გრაკქუს-სციპიონების შთამომავალი... საქართველოში - კვირის პალიტრა

გრაკქუს-სციპიონების შთამომავალი... საქართველოში

ალბათ ძნელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ძველი რომაული საგვარეულოების წარმომადგენელი XX საუკუნის საქართველოში იქნებოდა და მას ჩვენი თანამედროვენიც მოესწრებოდნენ.

ძმები გრაკქუსების დედა კორნელია ძველი რომის ა წრიდან გახლდათ და სახელგანთქმული სარდლის, სციპიონ აფრიკელის ასული იყო. ამიტომ ვაჟებმა დედის გვარი აირჩიეს და სციპიონად იხსენიებიან. ხოლო სციპიონ ემილიანუს აფრიკელმა უმცროსმა (ძვ.წ. 185-129) - კორნელიას ნახევარძმამ და ძველი რომის მთავარსარდალმა, ძვ.წ. 146 წელს დაანგრია კართაგენი, დაიპყრო ნუმანცია და მესამე პუნიკური ომი დაასრულა. მომდევნო წლებში რომს ესპანეთი მიუერთა. იგი გარდაიცვალა მოულოდნელად, სახალხო კრებაზე გამოსვლის წინ.

სციპიონების მომდევნო წარმომადგენლებიდან ჩვენთვის ცნობილია სციპიონ სარდინი, რომელიც 1535 წელს ეკატერინე მედიჩიმ ტოსკანიდან საფრანგეთში ჩაიყვანა, მალე გამდიდრდა და გრაფიც გახდა. ანრი III-მ მას ტავერნებიდან და კაბარეებიდან გადასახადების აკრეფა დაავალა. შურიანი ფრანგები მასზე ამბობდნენ: "იყო სარდინი, ახლა მსუქანი ვეშაპია; საფრანგეთი აი, ასე კვებავს იტალიურ ლიფსიტებს".

სციპიონთა ცალკეული წარმომადგენლის საქმიანობას ხშირად იხსენებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ზოგჯერ თავის მოღვაწეობასაც ადარებდნენ.

სიკვდილის წინა დღეებში თურმე ნაპოლეონ ბონაპარტმა თქვა: იმ ქვეყანას რომ წავალ, სციპიონებს ჩემს ლაშქრობებზე ვუამბობო.

ქართველ მეცნიერთაგან სციპიონთა ცხოვრებას შეეხო დავით გიორგის ძე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის შვილიშვილი. ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: "გრაკხნი იყვნენ ძენი სემრონიოს გრაკხისიანი და ასულის წულნი სციპიონისა აფრიკელად წოდებულისანი, რომელთაც ეწოდებოდათ ტიბერიოს და კაიოს. იხილე რომის ისტორია" (თედო ჟორდანია. ქრონიკები. ტ. III).

სციპიონთა გვარსა და წარმომავლობას მიეძღვნა ცნობილი მწერლისა და ისტორიკოსის ლევან სანიკიძის შრომები, რომელთა შემოკლებული ვარიანტი გამოქვეყნდა "ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში".

ავტორთა უმრავლესობა ხაზს უსვამდა ამ გვარის გენეტიკურ თავისებურებას, ექვსთითიანობას (პოლიდაქტილია), რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. სციპიონ აფრიკელი (უფროსი) საქართველოშიც გვყავდა სციპიონთა შთამომავალი, რომელმაც 2200 წლის წინანდელი გვარი და გენეტიკური ანომალიაც შეინარჩუნა.

აჭარის მედიცინის ისტორიის არქივში ინახება ბათუმის ჰოსპიტლის უფროსის, სამხედრო ექიმის დღიურები, რომლებშიც ვკითხულობთ:

"აჭარის ექიმთა საზოგადოების სხდომაზე სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკმა ერლიხმანმა გააკეთა ინჟინერ ვ. მ. სციპიონის ექვსთითიანი (პოლიდაქტილია) მტევნისა და ტერფის დემონსტრაცია. ამ შემთხვევისადმი ინტერესი იმაში გამოიხატება, რომ ინჟინერი სციპიონი თავის გენეალოგიას იწყებს ცნობილი სარდლის, ჰანიბალზე გამარჯვებული სციპიონ აფრიკელისგან, რომელიც, როგორც ისტორიული ანალებიდან ირკვევა, თავადაც იყო ექვსთითა.

ბათუმელი სციპიონის ბაბუა დაიბადა 1813 წელს. იყო პოლონეთის 1831 წლის აჯანყების მონაწილე, რის გამო 75 წლით გადაასახლეს ციმბირში. გარდაიცვალა 1913 წელს. მის ვაჟსაც და შვილიშვილსაც ჰქონდათ პოლიდაქტილია.

1931 წელს ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია ჩვენს ავადმყოფზე, ვ. მ. სციპიონზე და მის გენეალოგიაზე," - ნათქვამია დღიურში.

უფროსმა სციპიონმა 100 წელიწადს იცოცხლა. მისი შვილი საქართველოში (თბილისში) დამკვიდრდა, ხოლო შვილიშვილს - ვ. მ. სციპიონს 1916 წლიდან ბათუმში ვხედავთ.

ვ. სციპიონმა ბათუმელ მედიკოსებს მოუთხრო თავის გვარზე, შორეულ წინაპრებზე, რომ მამასაც და ბაბუასაც ჰქონდათ ტერფის პოლიდაქტილია, თუმცა შეთავაზებულ ოპერაციაზე უარი განაცხადა.

საბჭოთა ბიოლოგიური მეცნიერება უარყოფდა მემკვიდრეობით ფაქტორებს, გენეტიკასაც, რის გამო ვ. მ. სციპიონის მეექვსე თითის ისტორია აჭარის ექიმთა საზოგადოებასა და სამხედრო ჰოსპიტლის კედლებს არ გასცილებია.

ვ. მ. სციპიონის შემდგომ ბედზე, მის დაბადება-გარდაცვალების თარიღებზე არაფერი ვიცოდით. ერთადერთი, რაც შემოგვრჩა, ეს არის მწერლისა და ჟურნალისტის, ნუგზარ ჯაფარიძის მოგონება, რომელიც მან თავის წიგნში "მოგზაურობა ბათუმში" შეიტანა (ბათუმი, 1997 წ. გვ.: 135-136).

ნუგზარის მამა მიხეილ ჯაფარიძე ინჟინერი იყო და მას ხშირად ხვდებოდა კოლეგა სციპიონი. მოგონებაში ნათქვამია, რომ "უცოლშვილოდ გადაეგო ბრწყინვალე გვარის, ორიათასწლოვანი ისტორიის უკანასკნელი ნაშიერი, ბათუმელი ინჟინერი სციპიონი". სციპიონ სარდინის პარიზულ სახლში დღეს მისივე სახელობის სასტუმრო მოქმედებს აჭარის სახელმწიფო არქივიდან მივიღეთ საკმაოდ ზუსტი ცნობები ვ. მ. სციპიონის სამსახურებრივ საქმიანობაზე. მისი გარდაცვალების თარიღის დადგენაში დაგვეხმარა ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ხოლო ძველ გაზეთებში აღმოვაჩინეთ ნეკროლოგები და სამგლოვიარო განცხადებები. ბათუმში მივაკვლიეთ ვ. მ. სციპიონის მოსწავლეებს, ბიძინა ორაგველიძესა და ნაბი ფაღავას და მათგანაც მოვისმინეთ მოგონებები და ამ პიროვნების ბიოგრაფია დავადგინეთ.

ვიაჩესლავ მიხეილის ძე სციპიონი დაიბადა 1888 წელს ჩუვაშეთის ქალაქ ჩებოქსარში, აზნაურის ოჯახში, სადაც ნახევარი საუკუნის წინ დამკვიდრდა ციმბირში გადასახლებული მისი ბაბუა. ჩვენთვის უცნობია ვ. სციპიონის ბაბუისა და მშობლების ცხოვრება და საქმიანობა.

ვ. მ. სციპიონი სწავლობდა ვოლოგდის რეალურ სასწავლებელში, ერთდროულად მუშაობდა ვოლოგდა-ვიატკის რკინიგზის მშენებლობაზე უფროს მუშად.

1907 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, აქაც აგრძელებდა შრომით საქმიანობას, მუშაობდა რუსეთის რკინიგზების მშენებლობის საძიებო პარტიაში. 1912 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1914 წელს ვ. მ. სციპიონი რუსეთის არმიაში გაიწვიეს, მსახურობდა 221-ე ქვეით პოლკში. 1916 წლიდან ბათუმი-ტრაპიზონის რკინიგზის მშენებლობაზე იყო. აქ მან გაიცნო ქართველი ოფიცერი დავით კლდიაშვილი (შემდგომში მწერალი, კლასიკოსი), აგრეთვე ექიმი სერგეი სოლოვკინი, რომელთა რჩევით ბათუმში ჩამოვიდა და დამკვიდრდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიაჩესლავ სციპიონი ბათუმის თვითმმართველობაში სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკურ თანამდებობაზე საქმიანობდა. მას ეკუთვნის ბათუმში ადრე დაგეგმილი ცხენის ტრამვაის, 1904 წლიდან ელექტროტრამვაის ხაზების გაყვანის პროექტის აღდგენის იდეა. მომზადდა ახალი მონახაზებიც, მაგრამ მათი განხორციელება ბოლშევიკური გადატრიალების გამო აღარ მოხერხდა. სერგეი სოლოვკინი საბჭოთა პერიოდში ვ. სციპიონი დაკავებული იყო საინჟინრო-გეოდეზიური საქმიანობით, 1941 წლიდან იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გზათა მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი გახლდათ. 1959 წლიდან მონაწილეობდა ბათუმში ნიაღვარსაშვები სისტემის ახალი სქემის პროექტის შემუშავებაში.

ვ. სციპიონი ბათუმში პედაგოგიურ საქმიანობასაც მისდევდა. 1926 წლიდან იგი ასწავლიდა გეოდეზიას და სხვა სპეციალურ დისციპლინებს ახალგახსნილ ინდუსტრიულ ტექნიკუმში, აგრეთვე სამშენებლო, კომუნალურ, საზღვაო, რკინიგზის ტექნიკუმებში და ბათუმის საზღვაო სასწავლებელში.

პენსიაზე გასვლის შემდეგ, ვ. სციპიონი აქტიურად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში, თევზის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით სადგურში, ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ბიუროსა და ცენტრალურ ლაბორატორიაში.

ვიაჩესლავ სციპიონი 1960 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. სამგლოვიარო განცხადებები, ზემოთ დასახელებული სასწავლებლებისა და უწყებების გარდა, ადგილობრივ გაზეთებში გამოაქვეყნეს კერძო პირებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.

ამ განცხადებების გაცნობით ირკვევა, რომ ვ. სციპიონი დაოჯახებული ყოფილა, ჰყავდა მეუღლე და ვაჟი, რომლებიც ადრე გარდაიცვალნენ, აგრეთვე ქალიშვილი ნინა, დები ოლღა და ლიუდმილა, რძალი ქრისტინა, დისშვილები კონსტანტინე, ემილია, ეკატერინე, ნატალია და ირინა (გაზეთი "ბატუმსკი რაბოჩი", #255, 29 დეკემბერი, 1960 წ. გვ. 4). სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ბათუმში, მარქსის (ამჟამად ვაჟა-ფშაველას) ქუჩის #31 სახლში, ქალიშვილის ბინაში.

თვით ვ. სციპიონი ცხოვრობდა გორკის (ახლანდელი გორგილაძის) ქუჩის #10 სახლში. აქაც და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე სახლშიც სციპიონთა გვარი ამჟამად გამქრალია და ახალმოსახლეებმა მის შესახებ არაფერი იციან.

რამაზ სურმანიძე

მწერალი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი", #90