კვეტერა - სისადავის სიდიადე - კვირის პალიტრა

კვეტერა - სისადავის სიდიადე

კვეტერის ციხე-ქალაქი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თიანეთისა და თელავის შემაერთებელ ქედზე, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე.

ციხე-ქალაქი ორი ნაწილისგან შედგება - შიდა ციხისგან და ქვედა ციხისგან. შიდა ციხის ტერიტორიაზე განლაგებულია გუმბათოვანი ეკლესია, დარბაზული ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების მცირე ნაგებობები. კვეტერის ციხე-ქალაქი ცნობილია, როგორც კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ძლიერი და აუღებელი ცენტრი. წერილობით წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ ამ ადგილას ცხოვრების კვალი ადრეული შუასაუკუნეებიდანვე იწყება.

კვეტერის საერისთავო ერთ-ერთია XI საუკუნეში კვირიკე მეფის მიერ გამოყოფილ კახეთ-ჰერეთის საერისთავოებს შორის. მატიანე ქართლისაიში დაცული ცნობის მიხედვით, XI საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ VI-მ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, მაგრამ კვეტერის ციხის აღება ვერ შეძლო, რაც ნათლად მეტყველებს აქაური ციხის თავდაცვისუნარიანობასა და სიძლიერეზე. თუმცა, სხვა დიდი ციხე-ქალაქებისგან განსხვავებით, აქაური ყოფა-ცხოვრების კვალი უკვე XIII საუკუნიდან ისტორიულ წყაროებში კვლავ ქრება, რაც ცხადყოფს, რომ კვეტერის მიდამოებში აქტიურმა ცხოვრებამ სულ რამდენიმე საუკუნეს გასტანა.

კვეტერის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1968 წელს მიმდინარეობდა (ხელმძღვანელი არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე). გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა - 2000-ზე მეტი ერთეული: სადა და მოჭიქული კერამიკული ნიმუშები, ფაიანსის ჭურჭელი, მინის, ლითონის, ქვისა და ძვლის სხვადასხვა დეკორატიული და სამომხმარებლო ნივთები, რომლებიც ძირითადად განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება. კერამიკულ ნიმუშებში გვხვდება სამეურნეო, სამზარეულო, სუფრის, სარიტუალო და სამშენებლო დანიშნულების ნივთები. გარდა ამისა, ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გამოვლინდა ადრეული შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესია, გამოჩნდა სასახლის შიდა და მიმდებარე ტერიტორია, გაიწმინდა გუმბათოვანი ეკლესია და ციხის სხვა შემადგენელი ნაგებობები.

გუმბათოვანი ტაძრის საკურთხეველი

1968-1970 წლებში მაშინდელმა საგანგებო სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ (არქიტექტორი ო. თორთლაძე, კონსულტანტი არქიტექტორი ლ. რჩეულიშვილი) ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები: აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია, აღდგა სასახლის დანგრეული ნაწილებიც. 1987-1991 წლებში ძეგლის აღდგენისა და კონსერვაციის სამუშაოები განახლდა, თუმცა ბოლომდე ვეღარ დასრულდა. შემდგომი რესტავრაციები აქ 2006 და 2013 წლებში წარიმართა. წვიმისა და დიდთოვლობის გამო გუმბათოვანი ტაძრის სახურავებიდან ჩამოცვენილი იყო კრამიტი, რის გამოც კედლებში წვიმის წყალი ჟონავდა, ამიტომ 2013 წელს გუმბათს ხელახალი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

კვეტერის შიდა ციხის ფართობი დაახლოებით 3500 კვმ-ია, შემოსაზღვრულია მაღალი გალავნითა და ოთხუთხედი და მრგვალი კუთხის კოშკებით. შიდა ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს გუმბათოვანი ეკლესია, დარბაზული ეკლესია, სასახლე, დამხმარე ნაგებობები და წყალსაცავი, აქვს ორი შესასვლელი - ერთი ჩრდილოეთიდან და მეორე სამხრეთიდან, რომელიც ქვედა ციხეს უკავშირდება. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით.

კვეტერის ციხე-ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავ ნაგებობას წარმოადგენს X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, ზედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში. მცირე ზომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სადა და ლაკონიური ფორმებით იქცევს ყურადღებას. როგორც შიგნიდან, ისე გარედან მოპირკეთებულია შირიმის ქვით. გეგმით წარმოადგენს ტეტრაკონქს, ანუ შიდა სივრცე ტრადიციულ, სწორკუთხედში ჩაწერილი ჯვრის მკლავების ნაცვლად, იქმნება ოთხი თანაბარი ზომის აფსიდით, რომლებიც გუმბათით არის დაგვირგვინებული. აღსანიშნავია, რომ ეს არქიტექტურული ტიპი საქართველოში ქრისტიანული ხუროთმოძღვრების საწყის ეტაპზეა უფრო მეტად გავრცელებული და ძირითადად VI-VII საუკუნეებში შენდება, ხოლო X საუკუნეში მისი აგება გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს სამხრეთი და დასავლეთი ფასადებიდან. ნათდება გუმბათსა და ფასადებში გაჭრილი მცირე სარკმლებით.

კვეტერის ტაძრის დეკორატიული მორთულობა ძალიან სადაა, რაც საგრძნობლად გამოარჩევს იმავე პერიოდის არქიტექტურული ძეგლებისგან. აქ არ გვხვდება მოხატულობა, და არც ფასადებია შემკული მდიდრული ჩუქურთმითა და რელიეფებით. ფასადების ერთადერთ მორთულობას დეკორატიული თაღედი და ერთად შეჯგუფებული სვეტისთავები წარმოადგენს, რომლებიც ფასადების დანაწევრებაში ჰარმონიულ რიტმს ქმნის და შუქჩრდილის მეტყველ გადანაწილებას უწყობს ხელს. კვეტერის ეკლესია გადახურულია ლურჯი კრამიტით, რაც შირიმის რბილი ყვითელი ფერის ქვას შთამბეჭდავად ეხამება.

საერთო ჯამში, ეს ყველაფერი გადაწონის ტაძრის დეკორატიული დეტალების სიმწირეს. კვეტერის გუმბათოვანი ეკლესია, სხვა ცნობილ გუმბათოვან ეკლესიებთან შედარებით, აგრეთვე გარშემორტყმული ციხის გალავანის ფონზე, მომცრო ზომისაა - როგორც სიმაღლით, ისე სიგანით. იგი არ დომინირებს გარემოზე მასშტაბით, თუმცა სადა და უაღრესად დახვეწილი, პროპორციული აგებულებით, უთუოდ ერთ-ერთი მოწინავეა ქართული კულტურული მემკვიდრეობის მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეულ ძეგლთა შორის.

შიდა ციხის ჩრდილოეთ ნაწილში, გალავანთან დგას კვეტერის სასახლე, X-XI საუკუნისა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. გეგმით სწორკუთხა სასახლე ორი ნაწილისგან შედგება და არათანაბარი სიმაღლის რელიეფზე მდებარეობს. ის ნაწილი, რომელიც შედარებით უფრო ზედა დონეზეა განლაგებული, ერთსართულიანია, ხოლო უფრო დაბალ რელიეფზე აგებული ნაწილი ორსართულიანი ყოფილა. სასახლეს დასავლეთი მხრიდან მთელ სიმაღლეზე სამსართულიანი კოშკი აქვს მიდგმული.

სასახლის სტრუქტურაში გაირჩევა მაღალი თაღოვანი ბუხრით გაფორმებული დამხმარე ოთახი და სხვა სივრცეებთან შედარებით მოზრდილი მისაღები დარბაზი. სარკმლები მაღალი და ფართოა: განივ კედლებში ორ-ორი, ხოლო სამხრეთ კედელში - სამი. შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი უნდა ყოფილიყო, რომელიც, სავარაუდოდ, დაეყრდნობოდა ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ ოთხ ბურჯს. ბაქანზე ადიოდა ღია კიბე, რომლის კვალი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელზეა შემორჩენილი. დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმული ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას დაუკავშირდებოდა.

კვეტერის სასახლე (X-XI სს.) გეგმით სწორკუთხაა, შედგება ორი ნაწილისგან და არათანაბარი სიმაღლის რელიეფზე მდებარეობს

შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას კიდევ ერთი, დარბაზული ეკლესია, რომელიც ადრეული შუასაუკუნეებით თარიღდება. როგორც ჩანს, იგი ამ ადგილას ციხის აგებამდე უკვე უნდა ყოფილიყო, რადგან ამჟამად ციხის ერთ-ერთი კოშკის ნაწილადაა ქცეული. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, შესასვლელები სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან აქვს.

კვეტერის ქვედა ციხის ფართობი 25 ათასი კვმ-ია, გალავნის საერთო სიგრძე დაახლოებით 540 მეტრს, სისქე კი 1,1 მეტრს შეადგენს. შემორჩენილი კედლების საშუალო სიმაღლე 4,5 მეტრია. ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი, რომლის სიმაღლეც 9 მეტრია.

ისტორიული და მხატვრული ღირებულების გათვალისწინებით, კვეტერის ციხე-ქალაქი 2007 წლის ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია შესული.

მარიტა სახლთხუციშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ჟურნალი"ისტორიანი",#90