ლიკანის ორანჟერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია - კვირის პალიტრა

ლიკანის ორანჟერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

ლიკანის ორანჟერეას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ლიკანის ტყე-პარკის მხატვრულ-არქიტექტურული სახის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნაგებობაა. საინჟინრო სტრუქტურა კარგად არის მორგებული მტკვრისპირა ბაქანზე, გამოირჩევა ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ესთეტიკითა და სამშენებლო ტექნოლოგიებით.

ორანჟერეა ერთსართულიანია. დასავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ ორი წაგრძელებული მონაკვეთისგან შემდგარი შენობის შუაში, რვაწახნაგა ფორმის შემინული ფანჩატურია ჩასმული. ორანჟერეის წაგრძელებული ფლანგების გადახურვა ორქანობიანია, ხოლო შუა დარბაზის შემინულ გადახურვას რამდენიმე ქანობი აქვს. ლითონისკარიანი შესასვლელები მოწყობილია ფლანგების მოკლე გვერდებში, აგრეთვე შუა დარბაზის ორივე მხარეს. საყრდენი კედლების ძირითადი სამშენებლო მასალა ე.წ. რუსული აგურია. მასზე თაროს ფორმით დაწყობილია ბაზალტის თლილი ქვების ერთი რიგი. დუღაბად გამოყენებულია ქვიშაცემენტის ხსნარი. ქვის არის შუა დარბაზის ტერასის კიბის საფეხურები, შემინული კარკასი კი ლითონისაა. ასევე ლითონის არის შემინული კარებიც.

შუა დარბაზის ტერასა-აივანს ქვის რვასაფეხურიანი კიბე აქვს. ქვის ორი სამსაფეხურიანი კიბეა მოწყობილი ასევე შუა დარბაზის უკანა შესასვლელში. აღსანიშნავია, რომ ორანჟერეას ამჟამადაც იგივე ფუნქცია აქვს, რაც საუკუნის წინ.

ჟურნალი "ისტორიანი",#90