ომი და სიცოცხლე - კვირის პალიტრა

ომი და სიცოცხლე

კორეის ომის დროს, 1953 წელს, აშშ-ის პირველი საზღვაო ქვეითთა დივიზიის სამხედრო კორესპონდენტმა, სერჟანტმა ფრენკ პრეიტორმა დაობლებული, ორი კვირის კნუტი "იშვილა".

პრეიტორი დაკონსერვებული რძით კვებავდა პატარა ცხოველს და ამისთვის წვეთოვანს იყენებდა. ფრენკმა თავის ფისოს მის ჰეპი (ბედნიერი) უწოდა, რადგან, მისი განმარტებით, "კნუტი ცუდ ადგილას და ცუდ დროს დაიბადა". ცოტა რომ წამოიზარდა, პრეიტორმა მის ჰეპი ხორცს მიაჩვია ასევე ჯარისკაცული რაციონიდან. სერჟანტის შეცდომა კი ის იყო, რომ თავისი და მის ჰეპის ფოტო შინ გაგზავნა.

დღეს ინტერნეტით გავრცელებული "ვირუსული" ფოტოების მსგავსად, ფრენკისა და მის ჰეპის სურათი მალე გახდა პოპულარული. ის 1700-ზე მეტ ამერიკულ გაზეთში დაიბეჭდა, "ნიუ-იორკ ტაიმსის" ჩათვლით. უკვე ხანდაზმულმა პრეიტორმა, 2009 წელს აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტში გამართული შეხვედრისას გაიხსენა, რომ მთელი ქვეყნიდან იღებდა წერილებს გოგონებისგან, რომლებიც დაქორწინებას სთავაზობდნენ.

ფრენკ პრეიტორი კორეის ომში 1952 წელს გაგზავნეს სამხედრო კორესპონდენტად, საზღვაო ქვეითთა დივიზიაში. ოფიციალური დავალებების გარდა, ის ფოტოებს საკუთარი კამერითაც იღებდა. დაჭრილი საზღვაო ქვეითების ერთ-ერთმა სურათმა ჟურნალ "ფოტოგრაფიის" კონკურსში გაიმარჯვა და სამშობლოში ჯილდოს მისაღებად დაბრუნდა. ამ დროს გამოიძახეს ის სამხედრო სასამართლოში, რადგან საბრძოლო ვითარების ამსახველი მისი გადაღებული ფოტო საგანგებო ნებართვის გარეშე მოხვდა სამოქალაქო გამოცემების ფურცლებზე. თუმცა, როცა ეს გაზეთები წარუდგინეს, სასამართლოს ხელმძღვანელმა საქმე შეწყვიტა.

ფრენკ პრეიტორი "სტარზ ენდ სტრაიპსის" მუზეუმში

მალე პრეიტორი კვლავ ჩავიდა კორეაში, როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური გაზეთის, "სტარზ ენდ სტრაიპსის" (გამოდის 1861 წლიდან) კორესპონდენტი და მის ჰეპიც ნახა, რომელიც უკვე ერთობ განებივრებული თილისმა ბრძანდებოდა საზოგადოებრივი ინფორმაციის ოფისში.

1954 წელს ფრენკი აშშ-ში დაბრუნდა, დაოჯახდა და საკუთარი საქმე წამოიწყო. ის 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2018 წლის იანვარში. მეგობრები იხსენებდნენ, რომ ფრენკი ძალიან კეთილი ადამიანი იყო და მის ჰეპისთან გადაღებული სურათი შემთხვევით არ გამოსულა ასეთი გამორჩეული. ამასთან ერთად, პრეიტორი კარგად წერდა, პროფესიონალურად იცნობდა კომუნიკაციების სტრატეგიებს. "თუმცა, ამ სურათში მისი ხასიათი გამოჩნდა", - ამბობდა ჩეზ ჰენრი, საზღვაო ქვეითი.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#91