თურქეთის ლაზები და ეროვნული აღქმის პრობლემა - კვირის პალიტრა

თურქეთის ლაზები და ეროვნული აღქმის პრობლემა

ლაზეთი (ჭანეთი), საქართველოს ეს ძირძველი მხარე, ხუთი საუკუნის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული.

XIX-XX საუკუნის მხოლოდ მცირე მონაკვეთებში ვფლობდით რამდენიმე ლაზურ სოფელს, ზოგჯერ ნახევარ ლაზეთსაც. თუმცა, 1926 წლიდან საქართველო მხოლოდ სარფის ნახევარს ფლობს. გონიოში, კვარიათსა და ბათუმში მცხოვრები ლაზების უმეტესობა სარფიდან ან ლაზეთის სხვადასხვა სოფლიდან არის გადმოსახლებული (1920-იან წლებამდე). აფხაზეთში ლაზების დიდი დასახლება არსებობდა.

თურქეთში მცხოვრებ ჭანებს თავიანთ წარმომავლობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ: ბევრს თავი შუა აზიიდან მოსული თურქი ჰგონია; ნაწილის აზრით, ცალკე ეროვნებაა, არც თურქი და არც ქართველი; და მხოლოდ მცირე ნაწილი აღიარებს ქართულ წარმომავლობას. არადა, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ გუდასტვირზე, რომელსაც ლაზები "გუდას" უწოდებენ, ქართული მრავალხმიანობა ჟღერს და ჭანური მუსიკის ქართულობა დღესაც კი მხოლოდ გუდასტვირით არ შემოიფარგლება. მართალია, ლაზურ მუსიკაში ქართული მრავალხმიანობა მხოლოდ გუდასტვირმა შემოინახა, მაგრამ ლაზური ერთხმიანი სიმღერების მელოდიების უმეტესობაც რომ ქართულია და საქართველოს სხვა კუთხეების სიმღერებს ჰგავს, ესეც ფაქტია.

ლაზი მასწავლებლებისა და კულტურის მოღვაწეების მიერ პირად საუბრებში გამოხატული ანტიქართული პოზიციებისა და მათი მუსიკის ქართულთან ყოველგვარი კავშირის უარყოფის მიუხედავად, მათსავე ნამღერსა და დაკრულში ქართული მუსიკა მაინც ჟღერს. როცა ლაზური მუსიკის შემკრებს, ანტიქართველ ბიროლ თოფალოღლუს ვუთხარი, რომ სარფშიც 1970-იან წლებამდე ლაზური სიმღერა ერთ ხმაზე იმღერებოდა და შემდგომ გაამრავალხმიანეს-მეთქი, სიხარულით ცას ეწია - აი, შენ თვითონვე წამოგცდა, რომ ლაზებს არც მრავალხმიანობა გვქონიაო. მაგრამ მისი სიხარული ნაადრევი იყო. როცა ბიროლს შევახსენე ძველი ცნობები და ვკითხე, მაშინ გუდასტვირზე ქართულ მრავალხმიანობას როგორ უკრავთ, თუკი თქვენთვის ყველაფერი ქართული უცხოა-მეთქი, ამის პასუხი ვეღარ გამცა. სწორედ ასეთი ანტიქართველი ლაზები თურქეთში წიგნებსაც და ჟურნალ-გაზეთებსაც გამოსცემენ, სადაც წერენ, ქართველები კოლხების მტერნი არიანო. მართალია, არიან ქართული ორიენტაციის ლაზებიც, თუმცა მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია. ისინი, ანტიქართველი ლაზებისგან განსხვავებით, ვერც წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს ბეჭდავენ.

თურქი ეთნომუსიკოლოგები (ოზგე დენიზჯი, აბდულაჰ აკატი) ლაზებს ქართველებად არ მიიჩნევენ. მეტიც, ეთნომუსიკოლოგები და სხვა დარგის მეცნიერებიც ტერმინ ლაზეთსა და ლაზისტანს თავიანთ ნაშრომებში მხოლოდ გაკვრით ახსენებენ და ძირითადად წერენ სიტყვა "ქარადენიზს", რაც ქართულად შავ ზღვას ნიშნავს. ტერმინ "აღმოსავლეთ შავიზღვისპირელის" გამოყენებით ჩქმალავენ ეროვნულ საკითხს. წერენ იმასაც, რომ თურქეთის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რეგიონში (სინამდვილეში ლაზეთში) ცხოვრობენ ლაზები, პონტოს ბერძნები (გაბერძნებული ლაზები), ჰემშინები (გასომხებული მუსლიმანი ლაზები) და ა.შ. თუკი სხვა ეთნიკური ჯგუფები ლაზეთში მართლაც არიან, მათი წილი უმნიშვნელოა. სამაგიეროდ, არსად არ არის ნახსენები, რომ ჰემშინებისა და პონტოს ბერძნების დიდი ნაწილი გენეტიკურად და მუსიკალურადაც ლაზები არიან და თურქ მეცნიერთა არგუმენტი ლაზეთის თითქოსდა ეთნიკური სიჭრელის, აგრეთვე ტერმინ "აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის" ხსენების მართებულობის შესახებ, უსაფუძვლოა.

მეჰმედ აითაჩ, ჯორდან შენთურ (გუდაზე) და ჩანი შენლი. ქალაქი ფინდიკლი (ვიწე). გიორგი კრავეიშვილისა და ნაზი მემიშიშის 2014 წლის ექსპედიცია. თამაზ კრავეიშვილის ფოტო

ზემოთ კოლხეთის თემა ვახსენე - საინტერესოა, ვინ აწვდის ინფორმაციას ლაზებს, რომ თითქოს ქართველები მეგრელებისა და ლაზების მტერნი ვართ (ანუ არც მეგრელია ქართველი, მათი აზრით). უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ 1929 წელს სოხუმის ლაზური სკოლების ინსპექტორის, ვინმე ისკანდერ ციტაშის მიერ დაარსებულ გაზეთ "მჭითა ლაზისტანში" ("წითელი ლაზეთი"), საუბარია ლათინური ანბანის ბაზაზე მის მიერვე გამოგონილ ვითომ ლაზურ ანბანსა და ლაზების არაქართველობაზე. გაზეთი თურქეთის ლაზეთშიც იგზავნებოდა. ამ დროს საეჭვოდ ემთხვევა სამეგრელოში ისაკ ჟვანიას მიერ "ყაზახიში გაზეთის" ("გლეხის გაზეთი") გამოცემა და ავტონომიის მოთხოვნა. ორივე მიმართულებით აქტიურობა შეწყდა 1937-1938 წლებში ციტაშისა და ჟვანიას დახვრეტით. მაგრამ განახლდა 1990-იან წლებში, როცა საქართველო დიდ ეკონომიკურ სიდუხჭირეში იყო.

ისაკ ჟვანიას საქმეს წარმატებით განაგრძობენ იური ღვინჯილია, ზურაბ კვარაცხელია, ზაზა და ზაალ ჯალაღონიები, გივი ქარჩავა და ძმანი მათნი, რომლებიც საბედნიეროდ, ბევრი არ არიან და მეგრელები მათ სერიოზულად არც კი აღიქვამენ, მაგრამ ასე არ არის ლაზეთში. ამ ხალხს იქ თურქეთის ლაზების სახით განსაზღვრული დასაყრდენი აქვს. ხშირად მიდიან ლაზეთის ქალაქებსა და სოფლებში, სადაც აწყობენ ღონისძიებებს, შემდგომ კი სეპარატისტი ლაზები სამეგრელოში, ძირითადად, ზუგდიდში ჩამოჰყავთ. საინტერესოა, საიდან აქვთ ღვინჯილია-ჯალაღონია-კვარაცხელიებს იმდენი ფინანსური რესურსი, ასე ხშირად იარონ ლაზეთში და ღონისძიებები გამართონ? საქართველოს სახელმწიფო რატომ არ იძიებს ამგვარ საქმეებს?

ამავე დროს მეც და სხვასაც, მათ შორის, მეგრელ მეცნიერებსაც სახელისუფლებო ორგანოებთან რატომ გვაქვს სახვეწარი ლაზეთის ექსპედიციების დაფინანსება?! ლაზეთის ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი წიგნების თურქულად თარგმნა-გავრცელების ფინანსები რატომ არ არსებობს?! ქართველ მეცნიერთაგან უსახსრობის გამო თითქმის არ არის ჩაწერილი მუჰაჯირი ლაზების მეტყველება, სრულიად დაუფიქსირებელია სიმღერა-დასაკრავები (არადა, შესაძლოა მუჰაჯირ ლაზებს ჯერ კიდევ ახსოვდეთ ორიოდე მრავალხმიანი სიმღერა, რაც ქართულ ფესვებთან მათ უფრო დააახლოებს) და ცეკვები, რატომ არ იხდის სახელმწიფო ამაში განსაზღვრულ თანხას? რატომ არ აძლევს ხელისუფლება მოქალაქეობას თურქეთის პროქართულად განწყობილ ლაზებს?! ეგებ თურქეთის ლაზები ღიად იმიტომაც ვერ ქართველობენ, რომ თურქეთის სახელმწიფოში პრობლემებს ერიდებიან და არც საქართველოდან დახმარების იმედი აქვთ?

გავიხსენებ ერთ ფაქტს: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2016 წელს არ აფინანსებდა სარფის ფოლკლორულ ანსამბლ "კოლხას", რის გამოც "კოლხა" დაშლის პირას იყო. ჩემი (წერილი გაზეთ "აჭარის" 16 იანვრის ნომერში) და გიორგი უშიკიშვილის (გადაცემა "სხვა შუადღე") ჩარევით გადაწყდა სარფის ანსამბლის დაფინანსება, არადა, წერილით ვაფრთხილებდი გამგეობას, რომ ანსამბლის დაშლის შემთხვევაში ანტიქართველი ლაზები კიდევ ერთხელ აღნიშნავდნენ, თუ როგორ ეპყრობიან დამპყრობელი ქართველები ლაზებსა და მათ კულტურას! საბედნიეროდ, ჩარევის შედეგად "კოლხა" დღემდე არსებობს და თავისი სიმღერებით არაერთი მსმენელ-მაყურებელი გაახარა. სამწუხაროდ, კვლავ უყურადღებოდ არიან მიტოვებული არა მარტო ლაზები, არამედ სხვა ქართველებიც. ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში ჟურნალ "ისტორიანში" (#66) დაიბეჭდა ჩემი წერილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში ინგილოური მუზეუმის დაარსების თაობაზე, თუმცა, დღესაც არაფერია გაკეთებული...

ბაშარ გენჩი გუდასტვირით. ქალაქი ფაზარი (ათინა). გიორგი კრავეიშვილისა და ნაზი მემიშიშის 2014 წლის ექსპედიცია. თამაზ კრავეიშვილის ფოტო

საინტერესოა, რომ იური ღვინჯილია და მისი მეგობრები, რომლებიც გაჰყვირიან სამეგრელოს რამდენიმე სოფლის ტოპონიმიკის გადაქართულებაზე, ლაზური სოფლების სახელწოდების თურქულად შეცვლის ფაქტზე არაფერს ამბობენ. არადა, თუ სამეგრელოში სოფლების მეათედსაც არ ექნება სახელი შეცვლილი, თურქეთის ლაზური სოფლების 90-95% პროცენტი მაინც თურქულ სახელწოდებას ატარებს, როცა მოსახლეობის უმეტესობამ ძველი ლაზური სახელები იცის.

რატომ არ ითხოვენ ღვინჯილია-ჯალაღონიები თურქეთისგან კოლხური ტოპონიმიკის აღდგენას?! როცა გაჰყვირიან თითქოსდა მეგრულის დაკარგვის საშიშროებაზე და მეგრულენოვანი რადიოსა და ტელევიზიის გახსნას ითხოვენ, ასევე, სკოლაში მეგრულენოვან სწავლებას, ამ დროს კი არაფერს ამბობენ ე.წ. ლაზურ (სინამდვილეში ლათინურ) ანბანსა და ლაზური ენის დამახინჯებაზე - იმ ბგერების დაკარგვაზე, რომლებიც ლაზურად გამოითქმება, მაგრამ ლათინური ანბანით გამოსახვა გართულებულია?! ჩემთვის ისიც საწყენია, რომ ქართულ მეცნიერებაში არსებული ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრების გამო (მეცნიერთა მცირე ნაწილი მეგრულს, ლაზურსა და სვანურს ქართული ენის დიალექტებად თვლის და არა ქართველურ ენებად) მეცნიერთა შორის დაძაბული ურთიერთობაა, რადგან სეპარატისტები ამასაც სათავისოდ იყენებენ.

კარგი იქნება თუ ქართულ ტელევიზიებში გარკვეული ადგილი დაეთმობა მეგრულ, ლაზურ, სვანურ და სხვა კუთხეების ზღაპრებს, ლექსებს, მეტყველებას, ასევე საქართველოს ყველა სკოლაში ერთ-ერთ საგნად თუ ისწავლება ქართველური ენების კურსი, რომელშიც გადასცემენ ზოგად ცოდნას მეგრული, სვანური და ლაზური ენების შესახებ. ასევე მისაღებია, თუ გონიოს, სარფისა და კვარიათის სკოლებში ლაზური ენა ცალკე საგნადაც იქნება, რადგან საქართველოში ცოტა ლაზი ცხოვრობს და ბავშვებს ლაზურად მეტყველება მართლა უჭირთ, მაგრამ მეგრულ და სვანურენოვანი რადიო-ტელევიზია, სკოლა და ა.შ. მიუღებლად მიმაჩნია.

კიდევ ერთი დასანანი ფაქტი: რაც თავი მახსოვს, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილისა და არც დღევანდელი ხელისუფლების დროს არავის უხსენებია 1949 და 1951 წლებში აფხაზეთიდან ციმბირსა და შუა აზიაში გასახლებული ლაზები. ცნობილია, რომ 1921 წლამდე ლაზეთის არაერთი სოფლიდან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო წამოსული მოსახლეობა აფხაზეთში სახლდებოდა. ისიც ცნობილია, რომ ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონებში იყო სოფლები, სადაც ლაზები უმრავლესობას შეადგენდნენ, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, გასახლებების შედეგად ლაზური დასახლება მოისპო. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლაზების მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა. ეს საქართველოს საერთოდ არ ახსოვს, სეპარატისტი ლაზები კი ამასაც ჩვენ, ქართველებს გვაბრალებენ.

ლაზური სახლი ფინდიკლის რაიონის სოფელ აბუში. გიორგი კრავეიშვილისა და ნაზი მემიშიშის 2014 წლის ექსპედიცია. თამაზ კრავეიშვილის ფოტო

გამოსავალი საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ლაზებით დაინტერესებაშია. მასობრივად უნდა ფინანსდებოდეს ლაზური ეთნოგრაფიის, ძეგლების, მუსიკისა და მეტყველების შემსწავლელი ექსპედიციები. თურქულად უნდა ითარგმნებოდეს და ვრცელდებოდეს არა მარტო ლაზებთან, არამედ ქართველებთან დაკავშირებული ლიტერატურა, ქართული მუსიკის აუდიო და ვიდეოჩანაწერები და სხვ. აქვე დავძენდი, რომ თურქეთის ლაზებში არის ქართულად განწყობილი ხალხი, რომელმაც ქართველობა საქართველოს ლაზებისა და მეგრელებისგან ისწავლა, ესე იგი ლაზების ქართულ სივრცესთან ინტეგრაცია შესაძლებელი ყოფილა!

რა თქმა უნდა, ლაზების პრობლემა ერთ წერილში ვერ დაეტევა, მაგრამ ჩემი მიზანი ფართო საზოგადოების ინფორმირებულობა და სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაა.

გიორგი კრავეიშვილი

ეთნომუსიკოლოგი, საქართველოს მოწყვეტილი ქართველების მუსიკალური ფოლკლორის მკვლევარი, ასევე ა(ა)იპ ფონდ ჰეიამოს დირექტორი და თანადამფუძნებელი ჟურნალი "ისტორიანი", #91