ძველი ინკების ქირურგები - ტრეპანაციის დიდოსტატები - კვირის პალიტრა

ძველი ინკების ქირურგები - ტრეპანაციის დიდოსტატები

ძველი პერუს მცხოვრებლები ტრეპანაციას უკეთ აკეთებდნენ, ვიდრე ოთხი საუკუნის შემდეგ ამერიკელები

თავის ქალის ტრეპანაცია, როცა ქირურგი დაავადების კერამდე მიღწევას ცდილობს, დღესაც რთული ოპერაციაა, რომლის წარმატებით შესრულება მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია. ირკვევა, რომ თავის ქალის ტრეპანაციას კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს. ამის შესახებ ცნობები ძველბერძენმა ექიმმა და ფილოსოფოსმა, ჰიპოკრატემ შემოინახა. თუმცა, თავის ქალებზე ტრეპანაციის კვალი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან გვხვდება.

ბუნებრივია, მაშინ სამედიცინო ხელოვნება განსხვავებული იყო - არანაირი გამაყუჩებლები და ანტიბიოტიკები არ არსებობდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რამდენად წარმატებული იყო ეს ოპერაციები და შემდეგ რამდენ ხანს ცოცხლობდნენ უძველესი ექიმების პაციენტები?

მაიამისა და არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პერუში ნაპოვნი რამდენიმე ასეული უძველესი თავის ქალა შეისწავლეს, რომელთაც ტრეპანაციის კვალი აღენიშნებოდა.

ისინი სრულიად განსხვავებული პერიოდისაა, როგორც ძვ.წ. 400-200 წლების, ასევე XIV-XV საუკუნეების, ანუ ინკების იმპერიის აყვავების პერიოდის.

დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ინკების თავის ქალების შესწავლისას, მეცნიერები ამაღელვებელ აღმოჩენამდე მივიდნენ. გაირკვა, რომ ინდიელთა ტომის ექიმთა პაციენტებს თავის ქალის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩენის ორჯერ მეტი შანსი ჰქონიათ, ვიდრე ოთხი საუკუნის შემდეგ, ამერიკის სამოქალაქო ომში (1861-1865) დაჭრილებს.

ტრეპანაციის პროცედურის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მას სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ მიმართავდნენ, იქნებოდა ეს თავის ძლიერი ტკივილი, ძვლის კისტა, ტრავმა, ეპილეფსია...

ერთ-ერთი სამარხი პერუში, სადაც ათეულობით ნაოპერაციევი თავის ქალა იპოვეს

სულ თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ძვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული 800-მდე თავის ქალა შეისწავლეს. ეს რიცხვი გაცილებით აღემატება დანარჩენ მსოფლიოში აღმოჩენილ ყველა ტრეპანირებული თავის ქალის რიცხვს, ერთად აღებულს. კვლევისას გამოჩნდა, რომ საუკუნეთა განმავლობაში ინკების ტექნიკა იხვეწებოდა და ბოლოს პაციენტთა გადარჩენის შანსი 80%-მდე გაიზარდა.

დევიდ კუშნერი: "ამ პროცედურების შესახებ ჯერ ბევრი რამ უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ აშშ-ის სამოქალაქო ომის დროინდელი ოპერაციების შედეგები ახლოსაც ვერ მივა ინკ ექიმთა მიღწევებთან".

დევიდ კუშნერის თქმით, ტრეპანაციისას ინკების პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 17-25% იყო, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს კი 46-56%. სხვაობა ძალიან დიდია. ახლა გასარკვევია, როგორ ახერხებდნენ უძველესი ექიმები ამას. ერთ-ერთი პასუხი შესაძლოა, ჰიგიენა იყოს. სამოქალაქო ომის დროს ექიმები ხშირად იყენებდნენ არაჰიგიენურ, არასტერილურ ხელსაწყოებს და საკუთარ თითებსაც კი თავის ქალიდან სისხლის კოლტების ამოსაღებად.

ჯგუფმა, რომელსაც დევიდ კუშნერი ხელმძღვანელობს, შეისწავლა ძვ.წ. 400-200 წლების პარკასის ცივილიზაციის თავის ქალა, ასევე 1000-1400 წლების 421 ქალა პერუს ცენტრალური მაღალმთიანეთიდან და 1400-1500 წლების 160 თავის ქალა სამხრეთის მაღალმთიანეთიდან.

შედარებით ადვილი დასადგენია, იყო თუ არა ტრეპანაცია წარმატებული. თუკი ნაჭრილობევის ირგვლივ ძვლების აღდგენა აღინიშნება, ეს ნიშნავს, რომ პაციენტი გადარჩა. ძალიან ადრეულ თავის ქალათა ჯგუფში ტრეპანაციის შემდეგ პაციენტთა 40% გადარჩა, მეორე ჯგუფში- 53%, ხოლო ბოლო ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებელი 75-83%-ს აღწევდა. ცხრა თავის ქალისგან შემდგარ შუა პერიოდის მცირე ჯგუფში კი, რომლებიც ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში იპოვეს, გადარჩენის წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელი- 91% იყო.

"დროთა განმავლობაში ძველი ქირურგები სწავლობდნენ, რომელი მეთოდი იყო უკეთესი და სულ უფრო ნაკლებად ბურღავდნენ ტვინის მყარ გარსს"

თავის ქალებზე დარჩენილი ნიშნები აშკარად მიუთითებს დროთა განმავლობაში ტექნოლოგიის დახვეწაზე. ხვრელი უფრო პატარა და ფაქიზი ხდებოდა, მეთოდი კი უფრო დახვეწილი და ზუსტი.

დევიდ კუშნერი: "დროთა განმავლობაში, ისინი სწავლობდნენ, რომელი მეთოდი იყო უკეთესი და სულ უფრო ნაკლებად ბურღავდნენ ტვინის მყარ გარსს. ძველი ექიმების წარმატებები მართლაც თვალში საცემია".

ინკების ქირურგები, ჩანს, მხოლოდ წრიული გაბურღვის მეთოდს იყენებდნენ, რაც ტვინის დამცავი მყარი გარსის დაზიანების შანსს მინიმუმამდე ამცირებდა.

მომზადებულია sciencedaily.com-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#91