"ლაღიძის წყლების" ისტორია
18-08-2018
"ლაღიძის წყლების" ისტორია
"თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი"

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მიტროფანე ლაღიძისა და მის საყოველთაოდ ცნობილი "ლაღიძის წყლების" შესახებ ცოტაოდენი რამ ვიცით. ქართული ღვინის შემდეგ ყველაზე ცნობილი ქართული სასმლის ბრენდს, რომელსაც თავის დროზე ლექსებს უძღვნიდნენ სერგეი ესენინი, ევგენი ევტუშენკო და ფაზილ ისკანდერი, საკმაოდ რთული ისტორია აქვს.

თუ პოლიტიკური გარემოებების რადიკალური ცვლილებები დამღუპველი აღმოჩნდა როგორც რუსეთის იმპერიაში დაბანდებული უცხოური კაპიტალისთვის (მაგალითად, ნობელების, სიმენსებისა თუ როტშილდების), ასევე ანტრეპრენიარული წამოწყებებისთვის,
მიტროფანე ლაღიძის საქმიანობა გამონაკლისს წარმოადგენს. მიუხედავად რუსეთის 1917 წლის რევოლუციისა, ცარიზმის დამხობისა, საბჭოთა კავშირისა და ახალი ეკონომიკური ფორმაციის შექმნისა თუ სტალინის ეპოქისა, "ლაღიძის წყლები" წარმატებულად საქმიანობდა მთელი XX საუკუნის განმავლობაში.

მიტროფანე ერმალოს ძე ლაღიძე 1869 წლის 22 ივნისს სოფელ ჭოლევში (დღევანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, იმერეთი), ღარიბი
აზნაურების ოჯახში დაიბადა. 14 წლისა მშობლებმა ქუთაისში სამუშაოდ გაგზავნეს, სადაც შეგირდად მოეწყო პეტრე ყოყოჩაშვილისა და პოლონელი ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. წამლების გარდა, ივანოვსკი ქუთაისში წვენებსაც ამზადებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, სასმლის წარმოება უკვე მიტროფანემ ჩაიბარა.

აღმავალი ბიზნესი

მან დაიწყო საზღვარგარეთიდან შემოსული სხვადასხვა ესენციებისგან გამაგრილებელი სასმელების დამზადება, ასევე, ექსპერიმენტების მოწყობა სხვადასხვა ბუნებრივი ბალახისა და ხილის ნედლეულისგან. 1887 წელს ლაღიძემ ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებული ხილის წყლების საინტერესო რეცეპტურა შექმნა. იმავე წელს მიტროფანემ ხილეულის სასმელების წარმოების ამხანაგობაც დააარსა. სასმელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქუთაისში ლიმონათს მეთულუხჩეები გასაყიდად დროგებით დაატარებდნენ. ლაღიძის პირველი სარეკლამო ფრაზა, რომელსაც მედროგეები ქუჩა-ქუჩა გაჰყვიროდნენ, იყო: "თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი". ბოთლის ფასი 1 შაური იყო, რაც დაახლოებით უდრის 0,85 გრამ ვერცხლს, ან 10 გრამ სპილენძს.


ამხანაგობის დაარსების შემდეგ, ლაღიძე ლიმონათის წარმოების შესასწავლად 1902 წელს საფრანგეთსა და გერმანიაში გაემგზავრა. მან პირველმა გამოიყენა ჩამოსასხმელი წყლის გაკეთილშობილების მეთოდი. თუ ადრე წყალს მხოლოდ ესენციით ამზადებდნენ, მან ესენცია ნატურალური ხილის ვაჟინით (სიროფი) შეცვალა. ეროვნული წყლის სარეკლამო სახე ჩიხტიკოპიანი ქალი იყო. ეტიკეტზე მხატვარმა გიორგი ზაზიაშვილმა მიტროფანეს დედა გულჩინა უგრეხელიძე დახატა. ბოთლი საფრანგეთში მზადდებოდა, სარეკლამო კონსულტაციებსაც ფრანგები უწევდნენ. ახალი სარეკლამო ფრაზა იყო: "ერიდე სიყალბეს და მოითხოვე ყველგან".

სასმლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიტროფანეს მხოლოდ საუკეთესო პროდუქტი სჭირდებოდა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით მას მოუწია მოეძებნა ნედლეულის საუკეთესო წყაროები. მაგალითად, ვაშლსა და ატამს მხოლოდ გორში ყიდულობდა, მარწყვსა და ჟოლოს - ბაკურიანში, ციტრუსს - აფხაზეთში, ალუბალს - კასპში, ვარდს კი ლაგოდეხის ნაკრძალიდან იძენდა.

გამაგრილებელი სასმელების მცირე ქარხანა მიტროფანემ ქუთაისში 1900 წელს დააარსა. კრედიტები მას მსოფლიოს დიდ ბანკებში ჰქონდა გახსნილი. 1902 წლის ივლისში კი ლაღიძემ გახსნა ქუთაისში საყინულე და სასმელი წყლების ახალი ქარხანა. აღსანიშნავია, რომ ქარხანა "ელექტრონით" იყო განათებული. სხვადასხვა მონაცემებით, საწარმოს დღეში "300-500 ფუთამდე ყინულის მომზადება შეუძლიან".

ლაღიძის ფინანსები ეჭვს ბადებდა რუსეთის იმპერიის მესვეურებში. განსაკუთრებით, იმის გამო, რომ ლაღიძე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი იყო. ანტისამთავრობო საქმიანობაში ჩართვის ეჭვის გამო, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ ლაღიძეზე საგანგებო მეთვალყურეობაც დააწესა. მიტროფანეს უფრო მძიმე ბრალდებებსაც უყენებდნენ. საქართველოს საისტორიო არქივში ინახება 1908 წლით (მარტი-აპრილით) დათარიღებული ქუთაისის ჟანდარმერიის სამმართველოს მიერ შედგენილი რამდენიმე საიდუმლო საბუთი.

ამ დოკუმენტების მიხედვით, მისი ქუთაისის ქარხნის მისამართი გამოიყენებოდა საზღვარგარეთ მყოფი რუსი და ქართველი ანარქისტების მიერ, საქართველოში თავის თანამებრძოლებთან დასაკავშირებლად. როგორც ჩანს, ეს ბრალდება არ იყო საფუძველს მოკლებული, რადგან მიტროფანეს ძმა მიხეილი ანტისამთავრობო საქმიანობაში მონაწილეობის გამო არხანგელსკის ოლქში გადაასახლეს და ჟანდარმერიის მიერ ხან ანარქისტ-კომუნისტების, ხან კი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიების სიაში იყო შეყვანილი.

1905 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მხარდაჭერით მიტროფანე ლაღიძემ დაიწყო გამაგრილებელი სასმელების წარმოება ტფილისში, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირის #24-ში. 1906 წელს კი იმავე ადგილას გახსნა "ლაღიძის წყლების" მაღაზია. აღსანიშნავია, რომ ლაღიძის ქარხანა იყო ერთ-ერთი პირველი ამიერკავკასიაში, რომელმაც მუშებისთვის 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი შემოიღო.

მაღაზიის ინტერიერი XX საუკუნის დასასრულს

1906 წელს ტფილისში ბიზნესის წამოწყებისას, ქალაქში უკვე არსებობდა ორი ხილეულის ქარხანა. პირველი ცნობილ აფთიაქარ-პროვიზორ ევგენი ზემელს ეკუთვნოდა, მეორე კი ვინმე მამულოვს. გადმოსვლიდან 4 წლის შემდეგ, 1910 წელს, ამ ქარხნებმა ვერ გაუძლეს ლაღიძის მძლავრ კონკურენციას და ბიზნესის შეწყვეტამ მოუწიათ. ჟანდარმერიამ მიტროფანე ტფილისში მაღაზიის გახსნიდან ცოტა ხნის შემდეგ, დააპატიმრა. ზოგი ცნობის მიხედვით, ოფიციალური მიზეზი იყო მაღაზიის აბრაზე ჯერ ქართული და შემდეგ რუსული წარწერის განთავსება. მიტროფანეს მეუღლე ოლიმპიადამ დახმარების თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს და ამჯერადაც ამ უკანასკნელის უშუალო შუამდგომლობით, ლაღიძე დაჭერას გადაურჩა. ილიას ამისთვის ქართველ ინტელიგენციაში ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა.

მიტროფანე მეცენატიც იყო. მის მიერ დაარსებულ გამომცემლობაში იბეჭდებოდა იმ დროის ქართველი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებები. მისი უშუალო დაფინანსებით გამოიცა აკაკი წერეთლის "გამზრდელი" და "ნათელა"; 1898 წელს გამოიცა ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი", აკაკი წერეთლის "მომაკვდავის ჩვენება" და ვახტანგ ორბელიანის "იმედი". მიტროფანეს მიერ 1908 წელს აკაკი წერეთლის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავისთვის ქუთაისში დაიბეჭდა საიუბილეო კრებული, რომლის ყდაზე ეწერა: "მთელი ამ გამოცემის შემოსავალს ნიშნად ღრმა პატივისცემისა ვუძღვნი იუბილარს აკაკის 50 წლის მოღვაწის სახსოვრად". ლაღიძე თვითონაც წერდა გაზეთ "ივერიაში", "კვალში", "დროებაში" და სხვაგან.

მისი უშუალო მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში აშენდა პირველი ელექტროსადგური. ლაღიძემ ქუთაისის ბანკის მმართველის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კირილე ლორთქიფანიძის დახმარებით საფრანგეთიდან ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად საკმაოდ დიდი კრედიტი მიიღო და 1904 წელს აშენებულმა სადგურმა ქალაქ ქუთაისს ელექტროგანათება პირველად მისცა. შემდეგ ლაღიძემ საფრანგეთიდან მაცივარ-დანადგარები მიიღო და პირველმა დაიწყო საქართველოში ხელოვნური ყინულის დამზადება. მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული ქუთაისში ბარიტის წარმოება.

გოლოვინის გამზირზე "ლაღიძის წყლების" მაღაზია 1906 წელს გაიხსნა

"ლაღიძის წყლები", ტფილისში გადმოსვლის შემდეგ, მთელ საქართველოში გახდა პოპულარული. მიტროფანეს ნაწარმმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, როცა 1913 წელს ვენის საერთაშორისო გამოფენაზე ჯილდოდ ოქროს მედალი მიიღო. ასევე უმაღლესი ჯილდო ერგო 1914 წელს პეტერბურგში გამართულ ჰიგიენურ გამოფენაზე საუკეთესო ხილეულის სასმლის დამზადებისთვის (მოგვიანებით კომუნისტებმა მას ორივე ჯილდო ჩამოართვეს). ლაღიძის წყლებით მოიხიბლა რუსეთის სამეფო ოჯახიც და 1917 წლის რევოლუციამდე მიტროფანე ლაღიძე საიმპერატორო კარის ექსკლუზიური მიმწოდებელი შეიქნა.

"ლაღიძის წყლები" და პოლიტიკოსები

1921 წელს, გაურკვეველ ვითარებაში, ლაღიძის ქარხანა ხანძარმა გაანადგურა და მიტროფანე იძულებული გახდა, სასმელები საკუთარი სახლის სარდაფში ეწარმოებინა. იმის შესახებ, რომ წარმოება არ შეწყვეტილა, სხვადასხვა საგაზეთო ცნობა იტყობინება. მდგომარეობა 1927 წლამდე არ შეცვლილა, როცა ლაღიძემ ქარხანა კლარა ცეტკინის ქუჩაზე ახლად შესყიდულ შენობაში გადაიტანა. დირექტორი თავად მიტროფანე იყო და იმ დროის სტანდარტებით, ქარხანა საკმაოდ კარგად იყო აღჭურვილი. გამოიყენებოდა მოწინავე ტექნოლოგიები და 1934 წელს, პირველად საქართველოში, ნახშირმჟავა აირის წარმოება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გასაბჭოებამ ლაღიძის ბიზნესს დიდი პრობლემები შეუქმნა, პროდუქციის წარმოება ქარხნის ნაციონალიზაციის შემდეგ კვლავინდებურად აღდგა 1917-წლამდელი მასშტაბებით. 1934 წელს უკრაინის მთავრობამ მიტროფანე კიევში მიიწვია. ის ასევე მიიწვიეს მოსკოვისა და ლენინგრადის ლიმონათების ქარხნებში, არაერთხელ მიიპატიჟეს ირანში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში, რათა იქ საკუთარი წარმოება გაეხსნა, თუმცა ამაზე უარი თქვა.

არსებობს მონაცემები, რომ 1945 წელს იალტის კონფერენციის დროს მაგიდაზე ლაღიძის წყლები იდგა. სასმლის განსაკუთრებულ მოყვარულთა შორის აღმოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, რომელმაც შინ ამერიკაში ლაღიძის წყლების 2000 ბოთლი წაიღო. თვით სტალინიც უპირატესობას ანიჭებდა ლიმონათს, ანუ გამაგრილებელ სასმელს.

მიტროფანე ლაღიძე

"ლაღიძის წყლები" დიდი პოპულარობით სარგებლობდა კომპარტიის ელიტის წევრებს შორის. მაგალითად, "ლაღიძის წყლების" ქარხანაში საბჭოთა კავშირის დროს ცალკე განყოფილება მუშაობდა ქვეყნის მმართველი კლასისთვის ლიმონათის დასამზადებლად. სასმელები მოსკოვში ორშაბათობით მიდიოდა და არსებობს მონაცემები, რომელი ლიდერი სასმლის რომელ სახეობას ანიჭებდა უპირატესობას.

მაგალითად, ნიკიტა ხრუშჩოვი ფორთოხლისა და მსხლის სასმელებს ამჯობინებდა; ლეონიდ ბრეჟნევი - მსხლისა და ტარხუნის; მიხეილ კალინინი - ფორთოხლის; ანასტას მიქოიანი - ლიმონისა და მსხლის (თვითონ მიტროფანე ლიმონის ლიმონათის მოყვარული იყო).
მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსებსაც არ დაუმალავთ "ლაღიძის წყლებით" აღფრთოვანება. უინსტონ ჩერჩილმა თავის მემუარებში, 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე საუბრისას, აღწერა ლაღიძის ლიმონათის უნიკალური გემო. 1952 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ მოსკოვში საჩუქრად გამოგზავნილი 1000 ბოთლი "კოკა-კოლის" პასუხად, ამერიკაში უნდა გაგზავნილიყო საბჭოთა კავშირში საუკეთესო უალკოჰოლო სასმლის ბრენდი.

სტალინმა საგანგებოდ მოსკოვში დაიბარა მიტროფანე და მის ჩამოსაყვანად ტფილისში სპეცმატარებელიც კი გაგზავნა (მიტროფანეს საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა სტალინსა და ბერიასთან. მაგალითად, ამ უკანასკნელს ეჭვი ჰქონდა, რომ ლაღიძე საიდუმლო ტექნოლოგიებით ამზადებდა სასმელებს. საბოლოოდ, მიტროფანე იძულებული შეიქნა, სასმელი საკუთრივ ბერიას წინ დაემზადებინა). მაშინ მიტროფანე 82 წლის იყო. სტალინის ბრძანებით ჩამოსხმულ წყალს "ლიმონათი" დაერქვა და ის ხილის ასორტისგან იყო დამზადებული. ახალი სასმლის დეგუსტაცია მოსკოვში, სტალინის ავტოქარხანაში მოეწყო. სასმელი ქარხნის 120 მუშას გაასინჯეს და მოწონებაც დაიმსახურა. საბოლოოდ, ამერიკაში გაიგზავნა მსხლის, ლიმონის, ქლიავისა და შოკოლადის სასმლის დიდი პარტია. ტრუმენს "ლაღიძის წყლები" ძალიან მოეწონა.

ქუთაისში ახალი სასმელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა

ამერიკის პრეზიდენტის პასუხით კმაყოფილმა სტალინმა იმავე 1952 წელს მიტროფანე ლაღიძე დანიშნა საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობასთან არსებული "გლავფრუქტვოდის" გენერალურ კონსულტანტად. ამ თანამდებობაზე მას ევალებოდა სსრკ-ში გამოშვებულ სასმელებზე კონტროლი და ხარისხის გაუმჯობესება. სამინისტროს გამოცემულ გამაგრილებელი სასმელების კრებულში 90% მიტროფანე ლაღიძის რეცეპტურაზე იყო დაფუძნებული.

კომუნისტებს სურდათ "ლაღიძის წყლების" ქსელის გაფართოება, ეგონათ, რომ ამით მოსახლეობაში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირდებოდა. ფილიალები გაიხსნა მოსკოვში, არბატზე და უკრაინაში (თბილისის პარალელურად, ლაღიძემ 1930 წელს, სოხუმში, ნესტორ ლაკობას ინიციატივით ააშენა და წარმოებაში გაუშვა ხილეულის წყლების ქარხანა). 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში მშრალი კანონის ამოქმედების შემდეგ ლაღიძის ლიმონათი "კახური" გაყიდვიდან ამოიღეს - სასმელში მცირეოდენი ალკოჰოლის არსებობის გამო. ქართველი კომუნისტების ინიციატივით, ლაღიძის თბილისის ქარხანაში სპეციალური საამქრო აშენდა, სადაც სამი დასახელების ლიმონათი: ლიმონი, ფორთოხალი და სიტრო მზადდებოდა...

მიტროფანე ლაღიძე 1960 წელს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. ქარხნის ეზოში მას ძეგლი დაუდგეს. მას და მის მეუღლეს ოლიმპიადა ვახანიას 5 შვილი ჰყავდათ და ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში თბილისში, კონსერვატორიის წინ ცხოვრობდა. ბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ ლიმონათის გარდა, მიტროფანეს ასევე შემუშავებული ჰქონდა ლიქიორების რეცეპტურა, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოებაში არ დანერგილა.

ემილ ავდალიანი
ჟურნალი "ისტორიანი",#91
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!