27-07-2018
ლიკანის ორანჟერეას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ლიკანის ტყე-პარკის მხატვრულ-არქიტექტურული სახის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნაგებობაა. საინჟინრო სტრუქტურა კარგად არის მორგებული მტკვრისპირა ბაქანზე, გამოირჩევა ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ესთეტიკითა და სამშენებლო ტექნოლოგიებით.
ორანჟერეა ერთსართულიანია. დასავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ ორი წაგრძელებული მონაკვეთისგან შემდგარი შენობის შუაში, რვაწახნაგა ფორმის შემინული ფანჩატურია ჩასმული. ორანჟერეის წაგრძელებული ფლანგების გადახურვა ორქანობიანია, ხოლო შუა დარბაზის შემინულ გადახურვას რამდენიმე ქანობი აქვს. ლითონისკარიანი შესასვლელები მოწყობილია ფლანგების მოკლე
გვერდებში, აგრეთვე შუა დარბაზის ორივე მხარეს.

შუა დარბაზის ტერასა-აივანს ქვის რვასაფეხურიანი კიბე აქვს. ქვის ორი სამსაფეხურიანი კიბეა მოწყობილი ასევე შუა დარბაზის უკანა შესასვლელში.
აღსანიშნავია, რომ ორანჟერეას ამჟამადაც იგივე ფუნქცია აქვს, რაც საუკუნის წინ.
ჟურნალი "ისტორიანი",#90