"მეფის რუსეთი დიდ სიფრთხილეს იჩენდა ქართველ თავად-აზნაურთა მიმართ და მათი გულის მოგებას ცდილობდა" - ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში - კვირის პალიტრა

"მეფის რუსეთი დიდ სიფრთხილეს იჩენდა ქართველ თავად-აზნაურთა მიმართ და მათი გულის მოგებას ცდილობდა" - ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში

მხატვრული ლიტერატურის საჯარო კითხვისა და ოჯახური თეატრალური წარმოდგენების ტრადიცია უხსოვარი დროიდან მომდინარეობს.

ოფიციალურად, ლიტერატურული წრეებისა და სალონების პირველი აკვანი XVI-XVII საუკუნეების საფრანგეთში დაირწა, რასაც მადამ დე რამბუიეს, პოლეს, ქალბატონ ბურდონეს. მადმუაზელ სკიუდერისა და სხვათა სახელებს უკავშირებენ. საფრანგეთის გავლენით, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი ტიპის სალონები გაჩნდა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, მოგვიანებით - რუსეთში.

XIX საუკუნის დამდეგს, როცა საქართველოში რუსეთის ცარიზმი დამკვიდრდა, ლიტერატურულმა თავყრილობებმა და ოჯახურმა სალონურმა შეკრებებმა ჩვენთანაც იჩინა თავი. "ჩვენ, თუ რაიმე ლექსებს ვწერდით, ჩვენი ნათესავებისთვის ვსწერდით და არა დასაბეჭდად", - უთქვამს ერთხელ თავის საახლობლოში პოეტ გრიგოლ ორბელიანს (გაზეთი "საქართველო", #81, 1915 წ.).

ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული იმდროინდელი შეხედულებით, მწერლის როლი და დანიშნულება მხოლოდ მისი მუშაობით როდი შემოიფარგლება. თავის საქმიანობას იგი თანამოაზრეებთან, მეგობრებთან, პროფესიით დაახლოებულ ადამიანებთანაც მისდევს. სწორედ ამის საფუძველზე წარმოიქმნა ლიტერატურული და თეატრალური სალონები, რომლებიც ნიშანდობლივი გახდა XIX საუკუნის ქართული კულტურული ცხოვრებისთვის.

ისტორიული ასპარეზიდან ბაგრატოვანთა დინასტიის წასვლით, საკარო პოეზიის დაცემამდე, საოჯახო ლირიკის ფორმები წრეებისა და სალონების მეშვეობით ლიტერატურული ცხოვრების წამყვან ძალად იქცა. მწერლობა სალონურ გარემოცვაში ჩაიკეტა. ლექსები იწერებოდა არა დასაბეჭდად, არამედ იმისთვის, რომ ხელნაწერის სახით გავრცელებულიყო მეგობართა წრეში წასაკითხად და სალაღობოდ. რუსეთის ჯარის შესვლა თბილისში 1799 წელს (ფრანც რუბო, 1856-1928 წწ.)

"მიუხედავად ამისა, ლიტერატურა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში დომინირებულ როლს თამაშობდა. ხელოვნების სხვა დარგები უკან მიჰყვებოდნენ მას", - აღნიშნავს XIX საუკუნის პირველი ნახევრის მკვლევარი იაკობ ბალახაშვილი. შინაური წარმოდგენები, საჯარო შეხვედრები, წრეები, სალონები, შეკრებანი, ბალები, ნადიმები, სარედაქციო სხდომები - აი, ლიტერატურისა და ხელოვნების ის სახეობანი, რომლებიც ჩვენს ინტერესთა სფეროს წარმოადგენს.

მკვლევართა აზრით, მეფის რუსეთი საქართველოს დაპყრობის პირველ ხანებში დიდ სიფრთხილეს იჩენდა ქართველ თავად-აზნაურთა მიმართ და მათი გულის მოგებას ცდილობდა. არა იარაღსა და ძალდატანებას, არამედ სიფრთხილეს და მშვიდობიან დამოკიდებულებას ავლენდა საქართველოს მმართველ კლასთან. მეტიც: ქართველ არისტოკრატთა ჩაბმა ევროპული ცხოვრების წესში იყო რუსეთის თვითმპყრობელობისთვის ერთ-ერთი საშუალება კოლონიური პოლიტიკის გასატარებლად. მიხაილ ვორონცოვის აზრით, "ყოველი ცვლილება, ყოველი ახალი რეფორმა, რომელიც საუკუნეებით შექმნილ ჩვეულებებსა ცვლის, ყველგან უჩვეულო სიძნელეს წარმოადგენს ცხოვრებაში გატარების დროს, განსაკუთრებით კი, ამ მხარეში.

ამისათვის, ამგვარ შემთხვევაში საჭიროა დიდი სიფრთხილით მოქმედება. იძულებითი ზომები არათუ არ მოიტანენ სარგებლობას, არამედ, შესაძლოა ფრიად საზარალო შედეგიც კი გამოიღონ". ერთი რუსი მოხელის სიტყვით რომ ვთქვათ, "ევროპულ გართობათა პირველი ხმები საქართველოში რუსეთის მმართველობის დამყარებისთანავე დაირხა, მანამდის კი ადგილის განურჩევლად მეფობდა ხმა საზანდარისა, ჟღერდა ჩონგური, ჭყიპინებდა ზურნა, გრიალებდა დაირა და ტაშის კვრის ხმაზე სრიალებდა ლეკური".

ისტორიკოსთა შეფასებით, ქართველი თავადაზნაურობა უმალვე აჰყვა საერთო ფეხის ხმას და მთლიანად გადაეშვა ბურჟუაზიული ფუფუნების მოლივლივე ზღვაში. მათ, თითქმის ყველას ერთნაირი ფიქრი დასტრიალებდა თავს...

იმ დროის ქართველთა დარდიმანდულ განწყობას კარგად გადმოსცემს გიორგი ერისთავის ლექსში "ქართველ ქალს":

თვეში ორჯერ მდიდრულსა

ვაკეთებდე ბალებსა,

მერე ხუთშაბათობით,

ვპატიჟებდე ქალებსა;

დილით ფაიტონითა,

ყოველთვის ვგულაობდე,

საღამოს კავალრებით

უნდა ვკავალკატობდე!

ოხ! რარიგად მექნება

გოსტინა გაწყობილი,

ატლასის ზანავესკით

საწოლი შემკობილი!

თხუთმეტ მაისს რარიგად

ჩავიფრანცუზ-კადრილებ,

მერე მაქვს მოდის ფერი,

ამით გულსა ვიგრილებ!..

აზიური თავშესაქცევები და გართობები თანდათანობით დავიწყებას ეძლეოდა, მათ ადგილს კი ევროპული მეჯლისები, მუსიკალური საღამოები, ლიტერატურული სალონები და თეატრალური სანახაობები იკავებდა. თუმცა, "ყოველივე ეს ძვირად დაუჯდა ქართველ არისტოკრატიას. ახალ მოთხოვნილებებსა და საჭიროებას აღარ ეყო ღალა და მამულის ნატურალური შემოსავალი. ამ გარემოებამ ქართველი თავადაზნაურობა ეკონომიკური კრახის მოლიპულ გზაზე დააყენა", - წერს ისტორიკოსი იაკობ ბალახაშვილი.

მიხაილ ვორონცოვი

"1801 წელს დაემკვიდრა რუსეთის მმართველობა; გაიხსნენ სხვადასხვანი სამსჯავრონი. შემოვიდა ჩვენს შორის ჟამითი-ჟამად ევროპული ჩვეულებანიცა და ცხოვრებაი, რომელნიცა კვალადვე მოითხოვდნენ და აწცა ითხოვენ უდიდესსა ღონის ძიებასა, რათამცა ჩვენის ყრმის და მამულის შემოსავალნი დაშთნდნენ იგივესა მდგომარეობაშიდ, რითაც ჰსცხოვრობდნენ წინაპარნი ჩვენნი. ამის გამო შთავარდით ჩვენ დიდსა შეწუხებასა და ვალშიდ, რომელიც გვაძევს ზოგთ პრიკაზისა და ზოგთ გარეშე პირისა და რომლისა გარდახდისათვის ვერა რაიმე ღონისძიება ვერ მოგვიპოვებია.

ამასთან, რაოდენიმე ნაწილნი საუკეთესო მამულებისანი კუთვნილნი რაოდენათმე ჩვენგანცა კეთილშობილად გარდავიდნენ ვაჭართ ხელში; ზოგი მოსყიდვით, ზოგი დაგირავებით და ზოგნი სახალხოს გასყიდვით სასამართლოებშიდ. არა გვაქვს ჩვენ არც ზაოდები, არც ფაბრიკები, არც მანუფაქტურები, არც საჯარონი და არენდად მისაცემნი ადგილნი", - შესჩივის თელავის მაზრის ერთ-ერთი აზნაური მაზრის წინამძღოლს (ჟურნალი "ვესტნიკ ევროპი", #7, 1875 წ.).

სწრაფი ფერისცვალება, რომელიც ფეოდალურიდან ბურჟუაზიული ცხოვრების წესმა განაპირობა, ჩვენი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ადარდებდა: "საღამო ჟამს ჩაველ ყაბახზე. მუზიკა იკვროდა და იყო დიდი ხალხის დენა. იქ წარმოადგენდნენ თავიანთ უნარებს პეტერბურღიდან მოსული ჯამბაზები და გვიჩვენებდნენ თავიანთ ცხენოსნობას. დაიწყეს ჯერ გაჭიმულს თოკზე ხტომა ქალებმა და კაცებმა, მერე ატყდა ცხენების ჭენება. ვუყურე, ვუყურე, თუ როგორ ტიტველა დედაკაცები უბელო ცხენებს გავაზე ახტებოდნენ. აი, თქვენ შეგარცხვინათ-მეთქი და ამის იქით თქვენთან მომსვლელიც. ამის შემდგომ დაიწყეს მალაყები და სხვა კიდევ რაღაც მიქარვები.

წამოვდექ საჩქაროდ და გამოვვარდი გარეთ. ბნელი და ცივი ღამე იწვა ყაბახს, თუმცა ვარსკვლავებს, ყინვისაგან მოჯერილს გაჰქონდათ კაშკაში. მომაგონდა ძველი დროის შექცევები. უწინდელი ასპარეზობა, უწინდელი ჯირითობა ყაბახზე (გიორგი ერისთავი, თხზულებანი, გვ. 33, 1936 წ.).

* * *

როგორც ფეოდალური დროის შექცევა-გასართობნი, ისე ბურჟუაზიული ეპოქის ლიტერატურული წრეები და სალონები კარგა ხანია ჩაიძირნენ ისტორიის გაშლილ ზღვაში. ხელნაწერთა საცავების დამტვერიანებული ფოლიანტების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების გაყვითლებულ ფურცელთა მეშვეობითა თუ მეისტორიეთა გადმოცემით მოხერხდა რამდენიმე მათგანის მკრთალი სახით აღდგენა. თუმცა, ვერავითარი გამოკვლევა ვერ შეცვლის თანამედროვისა და მოწმის ცოცხალ ჩვენებას, რაც ძველი პრესის ფურცლებმა შემოგვინახეს:

ცნობილია, რომ, როცა ირანის ყაენი აღა-მაჰმად-ხანი თბილისში შემოიჭრა, უმალ სამეფო რეზიდენციისა და ქალაქის აოხრებას შეუდგა. მრისხანე დამპყრობლის ბარბაროსულ ხელს გაუნადგურებელი არ დარჩენია სამეფო კარის თეატრის პალატაც, რომლის მსახიობები მეფე ერეკლეს რეგულარული ლაშქრის თითქმის განადგურების შემდეგ, გმირულად დაეცნენ კრწანისის ბრძოლაში.

1795 წლის უთანასწორო ომის დროს, სამეფო თეატრის მსახიობთა გმირობის შესახებ, მემატიანის ცნობით: "მცხოვრებთაგან თბილისისათა გამორჩეულ იქმნეს კაცნი მამაცნი და მარჯვენი, რომელთაცა აღირჩიეს წინამძღვრად თვისად კაცი ვინმე სახიობი (რომელსა საზანდრად უხმობენ). ესე იყო წარჩინებული ძე საკრავთა და სახიობთაგან მეფისათა, მუზიკი და კომედიანტი. და ესე იყო უფროსი სახიობთა შორის და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა ...გვარეულობითა და სარწმუნოებითაცა ქართველი, რომელსაცა სახელ-დებენ მაჩაბლად. ის წინ უძღვოდა თბილისელთა ლაშქარს და ბართიბით (დაირით) ხელში უკრავდა შადიანს (ლხინის დროს უკრავდნენ საქართველოში. - ა.ს.) და ამით ამხნევებდა მტრის წინააღმდეგ მიმართულ ლაშქარს. მებრძოლნი ესე იყვნენ მკვირცხლნი და ბრძოდეს მტერთა ფიცხლად და შველოდა გუნდსა მას ფშავ-ხევსურთა, არაგველთა და ქიზიყელთასა. და ჰყვეს ატაკა მტერთა მიმართ და მიიწივნეს ვიდრე დროშებამდე აღა-მაჰმად-ხანისათაგან და მრავალი სპარსელთაგანი მოსწყვიტეს წინაშე მისსა".

ისტორიკოსთა უწყებით, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევით დაედო ზღვარი თეატრსა და ფეოდალურ გასართობებს საქართველოში.

მეფე ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, გიორგი XIII-ის ტახტზე ასვლისთანავე, რუსეთის იმპერატორმა პავლემ, ეგერთა პოლკის ორი ბატალიონი გამოგზავნა კავკასიაში. საქართველოს მმართველად პეტრე კოვალენსკი დანიშნა, რომელმაც სპეციალური სამოქმედო ინსტრუქციები მიიღო: მას თვალ-ყური უნდა ედევნებინა დაქვრივებული დედოფლისა და მასთან დაახლოებული პირების მოქმედებისთვის. მხედველობიდან არ უნდა გამორჩენოდათ თვით გიორგი მეფის მოქმედებებიც. დეკემბრის დასაწყისში პეტრე კოვალენსკი თბილისში ჩამოვიდა. 13 დეკემბერს, მის პატივსაცემად, ილუმინაციით განათებულ ქალაქში საყოველთაო მასკარადი მოეწყო.

ერეკლე II

ტრიუმფალური შეხვედრით აღტაცებული კოვალენსკი, მეორე დღეს, ბარონ კნორინგისადმი გაგზავნილ ბარათში წერდა: "გუშინ მოეწყო აზიური გემოვნების ილუმინაცია და მასკარადი, რომელშიც მონაწილეობდა სატახტო ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობის ორივე სქესი. ისინი მწყობრად მიდიოდნენ ქუჩაში. ზოგან, მუსიკითაც ღრეობდნენ და მხიარულობდნენ".

თავის გართობისა და სამეფო კარის წევრებისთვის თვალყურის დევნების მიზნით, პეტრე კოვალენსკიმ შინაური წარმოდგენების მოწყობა გადაწყვიტა. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მისთვის დახმარება აღმოუჩენია საქართველოში მყოფ ცნობილ რუს ფიზიოლოგსა და მინეროლოგ აპოლოს მუსინ-პუშკინს, სამხედრო და სამოქალაქო უწყების რუს მოხელეებს, აგრეთვე სამეფო კარისა და ქართველ არისტოკრატთა უმაღლეს ფენას, რის თაობაზეც ის პავლე ციციანოვს აცნობებდა 1803 წლის 10 თებერვლით დათარიღებულ "მოხსენებაში".

თეატრი სალონურ კედლებს არ გასცილებია. უცნობია, სად იმართებოდა წარმოდგენები და მოსამზადებელი რეპეტიციები. ისტორიკოსთა ვარაუდით, ამისთვის შეიძლებოდა სამეფო სადგომი ან თვით პეტრე კოვალენსკის ბინაც გამოეყენებინათ. წარმოდგენები უფასოდ იმართებოდა, რომელშიც ძირითადად, რუსი სცენისმოყვარე მსახიობები მონაწილეობდნენ.

1803 წელს კოვალენსკი საქართველოდან გაიწვიეს. ამას დაემატა ისიც, რომ 1805 წლის აპრილში მუსინ-პუშკინი გარდაიცვალა, რის გამოც შინაური წარმოდგენები თბილისში კარგა ხნით შეწყდა.

(გაგრძელება იქნება)

ამირან-ლაზარე სინაურიძე ჟურნალი "ისტორიანი",#90