მუსიკის ლეგენდები საქართველოში
მუსიკის ლეგენდები საქართველოში
ბოლო დროს ჩვენი ქვეყანა, სხვადასხვა მუსიკალური პროექტისა და ფესტივალის წყალობით, მსოფლიო დონის შემსრულებლების თუ მუსიკალური ჯგუფების სტუმრობით განებივრებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდარული მუსიკოსები საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოდიოდნენ.

"სვინგის მეფე"
საბჭოთა საქართველოში

ამერიკელი კლარნეტისტი ბენი გუდმენი, "სვინგის მეფედ"წოდებული, 1909 წელს დაიბადა აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. 10 წლის იყო ბენი, როცა მამამ ორ ძმასთან ერთად ერთ-ერთ სინაგოგაში მუსიკის გაკვეთილებზე შეიყვანა. ბენის მუსიკალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა
კლარნეტის მასწავლებელმა, ფრანც შოპმა. მოგვიანებით "კლარნეტის პატრიარქი"თავის მასწავლებელზე ამბობდა: "ის დიდი მუსიკოსია... ჩემთვის დიდი პატივია, ვითვლებოდე მის ერთ-ერთ მოსწავლედ". 16 წლის ბენი გუდმენი უკვე ჩიკაგოს საუკეთესო ბენდის წევრი იყო, ხოლო 19 წლისამ საკუთარი ფირფიტა გამოუშვა.

ბენი გუდმენი მცხეთაში

ბენი გუდმენის კარიერაში გამორჩეულია 30-40-იანი წლები, ე.წ. სვინგის ერა -
დრო, რომელიც გამოირჩეოდა ჯაზორკესტრებისა და გავლენიანი კლარნეტისტების განსაკუთრებული პოპულარობით, საერთოდ, ჯაზმუსიკის დომინანტობით. ბენი გუდმენი ამ ეპოქის მთავარი შემოქმედი იყო.

1962 წელს ბენი გუდმენი საბჭოთა კავშირს ეწვია. ის იმყოფებოდა საქართველოშიც. თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტი ჩაატარა. დიდი ჯაზმენი მცხეთასაც სტუმრებია, მოუნახულებია ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი.

"სვინგის მეფე" ქართულმა ცეკვამ აღაფრთოვანა

კვლავ"მეფე", კვლავ
საქართველოს სსრ-ში

1979 წელს საბჭოთა კავშირს კიდევ ერთი "მეფე"ეწვია. ამჯერად ბი ბი კინგი - "ბლუზის მეფე". მან კონცერტი გამართა მოსკოვში, პეტერბურგში, ბაქოში, ერევანსა და თბილისში. "ბლუზის მეფემ"თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სამი კონცერტი მოაწყო.
მრავალი მისისიპელი ფერადკანიანი მუსიკოსის მსგავსად, ბი ბი კინგიც ბამბის პლანტაციებში მომუშავეთა ოჯახში გაიზარ­და. ბამბას თავადაც ამუშავებდა. მუსიკას ბავ­შვობიდანვე დაუკავშირდა, ადგილობრივი ბაპტისტური ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი იყო. ერთ-ერთი ღვთისმსახურისგან პატარა კინგმა გიტარის პირველი აკორდებიც შეისწავლა.

ბი ბი კინგი 1979 წელს - საბჭოთა კავშირის დროშისა და ლენინის პორტრეტის ფონზე.

ბი ბი კინგი პოპულარული გახდა ფართო მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენის დღიდან და დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ მსმენელს იძენდა. 1987 წელს ის "როკენროლის დიდების დარბაზში"წარადგინეს. კინგის გენიალობა აისახა მის მეტსახელებშიც - "ბლუზის მეფე"და "ბლუზგიტარის მეფე"(ალბერტ და ფრედი კინგებთან ერთად).

პარადოქსი
შარშან როკენროლის ლეგენდა ბობ დილანმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში "ამერიკულ სასიმღერო ტრადიციაში შექმნილი ახალი პოეტური გამომსახველობისთვის". ბევრისთვის უცნობია, რომ ბობ დილანი საქართველოშიც იმყოფებოდა.
"კოსმოსი მათთვის დაგვითმია, ჩვენ როკ-ენ-როლი გვაქვს"(ფილმიდან "ოქტომბრის ცა", რეჟისორი ჯო ჯონსტონი, 1999 წ.). ეს სიტყვები საბჭოთა კავშირის მიერ ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას უკავშირდება (1957 წ). სხვა საკითხია, რამდენად "დათმო"კოსმოსი აშშ-მა, თუმცა ამ ამბიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, 1985 წელს, საბჭოთა კავშირში ერთი პარადოქსული ამბავი მოხდა.

საბჭოეთს როკ-ენ-როლის ლეგენდა ბობ დილანი ესტუმრა. პარადოქსი ის იყო, რომ მისი სტუმრობა სულაც არ უკავშირდებოდა როკ-ენ-როლს. ის "მსოფლიო პოეზიის საღამოზე"მიიწვიეს, რომელიც "ლუჟნიკების"სტადიონზე გაიმართა. ამბობენ, რომ ოდესაში წინაპართა საფლავების მონახულებაც სურდა და საბჭოთა კავშირში მიმავალი ამერიკელი პოეტების დელეგაციას ამიტომ შეუერთდა. ასე იყო თუ ისე, რუსეთიდან ბობ დილანი თბილისში ამერიკელი პოეტების დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა და ორ დღეს გაჩერდა. როგორც ამ მოვლენის შემსწრე ადამიანები იხსენებენ, ბობ დილანზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ანსამბლ "ქსოვრელებს"მოუხდენია, დიდად დაინტერესებულა დუდუკით. ქართული ღვინო და ხინკალიც ძალიან მოსწონებია. რაკი მუსიკოსი მოწვეული იყო, როგორც პოეტი, ის მწერალთა კავშირშიც მიიყვანეს, სადაც მაინც გამართა ერთადერთი დახურული კონცერტი. ბობ დილანი
დაუგეგმავი კონცერტი
ბობ დილანის ჩამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, 1987 წლის ივლისში საქართველოს კიდევ ერთი ცნობილი მუსიკოსი, პიანისტი ბილი ჯოელი ეწვია. მან ოჯახთან ერთად მოინახულა მცხეთა, გაისეირნა თბილისის ქუჩებში. მოსკოვსა და ლენინგრადში რამდენიმე კონცერტი იყო დაგეგმილი, მაგრამ მუსიკოსის ტურნე თბილისის ოპერის თეატრში დაუგეგმავი კონცერტით დაიწყო. კონცერტზე ერთ-ერთმა ქართულმა ანსამბლმა "ოდოია"შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა შევიდა ბილი ჯოელის მეორე ცოცხალ ალბომში Kohuept. ალბომი 2014 წელს მეორედ გამოიცა სახელწოდებით A Matter of Trust: The Bridge to Russia ("ნდობის არსი: ხიდი რუსეთისკენ"). ალბომში ასევე შესულია დოკუმენტური ფილმი ბილი ჯოელის საბჭოთა კავშირში მუსიკალური ტურნეს შესახებ.

ქორწილი ქართულად
1990 წლის მაისში, როცა საბჭოთა კავშირი არსებობის უკანასკნელ თვეებს ითვლიდა, საქართველოს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Deep Purple-ის ვოკალისტი იან გილანი მეუღლესთან ერთად ეწვია. იანსა და მის მეუღლეს წესად ჰქონდათ - რომელ ქვეყანაშიც ჩავიდოდნენ, იმ ქვეყნის ტრადიციის მიხედვით ქორწინდებოდნენ. საქართველოში მათი საქორწინო ცერემონიალი თბილისის ქორწინების სახლში დაიწყო, თბილისის ქუჩებში ფაეტონით სეირნობით გაგრძელდა და მცხეთაში, ტრადიციული საქორწინო სუფრით დასრულდა. იან და ბრონ გილანებმა ასევე პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ ქართველთა ხსოვნას.
იანმა და ბრონმა თბილისის ქუჩებში ფაეტონით ისეირნეს. ქორწილი ტრადიციული სუფრით დასრულდა

საქართველოში ვიზიტის დროს იან გილანი ჯგუფიდან წამოსული იყო გიტარისტ რიჩი ბლეკმორთან უთანხმოების გამო, მაგრამ მას სხვა ბენდი ახლდა თან. კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. იმდროინდელი ქართველი მსმენელი ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ იან გილანს 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდებოდა თბილისში, ამჯერად უკვე Deep Purple-ის სხვა წევრებთან ერთად. 2013 წელს ანსამბლი ჩვენს ქვეყანას "თბილისი ოუპენ ეარის"ფარგლებში ესტუმრა და "დინამო-არენაზე"კონცერტი გამართა.

რეი
რეი ჩარლზს - "შოუბიზნესის ერთადერთ ნამდვილ გენიოსს"(ფრენკ სინატრა) მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მისი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, მამამ სხვა ცოლი შეირთო, უმცროსი ძმა გარდაეცვალა, შვიდი წლის ასაკში მხედველობა გლაუკომის გამო სრულად დაკარგა. სკოლაში სწავლისას რეი კლასიკური მუსიკით დაინტერესდა. გადაწყვიტა პიანინოზე დაკვრა ესწავლა. სწავლა რთული იყო - მარცხენა ხელით კითხულობდა ბრაილის შრიფტით შესრულებულ ნოტებს, მარჯვენათი კი წაკითხულ ნოტებს პიანინოს კლავიატურაზე ეძებდა. შემდეგ ხელების შენაცვლებით იმავეს იმეორებდა, ბოლოს კი ორივე ხელით სრულ კომპოზიციას ასრულებდა. სხვაგვარად რეი ჩარლზს, ალბათ, არც შეეძლო - ამას მუსიკალური ნიჭი არ დაანებებდა.

რეი ჩარლზი ტრანსპორტში ჭადრაკის თამაშის დროს
საქართველოს რეი ჩარლზი 1996 წელს ესტუმრა თავის ორკესტრთან ერთად. კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანას ასეთი მასშტაბის მუსიკოსი პირველად ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც რეი ჩარლზს პირადად შეხვდა.

"მთავარი ამერიკელი
შავკანიანი"საქართველოში

"მე ვარ 25% ტალანტი, 75% კი ბიზნე­სი!"- ამბობდა ამერიკელი მუსიკოსი ჯეიმს ბრაუნი. "25%-იან ნიჭიერებას"მისთვის ხელი არ შეუშლია, "ფანკის მეფე"და "სოულის ნათლია"გამხდარიყო, ხოლო ჟურნალ "როლინგ სტოუნზს"ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელს შორის მე-7 ადგილზე დაესახელებინა. 1969 წელს ჟურნალმა "ლუკმა"ჯეიმს ბრაუნს "ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შავკანიანი"უწოდა.

ჯეიმს ბრაუნი თბილისში

1999 წელს ჯეიმს ბრაუნი საქართველოშიც ჩამოვიდა ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში. კონცერტი თბილისში, "ლაგუნა ვერეს"კომპლექსში გაიმართა.

თბილისში სხვადასხვა დროს ჩამოსული იყვნენ "მანჰეტენ ტრანსფერი", ჯო კოკერი, "ბონი ემი", აგრეთვე სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი მუსიკოსები. XXI საუკუნეში მათი ჩამონათვალი საგრძნობლად გაფართოვდა და ეს სია საკმაოდ სწრაფადაც იზრდება.

ამირან ბასილაშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#90
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები