"თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, დე­და რომ და­ი­ღუ­პა..." - რას ჰყვებოდა გიორგი შენგელაია დედაზე და ბავშვობაზე? - კვირის პალიტრა

"თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, დე­და რომ და­ი­ღუ­პა..." - რას ჰყვებოდა გიორგი შენგელაია დედაზე და ბავშვობაზე?

გთავაზობთ გიორგი შენგელაიასთან 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან:

გინახავთ, როგორ ბალიშისპირებს კერავდნენ ძველი ქართველი ქალები?

დარაიის კაბებს, მოჩითულ ხილაბანდებს, მიტკლის პერანგებს, ჩითის წინსაფრებს რომ შეიკერავდნენ, მორჩენილ ნაკუწებს სამკუთხედებად დაჭრიდნენ, ერთმანეთს შეუხამებდნენ და გადააკერებდნენ ყვავილებად. მერე ამითი საბნისა და ბალიშისპირებს კერავდნენ. მარტო ულამაზესი კი არ იყო ასეთი საბან-ბალიში, თითქოს წარსულსაც გიყვებოდა და დედის კალთის სითბოც ახლდა. ერთი-ორჯერ მინახავს ჭრელ-ჭრელი ბალიშები... და კიდევ ჩარჩოში ჩასმული ასეთი "ტილო", სინამდვილეში ქართველი გლეხი ქალის შეკერილი ბალიშისპირი, გიორგი შენგელაიასთან ვნახე. ეს პატარა ნიუანსი ჩემთვის ძალიან მეტყველია, ისევე, როგორც მისი ფაქსიმილე... ხომ იშვიათია, ადამიანი პირად ხელმოწერაში მამის სახელის ინიციალსაც წერდეს - გ. ნ. შენგელაია... ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს... ყველაფერი მისი ცხოვრების "ვითარებანით" საზრდოობს...

- ჩემი პირველი მოგონებები, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ამბავს უკავშირდება. ადრეული ბავშვობიდან მამაჩემის - ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრისა ვიყავი... მამა სულ ახალგაზრდა - 42 წლის იყო.

ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა...

ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას. თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.

გიორგი შენგელაია

მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი... ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ... ერთ დღეს კი დაიცალა ჩვენი სახლი.

მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.

ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძისთვისაც კი ლუკმაპური საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან (დედაჩემის და), მწერლებთან ერთად... კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ. ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე პატარა გიორგი შენგელაიასთან (1942 წელი) თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა... ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს...

ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა - სხვა... დედაჩემის მერე - სხვა...

დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა...

რეზო ჩხეიძემ "ჩვენ ეზოში" სოფიკო ჭიაურელი მიიწვია - მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს... სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: - რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ...

"რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" რომ დაიწყო მიხეილ ჭიაურელმა, უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. გვითხრა, ამ ფილმში თქვენ უნდა ითამაშოთო.

ვიდრე მხატვრული ფილმების დადგმას მოვკიდებდი ხელს, დოკუმენტურს მივადექი. ჩემი პირველი სურათი ფიროსმანზე იყო. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, გადავიღე "ქართული ხელნაწერები". უნიკალური სურათია იმ მხრივ, რომ იმ ხელნაწერების გადაღება განათებით არ შეიძლება. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ელო მეტრეველს მოველაპარაკეთ, ავიტანეთ კომბინირებული გადაღების უშველებელი კამერა, რომელსაც შეუძლია თითო კადრი გადაიღოს და განათება არ სჭირდება...

საბჭოთა დროს არავინ ფიქრობდა ფილმის გაყიდვა-გაქირავებაზე. ამ პრობლემას სახელმწიფო აგვარებდა, თუმცა იყო ცენზურა - მოითხოვდნენ, ძირითადად, მუშებსა და გლეხებზე გადაგვეღო სურათები. მაგრამ სტალინის დროინდელი მარწუხები უკვე მოსუსტებული იყო. გავაძვრინეთ რაღაცნაირად მე და ოთარ იოსელიანმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მე - "ალავერდობა", ოთარმა - "აპრილი". ეს ორი სურათი ალმანახად გამოვიდა დიდ ეკრანზე. მან განსაზღვრა ჩემი რეჟისორული გზა...

სწორედ "ალავერდობა" იყო ჩემი პირველი მხატვრული სურათი, რომლის შექმნაც გურამ რჩეულიშვილთან, ერლომ ახვლედიანთან, ფელიქს ღლონტთან, ზურაბ ნიჟარაძესთან, დიმა ერისთავთან მეგობრობამ განაპირობა...

დედაჩემი და მამაჩემი გეიდარ ფალავანდიშვილის მშობლებთან მეგობრობდნენ. მე და გეიდარი კი საბავშვო ბაღიდან ერთად ვიზრდებოდით. ბევრი ვეძებე "ალავერდობის" პერსონაჟი, მაგრამ გეიდარი იმდენად გამოკვეთილი გარეგნობისა იყო, ვარჩიე, გადამეღო... ბედმა გამიღიმა.

პირველად რომ ვიღებდი მხატვრულ ფილმს, მეშინოდა, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. ახლაც რომ გადავიღო, ნერვიულობა მომკლავს - აბა, რა გამოვა, როგორი გამოვა-მეთქი. სურათი არ ჩამვარდნია. ზოგი ამბობდა, - "ალავერდობის" მერე "სიყვარული ყველას უნდას" როგორ იღებსო... ისეთ სურათებზე, როგორიც არის "ვერის უბნის მელოდიები", სულიერად ვისვენებ...

ძალიან მეხმარება რეჟისურაში ის, რომ თავად მაქვს მსახიობობის პრაქტიკა. "ხარება და გოგიას" რომ ვიღებდი, ლევან თედიაშვილი და ომარ ფხაკაძე იდგნენ გაქვავებული, ვერაფერს აკეთებდნენ. დავიწყე თამაში ორივეს მაგივრად. გიორგი და ელდარ შენგელაიები ფიროსმანის როლის განმასახიერებელს დიდხანს ვეძებდი. ფილმის მხატვრად ავთო ვარაზი მყავდა. მეუბნებოდნენ, ვიღას ეძებ, ავთო ათამაშეო... მე მხატვრულ ფილმს ვიღებ, დოკუმენტურს კი არა-მეთქი. მერე მაინც გადავწყვიტე, ავთო გადამეღო, იმიტომ, რომ ფიროსმანს მხოლოდ მსახიობური ოსტატობით ვერ ითამაშებ. ეს განცდილი უნდა გქონდეს... ამიტომ გამოუვიდა ავთოს კარგად... ცოცხალი რომ ყოფილიყო, უშანგი ჩხეიძეს გადავიღებდი ფიროსმანის როლში.

"ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში" 1924 წლის ამბებია. ბატონი ოთარ ჩხეიძე მიამბობდა, ნამდვილი ამბები მაქვს აღწერილიო. მსახიობების არჩევისას ვცდილობდი, არისტოკრატიული გარეგნობის, კარგად აღზრდილი ხალხი ამეყვანა. ასეთი იყო ლევან აბაშიძე. შევაწუხე ჭაბუა ამირეჯიბი, ლილი იოსელიანი, თემო ჯაფარიძე, ზურა ყიფშიძე... მათ არაჩვეულებრივი სახეები შექმნეს.

ფული არასოდეს მქონია... არც მიფიქრია, რომ მქონოდა. ფასობდა ის, რომ რეჟისორი ვიყავი და ამითაც ვკმაყოფილდებოდი. ბინა მქონდა და საჭმლის ფული, ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე.

გენეტიკური მეხსიერებაც არსებობს... მაგრამ ჩემი შვილები იძულებული არიან, მიესადაგონ დღევანდელ კულტურას... შვილების გამო ჩარევა მჭირდებოდა ხოლმე უბნის ამბებში... უმცროსი გიორგი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს პოლიტოლოგიას... ბევრს მეცადინეობს. რომ დაამთავრებს, მაინც რეჟისორობა უნდა. არ ვუშლი, ვნახოთ, რა იქნება.

კახეთში ვენახი მაქვს. ღვინო გამოვუშვი, "ნატო ვაჩნაძე" ჰქვია. მაგრამ არ იყიდება... ადრე კვირაში ერთხელ დავდიოდი ვენახში. ახლანდელი ბენზინის ფასის გამო სად უნდა იარო?! ამიტომ ხალხი მყავს დაქირავებული და ისინი უვლიან. მეც ვიცი ვენახის მოვლა. საპატიო ადგილი მაქვს საქართველოს მეღვინეობის პროფესორებს შორის. მათი კონსულტაციებით დავიწყე სწავლა. ახლა თვითონვე მეუბნებიან, რომ ვაზის ერთ-ერთი მაგარი სპეციალისტი ვარ. როგორი ვენახი გავაშენე, არ მკითხავთ? ძველი ჯიშების გადარჩენაზეც ვმუშაობ...

ყველაფერი გლეხებისგან მაქვს ნასწავლი. ისიც, რასაც მერე ფილმებში ვიყენებ. კახეთში რომ ჩემს ვენახს უვლიან, იმათ ბრიგადირს თაფლა ჰქვია. თაფლივით კაცია. მასთან ყოფნას რა სჯობია! გოჩა აბაშიძე, სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია - კადრი მხატვრული ფილმიდან ჩემი მშენებლობის ამბავიც უნდა მოგიყვეთ... საოცარი ქალი იყო დოდო აბაშიძის დედა, ნინა ანდრონიკაშვილი. დედაჩემის ბიძაშვილი გახლდათ. დეიდა ნინას დამსახურებაა, დედაჩემის მუზეუმი რომ მოვაწყვეთ. მან შეგვიტია: რატომ არაფერს აკეთებთო. თენგიზს, ელდარს და მე გვერიდებოდა, ვინმე შეგვეწუხებინა. წავიდა თვითონ გურჯაანის რაიკომის მდივანთან და სულ ხელი ურტყა მაგიდაზე: ნატო ვაჩნაძე გყავს და მისი სახლი დანგრეული და მოუვლელიაო. დაგვაწყებინეს მშენებლობა. ზღაპრებში რომ არის, ხომ იცით? ყველაფერი უმცროს ძმაზე რომ გადაივლის. ამ ამბავში მე მოვყევი. კარგი ორი ფილმის ენერგია ჩავდე შიგ. ყველაფერი ხელისუფლებამ გააკეთა, მაგრამ სჭირდებოდა ყურადღება...

ჩემი ბოლო ფილმი, "მიდიოდა მატარებელი", როგორც სატირა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რომ იტყვიან, "ცხოვრება ვირის კუდივით მოკლეა"... ვნანობ, რომ მცირდება ჩემი მეგობრების წრე. ჯერ ახალგაზრდობაში გამომეცალა ლადო ქოქიაშვილი, მერე გურამ რჩეულიშვილი. ახლაც ბევრი წავიდა, ბევრი ავადმყოფობს. არ მუშაობენ, როცა კაცი არ მუშაობს, ძალიან უჭირს ფსიქოლოგიურად. რა მოკლე ყოფილა წუთისოფელი... ორმოცი წლის რომ ხარ, ამაზე არ ფიქრობ, ბევრი რამ წინ გეგულება. ახლა მოიხედავ და აღარ არიან შენი თანატოლებიც კი, მშობლების თაობა ხომ აღარ არის და აღარ...

რას შევცვლიდი, რომ შემეძლოს წარსულში? რა გითხრათ... ჩემი მშობლების სიცოცხლის ხანგრძლივობას შევცვლიდი. მინდა ახლაც ცოცხლები მყავდნენ - დედაც და მამაც...

და კიდევ... სოციალიზმი დროებითი მოვლენა გვეგონა, ვებრძოდით მას და ვფიქრობდით, რომ აღდგებოდა ძველი კულტურა... ამას გადაეფარა აღებ-მიცემობა, ფული... ახლა, თუ ფული არ აქვს კაცს, არავინ არაფრად აგდებს. წინათ ინტელექტი ფასობდა. ახლა უბედურებაა... გლობალიზაციააო და ყველაფერი ცენტრებში იყრის თავს... ჩვენ პერიფერიაში ვართ. რომ ვთქვათ, ჩვენი მეცნიერება გვექნებაო, ვის უნდა? არავის! დროა ეგეთი... ბერდიაევი ამბობდა, ცივილიზაცია გამორიცხავს კულტურასო. ასე ყოფილა... ახლა კულტურა უკვე გამოირიცხა და ჩვენთვის ცივილიზაციაც არ ჩანს. ჩვენი შემეცნების წყარო წიგნი იყო, ახლანდელ თაობას წიგნი არ სჭირდება. ეს მაგიჟებს... ეს დამღუპველია. სხვა რა უნდა მქონდეს სათქმელი?..

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართული კინოს მარადიული ვარსკვლავი - ნატო ვაჩნაძე

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#39