რას გვასწავლის ძველი ქართული დიპლომატია - კვირის პალიტრა

რას გვასწავლის ძველი ქართული დიპლომატია

დასაწყისი იხილეთ:რას გვასწავლის ძველი ქართული დიპლომატია

დიპლომატიური აზროვნების გამონათებას ადგილი ჰქონდა ახ.წ. III საუკუნეში. ამ შემთხვევაში ერის გადამრჩენელის მანტია მოსხმული ჰქონდა არა გვირგვინოსანს, არამედ ქართველ დიდებულს, სპასპეტ მაეჟანს.

საყურადღებოა, რომ მაეჟანი არის ერთადერთი მრავალრიცხოვან სპასპეტთა შორის, რომლის სახელიც დაცულია ლეონტი მროველის თხზულებაში. ეპიზოდი, რომელიც მემატიანემ აღწერა, უმძიმესია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ წინდახედულმა დიპლომატიამ საოცრება მოახდინა და საქართველოში სრულიად განსხვავებული ვითარება შექმნა.

III საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთის ხალხებს ღვთის რისხვა დაატყდათ თავს. 226 წელს სპარსეთში არშაკიდების ხუთსაუკუნოვანი ბატონობა სასანიდებმა შეცვალეს. ახალ მპყრობელთა ხელში გადავიდა სივრცე სირიიდან ინდოეთამდე. დაიბადა პოლიტიკურ-რელიგიური აგრესიის ახალი ტალღა. სასანიდებმა თავი აქემენიდების მემკვიდრეებად გამოაცხადეს და შექმნეს მითი მათთან პირდაპირი გენეტიკური კავშირის შესახებ. რომაელები დამპყრობლებად მიიჩნიეს და მიზნად აზიიდან მათი განდევნა დაისახეს. სასანიდები მეფეთა მეფეებად იწოდებოდნენ.

სასანიდების მზის ამობრწყინებას დაემთხვა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი რომის იმპერიაში. 235-დან 284 წლამდე ეპოქა ცნობილია "ჯარისკაცთა იმპერატორების" ბატონობის სახელწოდებით. ლეგიონერებს თავიანთი მედროვე და უმეტესწილად უუნარო სარდლები იმპერატორის ტახტზე აჰყავდათ, რომელთა დიდი ნაწილი სამხედრო საქმეშიც შემთხვევითი პირი იყო. კრიზისმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა რომის არმიის ბრძოლისუნარიანობას. ' დაიწყო უძლეველი ლეგიონების უკან დახევა. განსაკუთრებით ეს აღმოსავლეთის ფრონტს დაეტყო. რამდენიმე მძიმე დამარცხების შემდეგ, საქმე იქამდე მივიდა, რომ იმპერატორი ვალერიანე სპარსელებმა 260 წელს დაატყვევეს (და ტყვეობაშივე გარდაიცვალა). ერთი საუკუნის შემდეგაც, 363 წელს, სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა იმპერატორი იულიანე აპოსტატა (განდგომილი). აღმოსავლეთში ასპარეზი აზიის მეფეთა მეფეებს დარჩათ. სპარსეთის სასანიდი მეფე შაპურ I ამარცხებს რომის იმპერატორ ვალერიანეს. რელიეფი ნაკშე-რუსტამში მსოფლიოში წონასწორობა დარღვეული იყო. ძლევამოსილების ცენტრმა აღმოსავლეთის მხარეს გადაინაცვლა. სასანიდების შემაკავებელი ძალა არ არსებობდა. დაიწყო მათი ტრიუმფალური გამარჯვებები, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შაპურ I-ის (241-272) ლაშქრობები.

აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ასახულია "ქართლის ცხოვრებაში". ლეონტი მროველი, ანაქრონიზმების მიუხედავად, მთლიანობაში კარგად აღწერს ქართლის ურთიერთობას იმდროინდელი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებთან.

სასანიდების აგრესია მთელ აღმოსავლეთზე ვრცელდებოდა, მაგრამ დიოკლეტიანეს იმპერატორის ტახტზე აღზევების შემდეგ (284 წლიდან) მდგომარეობა შეიცვალა. რომმა დაიბრუნა შელახული ავტორიტეტი. გადამწყვეტ ბრძოლაში სასანიდები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. ნისიბისის ზავით (298 წელი) სამხრეთ კავკასია რომის გავლენის სფეროში მოექცა.

რომისა და სპარსეთის დაპირისპირების ეპიზოდები დაცულია "ქართლის ცხოვრებაში".

ლეონტი მროველი თანამიმდევრულად მოგვითხრობს სასანიდების გაძლიერების ამბებს. მისი გადმოცემით, მტერმა კავკასიის დაპყრობა სომხეთიდან დაიწყო. ქართლის მეფე ასფაგური სომხეთის მოკავშირედ გამოდიოდა. მემატიანე წერს: მოკავშირენი დამარცხდნენ, სპარსთა მეფემ, "დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყუე ყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისა... მაშინ ვითარცა დაიპყრა სომხითი სპარსთა მეფემან და შემოვიდა ქართლად, წარვიდა ასფაგურ ქართველთა მეფე ოვსეთს, რათამცა მოემატნა სპანი ოვსეთით... რაჟამს შევიდა ასფაგურ ოვსეთს, ეწია სიკუდილი და მოკუდა მუნ". მეფის მოულოდნელ სიკვდილს ამძიმებდა მეორე უბედურება, "ასფაგურს არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი".

მემატიანე წერს, "მაშინ შეკრბეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა, რომელსა ერქუა მაეჟან. ზრახვა ყვეს ერთბამად სავსეთა მწუხარებითა და თქუეს: არა ვაუფლოთ გულთა ჩუენთა მწუხარება, რათა არა მიგუეღოს გონიერება, რათა ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩუენთათვის".

სპასპეტი მაეჟანი ლეონტი მროველს წარმოდგენილი ჰყავს ბრძენი ერისკაცის განსახიერებად. უმძიმეს წუთებში იგი შეეცადა, გამოსავალი ეპოვა და ქვეყნისთვის განსაცდელი აეცილებინა. სპასპეტი გრძნობდა, რომ ხსნა მხოლოდ გონივრულ მოქმედებას შეეძლო. მრავალმხრივ საყურადღებოა მისი სიტყვა, წარმოთქმული ერისთავთა წინაშე. საერთო უიმედობისა და მწუხარების ჟამს, "თქუა მაეჟან სპასპეტმან: "უკუეთუმცა იყო ჩუენ თანა ძალი ეზომი, ჩუენმცა მესამედთა სპარსთა შევესწორებოდეთ, დამცავსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად და წინააღუდგეთ მათ. და თუმცა დარჩომილ იყო მკვიდრი მეფისა ჩუენისა ანუ ნათესავი მეფეთა ჩუენთა, რომელიმცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგითმცა ციხე-ქალაქთა შინა, დავსხენითმცა თავნი ჩუენნი სიკუდილად და ვჭამეთმცა ხორცი კაცისა, ვითარცა პირველ მამათა ჩუენთა. რომის იმპერატორი იულიანე აპოსტატა (განდგომილი) 363 წელს სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა არამედ მოწევნადსა ჟამსა ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. არავინ არს ჩუენ თანა წინააღმდგომი მისი და დარჩომილ ვართ ჩუენ ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მივაგოთ წინა მეფესა სპარსთასა მორჩილება და ვითხოვოთ მისგან წყალობა და ვითხოვოთ მისგან ძე მისი მეფედ ჩუენდა, და ვევედრნეთ, რათა შერთოს ცოლად ძესა მისსა ასული მეფისა ჩუენისა ასფაგურისი. ვაუწყოთ ქალისა მის ნათესაობა ქართლოსიანთა და ნებროთიანთა და დიდებულთა არშაკუნიანთა და მეფეთა ჩუენთა ფარნავაზიანთა, და ვითხოვოთ მისგან დამჭირვა სჯულსა ზედა მამათა ჩუენთასა, და ვითხოვოთ ჩუენ თანა არა აღრევა სპარსთა და წარჩინებულად პყრობა ჩუენი. ნუ უკუე შეიწყნაროს ვედრება ესე ჩუენი, და ყოს ესე ყოველი ჩუენ ზედა და უკეთუ სჯულსა მამათა ჩუენთასა მიგვიღებდეს, და ჩუენ ზედა სპარსთა წარჩინებულ ყოფდეს, და ნათესავსა მეფეთა ჩუენთასა მოსწყუედდეს, მაშინ სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათვის ვიდრე მონახვასა ესევითარისასა. დავსხნეთ თავნი ჩუენნი ციხეთა და ქალაქთა შინა და მოვსწყდეთ ყოველნი".

მაეჟანის შეგონებანი ქართლის დიდებულებმა ყველაზე გონივრულ გამოსავლად და იმედის მომცემად მიიჩნიეს. მემატიანის სიტყვებით, "მაშინ დაემოწმნეს ყოველნი ერისთავნი ზრახვასა მაეჟან სპასპეტისასა, და წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, და მოახსენეს ესე ყოველი, რომელი განეზრახა".

სპარსეთის მეფე უზარმაზარი არმიით იდგა ქართლის საზღვარზე. ამ დროს ეახლნენ მას მოციქულები. "ქართლის ცხოვრების" თანახმად, სპარსთა მეფემ "აღუსრულა ყოველი იგი სათხოველი ქართველთა, და მისცა ყოველთა ზედა ფიცი და აღთქმა. და მოვიდა მცხეთას და მიეგება მაეჟან სპასპეტი და ყოველნი ერისთავნი ქართლისანი. მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა სამშვილდით, რომელსა ერქუა აბეშურა, და შერთო იგი სპარსთა მეფემან ძესა თვისსა, რომელი მუნ თანაყვა შვიდისა წლისა, ნაშობი მხევლისა, რომელსა ერქუა სპარსულად მიჰრან, ხოლო ქართულად მირიან".

წყაროს თანახმად, ქართველთა ნებაყოფლობითი მორჩილება საკმაოდ მძიმე გამოდგა, რადგან შვიდი წლის მირიანს "დაუტევა მამამძუძედ და განმგებლად წარჩინებული ერთი, რომელსა ერქუა მირვანოზ. და დაუტევა ორმოცი ათასი მხედარი სპარსი რჩეული". თუ ამ ინფორმაციას რეალობად მივიჩნევთ, ცხადად ჩანს, რომ მცირეწლოვანი მირიანი უზარმაზარი არმიით დამკვიდრდა ქართლის სამეფო ტახტზე. რაც შეეხება მირვანოზს, იგი წარმოადგენდა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს. მაგრამ ლეონტი მროველის ყურადღების ცენტრში დგას მირიანი და მისი პიროვნული როლი. "აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყუარნა ქართველნი, და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავა ენა ქართული... კეთილად იპყრნა ქართველნი ნიჭითა და დიდებითა. და შეიყუარეს იგი ყოველთა ქართველთა ყოველთა მეფეთასა. და მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთით გაღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრს".

მაეჟანის წინადადების მხარდაჭერამ საქართველო გადაარჩინა აოხრებასა და სისხლის ღვრას. მემატიანის აზრით, სპასპეტის გონივრულმა მოქმედებამ ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის სამომავლო გადასვლას სულიერი ცხოვრების ახალ სიმაღლეზე. ლეონტი მროველის მტკიცებით, ბრძნული დიპლომატიის ნაყოფი იყო ქვეყანაში სინათლის გამარჯვება.

მემატიანე მოვლენას იმ შედეგით აფასებს, რომელიც მირიანის მეფობამ შესძინა ქართულ სახელმწიფოებრიობას. სპარსი უფლისწულის პირველად ხსენებისას, ვიდრე მემატიანე მის მთავარ მისიას შეეხებოდა, წინასწარ ამბობს, "ესე მირიან იგი არს, რომელმან ჟამსა სიბერისა მისისა იცნა ღმერთი დამბადებელი, და შეიწყნარა სახარება მოციქულთა წმიდისა ნინოს მიერ. და იქმნა აღმსარებელ წმიდისა სამებისა და თაყუანისმცემელ ჯუარისა პატიოსნისა". ნანა დედოფლისა და მირიან მეფის საძვალე სამთავროს მონასტერში (მეფე-დედოფლის საფლავის ქვები გამოაქანდაკა გიორგი ლალიაშვილმა, არქიტექტორი არჩილ მენაბდე) ყოფნა-არყოფნის, განკითხვის ჟამს ქვეყანას მოევლინა გონიერი პიროვნება მაეჟანის სახით, რომელმაც თვისტომებს დაუხატა რეალური სურათი, რა მოჰყვებოდა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმას. ძველი ქართველი მოღვაწე სასანიდების დაპყრობითი პოლიტიკის შესანიშნავ ცოდნას ავლენს. ცნობილია, რომ აზიის მეფეები დაპყრობილი ქვეყნების მეფეებად ამწესებდნენ თავიანთი მრავალრიცხოვანი მემკვიდრეებიდან ერთ-ერთს, რომელთა ნაწილი დამოუკიდებელ დინასტიასაც უდებდა სათავეს (მირიანის ქართლში გამეფების ფაქტიც ამ კანონზომიერების ლოგიკურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ). სპასპეტმა ისტორიულ ბედუკუღმართობას გონივრული ქმედება დაუპირისპირა და სასანიდების მრისხანე იმპერიის უზენაესობის აღიარებით ქვეყანას ქართველობაც შეუნარჩუნა.

ამ ქართველი დიდებულის სახელი მემატიანემ ქრისტიანობის წინა პერიოდის საკმაოდ ბუნდოვან ამბებს დაუკავშირა, რომლის შემდეგ მირიანის ეპოქალურ მეტამორფოზას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს ისტორიული და სულიერი განვითარება სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ლეონტი მროველის ვერსია მირიანის წარმომავლობასთან დაკავშირებით, სადავო საკითხადაა მიჩნეული. საწინააღმდეგო მოსაზრებად მოაქვთ "მოქცევაი ქართლისაის" ანონიმი ავტორის ქართლის წარმართ მეფეთა ჩამონათვალი, რომელშიც მეფეთა სია ასე გამოიყურება: "კ-ე. ასფაგურ. კ.ვ. ლევ მამაი მირეანისი. კ-ზ. მირეან". "მოქცევაი ქართლისაის" მოტანილი სია არღვევს "ქართლის ცხოვრებაში" დაცულ მეფეთა თანამიმდევრობას. საქმე ის არის, რომ თხზულების ავტორი არც ერთი მეფის შესახებ არ აღნიშნავს, ვინ ვისი ძე იყო. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მირიანი. მისი სავარაუდო მამა ლევი, ლეონტი მროველს ნახსენები არ ჰყავს. და საერთოდ მეფე "ლევს" ძველი საქართველოს ისტორია არ იცნობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ქართლის ცხოვრების" ავტორის ვრცელი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ მეფე ასფაგურს ძე არ ესვა და ჰყავდა მხოლოდ ასული.

ლეონტი მროველის მონათხრობთან შეპირისპირებით, "მოქცევაი ქართლისაის" ფრაგმენტი ჩანამატის შთაბეჭდილებას ტოვებს. დასაშვებია, რომ შუა საუკუნეებში მცხოვრებმა გადამწერმა მირიანის მამად დაასახელა ქართლის უცნობი მეფე ლევი. ლეონტი მროველის მსჯელობა არის ლოგიკური, დაკავშირებული ერთ-ერთ ძნელბედობასთან, რომელმაც მიიყვანა ქართლის ერისკაცები, მიეღოთ "არაპატრიოტული", მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება.

III საუკუნეში მცხოვრებმა ქართლის ერისთავებმა, როცა დაინახეს მტრის წამლეკავი ტალღა, ერის გადასარჩენად გააკეთეს არჩევანი, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით იყო ყველაზე მისაღები ვარიანტი. მემატიანე მსჯელობს შედეგით. მისი მტკიცებით, მირიანის მეფობა იყო დიპლომატიის გამარჯვება ორ უმნიშვნელოვანეს სფეროში: პოლიტიკურსა და რელიგიურში. მირიანი (წარმომავლობის მიუხედავად) ჩამოყალიბდა ეროვნული ინტერესების დამცველ მონარქად. მისივე ნებით დაადგა საქართველო ქრისტიანობის გზას. ამ გზის ჩვენება წარმოადგენს მემატიანის მთავარ ამოცანას. სამთავროს მონასტერი მცხეთაში. ბადრი ვადაჭკორიას ფოტო ლეონტი მროველი, როგორც სასულიერო პირი, მირიანის ღვაწლს განიხილავს რელიგიური კუთხით და ქმნის პირველი ქრისტიანი მეფის ხატს. მემატიანე, როგორც სასულიერო პირი, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ამღიარებელ მეფეს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა. იგი ივიწყებდა მის თავდაპირველ ეროვნულ კუთვნილებას და მირიანს განიხილავდა, როგორც ქართველს (ამას მემატიანე პირდაპირ აცხადებს: "დაივიწყა ენა სპარსული და ისწავა ენა ქართული").

მისთვის მთავარია ის რეალობა, რომ მირიანმა გაუღო კარი ჭეშმარიტ რწმენას, "რომელმან ჟამსა სიბერისა მისისა იცნა ღმერთი დამბადებელი". ლეონტი მროველის აზრით, ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი ეს დიდი გარდატეხა გამოიწვია ქართლის ერისთავთა ბრძნულმა ნაბიჯმა, რომელსაც სათავეში ედგა სახელოვანი ერისკაცი, სპასპეტი მაეჟანი. აღნიშვნის ღირსია მაეჟანის სიმამაცე, რომელიც არ მორიდებია თვისტომთა ერთი ნაწილის შესაძლო უკმაყოფილებას "არაპატრიოტული" ქმედების გამო. ლეონტი მროველის ამაღლებული ხოტბა საოცარი სიზუსტით ეხმიანება მომდევნო საუკუნეების ქართველთა განწყობას, როცა ქრისტიანობა და ეროვნება ერთ სიბრტყეზე დადგა.

რწმენისა და სამშობლოს გაგების გათანაბრება გადაიქცა ქართული ეროვნული და სულიერი ცხოვრების საზრდოდ. ეს იდეა ასულდგმულებდა კოლხ-იბერთა ერთიან სულს, რომელმაც საუკუნეებს გამოატარა ეროვნული თვითმყოფადობა. საისტორიო მწერლობა ამ ურყევი საოცრების სათავეში უყოყმანოდ აყენებდა სწორად წარმართულ დიპლომატიას, რომელმაც დააგვირგვინა ქრისტიანობის ტრიუმფით შემოსვლა ჩვენს მიწაზე. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ მემატიანე თავის თხზულებაში, ფარნავაზის შემდეგ, შედარებით დიდ ადგილს უთმობს მირიანს, როგორც პირველ მესიტყვეს ახალი რწმენისა, რომელსაც დაეშენა მომდევნო ეპოქების საქართველო.

გრანი ქავთარია

პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#90