა კი საქართველოს შესახებ შემდეგი სიტყვები დაწერა:

"არ შეიძლება დავუშვათ, რომ თავისი ხასიათით ეს გასაოცარი ქვეყანა არ ბადებდეს მხატვრულ ძალებს. მე მწამს, რომ კავკასიის მხატვრული ხანა წინ არის. ეს შესანიშნავი, მშვენიერი ქვეყანა მოგვცემს ღირსეულ მხატვრებს, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებენ მსოფლიო ხელოვნებაში".

გიორგი კალანდია

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#38