თვითმფრინავის ძებნისას ხომალდები აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

თვითმფრინავის ძებნისას ხომალდები აღმოაჩინეს

ინდოეთის ოკეანეში 2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიური ლაინერის, "ბოინგ 777"-ის ნარჩენების ძებნისას, ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროდან 2300 კილომეტრში, ოკეანის ფსკერზე XIX საუკუნის ორი სავაჭრო ხომალდი აღმოაჩინეს.

როგორც ირკვევა, მათ ქვანახშირი გადაჰქონდათ. თითოეულ ხომალდზე ეკიპაჟის 15-დან 30-მდე წევრი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზოგჯერ კაპიტანს ბორტზე საკუთარი ოჯახის წევრებიც ჰყავდა. ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც ავსტრალიელი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, ჩაძირულ ხომალდებს 3900 მეტრის სიღრმეზე მიაკვლია. ჩაძირულ გემებს ერთმანეთისგან 35 კილომეტრი აშორებთ.

ხომალდების ჩაძირვის ადგილის ვიდეო- და აუდიომასალის ანალიზის შემდეგ დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმში დაასკვნეს, რომ მათგან ერთი ხისგან, მეორე კი რკინისგან იყო აგებული.

როს ანდერსონი, მუზეუმის კურატორი: "როგორც დადასტურდა, ორივე XIX საუკუნის საზღვაო-სავაჭრო ხომალდია. ერთი ხისაა, მეორე - რკინის. მათ ქვანახშირი გადაჰქონდათ".

ანდერსონისვე განცხადებით, ჩაძირული სავაჭრო ხომალდებიდან ერთ-ერთი ან "გორდონია", რომელიც 1876 წელს გლაზგოდან ადელაიდისკენ მიცურავდა და გაუჩინარდა, ან "მაგდალა", რომელიც უელსის პორტ პენართიდან ინდონეზიისკენ მიცურავდა, მაგრამ კუნძულ ტერნატემდე ვერ ჩააღწია.

რაც შეეხება მეორე ხომალდს, განიხილება სამი ვერსია, თუმცა სპეციალისტები ყველაზე მეტად ემხრობიან იმ ვარიანტს, რომ ის 1883 წელს გაუჩინარებული "ვესტ რიჯია".

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#90