პოტალა - "ადგილი, რომელიც სამოთხეს აფრქვევს" - კვირის პალიტრა

პოტალა - "ადგილი, რომელიც სამოთხეს აფრქვევს"

1994 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ციხე-დარბაზი პოტალა ტიბეტელი ხალხის სიამაყეა.

ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში წითელ ბორცვზე აგებული, თეთრად და წითლად შეღებილი ტრაპეციის ფორმის ციხე-დარბაზი უნიკალურია მდებარეობითა და გრანდიოზულობით. მისი გამოსახულება კი ტიბეტისა და ლჰასას ემბლემაა. აღსანიშნავია, რომ კომუნისტურ ჩინეთში პოტალა, ტიბეტის სხვა რელიგიური ძეგლებისგან განსხვავებით, 1960-1970-იან წლებში გადაურჩა ე.წ. ხუნვეიბინების ("წითელი მცველების") მიერ დანგრევას და ნაგებობაცა და ექსპონატებიც კარგად არის შემონახული.

ტიბეტურად პოტალა არის "ადგილი, სადაც ბინადრობს ჩენრეზი", იგივე ავალოკიტეშვარა (სანსკრიტ. - მეუფე), რომელიც ყველას მოწყალებით უმზერს. ბუდიზმის ეს იდეალური არსება, სრულყოფის მიღწევის შემდეგ უარს ამბობს ნირვანაში წასვლასა და ბუდად გახდომაზე და მოკვდავთა შორის რჩება, რათა მათ ტანჯვა შეუმსუბუქოს. ავალოკიტეშვარა იყო ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტჰა გაუტამას) ერთ-ერთი მოწაფე, ვისაც თვით ბუდამ უწინასწარმეტყველა დიდი როლი ტიბეტის ისტორიაში.

ბორცვს, რომლის კალთაზეცაა აგებული ციხე-დარბაზი, ბუდისტურ რელიგიურ ლიტერატურაში პუტო ეწოდება და წმინდად ითვლება, რადგან ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ მთაზე გამოჩნდა ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარა. ბოდჰისატვა - ბუდისტური რელიგიის ტერმინია. სიტყვასიტყვით ნიშნავს - "ის, ვისი არსებაც არის სრულყოფილი ცოდნა", ანუ ის, ვინც ბუდად უნდა იქცეს ამ ცხოვრებაში ან რომელიმე მომავალ განსხეულებაში. სხვათა შორის, ჩინეთის პროვინცია ჩენძიანშიც არის ასევე მთა პუტო - პუტოშანი, რომელიც ზუსტად იმავე მიზეზითაა წმინდა.

3 700 მეტრის სიმაღლეზე, ლჰასას ტაფობში მდებარე წითელ ბორცვზე (მარპო რი) აგებული ციხე-დარბაზის სიმაღლე საძირკვლიდან 119 მეტრია. სიგრძე შეადგენს 350, ხოლო სიგანე 270 მეტრს, ნაგებობის ფართობი 130 ათასი კვმ-ია, ხოლო წინა ეზოსა და ნაგებობის უკან განლაგებულ ტბორთან ერთად, საერთო ფართობი 360 ათას კვმ-ს აღწევს. ციხე-დარბაზის მშენებლობა VII საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, როცა იმდროინდელ ტიბეტელთა მძვინვარე იმპერიის - ტუფანის მეფემ სრონცზანგამპომ (იგივე სონგცენგამპო) გადაწყვიტა, ლჰასა დედაქალაქად ექცია.

პირველ რიგში, მეფემ ბრძანა, ლჰასაში წითელ ბორცვზე, სადაც მისი სამედიტაციო გამოქვაბული იყო, სამეფო სასახლე აეგოთ. შემდეგ სრონცზანგამპო ტანას პრინცესა ვენჩენზე დაინიშნა. როცა პირნცესა ტიბეტში ჩაბრძანდა, მეფემ წითელ ბორცვზე 999 ოთახის აგება ბრძანა და ადრე აგებულ სასახლესთან ერთად მთელი კომპლექსი შეიქმნა, რომელსაც ოთხივე მხრიდან 500-500 მეტრი სიგრძის კედლები შემოავლეს. გალავანს ჰქონდა დამცავი თხრილი, საგუშაგო კოშკები და ოთხი კარიბჭე. VIII საუკუნეში ციხე-დარბაზის ხის ნაგებობა მეხით გაჩენილ ხანძარში დაინთქა. ამასთან, ტუფანის სამეფოს არსებობის ბოლო წლებში ადგილობრივ ტომთა შორის ომები გაჩაღდა. პოტალასგან მხოლოდ ფა-ვანას მღვიმე და პაბალაკანის დარბაზი გადარჩა...

ამჟამინდელი სახით ციხე-დარბაზი XVII საუკუნიდან, რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში შენდებოდა. V დალაი-ლამამ, ნგაიანგ ლობსან ჯიაცომ 1645 წელს პოტალას დანგრეული სასახლის აღდგენა ბრძანა. უკვე 1652 წელს, პეკინში ჩინეთის იმპერატორთან ვიზიტის შემდეგ, რეზიდენცია მონასტერ დრეპუნგიდან პოტალას თეთრ სასახლეში ("პოტრანგ კარპო") გადაინაცვლა. ნგაიანგ ლობსან ჯიაცომ საკუთარი თავი დედამიწაზე ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას განსახიერებად გამოაცხადა. დალაი-ლამას ძალაუფლება იმდენად დიდი იყო, ხალხს მისი რეინკარნაციის (ანუ გარდაცვალების) ამბავს ტიბეტის მმართველები მრავალი წლის განმავლობაში უმალავდნენ. ნგაიანგ ლობსან ჯიაცოს სიკვდილიდან მერვე წელს (1690) პოტალას წითელი სასახლის ("პოტრანგ მარპო") მშენებლობა ცანგიანგ ჯაიცომ ბრძანა. მანვე ააგებინა მემორიალური სტუპები პოტალას კომპლექსში. მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ციხე-დარბაზი პოტალა ტიბეტელთა სიამაყეა სტუპა სანსკრიტულად ქვის ან მიწის გროვას, ბორცვს ნიშნავს. ეს ნახევრად სფერული მოყვანილობის სვეტისებრი ნაგებობა, სადაც თავდაპირველად მხოლოდ რელიკვიებს ინახავდნენ. მოგვიანებით ის ძეგლი გახდა, რომელსაც ბუდიზმში რამე მოვლენის აღსანიშნავად აგებდნენ. სტუპებო უკავშირდება მეფეთა და ბელადთა საფლავების ყორღანებს - ინდოეთში პირველი სტუპები ბუდამდე გაჩნდა, სადაც ნეშტის კრემაციის შემდეგ დარჩენილ ნაწილებს ინახავდნენ...

სამუშაოებში 7 ათასი ხელოსანი და მუშა იყო ჩართული, დაიხარჯა 2134 ლიანი (ანუ 150 გ) ვერცხლი. ჩინური ცინების დინასტიის იმპერატორმა კანსიმ მშენებლობაზე გაგზავნა 114 ოსტატი ხანიდან, მანჯურიიდან და ნეპალიდან. სამუშაოები 1693 წელს დასრულდა. წითელი სასახლე აკურთხეს, ხოლო პოტალას წინ მშენებლობის დასრულების აღსანიშნავად სამახსოვრო სვეტი დადგეს. მას შემდეგ პოტალა დიდად აღარ შეცვლილა...

სასახლის წინა მოედნიდან კარი შიდა ეზოში გადის, რომელიც სამი მხრიდან მაღალი კედლითაა შემორტყმული, დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებიდან ციხე-დარბაზში შესასვლელებია. აღმოსავლეთის, ანუ მთავარი შესასვლელიდან საფეხურებიანი ბნელი ტალანი 1600 კვმ ფართის სწორ მოედანზე - უშუალოდ თეთრი სასახლის კართან გადის. აქ დალაი-ლამასთვის, სასულიერო პირებისა და მოხელეებისთვის თეატრალური წარმოდგენები ეწყობოდა. მოედნის სამხრეთითა და ჩრდილოეთით გალერეებია, ხოლო აღმოსავლეთითა და დასავლეთით სათავსები წარჩინებული ბერებისთვის სასწავლო კლასებად გამოიყენებოდა.

თეთრი სასახლე აერთიანებს აღმოსავლეთის დიდ პავილიონს (ტიბეტურად - ცოცინსია), მზის პავილიონს, რეგენტისა და დალაი-ლამას მასწავლებლების საცხოვრებელ პალატებს, ასევე სამთავრობო ოთახებს.

"ცოცინსია" თეთრი სასახლის ყველაზე დიდი პავილიონია, აქ ეწყობოდა პოლიტიკური და საკულტო ღონისძიებები, მათ შორის, დალაი-ლამას ინტრონიზაცია. პავილიონის ცენტრში დალაი-ლამას ტახტი დგას, კედლებზე მრავალი ფრესკაა. მათ შორის ორი ჯგუფი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: "პრინცესა ძინჩენის ისტორიისა" და "მაიმუნის ადამიანად ქცევის" შესახებ.

მზის პავილიონი აღმოსავლეთის დიდი პავილიონის თავზეა განლაგებული. მზის პავილიონი ორია - აღმოსავლეთისა და დასავლეთის. ამ პავილიონებში დალაი-ლამების საცხოვრებლებია. დასავლეთის მზის პავილიონი XIII დალაი-ლამას მმართველობის ბოლო წლებში ააგეს. დალაი-ლამა სწორედ ამ პავილიონიდან განაგებდა და წმინდა ტექსტებსაც აქ კითხულობდა. დასავლეთის მზის პავილიონში ინახება ბუდას ოქროს ქანდაკება, იასპისგან დამზადებული ავალოკიტეშვარას ქანდაკება, წმინდა ტექსტების გრაგნილები, ფაიფური, ოქროსა და იასპისგან დამზადებული ჩაის სერვიზი, ძვირფასი ფარჩეული და სხვ. აღსანიშნავია, რომ პოტალა დალაი-ლამას ზამთრის რეზიდენციას წარმოადგენდა, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომას საზაფხულო რეზიდენცია "ნორბულინკაში" ატარებდა.

წითელი სასახლე იყო ბუდასადმი ლოცვებისა და საკულტო რიტუალების ადგილი. აქაც მთავარი ადგილები პავილიონებია, რომლებშიც დალაი-ლამების მემორიალური სტუპები და სხვადასხვა საკულტო დანიშნულების სათავსებია. სულ სასახლეში რვა მემორიალური სტუპაა, მათგან ყველაზე მდიდრულია V და XIII დალაი-ლამებისა. სტუპას ზომები და შემკულობა სიმბოლურად ასახავს დალაი-ლამას ღვაწლს ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში. სასახლის ფანჯრები სასახლეშია ასევე მრავალი საკულტო ძეგლი, ძვირფასი ლითონებისა და პატიოსანი თვლებისგან მაღალ დონეზე დამზადებული ნაკვეთი თუ მოვარაყებული ნივთები, წმინდა ტექსტების იშვიათი გამოცემები, ბუდისტ წმინდანთა ქანდაკებები, "ტანკას" ხატები და სხვ. წითელი სასახლის მეხუთე სართულის გალერეაში ფრესკების მთელი ჯგუფი მშენებლობის ეპიზოდებსაც ასახავს.

V დალაი-ლამას სტუპას მეოთხე სართული უჭირავს, თუმცა თავად სტუპა ხუთსართულიანი ნაგებობის სიმაღლისაა - 14,5 მეტრი. ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული ეს სტუპა ყველაზე მაღალია პოტალაში. სიმაღლით მეორე ადგილზეა XIII დალაი ლამას სტუპა (14 მეტრი), რომლის მშენებლობა სამ წელიწადს გაგრძელდა (1934-1937). ფრესკა პავილიონის შიდა კედელზე დალაი-ლამას ცხოვრების აღწერას ეძღვნება. მათ შორისაა დალაი-ლამას პეკინში სტუმრობის ეპიზოდი, სადაც ის ცინების დინასტიის ბოლოსწინა იმპერატორმა გუანსიუმ მიიღო.

დასავლეთის დიდი დარბაზი (ტიბეტურად - სისიპინცო) სტუპებიანი პავილიონების აღმოსავლეთითაა და მისი ფართობი 680 კვმ-ია. ის წითელი სასახლისა და მთელი პოტალას ყველაზე ვრცელი დარბაზია. ამ დარბაზში აწყობდა V დალაი-ლამა მიღებებს, მსხვერპლშეწირვებსა და სხვა რიტუალებს.

დალაი-ლამას ცარიელი სამოსი სიმბოლურად მის არყოფნას აღნიშნავს პოტალაში

დასავლეთის დარბაზში ინახება ოქროს ძაფებისგან მოქსოვილი მოზრდილი წყვილი ფარჩა - ეს ძაფები 1696 წელს ჩინეთის იმპერატორმა პოტალას წითელი სასახლის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავად აჩუქა დალაი-ლამას. დალაი-ლამას ტახტის ზემოთ კი გაკრულია იმპერატორ ციანლუნის მიერ მოძღვნილი ტრანსპარანტი იმპერატორისვე ხელრთვით "ადგილი, რომელიც სამოთხეს აფრქვევს". წითელი სასახლის ყველაზე მაღალი პავილიონის დასავლეთ კედელთან დადგმულია თერთმეტსახიანი და ათასხელიანი ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას ქანდაკება, რომელიც XIII დალაი-ლამას ბრძანებით მთლიანად ბაჯაღლო ოქროსა და ვერცხლისგანაა ჩამოსხმული...

პოტალას ყველაზე ადრეული ნაგებობებიდან შემორჩენილია მხოლოდ მღვიმე ფა-ვანა და პავილიონი პაბალაკანი. მღვიმე, რომლის ფართობი სულ 27 კვმ-ია, მოწყობილია სადად. ითვლება, რომ აქ სწვდებოდა წმინდა ტექსტების მნიშვნელობას ტუფანის მეფე სრონცზანგამპო. მღვიმეში დადგმულია მისი და პრინცესების - ვენჩენის, ჩიძულის, ლუდუნძანას - ტუფანის სამეფოს რჩეულ პირთა ქანდაკებები. აქვე შემონახულია ნივთები (კერია, ქვის ქვაბი, სტუპა), რომელთაც სრონცზანგამპო იყენებდა. პავილიონი პაბალაკანი, რომელსაც ასევე ავალოკიტეშვარას პავილიონს უწოდებენ, პირდაპირ ფა-ვანის მღვიმის თავზეა განლაგებული.

პავილიონებს V, VII, VIII, IX, XIII დალაი-ლამების სტუპებით, ასევე პაბალაკანსა და რამლაკანს ერთიანად მოვარაყებული სახურავები აქვთ და ყველა ერთად ოქროს სახურავების ანსამბლს ქმნის. სახურავების უმეტესობა ტრადიციული ჩინური ფორმისაა აპრეხილი კუთხეებით, რომლებიც მითური ბუდისტური ცხოველების მომცრო ფიგურებითაა შემკული.

ძველი ტიბეტელი ოსტატების ნახელავი

პოტალას ციხე-დარბაზი ტიბეტელი ერის საგანძურია, სადაც თავმოყრილია ფასდაუდებელი ხელოვნების ნაწარმოებები და ისტორიული ძეგლები. აქ ფრესკებისთვისაც კი ძვირფასი ლითონებითა და პატიოსანი თვლებით მომზადებულ საღებავებს იყენებდნენ. შედეგად, ციხე-დარბაზის ფრესკები დღესაც ახალივით გამოიყურება და მნახველებს სიკაშკაშით ატყვევებს. პოტალაში ინახება დაახლოებით 10 ათასი ხატი "ტანკა", რომელთა უმრავლესი ნაწილი ძველი დროის გამოჩენილი ოსტატების მიერაა შესრულებული. აქვეა წმინდა ტექსტების გამოცემათა მდიდრული კოლექცია, ბევრი მათგანი მაღალ მხატვრულ დონეზეა შესრულებული და ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

არაერთი გამოცემა უნიკალურია. კოლექციაში ძველი ინდოეთიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოტანილი კანონების ასამდე გრაგნილია, პალმის ფოთლებზეა შესრულებული. ყველაზე ძველი ტექსტები რამდენიმე ათასი წლის წინანდელია. ხელნაწერები შესრულებულია ოქროსა და ვერცხლის მელნით, ხოლო ამობურცული შრიფტი მოვარაყებულია ოქროთი. მაგალითად, გამოცემა "განჟური" შესრულებულია ოქროს, მარგალიტის, ვერცხლის, სხვადასხვანაირი მარჯნის, რკინის ფხვნილის, სპილენძის მტვრისა და ნიჟარებისგან დამზადებული საღებავებით. ხოლო მკვრივი და ელასტიკური ქაღალდი მედეგია სინესტის, ლპობისა და მწერებისგან დაზიანების მიმართ. დასავლეთის დიდი დარბაზის ფრესკები წითელ სასახლეში პოტალაში წარმოჩენილია ტიბეტელთა მიღწევები არქიტექტურაში, ქვისა და ლითონის დამუშავებაში, ფერწერაში, ხელოვნებისა და მეცნიერების მრავალ სხვა დარგში და ის ძველი ტიბეტის მეცნიერებისა და კულტურის მუზეუმს წარმოადგენს. ციხე-დარბაზმა შემოინახა სხვა ხალხებთან ტიბეტელთა სამეურნეო და კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაც - ნეპალელებთან, ჩინელებთან, ინდოელებთან.

ამჟამად მომლოცველები პოტალასა და წითელი ბორცვის გარშემო დადიან ანუ ასრულებენ "კორას" - წმინდა ადგილის რიტუალურ მიმოვლას. თუმცა "კორას" გასწვრივ, მრავალრიცხოვანი სალოცავი დაფის გვერდით, უამრავი სავაჭრო რიგიცაა.

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი",#39