საქართველო უცხოელთა ფერებში - კვირის პალიტრა

საქართველო უცხოელთა ფერებში

დასაწყისი იხილეთ

(ნაწილი II)

"მე სიყრმითგანვე უდედობა

დამეცა ზარად...

და როცა ბინდში ვარდისფერი

გმოსავდა ნისლი, -

მე შენს სივრცეში მელანდვოდა

ჩურჩული მისი;

მიტომ მიყვარდა გარინდება

შენს მთებთან წყნარად!..

ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!"

ეს სიტყვები იმ ცნობილ პოეტსა და პროზაიკოსს მიხაილ ლერმონტოვს (ანზორ აბჟანდაძის თარგმანი) ეკუთვნის, რომელმაც რუს მხატვართა შორის ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კავკასიის ბუნების ტილოზე გადატანა. ლერმონტოვის შემოქმედების ამ მხარეს ჩვენში ნაკლებად იცნობენ. არადა, მისი საუკეთესო ნახატების უმეტესობა სწორედ კავკასიას უკავშირდება.

1837 წელს მეფის მთავრობა ძალიან შეაშფოთა პუშკინის მკვლელებისადმი მიმართულმა ლერმონტოვის ლექსმა "პოეტის სიკვდილი". ამიტომ ის საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. სწორედ ამ დროს გაიტაცა პოეტი ხატვამ. ლერმონტოვი მეგობარს, სვიატოსლავ რაევსკის წერდა: "ესეცაა, რომ ბოლოს მე ისევ დამაბრუნეს გვარდიაში, ოღონდ გროდნოს პოლკში. ბებია რომ არ ყოფილიყო, მე, სიმართლე გითხრა, სიამოვნებით დავრჩებოდი აქ, ვინაიდან საეჭვოა, რომ გადასახლება უკეთესი იყოს, ვიდრე საქართველო.

მას შემდეგ, რაც რუსეთიდან წამოვედი, განუწყვეტლივ ვმოგზაურობდი - ხან საფოსტო ეტლით, ხან ცხენით. მოვიარე სამხედრო ხაზი სულ მთლად... ტანზე მეცვა ჩერქეზული ტანსაცმელი, ზურგზე კი თოფი მქონდა გადაკიდებული. ღამეს ვათევდი ტრიალ მინდორში, ვიძინებდი ტურების კივილში, ვჭამდი მჭადს, ვსვამდი (ასე გასინჯე) კახურ ღვინოს... აქ ბევრია კარგი ყმაწვილი. განსაკუთრებით ტიფლისში ძალიან წესიერი ხალხია. მაგრამ ნამდვილი ნეტარება არის აქ თათრული აბანოები. მე საჩქაროდ გადავიღე ყველა იმ შესანიშნავი ადგილის სურათი, რომელსაც კი ვესტუმრე, და სურათების გვარიანი კოლექცია მომაქვს თან".

კახეთისკენ მიმავალ გზაზე ლერმონტოვი დაავადდა და სტავროპოლის ჰოსპიტალში მოხვედრილი, მალევე გადაიყვანეს პიატიგორსკში სამკურნალოდ. ზაფხულის ბოლომდე პოეტი ჩრდილოეთ კავკასიაში დარჩა, კისლოვოდსკსა და ჟელეზნოვოდსკში მკურნალობდა, შემდეგ კი საქართველოსკენ დაიძრა. აი, როგორ შეაფასა ვისარიონ ბელინსკიმ ლერმონტოვის ჩვენს მხარეში გამოჩენა. "კავკასია იქცა ლერმონტოვისთვის პოეტურ სამყაროდ, რომელიც მან მხურვალედ შეიყვარა. კავკასიის მიუვალ მწვერვალებში იპოვა მან თავისი პარნასი". დღემდე შემორჩენილია იტალიური ფანქრით შესრულებული ლერმონტოვის ჩანახატები, სავარაუდოდ, გზაში შექმნილი: "ნანგრევები არაგვის პირას", "დარიალი", "ტიფლისი, მეტეხის ციხე", "მოცეკვავე ქართველები სახლის ბანზე".

ნახატი "ჯვრის უღელტეხილი კობის ხეობიდან" შესრულების მანერით ლერმონტოვის სხვა ჩანახატებისაგან გამორჩეულია და აშკარად მიუთითებს პოეტის მიდრეკილებას დაეწყო ხატვა ზეთის საღებავებით. ნახატი 1837-1838 წლებში ბებიისთვის, ელიზავეტა არსენიევასთვის შეიქმნა. 1896 წელს ის პენზის ბიბლიოთეკაში მოხვდა, პენზიდან კი 1930-1940-იან წლებში მიხაილ ლერმონტოვის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალ "ტარხანიში" გადაიტანეს. "საქართველოს სამხედრო გზა მცხეთასთან"

ჩანახატების მიხედვითაა შექმნილი ლერმონტოვის ერთ-ერთი საუკეთესო ტილო "ჯვრის მთა". მეგობარ სვიატოსლავ რაევსკისადმი გაგზავნილ წერილში ის ემოციებია გადმოცემული, რომლებიც ლერმონტოვს საქართველოს მთიანეთის ხილვისას დაეუფლა: "როგორც კი ქედი გადავლახე და საქართველოში აღმოვჩნდი, ურემი მივაგდე და ცხენს შემოვახტი, სვლა დათოვლილი მთის (ჯვრის) კენწეროსკენ განვაგრძე, ეს კი ადვილი არ გეგონოს; იქიდან ნახევარი საქართველო ხელისგულივით მოსჩანს. სიმართლე გითხრა, ამ გასაოცარ გრძნობას ვერ აღვწერ და ვერც მის გადმოცემას მოვახერხებ: ჩემთვის მთის ჰაერი ბალზამია, დარდი და მოწყენილობა ვერ გამეკარა, გული საგულედან ამოხტომას ლამობდა, მკერდით მეფურად ვსუნთქავდი. იმ წუთებში არაფერი მინდოდა, მთელი ცხოვრება ასე ვიჯდებოდი და ამ თვალწარმტაც ხედს ვუყურებდი".

ლერმონტოვმა ნამუშევარი თავის საუკეთესო მეგობარს ალექსანდრ ოდოევსკის აჩუქა. 1968 წელს ის ჰელსინკიში შეიძინა ფრანგმა საბალეტო მოღვაწე სერჟ ლიფარემ და საბჭოთა კავშირის საარქივო სამმართველოს გადასცა. ნამუშევარი მხატვარ ალექსეი კორინის მიერაა რესტავრირებული, უკანა მხარეს დატანილია წარწერა: "ეს ნახატი პოეტმა ლერმონტოვმა კავკასიაში უკანასკნელი გამგზავრების წინ მაჩუქა. ზედ ჯვრის მთაა გამოსახული, სადაც მან სული დალია. თავადი ვ. ოდოევსკი". (მინაწერში შეცდომაა: ლერმონტოვი პიატიგორსკში მოკლეს). საბჭოეთში ჩამოტანილი ნახატი 1971 წლიდან პიატიგორსკში, მიხაილ ლერმონტოვის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში ინახება.

პოეტმა საქართველოს მიწაზე ორ-სამ თვეს დაყო (დაახლოებით 1837 ოქტომბერ-დეკემბერი), როგორც თვითონ წერდა სვიატოსლავ რაევსკის, აქ "ბევრ კარგ ახალგაზრდას" გაეცნო. ამ ახალგაზრდებს შორის არაერთი ქართველი იყო: 1837 წელს ლერმონტოვთან ერთად ნიჟეგოროდის პოლკში მსახურობდა პოდპოლკოვნიკი ბარათაშვილი, მაიორი ყორღანაშვილი, შტაბს-კაპიტნები: ფავლენიშვილი და შალიკაშვილი, პრაპორშიკები-ანდრონიკაშვილი, იოსელიანი, ერისთავი, მაჩაბელი, საყვარელიძე-ბეჟანიშვილი. აქვე იყვნენ სტუმართმოყვარეობით ცნობილი გულბაათ ჭავჭავაძის ძმები, წინანდალში მცხოვრები იასონი და სპირიდონი.

"როგორც კი წინანდალში ნიჟეგოროდელები გამოჩნდებოდნენ ხოლმე, - გადმოგვცემს პოეტი, - ალექსანდრე ჭავჭავაძის "ტრამალივით გადაშლილი კარ-მიდამო" სტუმრებით აივსებოდა. დაიწყებოდა ცხენების ჭენება, დოღი, სროლა. იარაღით თავს იწონებდნენ რუსებიც და ქართველებიც. თითქმის ყველას ჰქონდა ძვირფასი საბუდრიანი ხანჯალი და ხმალი, დამბაჩა ქამარში გარჭობილი და თოფი მხარზე გადებული. ნიჟეგოროდელებს ყაბარდოს ცხენები ჰყავდათ, ხოლო ქართველებს ძვირფასი ყარაბაღული ულაყები, სპარსული ყაჯრებით და ყოველ მოძრაობაზე მოჟღარუნე ბალთებით შეკაზმული".

საქართველოს წარმტაცმა ბუნებამ, ქართველთა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნახატზე "თამარის ციხის ნანგრევები კახეთში, სოფელ ყარაღაჯის მახლობლად" ნაჩვენებია გარემო, სადაც ლერმონტოვი მსახურობდა (ყარაღაჯში იდგა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკი). მაღალი კლდე პირქუშად გადმოჰყურებს ძველ სავაჭრო-საქარავნო გზას.

მიხაილ ლერმონტოვი

საქართველოს ძველმა დედაქალაქმა მცხეთამ ლერმონტოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა. პოემა "მწირი" მცხეთის, უფრო სწორად, ჯვრის მონასტრის აღწერით იწყება:

მას შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია...

სადაც ერთვიან და ხმაურია,

ჩაჰკვრიან ერთურთს ისე, ვით დები,

მტკვრის წყალს და ტალღებს

არაგვის წყლები,

ნახავთ მონასტერს. დღესაც იქ გზები

მგზავრს რომ მიიყვანს,

თვალს ჰკრავს გალავანს,

შეძლებს კოშკთა და სვეტთა დალანდვას,

დანგრეულ კოშკს და თაღთა დანახვას.

თუმცა აღარ ჩანს, როგორც ღრუბლები,

სურნელოვანი კვამლის ქულები,

არ ისმის ღამით ხმა სიმღერების,

ჩვენთა სულთათვის მლოცველ ბერების...

(ალექსანდრე ელერდაშვილის

თარგმანი)

მცხეთის ხედი ლერმონტოვმა ტილოზეც გადმოსცა: მდინარის პირას გზაზე კოშკი აღმართულა, იქვე სამიკიტნოა, შორს მთაზე კი ჯვრის მონასტრის სილუეტი მოჩანს.

ლერმონტოვი ნახატებში იმ პეიზაჟებისა და საყოფაცხოვრებო სცენების გადმოცემას ცდილობდა, რომელთაც პოეტზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს და ამასთანავე, ახალი ლიტერატურული სახეების დაბადებასაც მისცეს ბიძგი. ამდენად, ეს ნახატები თავისებური სამახსოვრო ბარათებიცაა, რადგან ისინი მხატვრული ნაწარმოებების დაწერამდე შეიქმნა.

ლერმონტოვის გამორჩეული ნახატი "ტიფლისის ხედია", იგი ზეთის საღებავებით 1837 წელსაა შესრულებული. ნახატი რომანტიკული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშია. ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტილოზე ზედმიწევნითაა გადმოცემული ძველი თბილისის ხიბლი, არქიტექტურა, კარგად ჩანს ნარიყალას კედლები, გალავანი მტკვრის პირას (მისგან დღეს არაფერია შემორჩენილი), მეტეხის ტაძარი და სხვ. ნახატი ლერმონტოვმა თავის ნათესავ პაველ პეტროვს 1837 წელს სტავროპოლში აჩუქა. იგი ამჟამად მოსკოვში, სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში ინახება.

ირაკლი ანდრონიკაშვილი, საბჭოთა მწერალი და ლიტერატურათმცოდნე 1953 წელს ნახატის შესახებ წერდა: "რამდენიმე წლის წინ ქალაქ ივანოვოს სამხატვრო გალერეაში აღმოჩნდა ლერმონტოვის ნახატი, შესრულებული ნატურიდან ზეთის საღებავებით. ნახატი წარმოადგენს თბილისის საერთო ხედს ავლაბრის მხრიდან. ლერმონტოვს ეს დაუხატავს ისე, რომ სავარაუდოდ, მისი მოლბერტი მდგარა მდინარის ფლატეებიან ნაპირზე, იქ, სადაც მტკვარი უხვევს, ცოტა ზევით "გოგილოს" აბანოებზე. აქ იწყებოდა გარეუბანი მირზა-აბადი, რომელიც მერე "ძაღლის უბნად" იწოდებოდა.

ამის შემოწმება ძნელი არ არის: საკმარისია ადამიანი შაუმიანის ქუჩიდან მტკვრის ნაპირზე გავიდეს, "გოგილოს" აბანოს მახლობლად ბორცვზე აიაროს და მის თვალწინ გადაშლილი პანორამა ნახატის რეპროდუქციას შეადაროს. იქვე, ახლოს, ერმოლოვის დროს აშენებული ოფიცრების ყაზარმები მდებარეობდა, რომლებსაც შემდეგ პოკროვსკის ყაზარმები შეარქვეს. ბევრი ოფიცერი კერძო ბინაში ცხოვრობდა, ყაზარმის მახლობლად. ალბათ ლერმონტოვმა მოინახულა ვინმე სამხედროთაგანი, რომელსაც ავლაბარში ჰქონდა ბინა, აღაფრთოვანა პოეტი თბილისის პანორამამ, აქედან რომ იშლებოდა, და ერთ ან ორ სეანსში (მუშაობდა იგი საოცარი სისწრაფით) დაასრულა ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი".

"ჯვრის მთა"

1840-1841 წლების ზამთარში, როცა ლერმონტოვი შვებულებას პეტერბურგში ატარებდა, პოეტს სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მიზანი ბებიის წინააღმდეგობის გამო ვერ შეასრულა, ელიზავეტა არსენიევა შვილიშვილის სამხედრო კარიერაზე დიდ იმედებს ამყარებდა და სრულიად მიუღებლად მიაჩნდა მიხეილის გატაცება პოეზიით. ამდენად, 1841 წლის გაზაფხულზე პოეტი საქართველოში დაბრუნდა. მან რამდენიმე ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერ კონსტანტინე მამაცაშვილთან (მამაცევთან) ერთად. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნიკოლაი მარტინოვთან, რომელმაც მიხაილ ლერმონტოვი დუელში გამოიწვია და პოეტი პიატიგორსკში ემსხვერპლა კიდეც ამ დუელს.

გიორგი კალანდია

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#40