"ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილი ახალი არგონავტი" - კვირის პალიტრა

"ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილი ახალი არგონავტი"

გინახავთ? იცით, ვინ არის ეს სათნო სახის ახალგაზრდა უცხოელი? თითქოს ვაფასებთ ამაგს, თითქოს ჩვენში დიდია მადლიერების გრძნობა, თუმცა ზოგჯერ სახეზეც კი არ ვიცნობთ ადამიანებს, რომელთაც დიდი ღვაწლი დასდეს ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, ამ ილუსტრაციაზე გამოსახული პირის შესახებ, ალბათ, ცოტამ თუ იცის დღეს.

იტალიელი ფრანცისკო-მარია მაჯო (1612-1686) გახლავთ ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი. ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას იტალიელმა მისიონერმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პალერმოელმა ახალგაზრდა ღვთისმსახურმა რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - საქართველოში მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა.

როგორც ცნობილია, ევროპელთა მიერ ქართული სამყაროს ხელახლა აღმოჩენა XVI საუკუნეს უკავშირდება. ბიზანტიის დანგრევის შემდეგ საქართველომ დაიწყო ქრისტიანი პარტნიორის ძიება დასავლეთსა და აღმოსავლეთში. რომის პაპების ინიციატივითაც საქართველოში დაიწყო იტალიელ მისიონერთა მოღვაწეობა, რაც კათოლიკობის პროპაგანდას ისახავდა მიზნად. ამან აღძრა იტალიელთა ინტერესი საქართველოსა და მისი კულტურისადმი, რაც XVI საუკუნისთვის აშკარა შეიქნა. სწორედ ერთ-ერთი მისიონერი იყო ფრანცისკო-მარია მაჯო, რომელიც 1637 წლიდან საქართველოში თითქმის რვა წელიწადს ცხოვრობდა.

ქვეყანაში ყოფნის ამ არცთუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაჯომ არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ჩვენი ენის გრამატიკის შესახებ. მაჯოს წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის გრამატიკული წყობის საფუძვლების ევროპელ მკითხველთათვის გასაცნობად.

ჰოდა, ამ კაცის პორტრეტი საქართველოში განათლების კერების მთავარ დარბაზებში უნდა ეკიდოს, მის პორტრეტს ბავშვები სახელმძღვანელოებშიც უნდა ხედავდნენ, რათა იცოდნენ, რომ ქართული ენის გრამატიკის შესწავლასა და მასზე ლათინურად წიგნის დაწერას ევროპელმა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები დაუთმო.

გვინდა ჟურნალ "ისტორიანის" მკითხველს სასიამოვნო სიახლე ვაუწყოთ. ხელოვნების სასახლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანმა ერთ-ერთ უცხოურ აუქციონზე შეისყიდა და სასახლისთვის ჩამოიტანა ფრანცისკო-მარია მაჯოს გრავიურის პორტრეტის ორიგინალი წიგნიდან "ნეაპოლის სამეფოს გამორჩეულ ადამიანთა ბიოგრაფიები" (ნეაპოლი. 1826 წელი). ფრანცისკო-მარია მაჯო, "ქართული ენის გრამატიკა", 1670 წ. (დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში) ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი "ქართული ენის გრამატიკა"გამოიცა რომში, 1670 წელს, სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. ვატიკანთან არსებული ეს დაწესებულება ამჟამად "ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად" იწოდება და უმაღლესი რანგის კათოლიკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.

ლინგვისტური თვალსაზრისით, გამოცემის მეცნიერული ღირებულება შეისწავლა ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა არნოლდ ჩიქობავამ. მკვლევარი აღნიშნავდა, რომ გრამატიკის ეს სახელმძღვანელო დაზღვეული არ არის შეცდომებისგან, მაგრამ მისი გამოცემა თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო ქართული ენის გრამატიკის შექმნის პირველი ცდა უცხო ენაზე. ამან, ცხადია, დიდი ღვაწლი დასდო ევროპის ქვეყნებში ქართული ენის პოპულარიზაციას. მისივე მოსაზრებით, ფრანცისკო მარია მაჯოს შრომა პირველი დღემდე ცნობილი გრამატიკაა ქართული ენისა.

ამავე დროს, იგი წარმოადგენს პირველ გრამატიკას საერთოდ იბერიულ-კავკასიურ ენობრივ სამყაროში. არნოლდ ჩიქობავასა და ჯუანშერ ვათეიშვილის წიგნში "პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები" (თბილისი, 1983) ვკითხულობთ: "მაჯოს სისტემატურმა დაკვირვებამ ქართული ენის გრამატიკული წყობის სპეციფიკაზე და კვლევის მის მიერ გამოყენებულმა მეთოდმა, რომელიც ლინგვისტური მეცნიერების მაშინდელ დონეს შეესაბამებოდა, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ნაშრომს იმასთან შედარებით, რაც მას სასულიერო უწყების შეზღუდული მიზანსწრაფვით ევალებოდა. ამასთანავე, ენათმეცნიერების ისტორიაში მაჯოს ნაშრომი არის ქართული ენის თავისებურებათა შესწავლის პირველი ცდა. ქართული ენისა, რომელსაც ასე ნაკლებად იცნობდნენ XVII საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ ევროპაში".

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკო-მარია მაჯოს "ქართული ენის გრამატიკის" ეგზემპლარი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, რომლის მკითხველთათვის წარსადგენ ანოტაციაში ვკითხულობთ:

"ქართული ენის გრამატიკის" სახელმძღვანელოს გამოცემით დაგვირგვინდა 1641 წელს კათოლიკე მისიონერის ფრანცისკო-მარია მაჯოს შვიდწლიანი მოღვაწეობა საქართველოში. ეს გამოცემა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისიონერთათვის, რომ 1670 წელს მისი ფაქსიმილური გამოცემა განხორციელდა. წიგნში გამოყენებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე: მხედრული, ასომთავრული, ნუსხური; ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისობით წიგნში გამოყენებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე: მხედრული, ასომთავრული, ნუსხური; ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისობით; ქართული სიტყვები და ფრაზები; სომხურ-ქართული ანბანი, არაბულ-ქართული ანბანი და ქართული ენის ეტიმოლოგია. გამოცემა შეიცავს აღმოსავლური ენების შედარებით გრამატიკას.

"ქართული ენის გრამატიკა", "ქართულ-იტალიური ლექსიკონის" მსგავსად, იყო ის მნიშვნელოვანი გამოცემა, რომლითაც XIX საუკუნემდე ინფორმაციას იღებდნენ ევროპელი ქართველოლოგები ქართული ენის შესახებ".

საქართველოში ყოფნის განმავლობაში იტალიელმა მისიონერმა და მეცნიერმა არა მხოლოდ შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ამ ენის გრამატიკული წყობის შესახებ.

თავად ფრანცისკო-მარია მაჯო საქართველოდან იტალიაში დაბრუნებისას თავის თავს ადარებდა "ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილ ახალ არგონავტს".

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი ჟურნალი"ისტორიანი",#90