ორი უძველესი ქართული წარწერა იერუსალიმში ერთად გამოიფინა - კვირის პალიტრა

ორი უძველესი ქართული წარწერა იერუსალიმში ერთად გამოიფინა

იერუსალიმის ძველ ქალაქში, მაცხოვრის განშოლტვის კათოლიკური მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმმა (Terra Sancta Museum) მიმდინარე წლის 27 ივნისს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, დამთვალიერებლებისთვის ოფიციალურად გახსნა რიგით მეორე, განახლებული არქეოლოგიური სექციის კარი.

მას გოლგოთის მთისკენ მაცხოვრის ჯვრით სავალი გზის პატივსაცემად "ვია დოლოროსას" სახელი ეწოდა. მანამდე, 2016 წელს ვიზიტიორთა წინაშე განახლებული სახით წარდგა მუზეუმის მულტიმედიური სექცია. ხოლო 2020 წელს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთლიანად დასრულების შემდეგ, სამუზეუმო ექსპოზიცია სამ სექციას გააერთიანებს - მულტიმედიურს, არქეოლოგიურსა და ისტორიულს, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიტყონ წმინდა მიწის უწყვეტი ისტორია ბიბლიური დროიდან თანამედროვეობამდე.

"ევროპის კონტინენტზე ქრისტიანობის კრიზისთან დაკავშირებით მის საწყისებზე დაფიქრების აუცილებლობა გაჩნდა" - პროექტის კოორდინატორის, წმინდა მიწის ფრანცისკანელი არქიეპისკოპოს პიერ-ბატისტა პიცაბალას თქმით, მუზეუმი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრის ადგილი გახდება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი გაადევნონ წმინდა მიწაზე ფრანცისკანელთა ორდენის ისტორიას ჯვაროსნული ლაშქრობების დროიდან დღევანდლამდე. ვიდეოინსტალაციის მეშვეობით მუზეუმის დამთვალიერებლებს უჩვენებენ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და რელიკვიებს, ჰეროდეს მმართველობის დროიდან იმპერატორ ადრიანემდე.

გამოფენა აღჭურვილია მოზრდილი რუკა-ეკრანით იერუსალიმის იმ ისტორიულ ადგილებზე მითითებით, რომლებზეც გადის ვირტუალური ტური სხვადასხვა ეპოქის მიხედვით. ვიდეოინსტალაცია სრულდება ძველი პილიგრიმების ლოცვით რვა ენაზე: ინგლისურად, პორტუგალიურად, ფრანგულად, ესპანურად, იტალიურად, ებრაულად, არაბულად და რუსულად. მალე გაიხსნება კიდევ ერთი სექცია წმინდა მხსნელის მონასტერში. მთლიანად სამუზეუმო კომპლექსს 2 573 კვმ ფართობი უჭირავს.

მუზეუმს საფუძველი 1902 წელს ჩაეყარა, მისი კოლექცია მუდმივად ივსებოდა იერუსალიმში, ბეთლემში, ნაზარეთში, კაპერნაუმში, მაგდალაში, ნებოს მთასა და წმინდა მიწის სხვა ადგილებში არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მასალით. მუზეუმს უკავშირდება ცნობილი არქეოლოგების - ბელარმინო ბაგატის, ვირჯილიო კორბოს, ავგუსტ სპიკერმანის, მიქელე პიკირილოსა და სხვათა მოღვაწეობა.

მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი, პროფესორი ეუჯენიო ალიატა ასევე არქეოლოგია. 2012 წელს მასთან დაწყებულმა მოლაპარაკებამ წლეულს სასიკეთო შედეგი გამოიღო წმინდა მიწაზე ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზების კუთხით: განახლებული მუზეუმის ექსპოზიციაში ამიერიდან ორი უძველესი ქართული წარწერაც იქნება წარმოდგენილი. ისინი განთავსებულია ბირ ელ-ქუტის წმ. თეოდორეს სახელობის ქართული ნამონასტრალის არქეოლოგიური გათხრების (ხელმძღვანელი: ვ. კორბო) ამსახველ სტენდზე. თუკი აბა ანტონისა და იოსიას მოზაიკური წარწერა (VI ს.) მანამდეც იყო წარმოდგენილი მუზეუმის ექსპოზიციაში, ბაკურისა და გრი ორმიზდის მოზაიკური წარწერა, რომელიც, მთელი რიგი მონაცემებით, უძველესია ჩვენამდე მოღწეული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებიდან, მნახველთა თვალთაგან მოშორებით, ხანგრძლივად ინახებოდა ლაპიდარიუმად წოდებულ ნახევრად სარდაფის ტიპის ნესტიან ოთახში, ხან კედელზე თავდაყირა დაკიდებული (2012 წ.), ხანაც წყლის გუბეებით დაფარულ იატაკზე დაწვენილი (2016 წ.).

მუზეუმის დირექტორმა ჩვენთვის მოცემული პირობა პირნათლად შეასრულა (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მკითხველს შეუძლია იხილოს ჩვენს წიგნში "ქართველთა ნაკვალევი წმინდა მიწაზე". - ბ.ხ.). და ბაკურისა და გრი ორმიზდის წარწერას, აბა ანტონის წარწერასთან ერთად, მთავარ საგამოფენო სივრცეში მიუჩინა ადგილი. მეტიც, იტალიელმა არქეოლოგებმა სიმონე ლომბარდომ და კორადო სკარდინიომ განახლებული მუზეუმის გახსნის წინ, 25 ივნისს, მუზეუმის ვებგვერდზე ამ წარწერებს საგანგებო წერილი მიუძღვნეს: "ბირ ელ-ქუტის მოზაიკა, ქართული ენის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშთაგანი". სტატიაში ავტორები საუბრობენ ბირ ელ-ქუტის ქართული მონასტრის აღმოჩენის ისტორიაზე, ძეგლის შექმნის დროზე, წარწერებში მოხსენიებულ პირთა - აბა ანტონის, ბაკურ და პეტრე იბერიელების მასთან მიმართების საკითხზე, არქეოლოგიური უბნის დაცვის პრობლემებზე, ბირ ელ-ქუტში ქართველ პილიგრიმთა მოზრდილი ჯგუფის მოულოდნელი სტუმრობის ფაქტზე და სხვ.

წერილის ავტორთა დასკვნით, აღნიშნული წარწერები წარმოადგენს ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობას საქართველოს, ქრისტიანობის საწყისებისა და მთლიანად წმინდა მიწის ისტორიისთვის. ცხადია, ეს შეფასება აქტუალურია წმინდა მიწაზე ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და ფართოდ პოპულარიზების თვალსაზრისითაც.

ბესიკ ხურცილავა

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი", #92