"ცუდად ჩაცმული და ნახევრად მშიერი" - კვირის პალიტრა

"ცუდად ჩაცმული და ნახევრად მშიერი"

1921 წლის ომის წინ ქართულ და რუსულ არმიებს ერთმანეთზე მეტად უჭირდათ

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი, საქართველოს დაპყრობა და გასაბჭოება ჩვენი უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკული ფურცელია. ომების მოგება-წაგებას საფუძველი მშვიდობიანობისას წარმართული სამზადისით ეყრება. საინტერესოა გავეცნოთ, როგორი იყო მატერიალური პირობები დაპირისპირებულ მხარეთა არმიებში.

ქართული არმია, მატერიალური თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ფინანსური კრიზისის გამო 1919 წელს საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, მომდევნო წელს კი რეგულარული არმია შემცირდა. არმიისა და გვარდიის ფინანსებს განკარგავდა სამხედრო საბჭოს დაქვემდებარებული სამნეო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატი კალისტრატე გოგუა. განყოფილებაში შედიოდა სექტორები: საბიუჯეტო, სასურსათო, საბარგო-სანივთო, სატექნიკო, საარტილერიო, სანიტარიული და საბეითლო, აგრეთვე კანცელარია. სექტორებს ევალებოდა ჯარისთვის სურსათ-სანოვაგის მიწოდება, დაბინავება, ყაზარმების შეკეთება, სამხედრო აღკაზმულობის, საარტილერიო მასალების მიწოდება, სამხედრო ქარხნებისა და საწყობების გამართვა. მაგრამ ომის წინ ქართულ არმიას აკლდა ყველაფერი, რითაც იგი სამნეო განყოფილებას უნდა მოემარაგებინა.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნაკლებობა იყო 1920 წლის ნოემბერში სათადარიგო და წვევამდელი ჯარისკაცების ერთდროულად გაუწვევლობის ერთ-ერთი მიზეზი. სამხედრო კომისიაში, ნოემბერში დაგეგმილი მობილიზაციის წინ, სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი სვამდა კითხვას: "მაშინ, როდესაც ჩვენ ორი ბატალიონისთვის ტანისამოსი არა გვაქვს, როგორ გინდათ მობილიზაცია თუ მოხდა შემოსოთ ხუთმეტი-ოცი ათასი ჯარისკაცი?)". კალისტრატე გოგუას განმარტებით, საწყობებში პური არ ჰქონდათ, ფეხსაცმელიც არ იყო საკმარისი.

წითელი არმიის ჯარისკაცები თბილისში

თავის მხრივ, მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი ამატებდა, რომ არც მათ საწყობებში ჰქონდათ პური და არც სამომავლო პერსპექტივა იყო სანუგეშო. სურსათ-სანოვაგისა და ტანსაცმლის ნაკლებობაზე სწერდა მესამე ბრიგადის სარდალი ვარდენ წულუკიძე გენშტაბის უფროს ალექსანდრე ზაქარიაძეს 1921 წლის იანვარში, რომ ყოველდღიურად უხდებოდათ ხორცისა და პურის ძებნა ჯარის ნაწილებისთვის. მაგალითად, მე-12 ათასეულს სამი დღის განმავლობაში არ მიეღო პური.

ნაწილებს თავის დროზე არ აწვდიდნენ შეშას, სურსათსა და ტანისამოსს, ამის შედეგად კი ჯარისკაცები ნაწილებიდან გარბოდნენ. ქართული არმიის ყოველდღიურ ღარიბულ მენიუს თავის მოგონებებში იხსენებდა ქართველი მსახიობი აკაკი ვასაძეც, რომელიც იმ დროისათვის სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა მესამე ბრიგადის მეცხრე ბატალიონში: "დილის ექვსზე - ვარჯიში, ჩაი სახარინითა და გაფიცხებული მჭადით, რომელსაც გაუცრელი ფქვილისგან ფურნეში აცხობენ. შემდეგ მეცადინეობა იარაღზე, მწყობრი. პირველ საათზე - სადილი: ლობიო და გაუცრელი ფქვილისგან გამომცხვარი მჭადი, საღამოს - ისევ ჩაი სახარინით".

მოუწყობელი იყო ყაზარმები, რაც ჯარისკაცთა ავადმყოფობის მიზეზი ხდებოდა. პეტრე გელეიშვილი 1920 წლის 26 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარეს მოახსენებდა, რომ ბათუმში განთავსებული ჯარები დიდ განსაცდელში იყო, ჯარისკაცები ცხოვრობდნენ ყაზარმებში, რომელთაც არც კარები ჰქონდათ და არც ფანჯრები, არ ჰქონდათ საკმარისი საწოლები და ნარები, ჯარისკაცები პირდაპირ იატაკზე დაყრილ თივაზე იწვნენ. ასეთ პირობებს საშინელი ციებ-ცხელებაც ერთვოდა. იშვიათად თუ შეხვდებოდით ჯარისკაცს, რომელსაც ადამიანის ფერი ედო. კიდევ უფრო ცუდ დღეში იყვნენ ოლქის ტერიტორიის სასაზღვრო პოსტებზე გაბნეული ჯარისკაცები. ნიკოლოზ ჭუმბურიძე (ფოტო თსუ-ის ქართული ემიგრაციის მუზეუმიდან. გურამ შარაძის კერძო კოლექციიდან) პოსტების უმეტესობაზე სამხედროებს არ ჰქონდათ თავშესაფარი და ღია ცის ქვეშ ათევდნენ ღამეს, სიცივის გამო კი ხშირად ადგილობრივთა ღობეებს ამტვრევდნენ და ცეცხლს ანთებდნენ. ამ მიზნით, მიტოვებული სახლების დაწვის შემთხვევებიც კი ყოფილა. არა მხოლოდ სასაზღვრო პოსტებზე, არამედ დედაქალაქშიც კი ძნელი იყო ყაზარმების გათბობა. მაგალითად, არსენალის საგუშაგოს ყაზარმაში ერთი რკინის ღუმელი იდგა, რაც შენობას ვერ ათბობდა, ამასთანავე, დღეში მხოლოდ სამ ნაჭერ შეშას აძლევდნენ ჯარისკაცებს.

დიდ პრობლემას ქმნიდა ტრანსპორტის უქონლობა და გზების ცუდი მდგომარეობა, რაც აგვიანებდა ნაწილებისადმი გაგზავნილი პროდუქტებისა და სხვა საჭირო მასალების დროულ მიტანას. ეს კი ჯარში არსებული დეზერტირობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო. საერთოდ, დეზერტირობა ფართოდ იყო გავრცელებული არმიაში. 1920 წლის ნოემბრიდან 1921 წლის იანვრამდე ჯარიდან 2707 ჯარისკაცი გაიქცა.

მძიმე იყო ოფიცერთა მატერიალური მდგომარეობა. ამის ტიპური მაგალითია კაპიტან ძიმისტარაშვილის წერილი სამხედრო სამინისტროსადმი. ოფიცერი წერდა, რომ ერთი წელია, არმიაში მსახურობს. არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ნათესავის დატოვებულ ბინას შეეფარა რამდენიმე თვე: "დღეს კი ჩამოვიდა სოფლიდან და თან ჩამოიყვანა მისი 12 წლის ვაჟი და მე სრულიად უთავშესაფროდ დარჩენილი ვარ". ამასთან, ოფიცერს სარჩენი ჰყავდა მოხუცებული დედა და ავადმყოფი და, რომელიც სამკურნალოდ თბილისში უნდა ჩამოეყვანა, საცხოვრებელი ბინის შოვნას 100.000 მანეთი სჭირდებოდა, კაპიტნის ხელფასი კი მხოლოდ 6.000 მანეთს შეადგენდა.

მე-11 წითელი არმია აზერბაიჯანში

რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქვეყნის ხელისუფლება არმიისათვის არაფერს აკეთებდა, ამის დასადგენად საჭიროა, გავიგოთ თუ როგორ ფინანსდებოდა შეიარაღებული ძალები ბიუჯეტიდან: 1919-20 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გასავალი შეადგენდა 1.960.490.798 ბონს, ამ თანხიდან სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა 538.791.632 ბონი. აქედან რეგულარულ არმიას - 379.176.786 და გვარდიას - 159.614.846 ბონი.

1920 წლის მეორე ნახევრიდან, სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავდა ფულს სახელმწიფო დაწესებულებებს, ამ წლის ნოემბერ-დეკემბერში სახელმწიფო დაწესებულებებს გადაეცათ 1.029.389.804 ბონი, ამ თანხიდან სამხედრო უწყებას გადაეცა 305.937.602. აქედან 239.073.066 ბონი - რეგულარულ არმიას, ხოლო 69.864.536 ბონი - გვარდიას. როგორც ვხედავთ, სამხედრო უწყებას 1919-20 წლის ბიუჯეტიდან გადაეცა 538.791.632 ბონი, რაც შეადგენდა მთლიანი ბიუჯეტის 27,5%-ს, ამავე უწყებას ნოემბერ-დეკემბერში გადაეცა გაცემული კრედიტების საერთო მოცულობის 29,7%.

ამ მონაცემების მიხედვით, სამხედრო უწყებას მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი ხმარდებოდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. იმავდროულად, ნათლად ასახავს მთლიანად ქვეყნის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას, რადგანაც ქვეყანა თავისი ბიუჯეტის თითქმის მესამედითაც კი შეიარაღებულ ძალებს ნორმალურად ვერ უზრუნველყოფდა.

მოახლოებულ ომს ქართული არმია, შეიძლება ითქვას, ცუდად ჩაცმული და ნახევრად მშიერი ხვდებოდა. სამნეო განყოფილების უფროსი კალისტრატე გოგუა ომამდე თვე-ნახევრით ადრე მეგობარს წერდა: "თუ რა გაჭირვებას განიცდის ჩვენი ჯარი ქე ვიცი, ჩემო გრიშა, მარა რა ვქნა... რო ვერ მოვახერხეთ უკეთესად საქმის მოწყობა... ვმუშაობთ აუარებელს, მარა როგორც ხედავ ბევრი არაფერი გამოდის... ერთს ვიტყვი - არსებულ საერთო პირობებში ყოვლად შეუძლებელია საქმის უკეთესად მოწყობა - რომ ამაში არ ვიყო დარწმუნებული - ან და რო ვინმე გამოჩნდებოდეს, რომელიც საქმეს უკეთესად გაუძღვება, ძმობას გეფიცები ერთ წუთს არ გავჩერდები. დიდი უსიამოვნება ყოველ მხრივ, თან სულიერი ტანჯვა - რო ჯარი ისე ვერაა მოწყობილ-მოვლილი, როგორც წესი და რიგია - ეს საშინელი მდგომარეობაა ჩემო გრიშა".

ქართველი ოფიცრების მდგომარეობა სახარბიელო არ იყო, თუმცა ამას ვერ იტყოდით ფოტოატელიეში გადაღებული სურათებით (სიმონ ხუხუნაშვილი - სომხეთ-საქართველოს ომის გმირი)

ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, ქართულ მემუარულ ლიტერატურაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ სახელმწიფო საწყობებში საკმაო რაოდენობის ტანსაცმელი იყო შენახული. გენერალი მაზნიაშვილი: "უკვე 1921 წლის მაისში, ჩვენს საწყობებში დარჩენილ ტანსაცმელით მე შევძელი შემოსვა თავიდან ფეხებამდე 17 000 კაცისაგან შემდგარი ქართული წითელი არმიისა", იქვე - "კალისტრატე გოგუა გულუბრყვილოდ ამბობდა, რომ ცდილობდა შეენახა ეს ქონება, რათა დიდხანს ჰყოფნოდა იგი".

სრულიად საპირისპირო სურათს ხატავს საარქივო დოკუმენტები. ჩვენ ხელთ გვაქვს "ჩეკას" ყოველკვირეული საიდუმლო მოხსენებები და ყოველთვიური საიდუმლო ბიულეტენები 1921 წლის მარტიდან ამავე წლის აგვისტოს ბოლომდე. საქართველოს ჩეკა ამ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო და სამხედრო უწყებას უგზავნიდა. მოხსენებებში სხვა ინფორმაციებთან ერთად აღწერილია ქვეყანაში არსებული სამხედრო მდგომარეობა, ასევე რუსეთისა და ახლად შექმნილ საქართველოს წითელ არმიაში არსებული პირობები.

ირკვევა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში (1921 წლის მარტიდან - აგვისტოს ბოლომდე) ორივე არმია ტანსაცმლისა და სურსათის დიდ ნაკლებობას განიცდიდა. 1921 წლის ივლისში მცირერიცხოვანი ქართული დივიზიის რეფორმირებისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობის კიდევ უფრო მეტად შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტანსაცმლის ნაკლებობა გახდა.

არმიის ყოველდღიურ ღარიბულ მენიუს მოგვიანებით მსახიობი აკაკი ვასაძეც იხსენებდა, რომელიც 1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა

საქართველოს საზღვრებთან გაშლილი რუსული არმიის მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იყო. რუსებს აკლდათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საკვები: "აზერბაიჯანში მყოფი ჯარი (იგულისხმება მე-11 წითელი არმია) ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას სტოვებს, ჩაუცმელია, მოუვლელი, დამშეული..." ამ ჯარისკაცებს საქართველოს სახით სამოთხეს უხატავდნენ და მოუწოდებდნენ ბრძოლისკენ, - "ჩვენ ძალით გვაბრძოლებდნენ და მშიერ-მწყურვალთ იმედებით გვკვებავდნენ, რომ საქართველოში ვიპოვით სამოთხესო".

რუსული ნაწილების მძიმე მატერიალურ მდგომარეობას ომის მიმდინარეობისას კავკასიის ფრონტის სარდალი გიტისი შეახსენებდა მთავარსარდალ კამენევს: "აუცილებელია მოგვცეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ფორმა და ფეხსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარები მთებში, როგორც მე-11 არმია, ასევე თერგ-დაღესტნის ჯგუფი იქნებიან ფეხშიშველა". მთავარსარდალი პასუხობდა, ამ ყველაფერს გამოვგზავნითო, მაგრამ ფრონტს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მატარებლის მოძრაობის გათვალისწინებით, ტრანსპორტირებას ერთი თვე დასჭირდებოდა.

თუმცა რუსულ არმიაში იყვნენ კარგად ჩაცმული ნაწილებიც. მაგალითად, აღმოსავლეთის კურსანტთა ბრიგადისა და ბაქოს სამეთაურო სასწავლებლის კურსანტები. თუმცა ეს წითელ არმიაში არსებულ საერთო სურათს ვერ ცვლიდა. ქართველი სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ჭუმბურიძე იხსენებდა ქართული მოსახლეობის შთაბეჭდილებას რუსული არმიის შესახებ ომის დასრულებისას: "არ ეცვათ კარგათ და არც შეიარაღებულნი იყვნენ კარგათ, უმეტესობა ახალგაზრდებისაგან შესდგებოდა, ოფიცრებიც ახალგაზრდები იყვნენ. ეს ცუდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე და ხალხში ხშირად გაიგონებდით შემდეგს - ნუთუ ამათ დაგვამარცხესო".

ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1921 წლის თებერვალში ერთმანეთის პირისპირ ორი ცუდად ჩაცმული და ნახევრად მშიერი არმია დადგა. თუმცა მძიმე მატერიალური პირობები რუსული ნაწილებისთვის დამატებით სტიმულს წარმოადგენდა, რადგანაც დასაპყრობ ადგილს სამოთხედ უხატავდნენ, ხოლო ქართველი ჯარისკაცები მათ წინაშე არსებულ რეალობას უნდა შეჰგუებოდნენ და რთულ პირობებში გაეწიათ ყოველდღიური სამხედრო სამსახური.

დიმიტრი სილაქაძე

თსუ ისტორიის დოქტორანტი ჟურნალი "ისტორიანი",#38