თბილისელი თავადი დამსახურებული პარაგვაელი - კვირის პალიტრა

თბილისელი თავადი დამსახურებული პარაგვაელი

იასონ თუმანოვის ჩამოყალიბებულმა პარაგვაის სამდინარო ფლოტმა ბოლივიასთან ომში თავი გამოიჩინა. ეს ამბავი ერთ-ერთ ქართველს გადახდა თავს, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო შორეულ სამხრეთ ამერიკაში აღმოჩნდა. მას, როგორც ბევრ ჩვენს თანამემამულეს, მაშინ ყველგან რუსად მიიჩნევდნენ.

იასონ თუმანოვი 1924 წელს, ერთ-ერთმა სამხრეთამერიკულმა ქვეყანამ, პარაგვაიმ მიიწვია სამდინარო ფლოტის ჩამოსაყალიბებლად. თუმანოვს უარი არ უთქვამს და ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, სადაც იგი ცხოვრობდა, პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში გადაბარგდა. იქ მისი ძველი ნაცნობები - ცნობილი თეთრი გენერალი ივან ბელიაევი და თბილისელი რუსი კავალერისტი ალექსანდრ ერნი, პარაგვაელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში ეხმარებოდნენ. თუმანოვიც რესპუბლიკის პრეზიდენტმა სწორედ მათი რჩევით მიიწვია.

პარაგვაიში ჩასულმა თუმანოვმა შეიტყო, რომ ამ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონდა. მდინარე პარანა კი, რომელიც ქვეყანას შუაზე კვეთს, ნაოსნობისთვის გამოსადეგი იყო. ამავე მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ოლქი - გრან-ჩაკო ბოლივიასა და პარაგვაის შორის სადავო იყო და ასუნსიონში, ისევე როგორც ლა-პასში, კარგა ხნის წინ დაეწყოთ საომარი სამზადისი. ბოლივიაში, ძირითადად, გერმანელ ოფიცრობას ეპატიჟებოდნენ, პარაგვაიში კი რუს თეთრგვარდიელებსა და ბრიტანელებს. ასუნსიონში ჩასულ იასონ თუმანოვს მეფესავით დახვდნენ - ქალაქის პრესტიჟულ გარეუბანში უზარმაზარი მამული აჩუქეს და რასაც ითხოვდა, ჯამაგირად იმაზე ორჯერ მეტი არგუნეს.

1932 წლის 15 ივნისს, დილის 4 საათზე დაწყებული ჩაკოს ომი, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ მომდევნო წლის 10 მაისს გამოცხადდა, თავიდან ბოლივიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. პარაგვაის არმიამ მდინარე პარანამდე დაიხია და სწორედ მაშინ ჩაება ბრძოლაში იასონ თუმანოვის შექმნილ-გაწვრთნილი სამხედრო-სამდინარო ფლოტი. ეს კი უკვე პარაგვაელთა უპირატესობა იყო, რამდენადაც მათი მოწინააღმდეგეები არ ელოდნენ, თუ სახმელეთო სახელმწიფოს ესოდენ ძლიერი და მობილური სამდინარო ფლოტი ეყოლებოდა. მეზღვაურთა წარმატებით გულმოცემული პარაგვაელი ქვეითები შეტევაზე გადავიდნენ და ბოლივიელებს უკან დახევაც მალე აიძულეს, თუმცა ამ უკანასკნელებმა მაინც მოახერხეს და ტყვედ იგდეს ხომალდი "სან-ისიდორო".

პარაგვაის არმიამ მთელ ფრონტზე შეუტია ბოლივიელებს და ორ-სამ კვირაში გამარჯვებასაც მიაღწია. იასონ თუმანოვი შემდგომში, ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის პარაგვაის პრეზიდენტმა ეუსებიო აიალამ ოქროს მედლით დააჯილდოვა.

თავადი იასონ თუმანოვი (თუმანიშვილი) შემდგომში გახდა პარაგვაის პრეზიდენტ ხოსე ესტიგარიბიას (1888-1940) ფლოტის მთავარი მრჩეველი.

თავადი თუმანოვი ფლობდა სამდინარო და საოკეანო ფლოტების შემადგენლობაში მიღებულ სამხედრო მოქმედებათა შესაშურ გამოცდილებას.

იგი დაიბადა 1883 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში, თავად კონსტანტინე მიხეილის ძე თუმანოვის (თუმანიშვილის) ოჯახში.

1904 წელს დაამთავრა კადეტთა საზღვაო კორპუსი, სანაღმო საქმისა და საარტილერიო დამატებითი მოკლევადიანი კურსი და 1913 წელს - ნიკოლოზის საზღვაო აკადემია.

1901-1917 წლებში მსახურობდა რუსეთის სამხედრო ფლოტში. გაიარა საზღვაო ოფიცრის ყველა საფეხური.

მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა ზურგსა და ხელში ნაღმის ნამსხვრევით, მოხვდა იაპონელთა ტყვეობაში. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ვახტის უფროსად ნაღმოსან კრეისერზე, პეტერგოფის საზღვაო დაცვის #2 კატერის მეთაურად, კასპიის ფლოტილიის საკანონერო გემზე, საკანონერო გემის ვახტის უფროსად.

მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს ასრულებდა შავი ზღვის ფლოტის შტაბის ოპერატიული ნაწილის უფროს ფლაგოფიცრის მოვალეობას.

იასონ თუმანიშვილი (მარჯვნივ)

1916 წლის 30 დეკემბერს მიენიჭა II რანგის კაპიტნის საზღვაო წოდება.

1917 წლის აგვისტოში დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა დამხმარე გემ "იმპერატორ ტრაიანეს" მეთაურად.

საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოვდა მრავალი მედლითა და ორდენით.

1918 წლის აგვისტომდე ამიერკავკასიაში მეთაურობდა სომხეთის რესპუბლიკის დაცვის ფლოტილიას (გოქჩის ტბაზე), შემდეგ სარდლობდა ასტრახანის სამხარეო მთავრობის ვოლგა-კასპიის ფლოტილიას.

ამის მერე მსახურობდა ჩრდილოეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამდინარო ძალების ერთ-ერთი დივიზიონის ფლაგკაპიტნად და შავი ზღვის ფლოტის სამმართველოს შტაბის უფროსთან დავალებათა შტაბოფიცრად. ასევე მსახურობდა შავი ზღვის პორტების სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსად.

1920 წლის 28 მარტს, გენერალ ვრანგელის ბრძანებულებით მიენიჭა I რანგის საზღვაო კაპიტნის წოდება.

ამავე წლის ნოემბერში ევაკუირებული იყო ყირიმიდან კონსტანტინოპოლში, შემდეგ სერბეთში, ხოლო 1924 წელს ჯერ ურუგვაიში, 1925 წელს კი - პარაგვაიში.

თავდაპირველად დაიწყო სამსახური სამხედრო ტექნიკოსად და ასწავლიდა საზღვაო სასწავლებელში.

1928 წლის ბოლოდან სამხედრო დაპირისპირების დაწყებისთანავე დაინიშნა სამდინარო ძალების სარდლის მრჩევლად. გაემგზავრა ფრონტის ხაზზე, სადაც უწევდა საკონსულტაციო დახმარებას პარაგვაელ მეზღვაურებს.

ამ მოვლენებს მიუძღვნა მან მოგონებათა წიგნი.

სახმელეთო ბრძოლების მონაწილე პარაგვაელი ჯარისკაცები ჩაკოს ომში

მონაწილეობდა სამდინარო ბრძოლებში ჩაკოს ომის დროს პარაგვაისა და ბოლივიას შორის (1932-1935) და ცალკეულ ექსპედიციებში. ძირითად მის ამოცანას წარმოადგენდა რიო-ვერდეს (მწვანე მდინარის) შესწავლა ჯარებისთვის ტვირთების გადაზიდვის მიზნით.

საბრძოლო დამსახურებისთვის მიენიჭა პარაგვაის II რანგის კაპიტნის წოდება (Capitan de fregata) და დაინიშნა ფლოტის პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად. შემდგომ მიენიჭა პარაგვაის ფლოტის I რანგის კაპიტნის წოდება (Capitan de fregata principe) და სამსახურის გასაგრძელებლად ფლოტში დარჩა, სადაც ეკავა სამხედრო პრეფექტურის (ფლოტის მმართველობის ორგანო) მრჩევლის თანამდებობა. აქტიურად მონაწილეობდა რუსული კოლონიის ცხოვრებაშიც.

ცხოვრობდა ქალაქ ასუნსიონში, ასწავლიდა სამხედრო-საზღვაო სკოლაში.

1939-1954 წლებში მონაწილეობდა ასუნსიონის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობაში, იბეჭდებოდა საზღვაო ემიგრანტულ გამოცემებში, იყო "რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საპატიო ვიცე-თავმჯდომარე, ამერიკაში რუსეთის საიმპერატორო ფლოტის ოფიცერთა საზოგადოების ისტორიული კომისიის წევრი.

 იასონ თუმანიშვილის საფლავი ასუნსიონში

ავტორია რუსულად გამოცემული წიგნისა "მიჩმანები ომში" (1930 წელი).

გარდაიცვალა 1955 წლის 20 ოქტომბერს ასუნსიონში და იქვე დაკრძალეს.

ბოლო გზაზე მას მიაცილებდნენ არა მხოლოდ რუსული კოლონიის წარმომადგენლები, არამედ პარაგვაელი მეზღვაურებიც, რომლებიც არ ივიწყებდნენ მის დამსახურებას "მეორე სამშობლოს" წინაშე.

მამუკა გოგიტიძე

ისტორიის აკადემიური დოქტორი, პოლკოვნიკი ჟურნალი "ისტორიანი",#39