წმინდა გიორგის ნაკვალევზე - კვირის პალიტრა

წმინდა გიორგის ნაკვალევზე

ერთი თვე მარმარილოს ზღვის სანაპიროს თურქეთელ ქართველებთან

ბურსა - თურქეთის დეტროიტი

კვლავ ბურსას ილში ვართ. ბურსა შეიძლება ითქვას, ქართველ მუჰაჯირთა მერკეზია, ანუ თავიქალაქი. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ბურსაში დღეს ორი მილიონი კაცი ცხოვრებს. იგი ნაყოფიერი ველებისა და თოვლიანი მთების შესაყარზე მდებარეობს. ამ მთათა მწვერვალს (რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2543 მეტრია) ადრე აქ არსებულ ბერთა სავანეების გამო თურქები კეშიშდაღს, ანუ ბერების მთას უწოდებდნენ. ამჟამად მას უბრალოდ ულუდაღი - დიდი მთა ჰქვია. ზღვის, ვაკეებისა და მთათა მონაცვლეობას ეს არემარე საუკეთესო საცხოვრისად უქცევია. ამ მთებსა და მთაგრეხილებზე დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტია.

ბურსა ბითვინიის მეფეს, პრუსიუს II-ს დაუარსებია ძვ.წ. II საუკუნეში. სახელიც მეფისვე რქმევია - პრუსა. პრუსიუსთან უცდია თავის შეფარება რომაელთაგან დევნილ დიდ კართაგენელს, ჰანიბალს, მაგრამ ვერ მოუსწრია და თავი განუგმირავს - დამარცხებულის სახელით რომში ტრიუმფალური თაღის ქვეშ გავლას სიკვდილი უმჯობინებია.

მას აქეთ ბურსას გამოუვლია რომაელების, ბიზანტიელების (ათასწლოვანი) ეპოქა, ბოლოს კი ძლევამოსილ ოსმალთა იმპერიის პირველი დედაქალაქიც კი ყოფილა კონსტანტინოპოლის დაარსებამდე.

მარადმწვანეე სუბტროპიკულ მცენარეთა სიმრავლის გამო ქალაქს იეშლი ბურსასაც, ანუ მწვანე ბურსას ეძახიან. მსხვილი საავტომობილო კონცერნებით მდიდარ ბურსას თურქეთის დეტროიტსაც უწოდებენ. აქაური "რენოები" ხომ ბევრით არ ჩამორჩებიან მათ ფრანგულ ორიგინალებს.

ბურსაში შუა საუკუნეებიდან ბოლო დრომდე მეაბრეშუმეობის კერაც ყოფილა.

აქედან ნედლეულს XIX საუკუნეში თვით მსოფლიოში ცნობილ მეაბრეშუმეობის ცენტრში, ლიონშიც აგზავნიდნენ. ქართველ მუჰაჯირთათვის აბრეშუმის მოვლა უცხო არ ყოფილა და აქაც ადვილად აუღეს ალღო. თავდაპირველად შემოსავალიც კარგი ჰქონიათ. მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, აბრეშუმმა ფასი დაკარგა და მთელმა რეგიონმა ზეთისხილის მოყვანას მიყო ხელი. - ადრე თუთები იყო. იბრეშუმს ვირჯებოდით. მერე უქუმეთმა (მთავრობამ) დააიაფა და ეს საქმე დავაგდეთ. ახლა კი გვეხვეწებიან, მარა ზეითუნს ვარჩევთო, - გვითხრა სოფელ ჰამიდიეში ჰიქმეთ შიმშეკმა.

ძველი ჯამე ელმელში

მაჰმადიანი მესხები ბურსაში

ძნელად წარმოვიდგენდით, თუ მაჰმადიან მესხებს ბურსას ილშიც შევხვდებოდით, მაგრამ ალბათ გახსოვთ წინა რეპორტაჟიდან, რომ ქალაქ გემლიკის მერი რეფიქ ილმაზი წარმომავლობით მაჰმადიანი მესხია.

მარმარილოს ზღვისპირელი ქართველები თავიანთ სოფლებში სხვა გვარტომისას არავის უშვებდნენ, არავის აძლევდნენ დასახლების უფლებას. ცდილობდნენ, ერთი კუთხიდან ან სოფლიდან წამოსულები ერთად დაფუძნებულიყვნენ. თუ ეს წესი ზოგჯერ მაინც ირღვეოდა, ირღვეოდა ლაზებისა და მაჰმადიანი მესხების სასარგებლოდ.

მაჰმადიან მესხთა თემა კიდევ ერთი მტკივნეული თემაა საქართველოსთვის. ძალიან ძნელია უცხოეთში ხვდებოდე ადამიანს, წარმომავლობით ქართველს, მესხს, რომელსაც დაუკარგავს ეროვნული თვითმყოფადობა და თავის თავს აღიქვამს მესხად, ახალციხელად, ანუ ახისკელად - ქართველობისგან, საქართველოსგან დამოუკიდებლად.

როგორც სოფელ ღაზელში გვითხრეს, აქ ჩამოსახლებული მესხები თავიდანვე თავიანთ თავს ქართველებად არ აღიარებდნენ. არც ენა იცოდნენ, ჩვენთან ისწავლეს ქართულიო. ასევეა სხვა სოფლებში. ამ ბოლო პერიოდში მათ შორის გამოჩდნენ ე.წ. ემისრები, რომლებიც მათ არწმუნებენ, ჩვენ მესხები ვართ და ქართველებთან არაფერი გვაკავშირებსო და თავიანთ ფესვებს თურქულ-მუსლიმურ ეთნოგრაფიულ ჯგუფს მიაკუთვნებენ.

ჩვენმა ერთ-ერთმა ქართული წარმომავლობის მასპინძელმა ამ პროცესზე გულდაწყვეტით გვითხრა, - სამწუხაროდ, ეს იმას ჰგავს, აქლემების ქარავანი სახედრების ჯოგმა რომ გაიყოლოსო...

თვალის ერთი გადავლებით გავიხსენოთ მაჰმადიან მესხთა ტრაგიკული ისტორია. ჯერ იყო და ორი საუკუნე ოსმალთა უღელქვეშ ცხოვრობდნენ სამცხეში, ჯავახეთში, კოლასა და არტაანში. მერე რუსეთ-თურქეთის 1828-1929 წლების ომის შემდგომ დადებული ადრიანოპოლის ზავით სამცხე და ჯავახეთი რუსეთს მიეკუთვნა (და შესაბამისად, საქართველოს დაუბრუნდა), ხოლო კოლა და არტაანი ოტომანთა იმპერიაში დარჩა.

რუსეთს ტერიტორია და მიწა-წყალი სჭირდებოდა და არა ქართველი მესხები. ბევრ მათგანს დაატოვებინეს თავისი სამკვიდრო და ოსმალეთში უკრეს თავი. მათ ნაცვლად კი სამცხე-ჯავახეთსა და წალკაში არზრუმელი სომხები და გიუმიშხანელი ბერძნები ჩამოასახლეს, რომელნიც რუსეთს თავის ერთგულ ქვეშევრდომებად მიაჩნდა ქართველთაგან განსხვავებით. გადასახლებას გადარჩენილ მესხებში კი ყოველნაირად ცდილობდნენ არაქართული ცნობიერების დანერგვას. რუსეთის ცარიზმის ეს პოლიტიკა "წარმატებით" განაგრძეს ბოლშევიკებმა XX საუკუნის 20-30-იან წლებში.

სოფელ ელმელში

მართალია, იყო მცდელობა და სურვილი ქართული სკოლების გახსნისა, მაგრამ ოფიციალურმა ხელისუფლებამ მესხები აზერბაიჯანელებად გამოაცხადა და აზერბაიჯანული სკოლებიც გაუხსნა. ამას კი მოჰყვა "ცნობილი" 1944 წელი, როდესაც ერთ ღამეში დააცლევინეს მათ მშობლიური სოფლები შინაგან საქმეთა კომისარიატის ჯალათებმა და საბარგო ვაგონებით გაუყენეს შუა აზიის ტრამალების გზას.

ბოლშევიკებს არც თურქეთის ოფიციოზი ჩამორჩა. კოლა-არტაანის ნაყოფიერი მიწებიდან (რომელიც ერთ დროს საქართველოს ბეღელსაც კი წარმოადგენდა) მესხები უმცირეს ჯგუფებად ქვეყნის შიდა ოლქებში "გადაანაწილეს", ხოლო მათი სამკვიდრო ქურთულმა მოსახლეობამ დაიკავა. როგორც ჩანს, თურქეთს ამით შორს გამიზნული გეგმა ამოძრავებდა. ქვეყანაში მიმოფანტული მესხები ნაკლებად იბრძოლებდნენ თავიანთი ტერიტორიის დასაბრუნებლად.

ელმელი - ეთნოგრაფიული

"სამოთხე"

ვტოვებთ ბურსას ილს და ქოჯაელის ვილაიეთისკენ მივემართებით. გზად ელმელში ვჩერდებით - ჩვენებურად ვაშლოვანში. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული სოფელი აღმოჩნდა. ჩვენ თვალწინ გადაიშალა ზემო აჭარისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ხის სახლები, ნალიები, ბეღლები, თივის ზვინები. გამრჯე კაცის ხელი ეტყობოდა ვაშლის ბაღებსა თუ სიმინდ-ლობიოს ყანებს.

ამ დღეს მთელი სოფელი ჯამესთან შეკრებილიყო ერთ-ერთი რელიგიური რიტუალის აღსასრულებლად. მასპინძლებისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, მახლობლად საჩაიეში დავსხედით და აქაურ ჩაისაც გავუსინჯეთ გემო. ამასობაში რიტუალიც დასრულდა და გურჯისტანიდან ჩასულ სტუმრებს სოფლის თავკაცებიც შემოგვიერთდნენ. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა მუსა აიდინი. თავის დროზე ცნობილი მოჭიდავე ყოფილა, არაერთხელ შეხვედრია ქართველ ფალავნებსაც და ეს შეხვედრები შემდეგ მეგობრობაში გადაზრდილა. - ქართველებს კაი ფალავნები გყავთ, მაგრამ ჩვენც ვიცით სარმის გამოკვრაო... თუმცა მოგება-წაგების "სტატისტიკას" თავი აარიდა.

ახლა მუსა აიდინი ბურსაში ცნობილი მწვრთნელია, ქართულ საზოგადოებასაც (დერნეგსაც) ხელმძღვანელობს და ხშირად ჩამოჰყავს თავისი აღსაზრდელები თბილისის ფალავანთა კლუბში. ქართველი მოჭიდავეებიც მიემგზავრებიან მეგობრულ თუ საერთაშორისო ტურნირებზე მათთან. ელმელელ მოჭიდავეებს არა მხოლოდ ბურსაში, მთელ თურქეთშიც კარგად იცნობენ. 8 წელიწადი თურქეთის ბაშფელევანი ანუ მთავარი ფალავანი ყოფილა აქ აღზრდილი ლაზი აჰმედ თაშჩი. ახლა არ იკითხავთ ჭიდაობის რომელ სახეობაში? თურქულად იაღი გიურეში ჰქვია, ტრადიციული სახეობაა და არც მეტი, არც ნაკლები, "გაქონილ ჭიდაობას" ნიშნავს. როცა ეს გვითხრეს, რატომღაც ყველამ აბდუშაჰილისა და ბაშიაჩუკის ცნობილი ორთაბრძოლა გავიხსენეთ აკაკი წერეთლის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმიდან. გახსოვთ ალბათ, წელზემოთ შიშველი, ქონით აპრიალებული აბდუშაჰილი (ქართველი ყიზილბაში!) როგორ გააკრა მიწას იმერელმა ფალავანმა.

ჩვენმა მასპინძელმა მუსამ ჭიდაობით დაიწყო და სოფლის ისტორიით გააგრძელა. მოგვიყვა, როგორ ჩამოსახლებულან მათი წინაპრები ღორჯომიდან და დიდაჭარიდან, როგორ შეურჩევიათ სამოსახლო მდინარე ელმელიღელეს გაღმა-გამოღმა ნაყოფიერ მიწებზე. ჯამე კი მათ დედეებს (პაპებს) ერთად აუგიათ. იმ ძველ მუსლიმურ სამლოცველოსთან მიგვიყვანა, რომლის მსგავსი საქართველოშიც არის შემორჩენილი, მაჭახლის ხეობაში. ერთი ასეთი მეჩეთი, თბილისში, ღია ცის ქვეშ მუზეუმშიცაა. ძველი მეჩეთი, რომელიც ნაშენებია ძველქართული ხალხური ხითხუროობის ტრადიციების გათვალისწინებით, ელმელში ისტორიულ ძეგლად დაუტოვებიათ, ხოლო გვერდით ახალი აუშენებიათ.

იზმითი, - ისტორიული ნიკომედია, სადაც წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს

გზას იაილებისკენ ავუყევით. იაილები იგივე იალაღებია, აქაური საზაფხულო საძოვრები. ამ სოფელში მიწათმოქმედებასთან ერთად მესაქონლეობასაც მისდევდნენ. მუჰაჯირებს აქაც გადმოუტანიათ აჭარული, მთაბარული მესაქონლეობა. ჩვეულებრივ, ზამთარში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბაგურ კვებაზე ჰყავდათ, ხოლო ზაფხულობით აჰყავდათ სოფლისთვის საამისოდ გამოყოფილ მთაზე, იაილებში. იაილებში საზაფხულო საცხოვრებელსაც აგებდნენ. ზაფხულს მემთევრეები (ანუ მთაში წასულები) იაილებში ატარებდნენ. საზაფხულო საცხოვრებლები როგორც წესი, ძელური, ანუ ჯარგვალური ტიპისა იყო. პირველი სართული ახორს, ანუ ბოსელს წარმოადგენდა, ხოლო მეორე სართულზე ოჯახი სახლობდა. აქვე ჰქონდათ ბოსტანი, მცირეოდენი ხეხილი, თიბავდნენ ბალახს და ამუშავებდნენ რძის პროდუქტებს.

ამჟამად მეურნეობის სტრუქტურა აქ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბურსასა და სხვა ქალაქებში გადასახლდა. სოფლებში ძირითადად ზაფხულობით ჩამოდიან და იაილებსაც ხშირ შემთხვევაში სააგარაკოდ იყენებენ. სააგარაკოდ კი მართლაც შესანიშნავია სოჭისა და ნაძვის ტყეებში ჩაფლული ეს ლამაზი მდელო-ზეგნები. ამ ადგილს კუნელაურს ეძახიან კუნელის ბუჩქების სიმრავლის გამო.

ჩვენმა მასპინძელმა თავის იმერხეული ტიპის საზაფხულო სახლში მიგვიწვია. უფრო სწორად, ეზოში გამართულ ღია კერაზე. თავადვე შეგვიწვა მწვადი, ტრადიციული გუფთე (დაბეგვილი და სუნელებით შეზავებული ხორცი), ბადრიჯანი... ამას მოაყოლა გამაგრილებელი სასმელი აირანი, რომელიც ქართლურ დოს წააგავს და რაღა თქმა უნდა, უგემრიელესი ჩაი წელში გამოყვანილი ჭიქებით...

და კიდევ ერთიც: ამჟამად თურქეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. ბატონი მუსა ახპარტიამ (ანუ თურქეთის მმართველმა პარტიამ) ბურსის ილის ქალაქ გურსუს მერობის კანდიდატად წამოაყენა. იქაურთა თქმით, რეგიონში მუსა აიდინს დიდ პატივს სცემენ და არც მის გამარჯვებაში ეპარებათ ეჭვი.

"ამ მიწაზე თქვენი წმინდა

გიორგი უწამებიათ"

...გვითხრა ერთ-ერთმა ქართველმა მუჰაჯირმა ქალაქ იზმითში ჩასულთ. მწარე რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ჩვენი თანამოძმენი სხვა სჯულისანი არიან, სხვა ტაძარში ლოცულობენ, სხვა წმინდანები ჰყავთ... რელიგიის, რწმენის თემა ამ მიწაზე თითქოს ტაბუდადებული ხდება. თუმცა იმ სასიხარულო "აღმოჩენას" გვერდს ვერც სტუმრები ავუვლით და ვერც მასპინძლები, რომ მათ წინაპრებს საქართველოზე დარდი გამოუყოლებიათ თან და ეს დარდი თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენ კი, თითქოს ახლა გაგვიცხოვლდა ჩვენი "მოკვეთილი" თანამოძმეების სიყვარული. სიყვარული, რომელიც უამრავ ბუნებრივ თუ ხელოვნურ ბარიერს დაგვაძლევინებს და გაღმა-გამოღმა "ნაპირზე" მცხოვრებ გურჯებს ერთმანეთისთვის სულ უფრო ახლობლად გვაქცევს.

ის დასახლება, სადაც დღევანდელი იზმითია, ძვ.წ. პირველ ათასწლეულში მცირეაზიელ ფრიგიელებს ეკუთვნოდათ. შემდგომ ძველი ბერძნები აარსებენ აქ ქალაქ ასტაკოსს, რომელიც მიწასთან გაასწორა ალექსანდრე მაკედონელის სარდალმა ლისიმაქემ. ახ.წ. III საუკუნიდან აქ ისევ აღმოცენდა ბერძნული ქალაქი, ამჯერად უკვე ნიკომედიის სახელწოდებით. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, 284 წელს ნიკომედია იმპერიის ერთ-ერთ უმთავრეს ქალაქად გადაიქცა რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის შემდეგ.

ნიკომედია უნიკალური იყო იმითაც, რომ იგი ასზე მეტი ქრისტიანი წმინდანის ქალაქია. დასასრულ, სწორედ აქ, წარმართი დიოკლეტიანეს ბრძანებით 303 წლის 23 აპრილს (ახალი სტილით 6 მაისს), რვადღიანი წამების შემდგომ, თავი მოჰკვეთეს დიდმოწამე წმინდა გიორგის. თითქოს ღვთის რისხვა იყოო და ამის მერე გაუთავებელმა მიწისძვრებმა ლამის მიწასთან გაასწორა ქალაქი. VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აღადგინა ნიკომედია, ხოლო XI საუკუნეში თურქ-სელჩუკთა ხელში გადავიდა. და აქაც მეორდება მარმარილოს ზღვისპირეთის დასახლებათა ბედი. არენაზე ჯერ ჯვაროსნები ჩნდებიან, ხოლო საბოლოოდ, 1337 წლიდან - თურქები ეუფლებიან ქალაქს და იზმითიც მათ დაარქვეს.

ოსმანთა იმპერიაში იზმითი განსაკუთრებით დაწინაურდა სულთან სულეიმან I-ის დროს. სწორედ იმ სულეიმან I-ისა, რომელიც ბოლო დროს ქართველთა ერთმა ნაწილმა (სერიალების მოყვარულმა!) სერიალ "დიდებული საუკუნით" გაიცნო. იმ დიდებულ საუკუნეში იზმითი ოსმალთა იმპერიის გემთმშენებლობის ცენტრად გადაიქცა და ამ ტრადიციას ორასი ათასიანი ქალაქი, მომიჯნავე გოლჯუკთან ერთად, დღესაც ინარჩუნებს.

ერთი სამწუხარო დეტალიც: 1999 წელს, 17 აგვისტოს თურქეთში მომხდარმა კატასტროფულმა მიწისძვრამ 20 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რა თქმა უნდა, თანავუგრძნობდით მეზობელ რესპუბლიკას, მაგრამ ის კი არ ვიცოდით, რომ თურმე დაღუპულთა უდიდესი ნაწილი ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი ყოფილა. ჩვენი იზმითში ყოფნისას ამ ტრაგედიის მორიგი წლისთავი აღინიშნებოდა...

მასპინძლები

მოგზაურობისას ყოველთვის ვგრძნობდით მასპინძელთა კეთილგანწყობასა და სიყვარულს. საქარიელი ერეკლე დავითაძე (ერდოღან შენოლი) თითქმის გვერდიდან არ მოგვშორებია. იგი თავის რეგიონში გარემოს დაცვის საკითხებს განაგებს და იმავდროულად, ქართულ სათვისტომოსაც უდგას სათავეში. მთელი მისი ოჯახი საქართველოზე შეყვარებულია. მისი ორი ვაჟი ალი და იასინ რევაზიც ქართველობენ, პერსპექტიული სპორტსმენები არიან და ძიუდოში არაერთ წარმატებასაც მიაღწიეს თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში.

ერდოღანმა ისიც გაგვანდო, ვიცი, როგორ წარმატებას აღწევენ ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოში და ძალიან მინდა, ჩემმა შვილებმაც გაიარონ ქართული ძიუდოს სკოლაო. ქართულ ხელოვნებასა და მის არაერთ წარმომადგენელს კარგად იცნობს სონერ ორალი - იმერხეველი სოსო ჩივაძე, მომღერალი და კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაშიც ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს წამყვანი ადგილი უჭირავს. დიდი გულითადობით გვიმასპინძლეს ქოჯაელში, სოფელ შევქეთიეში ადნან ჩავდარმა და მისმა მეუღლე აიშემ...

ქოჯაელის ილჩეში (მთავარი ქალაქი იზმითი), როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა კარგა ხნის მეგობარმა არჩილ ზოიძემ (აბდულლაჰ ზორლუ) და მისმა ოჯახმა გვიმასპინძლა. არჩილთან ერთად ქოჯაელის სოფლები მოგვატარა სტამბოლში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ხელოვანმა და რეჟისორმა ვარლამ (ლალი) ნიკოლაძემ. დიახ, ეს ის ცნობილი ლალი ნიკოლაძეა, "ნიკოლშოუს" ბიჭების მამა. ახლა ჩვენი არჩილის იმედი მაქვს, იზმითში ქართული თეატრის გახსნას ვაპირებთო, გვითხრა ქართველმა რეჟისორმა.

მუსა აიდინი ღია კერაზე "საქმიანობს"

* * *

ამასობაში ჩვენი ექსპედიციაც დასრულდა. კიდევ ერთი დღით ვესტუმრეთ სტამბოლს... ახლობლებისთვის სუვენირები და აღმოსავლური ტკბილეული შევიძინეთ და ისევ პირველი თურქი მფრინავი ქალის, საბირჰან გიოგჩელის სახელობის აეროპორტს ვეწვიეთ. ამჯერად თბილისისკენ აიღო გეზი ჩვენმა ფრინველაიმ (როგორც იქაური ქართველები ეძახიან თვითმფრინავს) "ახალდანათესავებულ" თანამოძმეებთან მომავალი შეხვედრის იმედით.

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის დოქტორი, პროფესორი

ავტორის ფოტოები ჟურნალი "ისტორიანი",#38