შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში (ნაწილი III) - კვირის პალიტრა

შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში (ნაწილი III)

"ისტორიანი" ასრულებს პუბლიკაციას სტატიისა, რომელშიც განხილულია ქართველ მოღვაწეთა ცნობები XIX საუკუნის მიწურულიდან - 1914 წლამდე რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და ხელფასების შესახებ

დასაწყისი იხილეთ

იხილეთ ნაწილი მეორე

საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური ვალოდია გოგუაძე (1880-1954) იგონებდა: 12 წლისა ბათუმში "დავდექი მუშად რიხნელის ქარხანაში. ჩემს მოვალეობას შეადგენდა ნავთიან ყუთებზე მაშით "კისლატიან კაპსულების" დაფარება. დღეში ვმუშაობდი 11 საათს და ხელფასად მეძლეოდა 2 აბაზი... მუშების უმეტესობას შეადგენდა ქართველობა. ხელფასის მიღებისთანავე ისინი გარბოდნენ სამიკიტნოში, მოითხოვდნენ აუარებელ ღვინოს... ფულს "თავმომწონედ" იხდიდნენ და შემდეგ სხვა სამიკიტნოში გადადიოდნენ; არღნითა და ეტლით მთელ ქალაქს შემოივლიდნენ, სტეხდნენ აურზაურს, ჩხუბს... ამდენი უაზრო ქეიფის შემდეგ ქარხანას უკაპეიკოდ უბრუნდებოდნენ და მეორე დღეს პურის ფულს სესხულობდნენ... ერთი წლის შემდეგ გადამიყვანეს გატეხილი ყუთების შესაკეთებლად... მაძლევდნენ დღეში 10 შაურს. რიხნელის ქარხანაში მუშაობამ იკლო, რის გამოც გადავედი როტშილდის ხერხის ქარხანაში. ჩემს მოვალეობას შეადგენდა ყუთების ჭედვა. ჯამაგირი მეძლეოდა დღიურად 15 შაური".

უ 1904-1906 წლებში კოტე მარჯანიშვილი (1872-1933) მსახურობდა რიგის რუსულ თეატრში, სადაც ის თავის დრამატულ ჯგუფში მიიწვია ანტრეპრენიორმა კონსტანტინ ნეზლობინმა (იმავე ალიაბიევმა).

კოტე მარჯანიშვილი იხსენებდა: "მოვევლინე 1904 წელს მოსკოვის თეატრალურ ბაზარს... დიდმარხვის დღეს (ჩემთვის, ცოლისთვის და შვილისთვის დიდმარხვა უკვე კარგა ხნის დამდგარი იყო, ვინაიდან ფული გამითავდა, ანტრეპრენიორი კი არსად ჩანდა)... ნეზლობინის სახელით გადმომცეს - შევხვედროდი დილის 10 საათზე ფილიპოვის ყავახანაში ტვერსკაიაზე... ამ დღეს სავსებით შევსანსლეთ ის უკანასკნელი ნამცეცები, რაც კი დანაზოგიდან დაგვრჩენოდა, დავიტოვე მხოლოდ ორი უზალთუნი ყავახანის მეკარისათვის სახვალდილაოდ.

10 საათზე ფილიპოვთან გავჩნდი. ნეზლობინი უკვე მაგიდასთან იჯდა და გემრიელად შეექცეოდა ყავას, ფუნთუშ-ნამცხვარს და ცხელ-ცხელ ღვეზელს... ყავა შემომთავაზა. თუმცა შიმშილისაგან თითქმის მუცელს მგვრემდა, უარი განვაცხადე, ეს არის მადიანად ვისაუზმე-მეთქი... მკითხა: "გინდათ ჩემთან სამსახური?" ვუპასუხე - მინდა-მეთქი. ნეზლობინმა კმაყოფილებით გაიღიმა... მითხრა: "კარგი, თქვენ ჩემთან მსახურობთ. ჯამაგირი - 250 მანეთი თვიურად... მშვიდობით!" ხელი ჩამომართვა და დამტოვა...

მეორე დილას, თეატრალური საზოგადოების ბიუროში... მმართველმა პალმინმა... გადმომცა ნეზლობინის სახელით ავანსი 500 მანეთი და მითხრა: "გთხოვათ, არ ეძებოთ საზაფხულო სამუშაო და წახვიდეთ სტარაია რუსაში, რათა გაეცნოთ მის საქმეს, შეიმუშაოთ რეპერტუარი, მუშაობის პირობები".

რიგაში მუშაობის უკანასკნელ წელს, მარჯანიშვილს, როგორც წარმატებულ რეჟისორს, ხელფასი გაუორმაგეს, თუმცა, იმავდროულად, მეორე რეჟისორიც მიიწვიეს.

კ. მარჯანიშვილი იგონებდა: "ნეზლობინს, ცოტა არ იყოს, აჯავრებდა ჩემი წარმატება. ძალიან სწყინდა, რომ პრესაც და საზოგადოებაც ნეზლობინის თეატრზე კი არ ლაპარაკობდა, არამედ მარტო ჩემს მუშაობაზე... მართალია, ძალიან მაფასებდა, ჯამაგირი ერთი-ორად გამიდიდა - ახლა მე 500 მანეთს ვიღებდი, მაგრამ მაინც ამჯობინებდა, რომ აღვირამოდებული ვყოლოდი, ამიტომაც მოიწვია ტუნკოვი... საუკეთესო პიესებს აძლევდა... ეს მე შეურაცხყოფად მივიღე...

კოტე მარჯანიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოშვებული სსრ კავშირის საფოსტო მარკა (1972 წელი)

ნეზლობინს ჩვეულებად ჰქონდა, სეზონის უკანასკნელ დღემდე არას გეტყოდა მომავალ სეზონში კვლავ მასთან სამსახურის თაობაზე. ვფიქრობდი, უარს უკანასკნელ წარმოდგენაზე მეტყოდა. დეკემბერში რამდენიმე წინადადება მივიღე. სხვათა შორის, ხარკოვში მიწვევდა ანტრეპრენიორი ლინტვარიოვი, თვიურად 800 მანეთს მაძლევდა... სეზონი დამთავრდა. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, უკანასკნელ წარმოდგენაზე გულითად ოვაციებს უმართავდა თავის საყვარელ არტისტებს. მეც ვიყავი მათ შორის. წარმოდგენის დასასრულ მომიახლოვდა ნეზლობინი ამ სიტყვებით: "შემდეგ სეზონში მე გაძლევთ თქვენ 800 მანეთს. დანარჩენზე შემდეგ მოვილაპარაკოთ". ბოდიში მოვიხადე მის წინაშე და ვუთხარი, თანხმობა მივეცი ხარკოვში, რადგანაც იმედი არა მქონდა, რომ კვლავ მოისურვებდით ჩემთან მუშაობას-მეთქი. "მაგას მნიშვნელობა არა აქვს, - მიპასუხა მან, - პირგასამტეხლო ჯარიმას მე ვიხდი". მაგრამ გადაჭრით განვუცხადე, რომ ლინტვარიოვის მოტყუება არ შემიძლია...

ხარკოვის საქალაქო თეატრში მუშაობის წლისთავზე, მარჯანიშვილს, როგორც პროფესიონალ რეჟისორს, კიევში გადასვლა შესთავაზეს. ის იგონებდა: "იანვარში ჩემთან ჩამოვიდა ანტრეპრენიორი მ. ე. დუვან-ტორცოვი, რომელმაც შემდეგი სეზონისათვის მიმიწვია კიევს თავის თეატრში, შემომაძლია 1.200 მანეთი თვიურად. დავეთანხმე, მაგრამ პირობა დავუდე: დასის ჩემთან ერთად შედგენა, რეპერტუარის დამოუკიდებლად გაძღოლა და განსაზღვრული თანხა დადგმებისათვის. დუვანმა მიიღო ჩემი პირობები".

1908 წლის იანვარში ოდესის ქალაქის საბჭომ კოტე მარჯანიშვილს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მომავალი "სეზონისათვის შემოტანილია განცხადება თეატრის იჯარით აღების თაობაზე სამი ანტრეპრენიორის - მიკულინის, სიბირიაკოვისა და ბაგროვის მიერ. სამივენი თქვენ გასახელებენ, როგორც სამხატვრო ნაწილის ხელმძღვანელს. კეთილი ინებეთ გვიპასუხოთ, ამ სამიდან ვისთან აპირებთ სამსახურს".

მარჯანიშვილი იხსენებდა: "დეპეშა გავგზავნე - თუ ვიქნები, მხოლოდ ბაგროვთან. ბაგროვმა თეატრი მიიღო. დუვან-ტორცოვს ჩემი გაშვება არ უნდოდა. იმასთან მე 1.200 მანეთს ვიღებდი თვიურად... შემომაძლია 1.500. ეს რომ გაიგო, ბაგროვმა 1.800 შემომაძლია. დაიწყო ვაჭრობა. ასე რომ, თითქო აუქციონით ბაგროვს 2.400-ად ვერგე. ეს იყო დაუჯერებელი, სარეკორდო ციფრი, რაც როდესმე რუსეთში რეჟისორს მიეღო. შემეძლო მეამაყა: ჯერ კიდევ 1905 წელს ვიღებდი რიგაში ნეზლობინისაგან 250-ს თვიურად, ახლა კი ოთხი წლის შემდეგ, ჩემი განაკვეთი 2.400 მანეთამდე გაიზარდა".

ამგვარად, კოტე მარჯანიშვილს უზარმაზარი ხელფასი ჰქონდა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ იმ პერიოდში მოსახლეობა დიდ ინტერესს იჩენდა თეატრისადმი და სპექტაკლებს აქტიურად ესწრებოდა. სწორედ ამის წყალობით, მაგალითად, 1907 წლის ზაფხულის სეზონში ანტრეპრენიორ დუვან-ტორცოვის შემოსავალმა 70 ათასი მანეთი შეადგინა.

საქართველოს სახალხო არტისტი ეკატერინე (ცაცა) ამირეჯიბი (1889-1975), რომელიც 1910-1911 წლებში მოსკოვში, ს. ხალიუტინის თეატრალურ სტუდიაში სწავლობდა, საინტერესოდ აღწერს ამ ქალაქში იმხანად მყოფ ქართველ სტუდენტთა ცხოვრებას. ის იგონებდა: "გადავწყვიტე მოსკოვში წავსულიყავი და სახელოვნო განათლება მიმეღო, მაგრამ ჩემს მშობლებს ოთხივე შვილის უმაღლეს სასწავლებელში გაგზავნა არ შეეძლოთ. სამსახური დავიწყე რკინიგზის სამმართველოში... თვეში 30 მანეთი მქონდა. სასმელ-საჭმელით ოჯახში უზრუნველყოფილი ვიყავი. ეს ფული მთლიანად შემეძლო გადამედო და მოსკოვში წასასვლელად მეგროვებინა. სამსახური 6-საათიანი იყო, 9-დან - 3 საათამდე.

ეკატერინე (ცაცა) ამირეჯიბი

ქართველებს, საზოგადოდ, ძალიან გულთბილად და სიყვარულით გვიღებდნენ მოსკოვში. იმ დროს ჩამოსულ ქართველ ახალგაზრდებს ისიც გვამხნევებდა და გვაამაყებდა, რომ ორი დიდი ხელოვანი, ორი ჩვენი თანამემამულე თავისი დიდი მხატვრული შემოქმედებით ამდიდრებდა მაშინდელ თეატრალურ მოსკოვს. ესენი იყვნენ კოტე მარჯანიშვილი და ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი.

სწავლის გადასახადი ძალიან მცირე იყო, ისე რომ, შევძელი ჩემი ორი წლის მოგროვილი ფულით გადამეხადა... ჩემთან ერთად ოთახში ცხოვრობდა თამარ ძნელაძე, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობდა... ის იყო დისშვილი ცნობილი ქართველი ხუროთმოძღვრის სიმონ კლდიაშვილისა, რომელმაც ააშენა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგში - ქართული უნივერსიტეტი. ოთახის ქირას სანახევროდ ვიხდიდით, ძალიან კარგი დიასახლისი გვყავდა. ბინა და ჭამა-სმა თითოს 25 მანეთი გვიჯდებოდა".

ცაცა ამირეჯიბი წერს: "მოსკოვში ცხოვრებას ჩვენთვის თავისებური სიძნელეებიც და შეღავათებიც ჰქონდა. სასადილოში იაფი სადილები იყო, მაგრამ ქართველი სტუდენტების უმეტესობას არც ამის საშუალება ჰქონდა... მოსკოვში…მყოფი ქართველი სტუდენტობა მუდამ ახლო იყო ხელოვნებასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. მას არ გამორჩებოდა არც ერთი მოვლენა. არსებობდა ქართველთა სათვისტომო, რომელიც ეხმარებოდა ქართველ ღარიბ სტუდენტებს. ყოველ წელიწადს იმართებოდა ტრადიციული ქართული საღამოები, რომლებზეც დიდი თანხა გროვდებოდა ხოლმე და ამ თანხას ღარიბ სტუდენტობას ახმარდნენ. ნაწილს საქართველოშიც უგზავნიდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას".

უ კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი (1894-1974), რომელმაც დაამთავრა ჯერ თბილისის სახელოსნო სასწავლებელი (ორთქლმავლის მემანქანის სპეციალობით), ხოლო შემდეგ ფერწერისა და ქანდაკების სკოლა (იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით), შედიოდა ქართულ სახალხო სახლთან არსებული წარმოდგენების მმართველ წრეში (1910-1914 წლებში) და სპექტაკლებშიც მონაწილეობდა. ამის პარალელურად, იგი იარალოვის ქარხანაში ზეინკლად მუშაობდა და დღიურ ჯამაგირად 80 კაპიკს იღებდა.

1914 წელს მიხეილ ჭიაურელმა შექმნა თავისი პირველი ქანდაკება - მსახიობ კოტე მესხის (1857-1914) ბიუსტი, რის გასამრჯელოდაც სოლიდური თანხა გადაუხადეს.

მიხეილ ჭიაურელი იგონებდა: "შემკვეთი მოვიდა და თან კიდევ ჩემთვის უცნობი კაცი მოიყვანა... ბიუსტი ორივეს მოეწონა. შემკვეთმა კიდევ ერთხელ მკითხა შრომის საფასური, მაგრამ ვთხოვე, თავად გადაეწყვიტათ. ამოიღო საფულე და ხუთი წითელი თუმნიანი გადმომცა, თან მადლობა დააყოლა. დედაჩემი მთელ ამ სცენას გაკვირვებული უცქერდა. სტუმრების წასვლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ჰონორარი დედას გადავეცი ოჯახში მოსახმარად. არ იღებდა, ვერ წარმოედგინა, რომ ამდენი ფულის აღება შეიძლებოდა თაბაშირისაგან გაკეთებულ რაღაც საგანში".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე შალვა მაღლაკელიძე (1894-1976) იგონებდა - 1914 წლის ზაფხულში, როცა ქუთაისის ქართული გიმნაზიის დასრულების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა, მას მამამ ერთი წლის სამყოფი თანხა გაატანა. მასთან ერთად გაემგზავრა პოეტი ტიციან ტაბიძეც, რომელიც იმხანად მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

ვალოდია გოგუაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში

შალვა მაღლაკელიძის მოგონებაში ვკითხულობთ: "ჩავედით მოსკოვში და დავბინავდით. მამაჩემმა მე გამატანა 350 მანეთი - ერთი წლის ფული ერთბაშად. ტიციანს ვუთხარი - ამდენი ფული მაქვს-მეთქი. ტიციანს ჰქონდა 30 მანეთი, დიაკვანი იყო მამამისი და ერთი თვის ხელფასი მიუცია. პავლე აბულაძეს, ტიციანის მეგობარი იყო, ისიც სტუდენტი, 20 მანეთი აქვს. დავბინავდით ერთად, 20 მანეთად სამი კაცი. მკერავი ქალი იყო, უნივერსიტეტთან ახლოს აქირავებდა ბინას. ტელეფონიც გვაქვს".

მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, შალვა მაღლაკელიძე, სამშობლოში დაბრუნებამდე (1915 წ.) მსახურობდა ქალაქის თავ მიხაილ ჩელნოკოვის (1863-1935) მდივნად.

შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: "მოსკოვის თავი იყო რუსეთის ყველა ქალაქის თავის - "სოიუზ გოროდოვის" თავმჯდომარე... მისცა გაზეთში განცხადება, რომ ქალაქის განყოფილების ("პო პრიომუ ი ევაკუაციი რანენიხ") მხრივ მას სჭირდება მდივანი, მაგრამ სასურველიაო მას ჰქონდეს 18 წლის მუშაობის სტაჟიო... ხუმრობით შევიარე ქალაქის თავთან, რომ ამ ადგილზე დამნიშნოს... მკითხა: "ვი გრუზინ?" - "და!" - "პო აკცენტუ ვიდნო"... მცირე გასაუბრების შემდეგ, ეტყობა მოვეწონე თუ რა არის, მითხრა: "ნაზნაჩუ. სემდესიატ რუბლეი ზოლოტომ პოლუჩიტე ს ლოშადმი... დოკტორსკი ობედ ბუდეტე პოლუჩატ. ვ ვაშემ რასპორიაჟენიი ბუდუტ ვრაჩი იმპერიი. მოი სეკრეტარ ობუჩიტ ვას, კაკ პრისტუპიტ კ დელუ. ვი მნე პონრავილის, ნე ნუჟნო ნიკაკოგო სტაჟა".

გამოვედი გარეთ. ბიჭები მიცდიდნენ. მე ვუთხარი: "დამნიშნეს!"... ატეხეს აურზაური: "ჩვენც მოგვაწყეო!" მართლაც, გამოვიგონე თანამდებობა "ეტაჟნი სტუდენტ", ე.ი. სახლებში, რომლებიც ლაზარეთებად იქცა, მორიგე რომ იყოს თითოეულ სართულზე. დაჭრილებს რომ მოიყვანენ, ამისთვის დავნიშნე, ვინც კი ქართველი სტუდენტი იყო... დაენიშნათ ხელფასი 50 მანეთი".

ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შალვა მაღლაკელიძე ფინანსურად დაეხმარა მოსკოვში დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატ ალექსანდრე თეოფანეს ძე ნადირაძეს, რითაც ეს უკანასკნელი სიკვდილს გადაარჩინა.

შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: "თავის დროზე მოსკოვში ნადირაძე რომ დაიჭირეს, როგორც ბოლშევიკი, ვიღაც ქალმა გასცა, მივედი მე. ერთი ოქროს თუმნიანი მქონდა და ერთი ვერცხლის ათშაურიანი. სხვა ფული არა მაქვს. ათშაურიანი რომ მივცე ცოტაა - ორ სადილს ჭამდა კაცი რესტორანში. ოქროს თუმნიანი კი უკვე პატარა მოხელის თვიური ჯამაგირი იყო. ავიღე და თუმნიანი მივეცი".

უ გიორგი ლეონიძე (1897-1966), რომელმაც ლექსების წერა ყმაწვილობიდან დაიწყო, იგონებდა: "1913 წელს, ერთ მზიან დილას, მე შევედი "ნაკადულის" რედაქციაში მორიგი, ახალი ნომრის მისაღებად, რომელშიც ჩემი ლექსი "შემოდგომა" იყო დაბეჭდილი. "ნაკადულის" რედაქტორმა ნინო ნაკაშიძემ შემაჩერა - არ წახვიდეთ, ჰონორარი გაქვთ მისაღებიო და იქვე გადმომითვალა ვერცხლის ფულად რვა მანეთი და ათი შაური. მე გავშრი ასეთი უჩვეულო ყურადღებით, მაგრამ ნინომ პირდაპირ ძალით მომაჩეჩა ხელში ხსენებული თანხა. გამოველ რედაქციიდან თუ არა, მე პირდაპირ წიგნის მაღაზიებს ვეცი და ჩემი სასურველი წიგნები ვიყიდე, რომელთა შეძენასაც საკუთარი ფულით, წინა დღეს ვერც კი წარმოვიდგენდი. ასეთი იყო ჩემი პირველი ჰონორარი".

გიორგი ლეონიძე

საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ლიდერი კანდიდ ჩარკვიანი (1906-1994) იგონებდა: "დედაჩემის სოფელ ქორენიშში იქაურების მეცადინეობით სამრევლო სკოლა დაარსდა... 1913 წლის ნოემბერში გაიხსნა... სკოლის გამგეს და ერთადერთ მასწავლებელს ალფეზი ასათიანს სრული საშუალო განათლებაც არ მიეღო, მაგრამ ხანგრძლივი პრაქტიკით დაწყებით სკოლაში სწავლების ხერხები ასე თუ ისე აეთვისებინა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, 6-7 წლის ბავშვები, მის მოუმზადებლობას ვერ ვგრძნობდით... თუმცა სამრევლო სკოლის მასწავლებლის თვიური ხელფასი 25 მანეთზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, მისთვის, სახსრების უქონლობის გამო, 15 მანეთი დაენიშნათ. და აი, მასწავლებელმა სკოლის მზრუნველებთან შეთანხმებით, მოსწავლეთა ოჯახებს ერთგვარი ხარკი დაადო: თვეში ერთხელ თითოეულ მათგანს მისთვის სადილი უნდა მოეტანა. მასწავლებლის ოთახში მაგიდაზე იდო რვეული, რომელშიც მოსწავლეების სია იყო შედგენილი. ვინც სადილს მოიტანდა, მისი სახელისა და გვარის ხაზზე ჯვარი დაისმებოდა... მრგვლად მოხარშული ქათამი, ხაჭაპური, ყველი - ასეთი იყო ჩვეულებრივად ამ სადილის მენიუ. მჭადის მოტანა სირცხვილად ითვლებოდა, უთუოდ პური უნდა მიერთმიათ".

უ გეოლოგი გიორგი ზარიძე (1908-1999) იგონებდა: "დავიბადე თბილისში, რკინიგზის მემანქანის ოჯახში... ჩემს ბავშვობაში 9-10 წლის ასაკამდე ჩვენი ოჯახი ეკონომიკურად ნორმალურად უზრუნველყოფილი იყო. მამას ყოველთვიურად მოჰქონდა ხელფასის სახით ერთი მუჭა ოქროს ათმანეთიანები (თუმნიანები) და მაგიდაზე ჩხარაჩხურით დაყრიდა ხოლმე. შემდეგ ფულს დედა ეპატრონებოდა. მოგვიანებით, 1917 წლიდან დაწყებული... ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუარესდა".

უ ფიზიკოსი ვახტანგ პარკაძე (1912-1996) იგონებდა, რომ საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, კერძოდ, 1923-1924 წლებში მიმოქცევაში მყოფი ამიერკავკასიის ფედერალური მანეთის "კურსი ყოველდღე იცვლებოდა... ერთ დღეს, გირვანქა პური 75 მილიარდი მანეთი ღირდა. ხალხი დასცინოდა მთავრობას. ერთხელ დიდედაჩემმა დაიჩივლა: რევოლუციამდელ საქართველოში ფულის ერთი კუპიურით ქალის გათხოვება შეიძლებოდა. მეტადრე "პეტროვკით" (500 მანეთი) აზნაური ქალის დიდი მზითევი მომზადდებოდაო. ახლა ჩვეულებრივი სადილი რომ გააწყო, ერთი ხურჯინი ფული უნდა დაახარჯოო".

საყმაწვილო ჟურნალ "ნაკადულის" გარეკანი (1913 წლის #17)

ხსენებულ ბანკნოტს იმიტომ უწოდებდნენ "პეტროვკას", რომ რუსეთის იმპერიის 500-რუბლიანი "სახელმწიფო საკრედიტო ბილეთის" ავერსზე გამოსახული იყო პეტრე I-ის პორტრეტი. რაც შეეხება ამ ბანკნოტის ღირებულებას, უნდა გავიხსენოთ, რომ იგი უდრიდა 50 ცალ ოქროს თუმნიანს, ხოლო ამ უკანასკნელის ერთი ეგზემპლარის დღევანდელი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 400 აშშ დოლარს, ანუ 1000 ლარს უტოლდება. ამდენად, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მიმოქცევაში არსებული რუსული 500-რუბლიანი კუპიურის ღირებულება დაახლოებით შეესაბამებოდა თანამედროვე 20.000 დოლარს...

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნის მიწურულიდან - პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და ხელფასების შესახებ საყურადღებო ინფორმაციაა დაცული როგორც სახელმწიფო არქივებში, ასევე ცნობილი ქართველი პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და ხელოვანთა თხზულებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#91