რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი - კვირის პალიტრა

რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი

1798 წელს მეორე ანტიფრანგულმა კოალიციამ (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, თურქეთი, ნეაპოლის სამეფო) რუსეთი დაიყოლია, მათ შეერთებოდა და ერთად ებრძოლათ საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.

დასაწყისი იხილეთ:რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი ნაწილი I

მოკავშირეთა გეგმის მიხედვით, სახმელეთო ოპერაცია რუსეთ-ავსტრიის გაერთიანებულ ჯარს უნდა წარემართა, სუვოროვის მთავარსარდლობით. პავლე I-მა სუვოროვს ფლიგელ-ადიუტანტი ტოლბუხინი გაუგზავნა და არმიაში მიიწვია. რუსეთში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ნაპოლეონის იტალიურმა ლაშქრობამ (1796-1797), რომლის დროსაც ფრანგებმა ავსტრიის იმპერია სასტიკად დაამარცხეს და იტალიის დიდი ნაწილი დაიკავეს. იმ დროისთვის, როცა მოკავშირეები იტალიაში შეჭრას აპირებდნენ, ნაპოლეონი ეგვიპტეში იბრძოდა მამლუქების, თურქებისა და ინგლისელების წინააღმდეგ. თავდასასხმელად კოალიციამ კარგი დრო შეარჩია. საფრანგეთის არმიის სათავეში იდგნენ გამოცდილი გენერლები: ჟან ვიქტორ მორო, ბარტლომეო შერერი, ბარტელემი ჟუბერი, ეტიენ მაკდონალდი და ანდრე მასენა. სუვოროვი გეგმავდა, როგორ ემოქმედა ახალი ყაიდის რევოლუციური არმიის წინააღმდეგ. მან შეიმუშავა წესები, როგორ უნდა ემოქმედა მეთაურს შეტევისას.

ფრანგების არმიის რიცხოვნობა ჩრდილოეთ იტალიაში 58 ათასს აღწევდა და მას გენერალი შერერი ხელმძღვანელობდა. ნეაპოლში (ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში) 34-ათასიან არმიას გენერალი მაკდონალდი მეთაურობდა, შვეიცარიაში მდგარ 30-ათასიანი არმიას კი გენერალი მასენა. ანტიფრანგულ კოალიციას 86-ათასიანი არმია ჰყავდა ფელდმარშალ მელასის მეთაურობით, ხოლო 22-ათასიან რუსულ კორპუსს გენერალი ანდრეი როზენბერგი სარდლობდა, ჩრდილოეთ იტალიაში. ამას გარდა, ზღვაში იდგა ადმირალ ფიოდორ უშაკოვის რუსული ესკადრა. კიდევ ერთი რუსული 11-ათასიანი კორპუსი მაქსიმ რეხბინდერის მეთაურობით ომში მოგვიანებით ჩაერთო.

სუვოროვი ვენაში 1798 წლის მარტში ჩავიდა. 15 აპრილს ის ვერონაში არმიას წვრთნიდა ბრძოლებისთვის. მან გერმანულად ათარგმნინა თავისი წიგნი "გამარჯვების მეცნიერება" და ავსტრიელებსაც შეასწავლა. სუვოროვმა ლაშქრობა მაშინვე დაიწყო, როგორც კი მის არმიას იაკობ პოვალო-შეიკოვსკის დივიზია შეუერთდა. 22 აპრილს მან ბრეშიას ციხე აიღო. ფრანგები 26-27 აპრილს მდინარე ადასთან, გენერალ მოროს ხელმძღვანელობით, დამარცხდნენ და უკუიქცნენ (ფრანგებმა 2,5 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგეს, მოკავშირეებმა კი 2 ათასამდე. ამას გარდა, ფრანგებმა დაკარგეს არტილერიის ნაწილიც. გამარჯვების შემდეგ სუვოროვი მილანისკენ დაიძრა, რომელშიც უბრძოლველად შევიდა 18 აპრილს.

20 აპრილს სუვოროვის ჯარი მდინარე პოსკენ დაიძრა, რათა მოროსა და მაკდონალდის არმიების გაერთიანება არ დაეშვა. მოკავშირეებმა ეს მართლაც შეძლეს და ფრანგულმა არმიებმა შეერთება ვერ მოახერხეს. 15 მაისს სუვოროვმა ტურინი აიღო. ფრანგებმა სამხრეთისკენ დაიხიეს.

მათ მხოლოდ რამდენიმე, გარნიზონით გამაგრებული ციხე დატოვეს მტრის შესაფერხებლად (მანტუა, კონი). მათვე გადაწყვიტეს, მაკდონალდის არმიით (36 ათასი) ნეაპოლიდან დაერტყათ მტრისთვის, ხოლო მოროს არმიით (14 ათასი) - გენუიდან. სუვოროვმა მოროს წინააღმდეგ ჯარის ნაწილი დატოვა და თვითონ მაკდონალდისკენ დაიძრა. ორი არმია ერთმანეთს მდინარე ტრებიასთან შეხვდა 6 ივნისს. სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. ფელდმარშალი თვითონვე ხელმძღვანელობდა ბრძოლას და თვალს ადევნებდა მის მსვლელობას. მცირერიცხოვანი ფრანგები მამაცურად იბრძოდნენ. რუსთა ზოგიერთმა პოლკმა მტერს ზურგი აქცია კიდეც. სუვოროვმა არმიის ბრძოლაში მიბრუნება მოახერხა.

სამ დღეს გაგრძელდა ბრძოლა მდინარე ტრებიაზე და გამარჯვება მოკავშირეთა მრავალრიცხოვან ჯარს დარჩა. სუვოროვს ძალიან მოსწონდა ძველი კართაგენელი მთავარსარდალი ჰანიბალი, რომელმაც რომაელებზე გამარჯვება სწორედ ტრებიაზე მოიპოვა ძვ.წ. 218 წელს. ახალგაზრდობაში სუვოროვი ოცნებობდა, ჰანიბალივით დაემარცხებინა მტერი და ჯარი ალპებზე გადაეყვანა. მას ეს ოცნება აუხდა. საერთოდ, სუვოროვის ლაშქრობა ალპებში გარკვეულწილად თითქოს ჰანიბალისას მოგვაგონებს. თუნდაც ტრებიას ბრძოლა, რომელიც ჰანიბალმაც და სუვოროვმაც ოსტატურად წარმართეს და გამარჯვებას მიაღწიეს. თუმცა, "რუსი ჰანიბალის" წინაშე, ისევე როგორც ერთ დროს ჰანიბალის წინაშე, დიდი წინააღმდეგობა აღმართულიყო - ალპები. მაკდონალდმა გენუისკენ დაიხია. იქ ჩავიდა მოროს ჯარიც. ივლისის ბოლოსთვის გაერთიანებულმა ფრანგულმა ჯარმა, გენერალ ჟუბერის მეთაურობით, გენუიდან შეტევითი ოპერაცია დაიწყო. მათი მიზანი ქალაქი ალესანდრია იყო, სადაც მოკავშირეთა არმიის მთავარ ძალებს მოეყარათ თავი. მოწინააღმდეგეთა არმიები ერთმანეთს ქალაქ ნოვისთან შეხვდნენ. სუვოროვი ალპებში (ვასილი სურიკოვი, 1899 წ.) გენერალმა ჟუბერმა მორო არმიაში დატოვა და მის რჩევებსაც ყურადღებას აქცევდა. მოროც ახალგაზრდა გენერალს ყველანაირად ეხმარებოდა. საფრანგეთის არმია ორ დიდ მასად იყოფოდა: მარცხენა ფრთას კატერინ-დომინიკ დე პერინიონი სარდლობდა. იგი შედგებოდა ემანუელ გრუშისა და ლუი ლემუანის დივიზიებისგან, ლუი პარტუნოს და ბერტრან კლოზელის ქვეითი ბრიგადისა და ანტუან რიშპანსას კავალერიული ბრიგადისგან. მარჯვენა ფლანგს გუვიონ სენ-სირი სარდლობდა, ის შედგებოდა ფრანსუა ვატრინის, პიერ გარნიე ლაბუასიეს, იან დომბროვსკის დივიზიებისგან და ჟან კოლის დივიზიისგან, ამას გარდა, მარჯვენა ფლანგს 2,8 ათასამდე ჯარისკაცი რეზერვში ჰყავდა. საშუალოდ ფრანგული არმია 35 ათას კაცს არ აჭარბებდა. ჟუბერმა და მორომ არმია ქალაქ ნოვისთან განალაგეს. სუვოროვმა გადაწყვიტა, მტერს გაშლილ ველზე დალოდებოდა, რათა კარგად გამოეყენებინა თავისი მრავალრიცხოვანი კავალერია.

სუვოროვმა ჯარისთვის პოზიციები შეარჩია, არმია განალაგა და მტერს პირველი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა. კრაი ფონ კრაიოვას, პეტერ ოტის, ჰაინრიხ ფონ ბელგარდის, ოტო დერფელდენის, ივან ფერსტერის, იაკუბ პოვალო-შვეიკოვსკის, მიხაელ მელასის, იოჰან ლიხტენშტეინისა და მიხაელ ფროილიხის მეთაურობით, 45-ათასიანი კოალიციის არმია ფრანგებს ელოდა. ამას გარდა გენერალ ფრანც როზენბერგისა და კიდევ რამდენიმე სხვა გენერლის ძალები ფრანგთა სიმაგრეების ასაღებად და ქალაქების დასაკავებლად იყო გაგზავნილი. ამ ნაწილების ჩათვლით, მოკავშირეთა ჯარი 60 ათას კაცს აღწევდა. ფრანგებს თავიდანვე არ გაუმართლათ. ბრძოლის დაწყებისთანავე გენერალი ჟუბერი სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "წინ, შეტევაზე". სუვოროვს კი ჟუბერის დაღუპვა არ სურდა, რადგან ფრანგების ველზე გამოტყუებას გეგმავდა ავსტრიელთა საშუალებით. გენერალმა მორომ თავისი ფლანგი გაამაგრა და შეტევაზე გადასვლა კატეგორიულად აღკვეთა.

გენერალ კრაის გაუჭირდა, რადგან ფრანგებმა მის წინააღმდეგ მებრძოლ ფლანგს ჯარი მიაშველეს. კრაიმ ადიუტანტი გაგზავნა გენერალ პეტრე ბაგრატიონთან, რათა დასახმარებლად თავისი ჯარი გამოეგზავნა. ბაგრატიონმა უარი თქვა, რადგან სუვოროვისგან არ ჰქონდა მიღებული ასეთი ბრძანება, მას სხვა რამ ევალებოდა. სუვოროვს სურდა, ფრანგებს ცენტრი დაესუსტებინათ, რათა შემდეგ სწორედ ამ ადგილას დაერტყა ჯარის დიდი ნაწილით. დილის ცხრა საათისთვის კრაი უკვე მეორედ უკუაგდეს. როცა იგრძნო, რომ გადამწყვეტი წუთი მოვიდა, სუვოროვმა ბაგრატიონი და მილორადოვიჩი მტრის ცენტრისკენ, ქალაქ ნოვისკენ გაგზავნა. მოკავშირეებმა მტრის ტყვიებისა და ყუმბარების ცეცხლში გაიარეს, მაგრამ მათ წინ ქვის კედლები აღიმართა, რომელსაც რუსული მსუბუქი ზარბაზანი ვერაფერს აკლებდა. მაშინ ბაგრატიონმა ოთხი ბატალიონით დაიწყო ქალაქის აღმოსავლეთიდან შემოვლა. რუსებს აქ ვეტრენის ფრანგთა დივიზია დახვდათ, რომელმაც ისინი უკუაგდო.

მილორადოვიჩისა და ბაგრატიონის მეორე შეტევასაც არ ჰქონია წარმატება. სუვოროვი თვითონვე ჩაუდგა სათავეში დერფელდენის დივიზიას და ფრანგთა ცენტრისკენ დაძრა. ფრანგებმა მესამე იერიშიც მოიგერიეს. ნოვის გარნიზონის მეთაურმა, გენერალმა კლოდ-მატიე გარდანმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია მტერს ამ ბრძოლაში და სარდლობის დიდი უნარი გამოავლინა. რუსების შეტევას ის ფინდიხით შეხვდა, შემდეგ კი მცირე შეტევებს აწყობდა ხიშტებით. რესპუბლიკის ჯარისკაცები გააფთრებით იბრძოდნენ. გენერალი მორო ყველაზე საშიშ ადგილებში ჩნდებოდა. მას მოუკლეს ცხენი, მუნდირი კი ტყვიებით ჰქონდა დაფლეთილი. ფრანგი მეთაურები ტოლს არ უდებდნენ თავის მთავარსარდალს და ჯარი თავადვე გადაჰყავდათ ხიშტებით ან კავალერიულ შეტევაზე. ფელდმარშალი სუვოროვი მთელი დღე ბრძოლაში იყო. ჯარისკაცებს ამხნევებდა და ფრონტის ხაზზე მთელ პოლკებსა და დივიზიებს მიუძღოდა. რუსები შეტევაზე კი გადადიოდნენ, მაგრამ ფრანგები უკან ახევინებდნენ. იმავდროულად, საშინელი სიცხე იყო. 12 საათისთვის ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. ორივე მხარემ ამოწურა საკუთარი ძალები და ახლა მხოლოდ ახალ, დამხმარე ჯარის ნაწილს შეეძლო ბრძოლის ბედის გადაწყვეტა. სუვოროვმა გენერალ მელასს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისი რეზერვის დახმარებას ელოდა. დღის სამი საათისთვის მელასის ჯარმა ფრანგთა მარჯვენა ფლანგს შეუტია. ამ დროს დადგა ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა. მელასის მოსვლის შემდეგ მოკავშირეთა მთელმა არმიამ შეტევა განაახლა. ფრანგებს რეზერვი არ ჰყავდათ და მალე იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. მელასმა კრაისთან ერთად ფრანგთა სუსტი მარცხენა ფლანგი უკუაგდო და ახლა ცენტრისკენ მოტრიალდა. გუვიონ სენ-სირმა უკან დაიხია. ბაგრატიონმა და დერფელდენმა ნოვის დაცვა გაარღვიეს და ქალაქი დაიკავეს. გენერალმა მორომ საღამოს ექვს საათზე საერთო უკან დახევა ბრძანა. გენერალი გრუში რამდენჯერმე დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

საღამოს რვა საათზე ბრძოლა დამთავრდა. ღამემ იხსნა ფრანგები სრული განადგურებისგან. საფრანგეთის არმიამ 7 ათას კაცამდე დანაკარგი ნახა. 3 ათასამდე ტყვედ ჩავარდა. მოკავშირეებსაც არ დაჯდომიათ იაფი ეს გამარჯვება. 7 ათასამდე ჯარისკაცი დაეხოცათ და მძიმედ დაეჭრათ. გახარებულმა იმპერატორმა პავლე I-მა ბრძოლის მონაწილეები უხვად დააჯილდოვა, დაღუპული გენერლების ოჯახებს პენსია დაუნიშნა, სუვოროვს კი მისწერა, რომ მან ყველაზე მაღალ სამხედრო წოდებაზე უფრო მაღალი წოდება დაიმსახურა.

იტალიაში გამარჯვებებისთვის სუვოროვმა უმაღლესი სამხედრო წოდება გენერალისიმუსობა მიიღო. ავსტრიის იპერატორმა გენერალისიმუსს საღვთო რომის იმპერიის გრაფობაც უბოძა. სუვოროვმა შეძლო და იტალია ფრანგებისგან მოკლე დროში გაწმინდა. გამარჯვებებს, რომელთაც მოკავშირეები აღწევდნენ, არა მარტო ჯარის სიძლიერე და რიცხოვნობა განაპირობებდა, არამედ მთავარსარდლის ჭკვიანური სვლებიც.

ჩრდილოეთ იტალიის გათავისუფლების შემდეგ სუვოროვი საფრანგეთში აპირებდა შეჭრას, მაგრამ ეს გეგმა მისმა მოკავშირეებმა ჩაშალეს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსები ამის შემდეგ ხმელთაშუა ზღვისპირეთს თავიანთი გავლენის სფეროდ აქცევდნენ.

ინგლისმა და ავსტრიამ მოინდომეს ჩრდილოეთი იტალიიდან რუსეთის ჯარის მოშორება. სუვოროვს უბრძანეს, ავსტრიის ჯარი იტალიაში დაეტოვებინა, თვითონ კი შვეიცარიაში გადასულიყო და იქ გენერალ ალექსანდრ რიმსკი-კორსაკოვის კორპუსს შეერთებოდა. ამის შემდეგ მას საფრანგეთში ლაშქრობა უნდა დაეწყო. რუსეთის ჯარმა ექვს დღე-ღამეში 150 კილომეტრი გაიარა და ალესანდრიიდან ტავერნომდე ჩავიდა. რუსთა და ავსტრიელთა არმია, რომელსაც სუვოროვი მეთაურობდა, ავსტრიელებმა კარგად არ მოამარაგეს სურსათ-სანოვაგითა და ტყვია-წამლით. ამით ლაშქრობა კიდევ უფრო გართულდა. 31 აგვისტოს რუსთა ჯარი შვეიცარიისკენ დაიძრა. და აი, სუვოროვმაც დაიწყო თავისი საყვარელი სარდალივით, ჰანიბალივით, ჯარის ალპებზე გადაყვანა, თუმცა ჰანიბალს იტალიაში გადაჰყავდა ჯარი, სუვოროვს კი შვეიცარიაში.

ორივე ალპური ლაშქრობა ისტორიის ფურცლებს ამშვენებს და ერთიმეორეზე საინტერესოა. მართალია, ჰანიბალის დროს ძვ.წ. III საუკუნე იყო, ხოლო სუვოროვის დროს - ახ.წ. XVIII, მაგრამ ალპებზე ლაშქრობა მაინც ისეთივე ძნელი იყო, როგორიც ჰანიბალის დროს. სუვოროვმაც არანაკლები ზარალი ნახა ამ მთაგრეხილის გადალახვისას და გმირული მცდელობის მიუხედავად, ლაშქრობას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ფრანგებს ნიჭიერი, მამაცი და გამოცდილი გენერალი ანდრე მასენა სარდლობდა, იგი თავსაც კარგად იცავდა და მტერსაც ოსტატურად უტევდა. კარგად იცოდა თავდაცვითი ნაგებობებისა და ტერიტორიული ადგილმდებარეობის გამოყენება, გამოცდილი ტაქტიკოსი და სტრატეგოსი იყო, ამიტომ სუვოროვს ძალიან გაუძნელდა ასეთ მთავარსარდალთან გამკლავება. მასენას ხელქვეით მთელი ფრანგული არმია გაერთიანდა და მისმა რიცხოვნობამ 90 ათასს მიაღწია.

პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლები სუვოროვს სენ-გოტარდის უღელტეხილთან მოუხდა. გარშემო მთები იყო, ციცაბოები და უფსკრულები. ფრანგები უღელტეხილზე გამაგრდნენ და რუსების ორივე შეტევა მოიგერიეს. სუვოროვმა შემოვლითი მანევრისთვის თავისი საყვარელი გენერალი პეტრე ბაგრატიონი გაგზავნა გრენადერებით. ჯარისკაცები ცოცვით აჰყვნენ ციცაბო კლდეს. სენ-გოტარდისთვის უნდა შემოევლოთ ისე, რომ მტრისთვის ზურგში დაერტყათ. ფრანგებმა მაინც შენიშნეს ისინი და სროლა დაუწყეს. რუსები უკუიქცნენ. პეტრე ბაგრატიონმა თავგანწირული შეტევით მაინც აიყვანა ჯარი სენ-გოტარდზე, მას სუვოროვი მიეშველა და ფრანგებმაც უკან დაიხიეს. ბაგრატიონმა ამ ბრძოლაში სუვოროვის ქება დაიმსახურა.

სენ-გოტარდს რომ გასცდნენ, რუსები რეისას ხეობაში ჩავიდნენ. მდინარე რეისა სწრაფი მთის მდინარე იყო, რომელზეც ვიწრო ხიდი (ეშმაკის ხიდი) აეგოთ. ფრანგებს კი მისი ცენტრალური ნაწილი აეფეთქებინათ და მოპირდაპირე მხარეს ჩასაფრებულიყვნენ. რუსებმა რამდენიმეჯერ სცადეს ხიდთან მისვლა, მაგრამ ჩასაფრებული ფრანგები ზუსტი სროლით მუსრს ავლებდნენ მათ. რუსებმა დიდი მსხვერპლის ფასად მაინც მოახერხეს ფიცრების მიტანა ხიდთან, აღადგინეს აფეთქებული ნაწილი, გადავიდნენ მდინარეზე და მტერს უკან დაახევინეს. რუსები გზას განაგრძობდნენ. საშინლად უჭირდათ და მტერთან შეტაკებები სულ უფრო ძნელი იყო, მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ.

რიმსკი-კორსაკოვის კორპუსს სუვოროვმა ვერ მიუსწრო და ციურიხის მახლობლად მასენამ ის სასტიკად დაამარცხა 16-17 აგვისტოს. რუსებმა დიდი ზარალი ნახეს. ფრანგი გენერალი კლოდ-ჟაკ ლეკურბი სუვოროვს ხელს უშლიდა და წინააღმდეგობას უწევდა. ეს კიდევ უფრო ამძიმებდა რუსთა მდგომარეობას. ლეკურბმა მასენას, ედუარდ მორტიეს, გაბრიელ მოლიტორსა და ლუი-ანრი ლუაზონს შეატყობინა სუვოროვის მარშრუტი, მისი ჯარის მდგომარეობა და რიცხოვნობა.

სუვოროვის ჯარის ბოლო ნაწილები 18 სექტემბერს მუტენის ველზე იყვნენ. აქ მიიღო სუვოროვმა ცნობები რიმსკი-კორსაკოვის სასტიკი მარცხის შესახებ. რუსები ფრანგებზე უფრო ცუდად მომარაგებული იყვნენ და რაოდენობითაც ჩამორჩებოდნენ, ამიტომ იძულებული გახდნენ, უკან დახევა დაეწყოთ. მასენა იერიშზე გადავიდა. ფრანგებმა რუსები უკუაგდეს და ზარალიც მიაყენეს. ბაგრატიონი, რომელიც არიერგარდს მეთაურობდა, დიდ წინააღმდეგობას უწევდა ფრანგებს და მანაც რამდენჯერმე უკან დაახევინა მათ. სუვოროვის შესვლა მილანში 1799 წლის 18 აპრილს (ადოლფ შარლემანი, 1850 წ.) სასტიკი ბრძოლები გაიმართა დასახლება ნეფელსთან, ეს ადგილი ხელიდან ხელში გადადიოდა. ბაგრატიონი რუსეთის არმიასაც იცავდა და დროდადრო თვითონაც უტევდა ფრანგებს. ამავე ადგილებში გაიმართა შვეიცარიის ლაშქრობის ყველაზე დიდი ბრძოლა. 10-ათასიანი ფრანგული ჯარი რუსთა 4-ათასიან არიერგარდს დაესხა თავს. ფრანგები შეაჩერეს და მილორადოვიჩის სამი პოლკის მოსვლის შემდეგ, რუსები შეტევაზე გადავიდნენ. როზენბერგმა ძალები 7 ათას ჯარისკაცამდე გაზარდა და ბრძოლისთვის მოემზადა. მასენამ მოკრიბა თავისი ძალები, დაახლოებით 15 ათასი ჯარისკაცი და ისევ შეტევაზე გადავიდა.

ფრანგებმა რუსებს ძლიერი ცეცხლით აიძულეს უკან დახევა და დაედევნენ კიდეც. ამასობაში რუსთა დანარჩენი ძალები სამ ხაზად მოეწყვნენ. თითოეულ საბრძოლო ხაზს ერთმანეთს 300 მეტრი აშორებდა, კავალერია ფლანგებზე განლაგდა, რეზერვში ორი პოლკი იდგა. ამ ძალებით ისინი კონტრიერიშზე გადავიდნენ და ფრანგთა ძლიერი ცეცხლის მიუხედავად, მოახერხეს მიახლოება და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა. ფრანგები დამარცხდნენ და 3 ათას კაცამდე დაკარგეს დაჭრილებისაა და დახოცილების სახით. რუსებმა 700-მდე ჯარისკაცი დაკარგეს. როზენბერგის გამარჯვებამ ლაშქრობას წარმატებულის ელფერი მისცა. ავსტრიელებმა და რუსებმა ილანცესკენ დაიხიეს, სადაც სურსათ-სანოვაგის მარაგი მიიღეს, იქიდან კი სოფელ კურს მიადგნენ.

სუვოროვის შვეიცარიული ლაშქრობა უშედეგოდ დასრულდა. მალე სუვოროვს რიმსკი-კორსაკოვიც შეუერთდა თავისი ჯარის ნარჩენებით. სუვოროვმა ახალი ჯილდოები მიიღო, მათ შორის მარია ტერეზას პირველი ხარისხის ორდენი. რუსთა ჯარი ბავარიისა და ბოჰემიის გავლით მიდიოდა, ის ერთხანს ციხესიმაგრე შკვორეცში გაჩერდა და ფრანგებთან ბრძოლის განახლებას ელოდა. თუმცა ომი აღარ განახლებულა და რუსებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. კრაკოვში სუვოროვმა მთავარსარდლობა როზენბერგს გადააბარა. გზად მოხუცი რუსი ფელდმარშალი ავად გახდა და დაბა კობრინში გაჩერდა. მალე სუვოროვი მომჯობინდა და გზა განაგრძო. პეტერბურგში ჩასვლამდე სუვოროვი დმიტრი ხვოსტოვის სახლში გაჩერდა. პავლე I-მა უარი თქვა იტალიის კამპანიის გმირის მიღებაზე. შვეიცარიის კამპანიის შედეგებით უკმაყოფილო იმპერატორმა, რომელსაც არც მანამდე მოსწონდა სუვოროვი, შერისხა მოხუცი ფელდმარშალი და თავიდან მოიშორა.

ამბობენ, რომ სიკვდილის წინ სუვოროვმა თქვა: "მზად ვარ უფალს ჩავაბარო ანგარიში, მაგრამ ხელმწიფეზე ახლა ფიქრიც კი არ მინდა". 1800 წლის 18 მაისს სუვოროვი გარდაიცვალა. ის ალექსანდრე ნეველის ლავრაში დაკრძალეს. საფლავზე უბრალო, მაგრამ მეტყველი წარწერაა: "აქ განისვენებს სუვოროვი".

ალექსანდრე სუვოროვი როგორც რუსეთის, ისე მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარია. მან 35 დიდი ბრძოლა მოაწყო და არ დამარცხებულა. სუვოროვმა მსოფლიოს თავისი სამხედრო ნიჭი და უნარი რამდენიმე ბრწყინვალე კამპანიით დაანახვა და დაამტკიცა, რომ იმ დროისთვის რუსეთის ჯარები და მისი მთავარსარდლები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ.

ნიკა ხოფერია ჟურნალი "ისტორიანი",#39