ჩაძირულ ხომალდზე 17 მილიარდი დოლარის განძია - კვირის პალიტრა

ჩაძირულ ხომალდზე 17 მილიარდი დოლარის განძია

ლეგენდარული ესპანური გალეონი "სან ხოსე" კოლუმბიის სანაპიროსთან იპოვეს

ზღაპრული ოდენობის ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ჩაძირულ გემებს შორის ყველაზე მდიდარ ესპანურ გალეონს გადაჰქონდა, მეზღვაურების, ავანტიურისტებისა თუ განძის მაძიებლების მრავალი თაობის ოცნება იყო. ესპანურ "სან ხოსეს", რომელიც კოლუმბიის სანაპიროსთან, ქალაქ კარტახენის სიახლოვეს 1708 წელს ჩაიძირა, ამის გამო "ჩაძირულ გემთა წმინდა გრაალადაც" მოიხსენიებდნენ. გალეონზე განთავსებული ოქროს, ვერცხლისა და ზურმუხტის საგანძურის აღწერას თუ გავითვალისწინებთ, ის ყველა აქამდე აღმოჩენილ განძზე ძვირფასი იყო.

62-ზარბზნიანი გალეონი ბრიტანულ ხომალდებთან ბრძოლისას ჩაიძირა, ესპანური მემკვიდრეობისთვის ამტყდარი ომის (1701-1714) დროს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 600-მდე ადამიანიც. "სან ხოსეს" ჩაძირვა საზღვაო ისტორიის ერთ-ერთი ნიშანდობლივი ფაქტია. გალეონი იპოვეს ჩაძირვიდან 300-ზე მეტი წლის შემდეგ, 2015 წელს. ვუდს ჰოლის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები წყალქვეშა ავტონომიური სატრანსპორტო საშუალება REMUS 6000-ის დახმარებით, კოლუმბიის ბარუს ნახევარკუნძულის სანაპიროებს იკვლევდნენ. თუმცა მაშინ აღმოჩენის შესახებ მედიას მწირი ცნობები მიაწოდეს. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ინფორმაციას ამ დრომდე საიდუმლოდ კოლუმბიის ხელისუფლების თხოვნით ინახავდნენ. სპეციალისტთა თქმით, ჩაძირული "სან ხოსეს" განძის ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით $17 მილიარდია. "სან ხოსეს" საგანძური 600 მეტრის სიღრმეზეა

ოკეანოლოგიის ინსტიტუტში განმარტავენ, ჩაძირული გემი ოკეანის ფსკერზე, 600 მეტრის სიღრმეზეა, ზუსტ ადგილმდებარეობას კი კოლუმბიის მთავრობა ასაიდუმლოებს, თუმცა იმას კი ამხელენ, რომ ჩაძირული გემი გაძარცული არ არის და რომ განძის სრულად ამოღება შესაძლებელია.

9 მეტრის სიმაღლიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ზარბაზნები და მათზე ამოკვეთილ დელფინთა გამოსახულებები. გარდა ამისა, ზღვის ფსკერზე მიმოფანტულია ჩაის ფინჯნები, კერამიკის ნივთები და სხვა არტეფაქტები.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის ამოიღებენ "სან ხოსეს" განძს, თუმცა, მისი ღირებულების გათვალისწინებით, გემის ისტორია ასე ადვილად არ დასრულდება - კოლუმბიის ტერიტორიულ წყლებში ჩაძირულ გემზე პრეტენზია შესაძლოა ესპანეთმაც გამოთქვას. სხვები ფიქრობენ, რომ რადგან გემზე არსებული სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ამერიკის დაპყრობილი ქვეყნებიდან წაღებული განძია, ის მხოლოდ კოლუმბიის საკუთრებაში არ უნდა გადავიდეს.

იუნესკომ, თავის მხრივ, კოლუმბიას მოუწოდა, ჩაძირული გემის განძი კომერციული მიზნებისთვის არ გამოიყენოს, რადგან მას, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ კოლუმბია არ შეერთებია გაეროს კონვენციას, რომელიც ავალდებულებს, ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი გეგმების შესახებ იუნესკოს შეატყობინოს.

მომზადებულია independent-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#92