გრიგორი რასპუტინი - სასწაულთმოქმედი ბერი თუ გამოცხადებული ანტიქრისტე
გრიგორი რასპუტინი - სასწაულთმოქმედი ბერი თუ გამოცხადებული ანტიქრისტე
სასწაულთმოქმედი ბერი თუ ანტიქრისტე; დედოფლისა და სასახლის კართან დაახლოებული და მრავალი დიდგვაროვანი ქალის საყვარელი; ჰიპნოზიორი თუ წმინდანი? იმავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი რუსეთში (და არა მხოლოდ)...

გრიგორი რასპუტინზე უამრავი წიგნია დაწერილი, თუმცა მისი ნამდვილი სახე დღემდე ბურუსით არის მოცული. რასპუტინის ბიოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა თანამედროვე ისტორიაში. ის იკითხება, როგორც იდუმალი და სასტიკი ზღაპარი.


ყველასთვის უცნობი, გაუნათლებელი ციმბირელი კაცი, ჭეშმარიტი სარწმუნოების საძიებლად გაემართა, ღვთის მოწოდებით. ჭეშმარიტებისკენ მიმავალმა გზამ ის მრავალ წელიწადს
ატარა რუსეთის თვალუწვდენელ სტეპებზე, ვიდრე ბოლოს მეფის სასახლეში არ მიიღეს. მეფე-დედოფალი აღფრთოვანებული დარჩა მისი ღვთისმოსაობით, ადამიანის სულის შეუცდომელი წვდომით, უბრალო და პირდაპირი მდაბიური მანერებითა და წეს-ჩვეულებებით. მან სასწაულებრივად იხსნა მეფის ერთადერთი ვაჟის, ალექსის სიცოცხლე, რომელიც ჰემოფილიით იყო დაავადებული. მაგრამ არისტოკრატებმა, რომელთაც მეტად აღიზიანებდათ მისი სასახლის
კარზე პარპაში, ბოლოს მაინც მოახერხეს, ხაფანგში შეიტყუეს და მოკლეს...

გაცილებით ადრე პეტროგრადის ერთ-ერთ სარდაფში მის მოკვლამდე, 1916 წლის ბოლო დღეებში, გრიგორი რასპუტინი მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში უკვე გახდა ჯოჯოხეთის მაშხალა. ამბობდნენ, მის არაკაცობასა და ბოროტებას საზღვარი არ აქვს, ისევე, როგორც მის ავხორცობასო; ვნებას ვერ იცხრობს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მშვენიერი თუ დიდგვაროვანი ქალი ჩაიგორა ლოგინშიო.
რასპუტინის მთელი არსება გლეხური ეშმაკობით ავსებულიყო. მხოლოდ მეფისა და დედოფლის საზოგადოებაში გარდაიქმნებოდა ღვთიურ კრავად. ყველანაირად ცდილობდა, სამეფო ოჯახს მისი ძალმოსილება დაეჯერებინა, ერწმუნა, რომ მხოლოდ მას ძალუძდა მათი შვილის დაუძლეველი სენისგან განკურნება და გადარჩენა. ამით კი იგი მხოლოდ უფლისწულს როდი იხსნიდა, მასთან ერთად თავად სამეფო დინასტიასაც გადაარჩენდა...

ამ გულუბრყვილო არისტოკრატებმა კი პირდაპირ ხელისგულზე დაუდეს რასპუტინს საკუთარი თავიცა და იმპერიაც. მანაც, ისარგებლა რა ამ ნდობით, მონარქიაც გაანადგურა და თავად რუსეთიც ნანგრევებად აქცია.

მუსუსი და ლოველასი
ლეგენდად იქცა რასპუტინის მშფოთვარე და დაუცხრომელი სექსუალური ცხოვრება, რამაც მას წარმოუდგენელი დიდება მოუტანა. თუმცა, არ არსებობს სანდო ისტორიული დოკუმენტი, რომელიც რასპუტინის ზღვარგადასულ ვნებიანობას დაადასტურებდა. მხოლოდ ამბობენ, რომ მის ავხორცობას საზღვარი არ ჰქონდა, რომ იგი ამ საქმისათვის სულ მზად იყო...

გრიგორი რასპუტინი 1900-ანი წლებში (კარლ ბულას ფოტო)

თავის დღიურში მიხაილ როდძიანკო (1859-1924), რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის იმპერიაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრე, წერს, რომ რასპუტინი დედაქალაქში ღამის ორგიებში მონაწილეობდა და ამ დროს ქალწულებს აუპატიურებდა. ამტკიცებდა, რომ მას აქვს უამრავი წერილი დედებისა, რომელთა ქალიშვილებსაც პატივი აჰხადა ამ "საზიზღარმა მხეცმა, ცხოველმა"; რომ მასვე აქვს რასპუტინის ფოტოები, რომლებშიც იგი უამრავი თაყვანისმცემელი ქალის გარემოცვაშია. თავისი დიდების ზენიტში რასპუტინი ხშირად გამოჰყავდათ პრესაში, როგორც ყმაწვილქალების გამრყვნელი.

იქნებ მსგავსი გიჟური, ბახუსით გაჯერებული ორგიებისა და ათობით პატივაყრილი ქალწულის ამბავი მართლაც მოგონილი იყოს, მაგრამ რასპუტინს რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა, ეს ფაქტია. მისი ქალიშვილი მარიაც კი, რომელიც აქტიურად იცავდა მამის ღირსებას, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს ასე იყო.

რასპუტინის თანმხლები ქალები ძირითადად ემოციურად გაუწონასწორებელი, გარკვეული მოსაზრებით, სულიერად ტანჯული ადამიანები იყვნენ. მათ რასპუტინისკენ იზიდავდათ მისი მამაკაცური, ძლიერი შინაგანი ძალა. გრიგორის ისეთი იშვიათი, მგრძნობიარე და გამჭოლი მზერა ჰქონდა, ეჩვენებოდათ, რომ მან ბევრად უკეთ უწყოდა მათი პრობლემები, დარდი და საწუხარი, ვიდრე თავად ამ ქალებმა. მრავალი დიდგვაროვანი ქალი საზოგადოებაში დროს მოსაწყენად ატარებდა თავიანთი ქმრების გვერდით, რომლებიც ცოლებს ღალატობდნენ ან სულაც უგულებელყოფდნენ.

ეს ქალები, უბრალოდ, მარტოსულები იყვნენ, რასპუტინი კი მათ უსმენდა, ყურადღებას აქცევდა, ეალერსებოდა და ვნებიანად კოცნიდა. ასეთი მოპყრობის შედეგად ხვდებოდნენ, რომ ამ მამაკაცის ყურადღება სწორედ ის იყო, რაც მათ ცხოვრებაში ასე აკლდათ და სჭირდებოდათ. თუ თავიდან ამ ყველაფერს ბუნებრივი და შეიძლება ითქვას, უანგარო ფორმა ჰქონდა, მომდევნო წლებში უკვე მთლად ასე არ ყოფილა.

მართალია, რასპუტინის ხელში უამრავმა ქალმა გაიარა, მაგრამ დროთა განმავლობაში გვერდით პატარა და ერთგული ჯგუფი შემორჩა. ისინი ეხმარებოდნენ ცხოვრებისეულ საკითხებში, პეტერბურგის სახლის უკეთ მოწყობაში, ყოველდღიურ განრიგსაც უდგენდნენ, არ აკლებდნენ საჩუქრებსა და ფულს, ასწავლიდნენ საზოგადოებაში მოქცევის წესებს, უცვლიდნენ თეთრეულს... რასპუტინთან გატარებული დრო მათ სულებს იმედითა და სიხარულით აღავსებდა. რასპუტინს შეეძლო გამოეცნო სხვა ადამიანის ტანჯვის მიზეზი და სულ რამდენიმე სიტყვის თქმით დაემშვიდებინა, იმედი და სასოება ჩაესახა. ადამიანებმა, განსაკუთრებით, ქალებმა ირწმუნეს მისი წმინდანობის, და მას მიანდეს თავისი სული, ძალიან ხშირად კი სხეულიც...

და მაინც, ამ ქალთა შორის არც ერთი არ ყოფილა ისე დამთრგუნველი, ნაღვლიანი, ვიდრე ოლგა ლოხტინა. ქალი ფსიქიკურად იყო დაავადებული და რასპუტინს ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევდა. მართალია, კაცს აწუხებდა ქალის ასეთი თვითდამცირება, მაგრამ არ იცოდა, როგორ ან რით დახმარებოდა მას.

ლოხტინას უზომო თაყვანისცემას კაცი წონასწორობიდან გამოჰყავდა. სულ მის ირგვლივ ტრიალებდა, სიყვარულით ხდიდა ფეხსაცმელს და კოცნიდა მას. გადმოცემით, ქალმა გრიგორის მოპარა კოვზი და ლაბადა და მათზე ლოცულობდა, როგორც რაღაც წმინდა საგნებზე, რელიკვიაზე. არსებობს ჩანაწერი, რომ რასპუტინს მისი ამგვარი საქციელი ხშირად აკარგვინებდა წონასწორობას და ქალს სცემდა კიდეც. ურტყამდა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა, ქალი კი ცდილობდა მოხვეოდა, თავს იდანაშაულებდა და გამუდმებით ბოდიშს უხდიდა...
რასპუტინი ლოხტინას ქცევას არა რაიმე დაავადებას აწერდა, არამედ ეშმაკის ზემოქმედებას, რომელიც მან ვერა და ვერ განდევნა ქალის სხეულიდან.

ერთხელ რასპუტინს მეგობარი, ჟურნალისტი ალექსეი ფილიპოვი ბინაში ესტუმრა და დაინახა, რომ რასპუტინი ოლგას ლოგინში სცემდა. ქალი ამაოდ ცდილობდა მას ხელებით შემოხვეოდა, მკერდში ჩაეკრა, თან გაჰყვიროდა: "შენ ღმერთი ხარ, ჩემი ღმერთი". ამის სანაცვლოდ რასპუტინი ზიზღით დასძახოდა: "ესეც შენ, ძაღლო, ესეც შენ!" და მუშტს ურტყამდა. ფილიპოვი შეეცადა, რასპუტინისთვის ქალის ცემა შეეწყვეტინებინა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. "ვერ მოვიშორე ეს ძუკნა თავიდან, - შესჩივლა ჟურნალისტს რასპუტინმა, - მრუშობას არ იშლის". ქალი კი, ნაცვლად იმისა, რომ ცემისგან თავი ეხსნა, მუდარანარევ ყვირილს განაგრძობდა: "მე შენი კრავი ვარ, შენ - ჩემი ქრისტე!"

ხელისუფალთა მეგობარი
გრიგორი რასპუტინის ქალიშვილი, მარია, ასე აღწერს მამამისის ურთიერთობას მეფე ნიკოლოზ II-სა და დედოფალ ალექსანდრასთან: "მამას უყვარდა მეფის ოჯახი და მისი ერთგული იყო. მათ ყოველთვის ნაზად და სითბოთი მოიხსენიებდა. მაგრამ მეფის სათნოებასა და სიკეთეში ის სისუსტეს ხედავდა და ამბობდა, რომ მეფე იყო "აუტანლად კეთილი და უბრალო გულის ადამიანი". მამისგან ვიცი, რომ ის ამის შესახებ დედოფალსაც ეუბნებოდა. მამა მეფესა და დედოფალს ისე ექცეოდა, როგორც ნებისმიერ სხვას. მიმართავდა კნინობითი ფორმით "შენ" და არასოდეს ქედი არ მოუხრია მათ წინაშე. ვინაიდან მამას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ზოგჯერ მეფისთვის დაყვირებასაც არ მორიდებია, ხოლო როცა განრისხდებოდა, ფეხსაც კი უბაკუნებდა.

რუსეთის მეფე ნიკოლოზ II, დედოფალი ალექსანდრა და მეფისწული ალექსი

ერთ დღეს მამამ უყვირა მეფეს და ისე გამოვიდა მისი კაბინეტიდან, რომ არც კი დამშვიდობებია. მისი ამგვარი გაბრაზება ხშირად იმით იყო გამოწვეული, რომ მეფე ყურად არ იღებდა მის რჩევას. მამას არაერთხელ უთქვამს მეფისთვის, რომ ის უფრო ახლოს უნდა იყოს ხალხთან, რომ მეფე ერის მამაა და რომ ხალხი მას ხშირად უნდა ხედავდეს. მეფე მას ისე უნდა უყვარდეს, როგორც საკუთარი მამა. მაგრამ მეფე ხალხისგან შორს ყოფნას ამჯობინებდა, ხალხი მას ვერ ხედავდა და მხოლოდ მისი სახელის ეშინოდა: თუკი ხალხი შეძლებდა მის ხშირად დანახვას, მაშინ აღარ ექნებოდა მისი შიში, პირიქით, შეუყვარდებოდა. მეფეს მამასთვის ნათქვამი აქვს, რომ თუკი ისე დაიწყებდა ცხოვრებას, როგორც იგი ურჩევდა, მაშინ ხალხი არ დაინდობდა და მოკლავდა. მამა უარობდა და ეუბნებოდა, რომ ხალხი არა, მაგრამ მას ინტელექტუალები მოკლავდნენ".

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მარიას დახასიათება მამამისის ურთიერთობისა მეფესა და მის ოჯახთან, სარწმუნოა. რასპუტინს ნამდვილად უყვარდა მეფე, მაგრამ კარგად ხედავდა მის უუნარობასაც და ამის თაობაზე აფრთხილებდა.
რასპუტინი არ გამოდგა რიგითი პერსონა სამეფო კარის ფავორიტების სიაში. ამ "ინსტიტუტის" ცვალებადმა ხასიათმა და რასპუტინის პიროვნულმა თვისებებმა განაპირობეს არსებითი განსხვავება მის წინამორბედებთან. რასპუტინი ნამდვილად მოვიდა "ჭაობიდან", მაგრამ ბევრი მათგანისგან განსხვავებით, კვლავ უკან, ჭაობში არ ჩაშვებულა.
თუ ადრინდელი ფავორიტები სიამოვნებით იღებდნენ ტიტულებს, ორდენებს, მიწებსა და ფულს, ის არც გამდიდრებულა, არც რამე ტიტული ან სიმდიდრე აუღია. სამაგიეროდ, არ კარგავდა კავშირს თავის ოჯახთან, თავის კლასთან და მშობლიურ სახლთან. მისგან ამას მოელოდნენ კიდეც. მისი პროტექტორები, როგორც მეფე-დედოფალი, ისე არისტოკრატი ქალები, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომაც იყვნენ მასთან ასეთი ახლო ურთიერთობით დაინტერესებული, რომ მას შეეძლო ისინი უბრალო, ღვთის მოყვარულ ხალხთან დაეკავშირებინა. ის რომ თავადის ტიტულის მიღებას დათანხმებულიყო, აღზევებულიყო, სწორედ იმას დაკარგავდა, რაც მასში იზიდავდათ. რასპუტინი კი საკმაოდ ეშმაკი და გაიძვერა გახლდა საიმისოდ, რომ ეს გარემოება არ გაეთვალისწინებინა. მას თავისი ფესვებიდან დაშორება არ ეწადა. ამ თვალსაზრისით, იგი სნობი არ ყოფილა. ამასთან, უკვე 1915 წლიდან იცოდა, რა დიდი საფრთხის შემცველია სამეფო ოჯახთან მჭიდროდ დაახლოება.

მკვლელობის დღე
1916 წლის 17 დეკემბრის სისხამ დილით, გრიგორი რასპუტინი რუსი არისტოკრატის, ფელიქს იუსუპოვის სახლში მოკლეს და გვამი მდინარე ნევის ერთ-ერთ შენაკადში გადააგდეს. ეს ამბავი საყოველთაოდ არის ცნობილი. მაგრამ რა მოხდა რასპუტინის სიცოცხლის ბოლო საათებში, ეს ამბავი თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც სპეკულაციების საგნად რჩება. აი, რას ჰყვებიან ყველაზე ხშირად:
შუაღამე ახალგადასული იყო, როცა ავტომანქანა, რომელსაც იუსუპოვი და რასპუტინი მიჰყავდა, მოიკას ქუჩაზე #92 სახლის ეზოში შევიდა. აქ იუსუპოვის მეზობელი თავადი ორლოვი ცხოვრობდა. აქედან ადვილი იყო შიდა კიბით იუსუპოვის რეზიდენციაში გადასვლა. როცა რასპუტინი და იუსუპოვი სასახლეში შევიდნენ, დარბაზიდან ხალხის ხმები და გრამოფონიდან სიმღერა "იანკი დუდლი" მოისმოდა.

რასპუტინი დაინტერესდა და ჰკითხა იუსუპოვს, წვეულება გაქვსო? იუსუპოვმა მიუგო, რომ მისი ცოლის რამდენიმე მეგობარი იყო შეკრებილი და მალე წავიდოდნენ. ისინი ქვედა სართულზე სავარძლებში ჩასხდნენ სასაუბროდ და ჩაის დასალევად. იუსუპოვმა რასპუტინს მოწამლული ნამცხვარი შესთავაზა. ამ უკანასკნელმა ორი ნაჭერი შეჭამა. იუსუპოვი თვალებს არ უჯერებდა: რასპუტინი კალიუმის ციანიდით მოწამვლის არავითარ ნიშანს არ ამჟღავნებდა.

ამის შემდეგ გრიგორი რასპუტინმა იუსუპოვს სთხოვა, დაესხა მადერა, მისი საყვარელი ღვინო. თავადმა ჭიქა მიუტანა, რომელშიც ღვინო ასევე მოწამლული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლაც, ისევე როგორც ნამცხვრის შემთხვევაში, ღვინოს არავითარი გავლენა არ მოუხდენია გრიგორიზე. მან სამი ჭიქა დალია და სმას განაგრძობდა. იუსუპოვი უკვე აშკარად ნერვიულობდა, ის დარწმუნებული იყო, რომ გრიგორიმ უკვე იცოდა, რა მიზნითაც იყო მიწვეული. თუმცა, სტუმარმა გიტარა აიღო და მასპინძელს სთხოვა, რამე შეესრულებინა. იუსუპოვმა რამდენიმე რუსული სიმღერა იმღერა.

დრო ნელა მიიზლაზნებოდა. უკვე ღამის სამის ნახევარი გამხდარიყო. იუსუპოვმა ბოდიში მოუხადა გრიგორის, მაინტერესებს, მაღლა რა ხდება, ცოლის მეგობრები თავს როგორ გრძნობენო და დაშორდა. როცა შეთქმულებს ყოველივე უამბო, მათ ვერ დაეჯერებინათ, რომ საწამლავმა არ იმოქმედა. თავადმა იარაღი აიღო და უკან დაბრუნდა წამოწყებული საქმის დასასრულებლად.

უკან დაბრუნებულს, რასპუტინი მაგიდასთან თავდახრილი დახვდა. მძიმედ სუნთქავდა, თუმცა კიდევ ერთი ჭიქის დალევის შემდეგ გამოცოცხლდა და ლაპარაკის ხასიათზეც მოვიდა. წავიდეთ, ბოშებთან გავერთოთო, შესთავაზა იუსუპოვს. ამ უკანასკნელმა იუარა, საუბრის თემა შეცვალა და ისე, რომ გვერდით კარადაზე მდგარი მთის ბროლისა და ვერცხლისგან დამზადებული ჯვრისთვის თვალი არ მოუცილებია, წარმოთქვა: "გრიგორი ეფიმოვიჩ, ჯობს იმ გარდამოხსნის ჯვარს შეხედო და ილოცო". ამის თქმაზე რევოლვერი იძრო და რასპუტინს ესროლა. მან დაიყვირა და იატაკზე დაფენილ დათვის ტყავზე დაეცა.


"შეგრძნება, რომ რუსეთის ხსნისა და გადარჩენის გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო, - წერდა შემდეგ იუსუპოვი, - ძალასა და ენერგიას მმატებდა და მომავლისადმი უზარმაზარი რწმენით მავსებდა".
სისხამ დილით იუსუპოვის სახლში, პირველ სართულზე შეთქმულებმა მოიყარეს თავი. პირველი გასროლის შემდეგ რასპუტინმა შენობიდან გარეთ გაქცევა მოახერხა, თუმცა კიდევ ორი ტყვია დააწიეს. გვამი კვლავ სასახლეში შეიტანეს, შემდეგ კი ავტომობილში მოათავსეს და დილის ბინდბუნდში წაიღეს, სასწრაფოდ თავიდან მოსაშორებლად...

ლეგენდად იქცა რასპუტინის "გამძლეობა" საწამლავის მიმართ. თუმცა, როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა შეთქმულმა, ექიმმა სტანისლავ ლაზოვერტმა, ვისაც ნამცხვარსა და ღვინოში საწამლავის გარევა ევალებოდა, უვნებელი ნივთიერება გამოიყენა. წლების შემდეგ ლაზოვერტმა თავადვე მისწერა წერილი ფელიქს იუსუპოვს, აღიარა, რომ როგორც ექიმს, ადამიანის მოკვლა არ შეეძლო და პატიებაც სთხოვა...

ფელიქს იუსუპოვი საკუთარ მამულში, კურსკის გუბერნიის სოფელში გადაასახლეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ პეტროგრადში დაბრუნდა, 1919 წელს კი ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა 1967 წელს. ფელიქს იუსუპოვის "სულიერმა შვილმა", ცნობილმა მექსიკელმა სკულპტორმა ვიქტორ კონტრერასმა მხოლოდ 2016 წელს განაცხადა, რომ ექიმ ლაზოვერტის აღიარებითი წერილი, რომელიც მან თავად იუსუპოვს გაუგზავნა, მის პირად არქივში ინახებოდა.

კონტრერასის თქმით, ამ არქივში არაერთი ცნობაა დაცული, რომლებიც იუსუპოვს არასოდეს არავისთვის გაუმხელია. "მე ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული. არ შემიძლია არავის მოწამვლა ან მოკვლა", - სწერდა მას ლაზოვერტი. ამდენად, ლეგენდა, თითქოს რასპუტინზე საწამლავმა არ გაჭრა, არასწორ ინფორმაციას ეყრდნობოდა...

მეფე ნიკოლოზსა და დედოფალ ალექსანდრას შესაძლოა ეს არ სცოდნოდათ, მაგრამ მეგობრის სიკვდილმა მათი ტრაგიკული აღსასრულიც დააჩქარა. იმგვარი სიკვდილი, რომელიც რასპუტინს ერგო, რომანოვების დასასრულსაც მოასწავებდა.

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ჟურნალი "ისტორიანი",#91
...
25 აგვისტო 2018 07:15
იუსუპოვი იყო მასონების ძაღლი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები