ერთი ეთნოსი და ორი ხალხი - კვირის პალიტრა

ერთი ეთნოსი და ორი ხალხი

ყარაჩაელებისა და ბალყართა წინაპრები ყივჩაღებიც ყოფილან და... სვანებიც

ძირძველ კავკასიურ ეთნოსებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში თურქულენოვანი ხალხებიც მკვიდრობენ, მათ შორის ყარაჩაელები და მათი უახლოესი მონათესავე ბალყარები. ყარაჩაული ენა ალათაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ქვეჯგუფს განეკუთვნება. ყარაჩაელები და ბალყარები იალბუზის გარშემო მკვიდრობენ. ეს მთა თითქმის ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ორ ნაწილად ყოფს. დასავლეთი ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთი - ბალყარებს.

მკვლევართა აზრით, ბალყარეთისა და ყარაჩაის მოსახლეობის 20-30% ქართული წარმომავლობისაა (სვანეთიდან გადასახლებულნი). ისტორიულად არც ერთ ყარაჩაელსა და ბალყარს საქართველოს წინააღმდეგ ომებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო იქაურ საგვარეულოთა ერთი ნაწილი თავს დღესაც ქართველთა შთამომავლად მიიჩნევს და საქართველოსთან დიდი სიყვარული აკავშირებთ.

თაულები და ბასიანები

ყარაჩაელები და ბალყარები თანამედროვე ბალყარეთის ტერიტორიაზე - ბაქსანის ხეობაში ერთმანეთის გვარდიგვერდ ცხოვრობდნენ. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ყარაჩაელები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ყუბანის სათავესა და თებერდის აუზში გადასახლდნენ. ამიტომაც დღეს ყარაჩაელები ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ხოლო ბალყარები - ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში აღმოჩნდნენ.

ახლანდელ რუსეთის ფედერაციაში ყარაჩაელთა რაოდენობამ 170 ათას კაცს გადააჭარბა, ცალკეული ჯგუფები ცხოვრობენ აგრეთვე შუა აზიაში, ყაზახეთში, თურქეთში, აშშ-ში (20 ათასი კაცი). ბალყართა რიცხვი კი შედარებით ნაკლებია. ყაბარდო-ბალყარეთში 104 ათასამდე ბალყარი მკვიდრობს.

ყარაჩაელებს დამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე 1937 წლიდან აქვთ. შედარებით ადრე, 1924 წელს (თავდაპირველად ლათინურ, შემდეგ რუსულზე დაყრდნობით) შეიქმნა ბალყარული ანბანი.

ანთროპოლოგიური მონაცემებით, ყარაჩაელთა და ყაბარდოელთა ფიზიკური ტიპი ევროპეიდული რასის მაღალმთიან კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნება.

ყარაჩაელთა თვითსახელწოდებაა ყარაჩაილილა. ამას გარდა, ისინი ისევე როგორც ბალყარები, საკუთარ თავს თაულს (თულუს, თაულულს) უწოდებენ, რაც მათ ენაზე მთიელს აღნიშნავს. ყარაჩაი თურქული სახელია (ყარა - შავი, ჩაი - მდინარე), თუმცა ყარაჩაელთა გადმოცემით, ამ სახელს ისინი უკავშირებენ წინაპარს, წინამძღოლ - ყარჩას, რომელმაც თავისი ხალხი ყირიმიდან თუ ოქროს ურდოდან გამოიყვანა.

რუსულ წყაროებში ყარაჩაელები პირველად 1639-1640 წლებში მოიხსენიეს. ამავე პერიოდში მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ იტალიელი არქანჯელო ლამბერტი წერდა: "ლაპარაკობენ თურქულად, ოღონდ ძალიან სწრაფად". 1743 წლის რუსულ დოკუმენტში კი ყუბანის სათავეში განსახლებულ "თათრულ ენაზე" მოლაპარაკე ხალხი მოხსენიებულია ეთნონიმით ხარაჩაი. საყურადღებოა, რომ სამეგრელოს მკვიდრნი მათ ალანებს უწოდებდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყარაჩაელთა განსახლების ადგილზე თავდაპირველად ირანული მოდგმის ალანებს უნდა ეცხოვრათ.

ქართულ წყაროებში ბალყარებს ბასიანის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო ბალყარები მთის თათრებად იწოდებოდნენ.

ყარაჩაელთა და ბალყართა წინაპრები - ყივჩაღები ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებსა და სამხრეთ უკრაინაში ბინადრობდნენ. XIII საუკუნის ავტორი იბნ ალ ასირი წერს მონღოლთა შემოსევების დროს (1223 წ.) ყივჩაღთა ნაწილის მთებში გაქცევაზე. სწორედ ამ დროს ხდება თურქულენოვანი მოსახლეობის ჩრდილოეთ კავკასიის მთებში შესვლა, ბარში მცხოვრები თურქების მთიელებად ქცევა, მათი შერევა ადგილობრივ ირანულენოვან მოსახლეობასთან და მოსულთა მიერ დამხვდურთა ენობრივი ასიმილაცია.

ყარაჩაელებსა და ბალყარებს თითქმის ისეთივე ქუდები ეხურათ, როგორიც სვანებს

ისტორიული პარალელები

ყარაჩაელები სამხრეთით ესაზღვრებიან აფხაზებსა და ქართველებს (სვანებს); აღმოსავლეთით იალბუზის მთა ყარაჩაელებს ბალყარალებისა და ყაბარდოელებისგან გამოჰყოფს, ჩრდილოეთითა და დასავლეთით ესაზღვრებიან ჩერქეზები, აბაზები და ნოღაელები. ყარაჩაელთა და ბალყართა დასახლებული პუნქტები ზღვის დონიდან 1500 მეტრზე და უფრო მაღლა მდებარეობს. რთული იყო ყარაჩაელთა ეთნოგენეზი, უფრო სწორად, რთული ის მეცნიერებისთვის აღმოჩნდა, რასაც მათი ეთნოგენეზის შესახებ თერთმეტი ჰიპოთეზის არსებობაც ადასტურებს. ყველაზე გავრცელებულია ორი შეხედულება: 1) ყივჩაღურ-ალანური და 2) ყივჩაღურ-ალანურ-კავკასიური.

ყარაჩაელთა და ბალყართა ეთნოგენეზში თუ არა, ეთნიკურ ისტორიაში მონაწილეობა მიუღიათ დაღესტნელებსა და ქართველებს (სვანებს). ცნობილია, რომ მათი განსახლების არეალის სამხრეთ მონაკვეთში სვანთა დასახლებები იყო. ყარაჩაელთა კავკასიონური ანთროპოლოგიური ტიპი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კავკასიაში შემოსულმა თურქულენოვანმა მოსახლეობამ მოახდინა აქ მცხოვრები სვანების ასიმილაცია.

აღნიშნულის დამადასტურებლად მიიჩნევენ აგრეთვე ლექსიკურ მონაცემებს, ტოპონიმიურ პარალელებს, ფოლკლორს, გვარების მონათესაობას, ბალყარეთის ტერიტორიაზე სვანური კოშკების არსებობას. ყარაჩაიში არის გვარი "ებზელერ". ხოლო "ებზე" ქართველების (სვანების) აღმნიშვნელი ყარაჩაული სახელწოდებაა. აქვე მკვიდრობს ოთარლარის გვარი, რომლებიც ბალყარეთში დადეშქელიანების ერთ-ერთი განშტოების შთამომავალნი არიან. საისტორიო დოკუმენტებში ყარაჩაელთა, ბალყართა და ქართველ მთიელთა - სვანთა ქორწინების ფაქტებიცაა დადასტურებული. მეცნიერები წერენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვან მოსახლეობას შორის XVIII საუკუნის 40-იან წლებში კვლავ ისმოდა სვანური მეტყველება.

დამკვირვებელთა ცნობით, XVIII საუკუნეში აქ მცხოვრებ სვანებს კვლავ იმერულად ეცვათ და, სხვათა შორის, ყარაჩაელებსა და ბალყარებს თითქმის ისეთივე ქუდები ეხურათ, როგორსაც ძველად სვანეთში ატარებდნენ. ამდენად, ყარაჩაელთა (და ბალყართა) ეთნოგენეზში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა კავკასიურმა ეთნოსებმა და მოსულმა ირანულენოვანმა და თურქულენოვანმა ტომებმა. ამათგან ირანულენოვანი ალანების მოსვლა ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა თურქულენოვანი ყივჩაღების მიგრაციას.

ყარაჩაელები და ბალყარები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია, ერთი ეთნოსია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ საერთო თვითშეგნება არ აქვთ.

ყარაჩაელები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან. მათ საკმაოდ გვიან (XVIII საუკუნის მეორე ნახევარში) მიიღეს ისლამი, დიდი ხნის განმავლობაში წარმართები იყვნენ. დროდადრო ყარაჩაელთა ერთი ნაწილი ქრისტიანდებოდა.

ისლამის გავრცელების მიუხედავად, შემორჩენილი იყო არაერთი წინარე რწმენა-წარმოდგენა. ყარაჩაელთა უმაღლესი ღვთაება იყო ტეირი/ტენგრი, რაც ცას აღნიშნავდა. ყარაჩაელებმა იცოდნენ ხეების, ქვის ლოდების თაყვანისცემა. ყველა გვარს თავისი სალოცავი ქვა ჰქონდა. სწამდათ მფარველი სულებისაც. ნადირობის ღვთაება იყო ფსატი, ცხვრების მფარველი - ათმუში, მდინარეში კი წყლის დედა ცხოვრობდა.

ბალყარეთის ისლამიზაცია XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, თუმცა კარგა ხანს ბალყართა რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის, ისლამისა და წარმართობის ნაზავს წარმოადგენდა. ისლამის გავრცელებას თან ახლდა წარმართული და ქრისტიანული ძეგლების განადგურება, თუმცა სოფელ ბიზინგის ახლოს მდებარე ეკლესიაში შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის გამოსახულება XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. ადგილობრივები ეთაყვანებოდნენ წმინდა ქვებსაც და წმინდა ხესაც, რომელსაც ტრადიციულ ღვეზელს უცხობდნენ.

ერთი უღლის ქვეშ

XVI-XVIII საუკუნეებში ყარაჩაელები წინააღმდეგობას უწევდნენ ყირიმის ხანებს, ჰქონდათ ურთიერთობა დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ ერთეულებთან, დიდ ყაბარდოსთან. დამოკიდებული იყვნენ დიდ ყაბარდოზე, ჰგავდნენ მათ სოციალური სტრუქტურითა და კულტურულ-ყოფით წეს-ჩვეულებებით. 1828 წელს ყარაჩაელები საბოლოოდ შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. 1870-იან წლებში მთიელ ყარაჩაელთა ერთი ნაწილი თურქეთში გადასახლდა. 1920 წელს შეიქმნა ყარაჩაის ოკრუგი, 1922 წელს - ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს - ყარაჩაის ავტონომიური ოლქი, რომელიც გაუქმდა 1943 წელს ყარაჩაელთა შუა აზიაში დეპორტაციის გამო. გადასახლებაში ყარაჩაელთა დაახლოებით მესამედი დაიღუპა. 1957 წელს ისინი სამშობლოში დააბრუნეს და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი აღდგა, ამჟამად რესპუბლიკა, დედაქალაქ ჩერკესკით.

ყარაჩაელთა ბედი გაიზიარეს ბალყარებმაც. ისინიც შუა აზიაში გადაასახლეს, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა, 1957 წელს კი უკან დაბრუნების ნება დართეს და ყაბარდო-ბალყარეთის ოლქიც აღდგა, ამჟამად რესპუბლიკა, დედაქალაქ ნალჩიკით.

მეურნეობა

ყარაჩაელთა და ბალყართა მთავარი სამეურნეო საქმიანობა იყო მეცხოველეობა. ყარაჩაელები პირუტყვს ზაფხულში მთის საძოვრებზე მიერეკებოდნენ, ზამთარში კი ტყის ნაპირებზე, მთების სამხრეთ ფერდობებსა და დაბლობში აბალახებდნენ. უხეშმატყლიანთა შორის ყარაჩაული ჯიშის ცხვარი საუკეთესო იყო, ხოლო ადგილობრივი ჯიშის ცხენი კავალერიაშიც გამოიყენებოდა. უგზოობის პირობებში მძიმე საპალნის გადასატანად სახედარი შეუცვლელი იყო. აბაევების კოშკი ყარაჩაის მთის საძოვრების ძირითადი ნაწილი "ფეოდალთა" ხელში იყო თავმოყრილი. საზამთრო საძოვრები მთელ გვარს ეკუთვნოდა, კომლები ფლობდნენ სარწყავ-სათიბებს. მდიდარი მესაქონლეები მთიბავებად გარე სამუშაოზე წასულ ქართველთა (სვანების, რაჭველების) შრომას იყენებდნენ. თავის მხრივ, ყარაჩაელები სამუშაოდ მიდიოდნენ კაზაკთა სტანიცებსა და მეზობელ აულებში, სადაც ცხენის მეჯოგეებად (მერემეებად), მესაქონლეებად მუშაობდნენ.

მსხვილი მესაქონლეები პირუტყვს სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში ყიდდნენ. მატყლისგან ნაბადს, ქუდებს ამზადებდნენ. ცხვრის ტყავისგან - ფაფახებს, ქურქებსა და ფეხსაცმელს.

ბალყარებიც ძველისძველი მეცხოველეები არიან. მისდევდნენ მეცხვარეობას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხენეობას, ჰყავდათ თხები. ისლამის გავრცელებამდე ღორებსაც უვლიდნენ. მაისიდან ოქტომბრამდე მთის საძოვრებზე იყვნენ, გვიან შემოდგომიდან კი ყაბარდოს ველის საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ პირუტყვს. ბალყარული პატარა ცხენები მთის პირობებში დღესაც შეუცვლელია.

ბალყარები საუკეთესო ქეჩებსა და ნაბდებს ამზადებდნენ, განთქმული იყო აქაური ავეჯი და ჭურჭელი, ბეწვეული, რომელთაც ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებსა და დასავლეთ საქართველოში ჰყიდდნენ. ასევე ვაჭრობდნენ თაფლითა და ცვილით. ფუტკარი მსუბუქ დაწნულ სკებში ჰყავდათ.

ყარაჩაიში (ასევე ბალყარეთშიც) მიწათმოქმედების განვითარებისთვის სათანადო პირობები არ იყო. ხორბალი ძალიან მცირე ოდენობით მოჰყავდათ და ძირითადად ყიდულობდნენ ან მეცხოველეობის პროდუქტებზე ცვლიდნენ.

ყოფა და ადათ-წესები

ყარაჩაელები ტრადიციულ საცხოვრებელს ორფერდიანი მიწიანი სახურავით, სწორკუთხა სქელი მორებით აგებდნენ, რომელზედაც ბალახი იყო ამოსული. კედლებს ზოგჯერ გარედან თიხით ლესავდნენ. მიწის სახურავის სიმაღლე 70-დან 90 სანტიმეტრამდე მერყეობდა. საერთოდ, ყარაჩაელთა საცხოვრებელი მასიური კონსტრუქციისა იყო. ყარაჩაელთა ტრადიციული სოფელი შეჯგუფებული და დიდი გახლდათ. სოფელი გვაროვნული უბნებისგან შედგებოდა. გარს სახნავი მიწები და სარწყავი სათიბები ეკრა.

ბალყარულ სახლში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კერას, რომლის გარშემოც სხვადასხვა რიტუალი სრულდებოდა. ოჯახის უფროსის გარდაცვალებისას კერაში ცეცხლს აქრობდნენ. პატარძალს მშობლიური სახლიდან გასვლამდე კერისთვის აუცილებლად სამჯერ უნდა შემოევლო. კერის შეურაცხმყოფელს ოჯახის მესისხლედ მიიჩნევდნენ.

არქანჯელო ლამბერტის სიტყვით, ყარაჩაელებს, ისევე როგორც სვანებს, განსაკუთრებული წესით შეეძლოთ გოგირდის მოპოვება და თოფისწამლის დამზადება. ბალყარები კი სატევარ-ხანჯლების დამზადების ოსტატობით გამოირჩეოდნენ.

საუკუნეების განმავლობაში ყარაჩაელთა და ბალყართა ძირითადი საკვები მეცხოველეობის პროდუქტები იყო. შედედებული რძე (აირან) ცვლიდა წყალსაც, ჩაისაც და წვნიანსაც. უმნიშვნელოვანეს და ძირითად პროდუქტად ყველი ითვლებოდა. რძისგან ამზადებდნენ აგრეთვე არაჟანს, კარაქს, კაიმაკს. მიირთმევდნენ ხორციან, ყველიან, კარტოფილიან ღვეზელს.

ყარაჩაელები სიმინდის ფქვილისგან ფაფას ხარშავდნენ. სვამდნენ ე.წ. ყალმუხურ ჩაის რძით, კარაქითა და მარილით, ბალყარები კი ქერისგან (რომელიც შედარებით დიდი რაოდენობით მოჰყავდათ) ლუდსაც ხარშავდნენ.

მამაკაცთა თავსაბურავი ორგვარი ჰქონდათ: ფაფახი და თექის ფარფლიანი ქუდი, რომელიც ძალიან წააგავდა XIX საუკუნის სვანურ ქუდს.

რუსეთთან შეერთებამდე ყარაჩაისა და ბალყარეთში მოსახლეობის უმაღლესი ფენა (ტაუბიები) მიწის დიდ რაოდენობას, ყმა-გლეხებსა და მონებს ფლობდნენ. მცხოვრებთა ძირითად ნაწილს თავისუფალი გლეხები (მეთემეები) წარმოადგენდნენ. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხში, აქაც მონობა პატრიარქალური ხასიათისა იყო. ყარაჩაელები მონებად, ჩვეულებრივ, ტყვეებს აქცევდნენ.

ყარაჩაიში თუკუმის (გვარის) შიგნით ქორწინება აკრძალული იყო, ე.ი. ყარაჩაული გვარი ეგზოგამიური იყო და ეს ეგზოგამიურობა აქ ისლამის გავრცელებამაც ვერ მოსპო. საქორწინო კავშირები მონოგამიური იყო. ერთი გვარის წევრობა თითოეულს განსაზღვრულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას აკისრებდა.

სისხლის აღება მოგვიანებით შეიცვალა სისხლის სხვადასხვა ფორმის გადასახადით. შემორჩენილი იყო გვარში უცხოს მიღების ტრადიცია. გვარში ხელოვნურად დანათესავებულს აუცილებლად ჯოხის ქვეშ უნდა გაევლო და ეს ჯოხი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან გვარის უხუცესებს უნდა სჭეროდათ. ასეთი ნათესავები "ჯოხის ნათესავებად" იწოდებოდნენ, სისხლის ნათესავისგან განსასხვავებლად, რომელსაც ყარაჩაულად "მუგუზლის ნათესავი" ეწოდებოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში, ახალ სახლში გადასულ ძმებს კერიდან მუგუზალი მიჰქონდათ.

XX საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო გვაროვნული დამღები. დამღებს ცხენებსა და მსხვილფეხა პირუტყვს ასვამდნენ, საფლავის ქვებსა და საყოფაცხოვრებო საგნებზეც გამოსახავდნენ. ბალყარული ხიჩინი ჩვენებურ ხაჭაპურსაც ჰგავს და ოსურ ხაბიზგინასაც, იგი ხორბლის ფქვილის, ყველისა და კარტოფილისგან მზადდება ქორწილში ნეფე-პატარძალი არ მონაწილეობდა. პატარძალი სახლის კუთხეში მეგობრებთან ერთად ფეხზე იდგა. გარეშეთა თანდასწრებით, ქალი ქმართან არ დაჯდებოდა, მასთან ერთად არ ჭამდა და სახელით არ მიმართავდა. მაგრამ ყარაჩაიში ქალი შედარებით მაინც თავისუფალი იყო, ვიდრე კავკასიის სხვა ხალხებში, რასაც აქ ისლამის გვიან გავრცელებით ხსნიან.

ყარაჩაელთა მრავალრიცხოვან ხალხურ დღესასწაულებს თან ახლდა დოღი, ძალოსანთა შერკინება, ქვის სროლა, სამასკარადო თამაშობანი, სიმძიმეების აწევა.

ბალყარეთში ქორწინება ეგზოგამიური იყო. ერთი გვარის შიგნით ქორწინება შვიდი თაობის შემდეგ შეიძლებოდა. საქმრო საცოლის მშობლებს ურვადს უხდიდა. მემკვიდრეობა მხოლოდ ვაჟიშვილებზე გადადიოდა და თუ ოჯახს ვაჟი არ ჰყავდა, მაშინ უახლოეს ნათესავ მამაკაცებზე.

როლანდ თოფჩიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

* * *

სარედაქციო მინაწერი: პროფესორ როლანდ თოფჩიშვილის ეთნოლოგიურ-შემეცნებითი სტატია-რეპორტაჟისთვის ექსკლუზიური ფოტოების მოძიებისას საინტერესო "კვალზე" დაგვაყენა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა, რომლის "მოგვარე" მარატ ტეკუევი ნალჩიკელი მეცნიერია. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ მარატს ნალჩიკში. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მისი საპასუხო წერილი (რუსულ ენაზე), რომლის თარგმანსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ.

"ბაბუასთან, აზრეთ ტეკუევთან ვიზრდებოდი და პირველად სწორედ მისგან გავიგე, რომ ჩვენი წინაპრები წარმომავლობით სვანეთიდან ყოფილან. ბაბუამ მიამბო, რომ ძალიან დიდი ხნის წინ სვანეთიდან მოსისხლეებს გამორიდებია და ბალყარეთში გამოქცეულა ოთხი ძმა გუჯეჯიანი. ამ ოთხიდან ერთ-ერთი ჩვენი გვარის წინაპარი ყოფილა. მახსოვს, ბაბუა ცდილობდა თავისი ნათესავების მოძიებას საქართველოში, მიწერ-მოწერაც ჰქონდა, მაგრამ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. სკოლას რომ ვამთავრებდი, ბაბუა მაშინ გარდაიცვალა. მოგვიანებით იმ მასალების მოძიება დავაპირე, მას რომ საქართველოსთან აკავშირებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერსად მივაკვლიე. გული დამწყდა, მით უფრო, რომ მეხსიერებაში ამოტივტივდა ბაბუას სიტყვები, როცა იგი თავის მამაზე, ისხაკზე მიყვებოდა. ჩემს დიდ ბაბუას ქართული ენა სცოდნია და როცა მე სულ მთლად პატარა ვყოფილვარ, ხელში ამიყვანდა თურმე და ქართულად მიმღეროდა. შვილიშვილიც ბევრი ჰყავდა და იმათი შვილებიც, მაგრამ ქართულად მხოლოდ შენ გიმღეროდაო... მოგვიანებით, როცა ჩემი გვარის უხუცესებმა მთხოვეს, წინაპართა გენეალოგიური ხის შედგენაში დავხმარებოდი, ძალიან ბევრ სამეცნიერო ლიტერატურას გავეცანი. ერთხელაც ხელში ჩამივარდა პროფესორ ალექსანდრ მუსუკაევის წიგნი, რომელშიც იგი ბალყარული გვარების წარმომავლობაზე წერს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი, ტეკუევების წინაპარი სვანეთიდან ყოფილა, - ელმურზ გუჯეჯიანი. მერე მე დავიწყე გუჯეჯიანების ძებნა და... ასე შევხვდი როზეტას, ჩემს ქართველ დას (დღეს ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ და "ვნათესაობთ"). როზეტამ სვანეთიდან გამოქცეულ გუჯეჯიანების ოთხ ძმაზე ზუსტად იგივე ისტორია მიამბო, როგორიც ბაბუასგან მახსოვდა...

საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ბალყარად მივიჩნევ, ვლაპარაკობ ბალყარულ ენაზე, მაგრამ საქართველო ჩემს გულში დაბადებიდანვეა. "ვეფხისტყაოსანი" მესამე კლასში წავიკითხე, მუდმივად ვკითხულობდი ჟურნალ "ლიტერატურნაია გრუზიას". ასე რომ, რუსულად ნათარგმნი ყველა ქართველი მწერლის შემოქმედებას ვიცნობ. დღემდე ვინახავ ბავშვობაში შეძენილ მარკებს ფიროსმანის ნახატებით, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" კი რამდენჯერმე წავიკითხე.

აი, სულ ეს არის ჩემი ურთიერთობა საქართველოსთან".

მარატ ტეკუევი დღეს საჭურვლის ისტორიას შეისწავლის, ტრადიციული ბალყარული დანების ესკიზებს ქმნის, რომლის მიხედვითაც მუშაობენ იქაური ოსტატები. სვანური იარაღითაც (განსაკუთრებით დანებით) არის დაინტერესებული და ქართველი კოლეგების დახმარების იმედი აქვს.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბალყარ "თანამემამულეს". აქვე მადლობას ვუხდით მას საინტერესო ფოტოების მოწოდებისთვის.

ჟურნალი "ისტორიანი",#39