მეფე არჩილის ტრაგედია
მეფე არჩილის ტრაგედია
მეფე არჩილ II, იგივე შაჰნაზარ ხანი, მრავალტანჯული ქართველი მონარქი აღმოჩნდა.

საქართველოს პოლიტიკურმა ბედუკუღმართობამ და შინააშლილობამ მეფე პოეტი, ფაქტობრივად, ტახტის მაძიებლად აქცია. იგი მამის, ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) მხარდაჭერით 1661-1663 წლებში ჯერ იმერეთში გამეფდა, შემდეგ 1664-1675 წლებში - კახეთში და ბოლოს, 1678-დან 1698 წლამდე, ოთხჯერ ავიდა იმერეთის ტახზე.

რადგან არჩილის ტახტზე მყარად დასმა მარტოოდენ საკუთარი ძალებით ვერ ხერხდებოდა, ამიტომ მოკავშირის ძებნა რუსეთში დაიწყეს. იმედის მომცემი გამოდგა მეფე არჩილის ელჩობა. მალე ქართველმა მონარქმა
რუსეთის სამეფო კარი თავისი ვაჟიშვილების, ალექსანდრესა და მამუკას მოსკოვში მიწვევაზე დაითანხმა. ბატონიშვილები ბრწყინვალედ იყვნენ აღზრდილი, ზედმიწევნით იცოდნენ სამხედრო საქმე, ჩინებულად ფლობდნენ ქართულ ზნეობას.

უფლისწულები მიიღეს რუსეთის დედოფალმა ნატალია ნარიშკინამ და მისმა შვილმა, მმართველმა სოფიომ. ალექსანდრე და მამუკა ბაგრატიონების გარეგნობამ, საზრიანობამ, ქცევამ, სიმარჯვემ სახელმწიფო კარზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა. ეს კი რუსეთში მათ დიდ მომავალს განაპირობებდა. ყმაწვილი უფლისწულები პეტრე (მომავალი პეტრე I) და ივანე მალე დაუმეგობრდნენ მომავალ ქართველ თანამებრძოლებს. განსაკუთრებით მიუწევდა გული მათკენ პეტრეს, რომელსაც ბატონიშვილებში ყველაზე მეტად მხედრული სიქველე და გონიერება ხიბლავდა.

1690-იანი წლებისთვის პეტრე I-ის ბრძანებით ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილებს საკუთრების უფლებით ებოძათ რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი გამგებლის, ვასილი გოლიცინის ზამთრის სასახლე. სასახლესთან ერთად ქართველ ბატონიშვილებს იმავე დიდმოხელის კარის ეკლესიაც გადაეცათ. მოგვიანებით ქართველებს სახასო მამულებიდან სოფელი ვსეხსვიატსკოე (ქართული წყაროებით - "სვესენწკა", "სვენწკა", "სესენცკა") გამოეყოთ, შემდგომ მოსკოვის ქართველთა ახალშენი, ქართული მწიგნობრობის კერა.

1699 წელს მეფე არჩილი სამუდამოდ გადასახლდა რუსეთში. ულუფად და წლიურ ფულად სარგოდ 1700 წელს რუსეთის ხელმწიფემ მეფე არჩილსა და ბატონიშვილ ალექსანდრეს ნიჟნი ნოვგოროდის სახასო მამულებიდან უბოძა ბელგოროდის, ლისკოვოსა და ტურიუშევის თემები.
რუსეთში მეფე არჩილმა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა ფართოდ გაშალა. მეფე-პოეტს ქართული ხელნაწერი ანბანის მიხედვით ასოთა გამოჭრა შეუკვეთია სასტამბო საქმით ფრიად დაწინაურებულ ნიდერლანდებში. დღემდე შემორჩენილია 1686 წლის 17 დეკემბერს მოსკოვიდან გაგზავნილი არჩილის ქართული წერილი ამსტერდამის ბურგომისტრის, ნიკოლას ვიტსენისადმი. წერილი და კალიგრაფიულად შესრულებული ქართული ანბანის ფაქსიმილეები ადრესატმა 1692 წელს ამსტერდამში გამოცემულ თავის წიგნში გამოაქვეყნა...

ყველაწმინდის ტაძარი სვეხსვიასტკოეში - სესენცკაში, აგებულია 1733-1736 წლებში დარეჯან არჩილის ასულის ინიციატივით. სესენცკის სასაფლაოზე დაკრძალული იყვნენ ბაგრატიონები, ციციშვილები, აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანი. სასაფლაო გაანადგურეს 1982 წელს. შემორჩა რამდენიმე საფლავის ქვა, მათ შორის, იოანე ბაგრატიონისა, რომელიც შვილმა, დიდმა მხედართმთავარმა პეტრე ბაგრატიონმა დაუდგა

უცხოეთში მყოფი ქართველი მეფე წერილით თავს აცნობს "საჩინო ქალაქის", ამსტერდამის მერს ნიკოლას ვიტსენს და შემდეგ მიმართავს: "მოგიკითხავ ვითარცა მეგობარსა შემეცნებულსა ჩემსა. მერმე გავიგონეთ... რომე თქვენ გარჯილხართ ჩვენის გულისათვინ და ჩვენის ენის წიგნის ბეჭედს გვიჭრევინებთ... ჩვენ ამ საქმისათვის დიდად გავიხარეთ, თქვე­ნი მადრიელი შევიქნებით. ამ საქმისათვის ვინებეთ ჩვენის სიყვარულისა და მადლის წიგნის მოწერა... მოველით შენის სიკეთისაგან, აწ არ დააგვიანოთ, რომ საღმთო საქმის ყენება არა ხამს".

ამსტერდამის მერი ნიკოლას ვიტსენი თავისი დროის გამორჩეული კარტოგრაფი იყო. მან 1692 წელს გამოსცა ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი "ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი". გამოცემაში მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოსაც დაეთმო. ავტორი საქართველოზე საუბარს იწყებს გეოგრაფიისა და კულტურული გავლენების მიმოხილვით. აღწერს, რომ მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, თუმცა არიან ისლამის მიმდევარნი ბოლო პერიოდებში, განსაკუთრებით მას მერე, რაც ზოგიერთმა დიდებულმა ისლამი აღიარა საკუთარ რელიგიადო. საინტერესო ცნობებია მოცემული ქართულ მხედრულ ანბანზე. ჯამში 37 გრაფემაა, რომელსაც თან აქვს დართული ლათინური ტრანსკრიფცია. აქედან ორი: "ეÁ" (8) და "ჟან" (17) ორნაირი დაწერილობით აქვს შეტანილი. მიმდევრობაში გამორჩენილია "ტარი" და ბოლოს აქვს დართული 37-ე ნომრად. ამას გარდა, შეტანილი აქვს ორი განსხვავებული გრაფემა: "ენა" (35) და "ლანა" (36).

ამსტერდამში ჯერ ვიტსენის, შემდეგ განთქმული უნგრელი ასოთმოქანდაკე მიკლოშ ტოტფალუშ კიშისა და სულ ბოლოს, ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის წყალობით, ქართული შრიფტი საუკეთესოდ მომზადდა, რის შემდეგაც მეფე არჩილმა 1703 წლის 4 ივლისს ფიოდორ ალექსეის ძე გოლოვინს მიმართა და მოსკოვში ქართული წიგნების დაბეჭდვის ნებართვის მისაღებად პეტრე I-თან შუამდგომლობა სთხოვა. წინათ, - წერდა არჩილ მეფე, - პეტრე I-მა ჩვენ ნება დაგვრთო მშობლიურ ენაზე აქ დაგვებეჭდა წიგნები ოსმალეთისა და ირანის ტირანიისაგან გატანჯულ ქართველთა საეკლესიო და საერო სარგებლობისათვის, რადგან ჩვენი ხალხი წიგნით ნაკლუვანია.

იმ დროს დაწყებული საქმე შრიფტისა და ოსტატთა უკმარისობის გამო შეჩერდა. ახლა ღვთის წყალობით, ჩვენი ენის შრიფტი საუკეთესოდ დამზადდა და მბეჭდავებიც კარგად დაოსტატდნენ... ქართული წიგნების გამოსაცემად რუსეთის ხელმწიფეს 200 მანეთი გამოუყვია. ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა წიგნების დასაბეჭდი დგანის დამზადებას, შრიფტის ჩამოსხმას, ქართული წიგნისათვის საჭირო მასალების შეძენას".
1705 წლის 19 მარტს რუსეთში გამოქვეყნებული პირველი ქართული წიგნი "დავითნი" ქართული ახალშენის დიდ კულტურულ მონაპოვრად იქცა.

სამართლიანად შენიშნავს ისტორიკოსი ფრი­დონ სიხარულიძე, რომ მეფე არჩილი ნაბეჭდი წიგნის ყოველმხრივ ლამაზად გამოცემაზე ენერგიულად ზრუნავდა. კარგი ქაღალდი, მკაფიო შავი და ფერადი შრიფტი, შემკულობა, ორგან კოხტად შეკრული ყდა ახალგამოცემულ წიგნს მიმზიდველს ხდიდა. "დავითნი" მაღალტექნიკურ და მხატვრულ დონეზე იყო გამოცემული, თანაც ადვილად სატარებელი და მოსახმარი...

მოსკოვში მეფე არჩილს თავს ბევრი უბედურება გადახდა. გარდაეცვალა შვილები - დავითი და მამუკა. დარჩა მხოლოდ, როგორც თავად ამბობდა, სანუგეშოდ ალექსანდრე...

მეფე არჩილ II-ისა და მეფე ერეკლე I-ის პორტრეტები. ნიკოლას ვიტსენი

მეფე არჩილის ნუგეში და ბოლო იმედი 1674 წელს თბილისში დაიბადა. 1684 წლიდან მოსკოვის სამეფო კარზე იზრდებოდა, სადაც პეტრე I-ის ყურადღება მიიპყრო. ბატონიშვილი, როგორც პეტრე დიდის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, 1697 წელს ევროპაში გემთმშენებლობის შესასწავლად პეტრე I-ის საგანგებოდ მოწყობილი "დიდი ელჩობის" წევრთა სიაშია, სადაც მისი გვარი რუსეთის სხვა გამოჩენილ პირთა შორის არის მოხსენიებული.

პეტრე I-მა და ალექსანდრე ბაგრატიონმა ჰოლანდიაში ერთად არაერთი ქალაქი მოინახულეს. ხუთ ვოლონტერთან ერთად პეტრე დიდი და ქართველი ბატონიშვილი მთელ კვირას მუშაობდნენ ლინსტა როგეს გემსაშენში. პეტრე აღფრთოვანებული იყო, რომ ქართველმა ბატონიშვილმა შეისწავლა კატარღის მართვა, გაიცნო და გადმოიღო საფლოტო ტერმინები და ხელი მიჰყო საჭირო წიგნების რუსული ენიდან ქართულად თარგმნას (ალექსანდრე ბატონიშვილს რუსულიდან ქართულად უთარგმნია "სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი". ფიქრობენ, რომ მასვე ეკუთვნის იმპერატორ ბასილი მაკედონელის "ტესტამენტის" (ანდერძის) თარგმანი).

ალექსანდრე ბაგრატიონი ჰააგაში დიდი მონდომებითა და სიყვარულით შეუდგა საარტილერიო საქმის შესწავლას. 1700 წლის 19 მაისს პეტრე I-მა მას გენერალ-ფელდცეხმაისტერის წოდება მიანიჭა და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ალექსანდრე რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას შეუდგა. ცნობილია, რომ შვედეთის წინააღმდეგ ომში იგი რუსეთის არტილერიას ხელმძღვანელობდა. 1700 წლის 19 ნოემბერს, შვედეთთან ომის გადამწყვეტი ბრძოლისას, ნარვასთან, ალექსანდრე ბაგრატიონი, სხვებთან ერთად, ტყვედ ჩავარდა და 10 წელიწადი გაატარა საპატიმროში.

შვედებს განსაკუთრებით დიდი საფასურის მიღების იმედი ჰქონდათ ალექსანდრეს განთავისუფლებით, ვინაიდან იცოდნენ, გენერალ ფელდცეხმაისტერი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და პირადი მეგობარი იყო პეტრე დიდისა, რომელიც არავითარ ხარჯს არ მოერიდებოდა მის გამოსახსნელად.

დარწმუნდა რა შვილის განთავისუფლების სირთულეში, 1706 წლის 2 თებერვალს არჩილმა ვრცელი წერილი მისწერა შვედეთის მეფე კარლ XII-ს თხოვნით. წერილში ნათქვამია: "...ჩემი შვილი იმყოფება მისი მეფური უმაღლესობის სამსახურში და საუბედუროდ უკვე ექვსი წელიწადია, რაც იტანჯება ტყვეობაში, მრავალი მწუხარება და ავადმყოფობა ემუქრება მას დაუძლურებითა და ნაადრევი სიკვდილით; ჩვენ კი შვილის დაღუპვის შემთხვევაში მოხუცებულობის ჟამს დარდი უფრო მალე ჩაგვაგდებს სამარეში, ვიდრე ჩვენი ქვეყნის აოხრება და უბედურება.

ქართული ანბანი ნიკოლას ვიტსენის წიგნიდან

ამისათვის ჩვენ და ჩვენი ოჯახობა, თავმდაბლად თავდახრილნი, ვთხოვთ თქვენს ხელმწიფურ უდიდებულესობას მიიღოს ჩვენზე მოწყალება, რომელიც თქვენი უდიდებულესობის ხვედრია და გვიბოძოს ჩვენ წყალობა და ჩვენ შვილს მიანიჭოთ თავისუფლება გაცვლის წესით თქვენი უდიდებულესობის რამდენიმე ოფიცერში, რომელიც თანატოლი იქნება ჩვენი შვილის ჰასაკისა და აწინდელი ხარისხისა, რათა ჩვენს მოხუცებულობას არ მოაკლდეს ეს უკანასკნელი ნუგეში, რის გამოც ჩვენ სარწმუნო იმედს ვიქონიებთ, რომ თუ კი თქვენი უდიდებულესობა ხელმწიფე, მთელ დედამიწაზე და ყველგან განთქმული თქვენი წყალობის შუქმომფენობით, თუკი ღმერთის მცნებებით და მართლმსაჯულებით ინებებდით ჩვენთვის გაგეწიათ ასეთი კარგი და სასარგებლო საქმე, მაშინ თქვენი ხელმწიფობის უდიდებულესობისათვის ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ყველა თქვენს სურვილს შევასრულებდით და დავაკმაყოფილებდით; ჩვენ, მთელი ჩვენი ქართული სამეფო სამუდამოდ დავრჩებით თქვენი ხელმწიფური უდიდებულესობის მადლიერნი და თქვენ ცნობილ სახელს ქვეყნად ვადიდებთ".

საუბედუროდ, მეფე არჩილს სანუგეშო ვა­ჟის ცოცხლად ნახვა აღარ ეწერა... 1711 წელს, მართალია შვედები დათანხმდნენ ალექსანდრე ბატონიშვილისა და თავად ტრუბეცკოის გაცვლას გრაფ პიპერზე. მაგრამ მძიმედ დასნეულებული ბატონიშვილი რომელიც სტოკჰოლმიდან წამოიყვანეს, გზაში, რიგაში გარდაიცვალა.

უკანასკნელი იმედიც გამოეცალა ხელიდან ისედაც ყოველმხრივ იმედგაცრუებულ მეფე არჩილს, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ წერდა: "ოჰ, ჩვენ ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულ საცოდავებს მოგვტაცა შვილი ჩვენი ალექსანდრე, სიკვდილმა, ჩვენ კი მწარე სიბერეში გვიმზადებს მწუხარების გზას სამარისაკენ... ჩემი შვილის ძვლები მაინც გადმოეტანათ მოსკოვში".

არჩილს უკანასკნელი ნატვრა აუსრულეს - ალექსანდრეს ცხედარი რიგიდან მოსკოვში გადმოასვენეს და დონის მონასტერში დაკრძალეს. რამდენიმე დღის შემდეგ ნოვოდევიჩის მონასტრიდან დონის მონასტერში გადმოასვენეს აგრეთვე ალექსანდრე ბატონიშვილის პირველი ცოლის, თეოდოსია ივანეს ასული მილოსლავსკაიასა და არჩილის უმცროსი ვაჟების დავითისა და მამუკას ნეშტები...

ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონი (პორტრეტი შესრულებულია 1736 წელს)

მეფე არჩილის შვილებიდან ცოცხალი მხოლოდ ასული, დარეჯან ბატონიშვილი დარჩა. არჩილის შემდეგ ის ქართული ახალშენის მეთაური გახდა. მრავალი ტრაგედიის მომსწრე ქალბატონი ნახევრად ჩაკეტილ ცხოვრებას მიეჩვია, მას არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი. ზეიმებითა და ბალ-მასკარადებით გაჯერებულ პეტერბურგულ ცხოვრებას მოსკოვში, საკუთარ მამულში ყოფნა ამჯობინა. სწორედ ამ მამულში შეჩერდა პეტრე პირველი, რომელიც 1722 წელს, ჩრდილოეთის ომში გამარჯვების შემდეგ ნიშტადტის ზავს ზეიმობდა. მეორე დღისთვის დაგეგმილი იყო სამასკარადო მსვლელობა ვსეხსვიატსკოედან მოსკოვამდე. იმპერატორის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, დარეჯანმა გლო­ვის მიზეზით ამ ზეიმში მონაწილეობა არ მიიღო. ამქვეყნად გასახარი აღარაფერი დარ­ჩე­ნოდა, მეფე არჩილის გვარის გამგრძე­ლებლები დონის მონასტრის აკლდამებში განისვენებდნენ...

გიორგი კალანდია
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#91
მაიზერ ჩანქსელიანი
19 სექტემბერი 2018 14:33
გიორგი, როგორც წესი, ამომწურავად აწვდის მკითხველს გაუხარელი და უბედო მეფის ამბავს, რომელმაც უნიკალური "საქართველოს ზნეობანით" და სასტამბო საქმიანობით უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა სამშობლოს.
სამწუხაროდ, იმერეთში იმდენად ატკინეს გული მეფე-მგოსანს, რომ ეს სიტყვები აღმოხდა: "დავტოვე ქაჯთა ქვეყანა, ღვთისაგან დაწყევლილიო".
მეფე არჩილი იმდენად იყო ქართულ ჭირვარამს შესისხლხორცებული, რომ ოჯახიანად სამშობლოს ბედი გაიზიარა. ვერც დარეჯანმა ნახა რაიმე სანუგეშო და სასიხარულო.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები