ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში - კვირის პალიტრა

ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში

VII საუკუნის პირველ ნახევარში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის დასუსტებასთან ერთად, ისტორიის ასპარეზზე მძლავრად გამოვიდა არაბთა სახალიფო, რომელმაც მეტად სწრაფად მოახერხა არაბეთის ნახევარკუნძულის გაერთიანება და მეზობელი რეგიონების დაპყრობა.

დასაწყისი იხილეთ

სულ მალე არაბთა ხელში აღმოჩნდა უზარმაზარი ტერიტორია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან (მაღრიბი) დაწყებული, ლამის ჩინეთის საზღვრამდე. ახალი იმპერიის შემაკავშირებელი ფაქტორი გახლდათ წინასწარმეტყველ მუჰამადის ნაქადაგები მონოთეისტური რელიგია - ისლამი.

ისლამის გამოჩენა

მუჰამადი 570 წელს მექაში, ღარიბი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. იგი ეკუთვნოდა კურაიშის ტომსა და ჰაშიმის გვარს. ყმაწვილობის ასაკში მშობლიური ქალაქის მახლობლად თხებს მწყემსავდა, შემდეგ სავაჭრო საქმეში ჩაერთო. სავაჭრო მოგზაურობების დროს გაეცნო სირიას, ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და რა თქმა უნდა, ქრისტიანობას - რეგიონში უმძლავრეს მონოთეისტურ რელიგიას. მუსლიმურ სამყაროში არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, სირიაში ყოფნისას 12 წლის მუჰამადში ქრისტიანმა ბერმა ბაჰირამ მომავალი მოციქული ამოიცნო. 25 წლის ასაკში მან ცოლად შეირთო მდიდარი ქვრივი მექადან, ხადიჯა და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ.

610 წელს მუჰამადმა მექის მცხოვრებლებს შორის მონოთეისტური მოძღვრების ქადაგება დაიწყო. საკუთარი თავი ერთადერთი ღმერთის - ალაჰის მოციქულად გამოაცხადა და თანაქალაქელებს მოუწოდა, ეღიარებინათ ისლამი - ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია. წარმართული მექის მოსახლეობის უმრავლესობა ახალ რელიგიას უარყოფითად შეხვდა, ამიტომაც მუჰამადი 622 წელს იძულებული გახდა, იასრიბში (მედინა) გადასულიყო. ეს მოვლენა ჰიჯრის სახელით არის ცნობილი და ისლამური წელთაღრიცხვის ათვლის წერტილს წარმოადგენს.

მედინაში მუჰამადმა ჩამოაყალიბა მუსლიმური თემი (უმმა), გააერთიანა ქალაქის არაბული ტომები და დაიწყო მექელი ვაჭრების შევიწროება.

მედინელებსა და მექელებს შორის რამდენიმე ბრძოლა გაიმართა, მათ შორის, 625 წელს უჰუდის მთასთან შეტაკებაში მუჰამადიც კი დაიჭრა. საბოლოო ჯამში, მუსლიმებმა მაინც მოახერხეს არაბულ ტომებში საკუთარი გავლენის გავრცელება და მექის საზოგადოების შიგნითაც მოიპოვეს სიმპათია, რადგან ისინი დარწმუნდნენ, რომ ისლამიც ინარჩუნებდა მექისთვის რელიგიური და სავაჭრო ცენტრის სტატუსს. 630 წელს მუჰამადი მექაში შევიდა, გაანადგურა ყველა წარმართული კერპი, გარდა შავი ქვისა და ფაქტობრივად, დაასრულა პირველი ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მანვე საკუთარ მიმდევრებს დაუტოვა რწმენის ხუთი "ბურჯი": რწმენის დამოწმება ("შაჰადა"), ლოცვა ("ას-სალათ"), მოწყალება ("აზ-ზაქათ"), მარხვა ("ას-სავმ") და პილიგრიმობა მექაში ("ალ-ჰაჯჯ").

მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ (632 წ.) ისლამურ თემს სათავეში ჩაუდგა ხალიფა - მოციქულის მოადგილე და დაიწყო ე.წ. მართლმორწმუნე ხალიფების მმართველობის პერიოდი (632-661). პირველმა ხალიფა აბუ ბაქრმა (632-634) შეძლო ისლამის ქვეშ მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის გაერთიანება და მის გარეთაც დაიწყო ლაშქრობები. საკუთრივ არაბული ტომების სამოსახლო, ძირითადად, უდაბნოს წარმოადგენდა, მასზე ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს დაფუძნება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ამიტომ არაბები დაინტერესდნენ მეზობელი ბიზანტიისა და სპარსეთის მიწებითა და ვასალური ტერიტორიებით, რომლებიც მდიდარი იყო საძოვრებით და კარგი საცხოვრებელი პირობებით. ძლიერი იდეოლოგიური დროშის ქვეშ მებრძოლი არაბები უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთთან ომებითა და შიდა პოლიტიკური თუ რელიგიური წინააღმდეგობებით დასუსტებულ ორ იმპერიას.

633 წელს არაბთა რაზმები ერაყში შეიჭრნენ. მათმა ცნობილმა სარდალმა ხალიდ იბნ ალ-ვალიდმა იმავე წელს ქალაქ ალ-ჰირას აღებაც შეძლო. იმავდროულად, არაბები გამოჩნდნენ სირია-პალესტინაშიც. აქტიური სამხედრო ექსპანსია უკავშირდება მეორე ხალიფა უმარ I-ს (634-644). არაბებმა შუამდინარეთში მყარად მოიკიდეს ფეხი 636-638 წლებში, სასანიდთა დედაქალაქი კტესიფონი მათ 637 წელს აიღეს და მთელი ერაყი დაიმორჩილეს. 642 წელს არაბებმა საბოლოოდ გაანადგურეს სასანიდური ირანი.

იერუსალიმი და მუჰამადი

ყურანში მრავლად არის პასაჟები ძველი და ახალი აღთქმიდან. მკითხველი ისლამის წმინდა წიგნში წაიკითხავს აბრაამის (იბრაჰიმი), იოსების (იუსუფი), მოსეს (მუსა), დავითის (დაუდი), სოლომონის (სულაიმანი), იესო ქრისტეს (ისა) და სხვა ბიბლიური პერსონაჟების შესახებ. მუსლიმები მათ ალაჰის მოციქულებად მიიჩნევენ და პატივს მიაგებენ. ისლამური რწმენით, აბრაამმა და მისმა უფროსმა შვილმა ისმაილმა ააშენეს ქააბას ტაძარი - ყველაზე წმინდა ადგილი ისლამში.

ისლამში იერუსალიმს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ერთ-ერთი ცნობილი ჰადისი გადმოგვცემს მუჰამადის ნათქვამს: "არ ღირს აქლემის შეკაზმვა (პილიგრიმობის მიზნით), თუ არ ჩავთვლით სამ ადგილს: ალ-ჰარამის მეჩეთს (მექა), ჩემს მეჩეთს (მედინა) და ალ-აკსას მეჩეთს (იერუსალიმი)". ამგვარად, მუსლიმებისთვის იერუსალიმი მესამე წმინდა ადგილს წარმოადგენს.

მედინაში ყოფნის დროს მუჰამადმა ლოცვის მიმართულებად (კიბლა) იერუსალიმი აირჩია. თექვსმეტი თვის განმავლობაში მუსლიმები სახით იერუსალიმისკენ ლოცულობდნენ, მაგრამ მოგვიანებით მუჰამადმა გადაწყვეტილება შეცვალა და ეს ფუნქცია მექას დააკისრა. მას შემდეგ კიბლა არ შეცვლილა.

იერუსალიმს უკავშირდება მოციქულის ღამის მოგზაურობა (არაბ. ისრა") და ზეცაში ამაღლება (არაბ. მი"რაჯ). ისლამური წარმოდგენით, მექაში მყოფ მუჰამადს ღამით გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი მფრინავ ცხოველთან (არაბ. ბურაკ) ერთად და იერუსალიმში მოგზაურობა შესთავაზა. მუჰამადი სწორედ ბურაკის დახმარებით მოხვდა იერუსალიმში, შეხვდა აბრაამს, მოსეს, იესო ქრისტეს, უხელმძღვანელა საერთო ლოცვას და შემდეგ იმოგზაურა ზეცაში.

აქვე უნდა ითქვას იერუსალიმის მუსლიმური სახელწოდების შესახებ. ქალაქის აღების შემდეგ, ერთი ხანობა მუსლიმები მას "ილიას" უწოდებდნენ. მოგვიანებით ქალაქის სახელწოდებად გავრცელდა "ბაით ალ-მუკდის" (არაბ. წმინდა სახლი). IX საუკუნიდან მკვიდრდება სახელწოდება "ალ-კუდს" (არაბ. წმინდა). საწყის ეტაპზე ამ სახელს ატარებდა მხოლოდ ტაძრის მთა, შემდეგ კი მთელ ქალაქზე გავრცელდა.

იერუსალიმში დამკვიდრება

634 წელს სირია-პალესტინის დაპყრობა და ბიზანტიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის ხელმძღვანელობა ხალიდ იბნ ალ-ვალიდს დაევალა. მომდევნო წელს ხალიფა უმარის წინამძღოლობით არაბებმა დაიკავეს პალესტინის ძირითადი ცენტრები: ღაზა, სამარია, სიხემი, იაფა და სხვ. მოახერხეს დამასკოს აღებაც, მაგრამ ბიზანტიელებისგან მომდინარე საფრთხის გამო, ქალაქი მალევე დატოვეს - იმპერატორმა ჰერაკლემ ანტიოქიაში დიდი არმია შეკრიბა და არაბებთან საბრძოლველად სამხრეთისკენ დაძრა.

ხალიფა უმარმა ფრონტის ხაზის შემოკლება გადაწყვიტა, სირია დატოვა და გოლანის მაღლობებზე, ტიბერიადის ტბის აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრდა. 636 წელს მდინარე იარმუქის სანაპიროზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში არაბებმა გაიმარჯვეს. მუსლიმურმა ჯარმა მალევე დაიკავა დამასკო, ჰამა, ალეპო და სხვა მნიშვნელოვანი ცენტრები. წლის ბოლოსთვის, ფაქტობრივად, მთელი სირია-პალესტინა, ანუ შამის რეგიონი არაბების ხელში აღმოჩნდა. ჯერი იერუსალიმზე მიდგა. იგი ყველა მხრიდან ალყაში იყო მოქცეული.

უსაფრთხოების გარანტიის საფუძველზე იერუსალიმი არაბებს უბრძოლველად ჩაჰბარდა. მუსლიმური წყაროების მიხედვით, ხალიფა უმარსა და იერუსალიმის ქრისტიანულ მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო ალ-ჯაბიაში (გოლანის რეგიონი), სადაც უმარი იყო დაბანაკებული და სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა (ამანი). 638 წელს უმარი პალესტინაში ჩავიდა და ქალაქი პირადად ჩაიბარა პატრიარქ სოფრონიუსისგან. მუსლიმური გადმოცემების მიხედვით, აქლემზე ამხედრებული ხალიფა მოკრძალებულად შევიდა ქალაქში აქლემის ბეწვის მოსასხამით. ჯარისკაცებმა მეთაურს ერთხელ სთხოვეს ცხენზე ამხედრება და ტანსაცმლის გამოცვლა, მაგრამ უმარმა უარი განაცხადა, მხოლოდ მეორედ შეთავაზების შემდეგ, მათი თხოვნა შეასრულა. მუსლიმები ამით ხაზს უსვამენ მათი წინაძღოლის განსაკუთრებულ მოკრძალებას. ზოგიერთი ისტორიკოსი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს იერუსალიმში უმარის ყოფნას, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ვერსია გაზიარებულია.

ხალიფა უმარის ხელშეკრულების ყველაზე ადრეული სრული ტექსტი შემოგვინახა არაბმა ისტორიკოსმა ატ-ტაბარიმ. პროფესორმა გოჩა ჯაფარიძემ ტექსტი არაბულიდან თარგმნა. გავეცნოთ მის ერთ-ერთ ნაწყვეტს: "ეს არის შეუვალობა (ამან), რომელიც მისცა მართლმორწმუნეთა ამირამ, მონამ ღვთისამ უმარმა ილიას (იერუსალიმის) მოსახლეობას, თავად მათ, მათ ქონებაზე, ეკლესიებზე, ჯვრებზე, აგრეთვე ავადმყოფებსა და მთელ მათ თემს. და ჭეშმარიტად, მათ ეკლესიებში არავინ ჩამოსახლდება [მუსლიმები] და არ დაანგრევენ. და არ დამცირდება მათგან ვინმე, არც მათი მიწები, სადაც არიან, არც მათი ჯვრები, და არც მათი ქონებიდან რაიმე, არ შეავიწროებენ მათი რელიგიის გამო და არ მიადგება რომელიმეს ზიანი. და არ იცხოვრებს ილიაში მათთან ერთად არც ერთი ებრაელი.

ილიას მცხოვრებნი ვალდებული არიან გადაიხადონ ჯიზია ისევე, როგორც იხდიან სხვა ქალაქების მცხოვრებნი". ამგვარად, მუსლიმები ქრისტიანებს უტოვებდნენ რელიგიურ ავტონომიას. მათ უნდა გადაეხადათ სულადობრივი გადასახადი, ხოლო ებრაელებს იერუსალიმში ცხოვრება აეკრძალათ. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვის თვალით უყურებს ხელშეკრულების ამ ნაწილს და დასძენს, რომ ებრაელთა სამოცდაათმა ოჯახმა უმარისგან ქალაქის სამხრეთ ნაწილში დასახლების უფლება მიიღო. მართლაც, სწორედ ისლამურ პერიოდში გაიზარდა ებრაელთა რიცხვი იერუსალიმში.

არაბებს სირია-პალესტინაში რადიკალური ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმები არ გაუტარებიათ, ახალი ადმინისტრაციაც ძირითადად ბერძნულ-რომაულ სისტემას დაეფუძნა. "პირველი პალესტინის" (პალესტინა პრიმა) სახელით ცნობილი პროვინცია გახდა "ჯუნდ ფილისტინ", ერთ-ერთი ტერიტორიული ერთეულის სახით სწორედ მასში შევიდა იერუსალიმიც. პროვინციის ცენტრად კესარიის ნაცვლად ქალაქი ლოდი იქცა, ხოლო ახალი ქალაქის, არ-რამლას აშენების შემდეგ (716 წ.) ცენტრი აქ გადმოიტანეს.

მუსლიმები დაპყრობილ ტერიტორიაზე "წიგნის ხალხებს" (იუდაიზმისა და ქრისტიანობის მიმდევრებს) განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებდნენ. მათგან მოითხოვდნენ მუსლიმთა ძალაუფლების აღიარებას, წინააღმდეგობაზე უარის თქმასა და გადასახადის გადახდას. სანაცვლოდ ჰქონდათ პირადი და საკუთრების უსაფრთხოების გარანტია, აღმსარებლობის თავისუფლება და საკუთარი თემის ავტონომია. ეს პრაქტიკა ყურანს ეფუძნებოდა. ებრაელებმა და ქრისტიანებმა დაიწყეს მუსლიმების ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობების დაკავება.

უნდა აღინიშნოს, რომ იერუსალიმში აშკარა იყო ქრისტიანი მოსახლეობის პირველობა. ამას ადასტურებენ მუსლიმი ისტორიკოსები. იერუსალიმი მუსლიმებისთვის არ იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი, პალესტინაში ისინი ზღვისპირეთში სახლდებოდნენ, საიდანაც საფრთხე მოელოდა სახალიფოს. სწორედ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ააშენეს ქალაქი არ-რამლა.

ალ-აკსას მეჩეთი

ომაიანთა და აბასიანთა ხანა

მესამე "მართლმორწმუნე" ხალიფა ოსმანის დროს (644-656) სახალიფოში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებმა იჩინა თავი. მუჰამადის ბიძაშვილი ალი (656-661) კი ბოლო "მართლმორწმუნე" ხალიფა გამოდგა. მას განუდგა სირიის მმართველი, უმაიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი მუავია იბნ აბუ სუფიანი - ხალიფა ოსმანის ნათესავი და სახალიფოშიც სამოქალაქო ომი დაიწყო.

660 წელს მუავიამ საკუთარი თავი ხალიფად გამოაცხადა. მისი კურთხევის ცერემონია სწორედ იერუსალიმში გაიმართა, რადგან მექასა და მედინას ალი აკონტროლებდა. ცოტა ხნის შემდეგ ალი მოკლეს, მუავია კი სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა. მან მკვეთრად შეცვალა სახელმწიფოს მმართველობის სისტემა - საფუძველი ჩაუყარა საკუთარ დინასტიას და ხალიფას ტახტის გადაბარების პრინციპი მემკვიდრეობითობაზე დააფუძნა. მანვე სახალიფოს დედაქალაქი დამასკოში გადაიტანა - ქალაქში, რომელიც მძლავრ სამხედრო და პოლიტიკურ ცენტრად აქცია.

უმაიანთა პერიოდში (661-750) იერუსალიმს დიდი ყურადღება ექცეოდა. ტაძრის მთაზე აშენდა უდიდესი მეჩეთები, სასახლე, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, სახელოსნოები, აუზები, გარემონტდა ქალაქის კარიბჭე და კედლები, კეთილმოეწყო ქალაქისკენ მიმავალი გზები და სხვ.

მეხუთე უმაიანი ხალიფა აბდ ალ-მალიქის (685-705) დროს იერუსალიმის ტაძრის მთაზე აშენდა კუბათ ას-სახრას (კლდის გუმბათის) მეჩეთი. მისი მშენებლობა დასრულდა 691/692 წელს და იგი ითვლება ერთ-ერთ უძველეს ისლამურ სამლოცველოდ, რომელიც დღემდე პირვანდელი სახით არის შემონახული. ამ გრანდიოზული ნაგებობით ხალიფას სურდა, ქრისტიანებისთვის ისლამის პირველობა და აღმატებულობა ეჩვენებინა. ამიტომაც მის ასაშენებლად უდიდესი სახსრები დაიხარჯა, თანაც სახალიფოში მიმდინარე მორიგი სამოქალაქო ომის დროს. აქვე უნდა ითქვას, რომ 680-692 წლებში მექასა და მედინას აკონტროლებდა უმაიანთა მოწინააღმდეგე, თვითგამოცხადებული ხალიფა აბდალაჰ იბნ აზ-ზუბაირი. შესაბამისად, ისლამის წმინდა მიწა დამასკოს ხელისუფლებას არ ექვემდებარებოდა. არსებობს ყურადსაღები ვერსია, რომ აბდ ალ-მალიქი ცდილობდა იერუსალიმი ექცია ისლამური პილიგრიმობის ცენტრად და ქააბას ტაძრის ალტერნატივა შეექმნა. ამ ვერსიის მომხრეები ეყრდნობიან ისტორიკოს ალ-იაკუბის ნარატივს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალ-აკსას მეჩეთი (არაბ. "აკსა" - შორეული) ტაძრის მთაზე. მის ადგილას ჯერ კიდევ ხალიფა უმარმა ააგო მცირე ხის სამლოცველო სახლი, ხოლო ხალიფა აბდ ალ-მალიქის (685-705) ბრძანებით დაიწყო მეჩეთის გაფართოების სამუშაოები, რომლებიც მისმა ვაჟმა, ალ-ვალიდ I-მა (705-715) დაასრულა. იგი მიიჩნევა მესამე წმინდა მეჩეთად მუსლიმებისთვის, ალ-ჰარამისა (მექა) და მოციქულის (მედინა) მეჩეთების შემდეგ. ისლამური რწმენის მიხედვით, მუჰამადი ღამის მოგზაურობის დროს ალ-ჰარამის მეჩეთიდან ალ-აკსას მეჩეთში გადავიდა და იქიდან ამაღლდა ალაჰთან სასაუბროდ. ალ-აკსა და კუბათ ას-სახრა წარმოადგენენ ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც ცნობილია ჰარამ აშ-შარიფის სახელით.

უმაიანთა ეპოქის მიწურულს იერუსალიმის აღმშენებლობა ფინანსური კრიზისის გამო შეწყდა. 747 წელს ამას დაემატა მიწისძვრა, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა ახალ შენობებს, მათ შორის მეჩეთებს. ადმინისტრაციული შენობები საერთოდ დაინგრა და დავიწყებას მიეცა. 746 წელს დაიწყო მორიგი სამოქალაქო ომი, ოთხ წელიწადში კი დაემხო უკანასკნელი უმაიანი ხალიფა მარვან იბნ მუჰამადის (საქართველოში მურვან ყრუდ ცნობილი) ხელისუფლება. სახალიფოში აბასიანთა დინასტია გაბატონდა. აბასიანთა მმართველობის პერიოდში სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი გახდა, შესაბამისად, ცენტრმა იერუსალიმიდან შორს გადაინაცვლა. ქალაქს აბასიანი ხალიფები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, თუ არ ჩავთვლით მიწისძვრის შედეგად დანგრეული მეჩეთების აღდგენას. აბასიანთა დროს ფრანკთა იმპერატორმა კარლოს დიდმა იერუსალიმში რამდენიმე მონასტერი, სასტუმრო, ბიბლიოთეკა და ბაზარი ააშენა. ის ცდილობდა კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერას და ამავე დროს, საკუთარი სახელმწიფოს პრესტიჟის გაზრდას.

ხელიდან ხელში

IX საუკუნეში არაბთა სახალიფო დასუსტდა. რელიგიურმა ამბოხებებმა, სოციალურმა კრიზისმა, პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, უთანხმოებამ ხალიფებსა და მათ თურქულ სამხედრო ელიტას შორის - ამ ყველაფერმა სახალიფოს დაშლა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება გამოიწვია. ამგვარად შეიქმნა ტაჰირიანთა, საფარიანთა, სამანიანთა, რუსთამიანთა, აღლაბიანთა, იდრისიანთა, ტულუნიანთა და სხვა სახელმწიფოები. ხალიფა უმარის შესვლა იერუსალიმში 868 წელს თურქული წარმოშობის მქონე აჰმად იბნ ტულუნმა ეგვიპტეში დამოუკიდებელი დინასტია ჩამოაყალიბა. 878 წელს ხალიფამ მისი დამორჩილება სცადა, მაგრამ იბნ ტულუნმა შემოტევა მოიგერია და მეტიც - სირია-პალესტინაც დაიპყრო. 878-905 წლებში იერუსალიმი ტულუნიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. 905 წელს აბასიანებმა მოახერხეს ტულუნიანთა სახელმწიფოს განადგურება და საკუთარი გავლენაც აღიდგინეს, მაგრამ თურქული წარმოშობის მმართველების ხანა ამით არ დასრულებულა.

935 წელს ეგვიპტე სამართავად გადაეცა შუააზიელ თურქ სარდალს, მუჰამად იბნ ტუღჯ ალ-იხშიდს, რომელმაც ბაღდადისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. იხშიდიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში პალესტინა (შესაბამისად, იერუსალიმი) 969 წლამდე იმყოფებოდა. ამავე დროს, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიუხედავად, ტულუნიანთა და იხშმიდიანთა სახელმწიფოები აღიარებდნენ ბაღდადში მყოფი სუნიტი ხალიფას რელიგიურ პრიმატს.

ფატიმიანი ხალიფები. ალ-ჰაქიმი

X საუკუნის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოყალიბდა შიიტი ისმაილიტების სახელმწიფო. მისი შემქმნელები საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ხალიფა ალისა და მისი მეუღლე ფატიმას (მუჰამადის ქალიშვილი) შთამომავლებად, ამიტომ ისინი ფატიმიანების სახელით არიან ცნობილი. ფატიმიანთა პირველმა ხალიფებმა მოახერხეს ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტის საზღვრამდე ვრცელი ტერიტორიის ხელში ჩაგდება და 969 წელს ეგვიპტეს შეუტიეს.

სარდალმა ჯავჰარმა დაიკავა ეგვიპტე და დააარსა ახალი ქალაქი - კაირო, რომელიც ფატიმიანთა სახელმწიფოს ცენტრი გახდა. კაიროშივე აიგო ალ-აზჰარის ცნობილი მეჩეთი. 970 წელს ფატიმიანთა ხალიფა ალ-მუიზმა (952-975) პალესტინა დაიპყრო და იერუსალიმიც ფატიმიანთა ხელში აღმოჩნდა. შიიტური სახელმწიფოს შემადგენლობაში იგი 1073 წლამდე იმყოფებოდა. ალ-მუიზის ავტორიტეტი აღიარა მექამ, მედინამ, მოსულმა და იემენმა, ფატიმიანი ხალიფას სახელზე ხუტბას აღავლენდნენ ვრცელ ტერიტორიაზე - მაღრიბიდან მაშრიყამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ფატიმიანების სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია ისმაილიტური შიიზმი იყო, ხალიფები ლმობიერად ექცეოდნენ დაქვემდებარებულ ხალხებს, მათი მმართველობის დროს ქრისტიანები და ებრაელები სახელმწიფო ადმინისტრაციაში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდნენ. ქრისტიანი ვეზირი ისა იბნ ნესტორი, აგრეთვე, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქები დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ხალიფა ალ-აზიზის პოლიტიკის შედეგად შიიტები, სუნიტები და ქრისტიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ხალიფა ალ-ჰაქიმის (996-1021) მმართველობის დროს. მან დაიწყო ქრისტიანების, ებრაელებისა და სუნიტი მუსლიმების შევიწროება და ისმაილიტური შიიზმის ძალადობრივად გავრცელება. მისი ბრძანებით მეჩეთებში დაიწყეს პირველი სამი "მართლმორწმუნე" ხალიფასა და მუავიას წყევლა, რამაც სუნიტების აჯანყება გამოიწვია.

ქრისტიანები იძულებული იყვნენ, მუსლიმებისგან განსხვავებული სამოსი ჩაეცვათ, ბიზანტიაში გადასახლებულიყვნენ ან ხალიფას მრწამსი მიეღოთ. დაიწყო ეკლესიების ნგრევა და საეკლესიო ქონების კონფისკაცია. ამ პროცესის კულმინაციას წარმოადგენდა 1009 წლის სექტემბერში იერუსალიმის აღდგომის ეკლესიის დანგრევა. ამას მოჰყვა სინაგოგებისა და მონასტრების განადგურებაც. აღდგომის ტაძრის დანგრევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ევროპაში. რომის პაპმა სერგიუს IV-მ (1009-1012) მუსლიმების საწინააღმდეგო ბულა გამოსცა და ქრისტიანებს ჯვაროსნული ლაშქრობებისკენ მოუწოდა.

ქრისტიანულ ბიზანტიას მუდმივად სურდა დაკარგული ტერიტორიების აღდგენა. მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებამ ყველაზე მეტად ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია დააზარალა, რომელიც კონსტანტინოპოლს ემორჩილებოდა და მფარველად ბიზანტიის იმპერატორს მიიჩნევდა. მუსლიმებიც, შესაბამისად, მათ ეჭვის თვალით უყურებდნენ, როგორც ბიზანტიის მოკავშირეებს. იმპერატორებმა ნიკოფორე ფოკამ (962-969) და იოანე ციმისხიმ (969-976) სირიისა და მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით წარმართეს. 969 წელს ბიზანტიის ჯარმა ანტიოქია და ალეპო აიღო. იგეგმებოდა იერუსალიმის აღებაც, მაგრამ ვერ მოხერხდა. მანამდე, 966 წელს, იერუსალიმში სასტიკი ანტიქრისტიანული რეპრესიები დაიწყო, მუსლიმებმა დაანგრიეს და გაძარცვეს ქრისტიანული სალოცავები. 966 წელს ცოცხლად დაწვეს იერუსალიმის პატრიარქი იოანე. პალესტინაში ფატიმიანებმა საბოლოოდ აჯობეს ბიზანტიას. არაბთა სახალიფო 1011-1013 წლებში იერუსალიმს დროებით დაეუფლა ჯარაჰიანთა საგვარეულოს მეთაური მუფარიჯ იბნ ალ-ჯარაჰი. ის ქრისტიანებს მფარველობდა და აღდგომის ეკლესიის აღდგენაშიც ეხმარებოდა. საბოლოოდ, ალ-ჰაქიმმა მოახერხა იერუსალიმზე გავლენის აღდგენა და საკუთარი ზეობის მიწურულს ქრისტიანების დევნაც შეწყვიტა. 1021 წელს ალ-ჰაქიმი სამუდამოდ გაუჩინარდა, სავარაუდოდ, ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მისი შვილის - აზ-ზაჰირის მმართველობის დროს ბიზანტიის იმპერატორის ფინანსური დახმარებით დაიწყო დანგრეული ტაძრის აღდგენა, რაც 1048 წელს დასრულდა.

ჯვაროსნები მოდიან

XI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკები გამოჩნდნენ. 1050 წელს აბასიანმა ხალიფა ალ-კა"იმმა მათი წინამძღოლი თოღრულ-ბეგი სულთნად აღიარა. ხუთი წლის შემდეგ თოღრული ბაღდადში შევიდა და ხალიფაც საკუთარ ხელისუფლებას დაუქვემდებარა - მართალია, მას რელიგიური წინამძღოლის ფუნქცია შეუნარჩუნდა, მაგრამ, ფაქტობრივად, სულთნის ტყვედ გადაიქცა. 1071 წელს თურქები სირია-პალესტინაში შეიჭრნენ და ფატიმიანების შევიწროება დაიწყეს. თურქ-სელჩუკებსა და ფატიმიანებს შორის დაპირისპირებას რელიგიური მხარეც ჰქონდა - თურქები სუნიტური ისლამის მიმდევრები იყვნენ, ფატიმიანები კი შიიტურის.

1071 წელს თურქებმა აიღეს ალეპო, შემდეგ დამასკო, 1073 წელს კი იერუსალიმი დაიკავეს. ეს ტერიტორიები წილად ხვდა სულთან მალიქ შაჰის (1072-1092) ძმას - თუთუშს. ეს უკანასკნელი 1095 წელს მოკლეს, მის მემკვიდრეებს შორის დაწყებული ომით კი ფატიმიანებმა ისარგებლეს და 1098 წელს იერუსალიმზე კონტროლი აღადგინეს, მაგრამ მათი მმართველობა ერთ წელიწადსაც არ გაგრძელებულა. 1099 წლის ივნისში იერუსალიმს ჯვაროსნები მოადგნენ და ერთთვიანი ალყის შემდეგ ქალაქში შევიდნენ. იერუსალიმის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა...

გიორგი არქანია ჟურნალი "ისტორიანი",#90