პატარა ლიახვის ხეობა მავთულხლართს მიღმა - კვირის პალიტრა

პატარა ლიახვის ხეობა მავთულხლართს მიღმა

შიდა ქართლის არაერთი ტოპონიმი, საცხუმეთის მსგავსად, ზანურ-სვანურის მეშვეობით იხსნება

მდინარე პატარა ლიახვი სათავეს გუდისის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე (ზღვის დონიდან 2920 მ) იღებს და სამხრეთით შიდა ქართლის ვაკეზე მიედინება. მისი დინების სიგრძე 65 კმ-ს შეადგენს, ხოლო აუზის ფართობი 513 კვკმ-ს. პატარა ლიახვის დინება სოფელ შერთულთან წყდება, სადაც იგი დიდ ლიახვს უერთდება.

ვახუშტი ბაგრატიონის აღწერით: "ხოლო ისროლის ხევის და ჟამურის დასავლით არს პატარა ლიახვის ხეობა. ამათ განჰყოფს მთა ბენდერისა, წიფორისა და ქნოღოსი. მდებარეობენ მთანი ესენი ჩრდილოდამ სამხრით კავკასიიდამ. ამ მთებს უძევს აღმოსავლით ისროლის ხევი, ჭურთა და ჟამური, დასავლით პატარა ლიახვი ქნოღოს ზეით მცირეს ტბას და მოდის ფოტრისამდე სამხრეთად. მერმე საცხენის ქუემოთამდე დასავლეთად, მერმე კიდევ სამხრით, ხოლო ვანათს ერთვის დასავლიდამ ლიახვის ხევი გერისა, გამოდის მშხლების მთას და დის სამხრით. ამას ზედა მსახლობელნი არიან ოსნი. უწოდებენ ვანათითურთ სავახტანგოს.

ხოლო ვანათსა, საცხენისსა და ბელოთს ზეით ერთვის ფოტრისის ხევი, ღრმა და კლდიანი, განსავალი. გამოსდის გერისა და შუაცხვირის მთას. შუა-ცხვირს მსახლობელნი არიან ოსნი. ამ ფოტრისას ხევს ზეით არს აწრისხევი... მას მოერთვის ხევი შამბიანისა ლიახვს აღმოსავლიდამ. გამოსდის ჟამურის მთას და დის დასავლეთად. ამ ხევს ზეით ერთვის ლიახვს ხევი ჩაბარუხეთისა, გამოსდის გერის მთას დის აღმოსავლით, ერთვის ლიახვს დასავლიდამ. ამ ლიახვის შესართავს ორსავ წყალს შუა არს ციხე ბეყჩოსი. ამ ციხეს ზეით არს ქნოღო სამ ხეობად. აღმოსავლიდამ ჩრდილოდამ და დასავლით - ჩრდილოდ შუადამ, ხოლო ტბა ქნოღოსი არს მცირე, რომელსა სდის ლიახვი. ამ ტბიდან ვანათამდე არს ლიახვის ხეობა უვენახო, უხილო, ვითარცა დავსწერეთ მთის ხევნი და სივიწროვით ესე უფროს მწირი".

XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში საქართველოში ნამყოფი გერმანელი მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი წერს: "ლიახვი შედგება ორი მოზრდილი მდინარისაგან - აღმოსავლეთის პატარა (პატარა ლიახვი) და დასავლეთის დიდი (დიდი ლიახვი) მდინარეებისაგან. ორივენი სათავეს იღებენ ფიქალიან მთებში, თერგის შენაკად არედონისა და მტკვრის შენაკად ქსნის სათავეებთან ახლოს და მიედინებიან რა პარალელურად სამხრეთისაკენ, მტკვართან მარცხენა მხრიდან შერთვის ადგილიდან ახლოს ერთდებიან. მათი მიდამოები და თვითონაც ყველაფერში ჰგვანან ამის წინ აღწერილ მდინარეებს. ასევე მათზეც და მათ შენაკადებზეც მდებარეობენ ზევით ოსური, ქვევით - ქართული მხარეები. პატარა ლიახვის შენაკადებია ზევიდან ქვევით: შამბიანი და პოტნისი..."

პატარა ლიახვის ხეობა ძველი დროიდანვე გამოირჩეოდა საირიგაციო შესაძლებლობებით. იოანე ბაგრატიონს თავის თხზულებაში "ქართლ-კახეთის აღწერა" ჩამოთვლილი აქვს სოფლები, რომლებიც პატარა ლიახვით ირწყვებოდა: ძევერა, შერთული, ტყვიავი, კარბი, ქორდი, არბო, დიცი, არგვიცი, ერედვი, ქვაბთა, სარაბუკი, ვანათი, სათიხარი, დისევი, კულბითი, მერე (იგივე მერეთი), ოსის სოფელი. ამ სოფლებში ძველი დროიდანვე განვითარებული იყო სარწყავი მიწათმოქმედება. აღსანიშნავია, რომ ის სოფლები, რომლებიც პატარა ლიახვს უშუალოდ არ ემეზობლებოდა, ლიახვიდან გამოყვანილი რუებით სარგებლობდა.

ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს, რომ ჯარიაშენიდან ვანათამდე ძალზე ნოყიერი მიწა იყო, "...არს ადგილი ესე ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, ბრინჯ-ბამბის გარდა ყოველნი სცენდების ნაყოფიერად... არამედ ღვინო იქაური თხელი და მომჟავო გარნა საამო სასმელად".

XIX საუკუნის 80-იან წლებში ლიახვის ხეობის სარწყავი სისტემა ს. მაჩაბელმა გამოიკვლია, რომლის მიხედვით, პატარა ლიახვით ირწყვოდა შემდეგი სოფლები: არბო, დიდი გარეჯვარი, კარბი, ქერე, კულბითი, ტირძნისი, სულ 303 დესეტინა მიწა.

დიცის მთავარგელოზის ტაძარი

პატარა ლიახვის ხეობის ზედა ნაწილი, როგორც ვახუშტი მიუთითებს, შედარებით უმოსავლო ტერიტორია იყო, აქ ძირითადად მესაქონლეობა იყო განვითარებული. თუმცა, პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე არსებულ სოფლებში მარცვლეული კულტურის მოყვანასაც მისდევდნენ. თუ გადავხედავთ სოფელ ბელოთსა და საცხენეთში მცხოვრები გლეხების გადასახადებს, ნათლად ჩანს, რომ ხეობის ამ ნაწილში ქერი და ხორბალიც მოჰყავდათ. პატარა ლიახვის ხეობაში მესაქონლეობა უფრო დაწინაურებული იყო, ამას ხელს უწყობდა აქ არსებული საძოვრები. იოანე ბაგრატიონს ჩამოთვლილი აქვს: "საძოვარნი ადგილნი და სათიბნი მინდორნი და მთებნი და სანადირონი ადგილნი სამეფო. ქ. აღმოსავლეთის მხარეს". ამ ადგილებში იგი ასახელებს პატარა ლიახვის, სიათისა და ფოხალას მთებს.

პატარა ლიახვის ხეობა უძველესი დროიდან იყო დასახლებული. გასულ საუკუნეში ხეობის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები, მათ შორის სოფელ ფრისში (რომელიც პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება).

1959 წელს ფრისის ჩაქცეულ ყორღანში, არქეოლოგიური კვლევის შედეგად (ხელმძღვანელი ბაგრატ ტეხოვი) აღმოჩნდა ადამიანთა და ცხოველთა ძვლები, თიხის ხუთი ჭურჭელი, რომელთაგან ოთხი დამტვრეული იყო დამარხული, ხოლო მეხუთე შემორჩა ფრაგმენტული სახით. ბაგრატ ტეხოვი მიუთითებს, რომ ფრისში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი ენეოლითის პერიოდის კერამიკის გავლენას განიცდის. მსგავსი კერამიკული ნაწარმი აღმოჩენილია საჩხერეში, რომელიც ადრეულ ბრინჯაოს პერიოდს განეკუთვნება.

ფრისის სამარხში აღმოჩნდა ხანჯლის პირი, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული მთელ ამიერკავკასიაში. ბაგრატ ტეხოვის განმარტებით, ფრისის ყორღანი ადამიანთა კოლექტიურ სამარხს წარმოადგენდა. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა სოფელ ტყვიავშიც, ე.წ. ხარის გორაზე. ტყვიავის გათხრებს, რომელიც 1938-1940 წლებში მიმდინარეობდა, პროფესორი სერგი მაკალათია ხელმძღვანელობდა. ყორღანულ სამარხთა კომპლექსი ადრე ბრინჯაოს ხანით, ძვ.წ. 2500 წლით თარიღდება. სამარხებში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი, ლითონის ნივთები, ობსიდიანისა და კაჟის საჭრისები, საფხეკები და სხვ.

პატარა ლიახვის ხეობაში ძველი დროიდანვე განვითარებული იყო ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, მათ შორის მეთუნეობა. აღსანიშნავია, რომ სოფელი ვანათი მეთუნეობის ერთ-ერთი კერა იყო. ეს დარგი განვითარებული იყო სოფელ სათიხარშიც, რომლის სახელწოდებაც სწორედ თიხის დამუშავებაზე მიგვანიშნებს. მეთუნეობის გარდა, პატარა ლიახვის ხეობაში განვითარებული იყო სამღებრო საქმეც. ამას ადასტურებს 1723 წლის ერთი საბუთი, საიდანაც ჩანს, რომ ვახტანგ VI-მ სოფელ საცხენეთში მღებარი დასვა. სამღებროს შემოსავალი კი იკორთის მონასტერს დაუნიშნა.

გერის წმინდა გიორგის ტაძრის კარიბჭე (ფოტოები ინახება სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ქვეყნდება პირველად)

XIX საუკუნის დასაწყისში სამღებრო არსებობდა ასევე სოფელ არბოშიც, არბოს სამღებროს საიჯარო ფასი წლიურად 12 თუმნით განისაზღვრებოდა. ტერიტორიას, რომელსაც პატარა ლიახვის ხეობა მოიცავდა, შუა საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამას განაპირობებდა მისი სტრატეგიული მდებარეობა. ადრეფეოდალურ ხანაში იგი ორ ნაწილად იყოფოდა, მისი ქვემო ნაწილი საისტორიო წყაროებში, კერძოდ კი, VII საუკუნის ანონიმურ სომხურ გეოგრაფიაში, ქორდითირიკოს სახელით იხსენიება, ხოლო შუა და ზემო ნაწილს საცხუმეთი ერქვა. პროფესორ ჯონდო გვასალის განმარტებით, საცხუმეთი პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირს ეწოდებოდა. XI საუკუნის მცხეთის საბუთში, რომლის მიხედვითაც მელქისედეკ კათალიკოსმა სვეტიცხოველს არაერთი სოფელი შესწირა, სოფელი კურბითიც იხსენიება.

ტოპონიმ "საცხუმეთს" ყურადღება მიაქცია ჯონდო გვასალიამ, იგი წერს: "ეს სახელი ასე იშლება: სა-ცხუმ-ეთ-ი, სადაც "ცხუმ" ფუძეა, ხოლო სა-ეთ ადგილის სახელწოდების ქართული მაწარმოებლები. "ცხუმ" სვანურად რცხილას ნიშნავს. სვანური ფუძე ქართული მწარმოებლებით გაფორმდა, საცხუმეთის ოლქის ბოლოში გვაქვს ტოპონიმი ცხინვალი (ქრცხილვანი). ამ სახელის ქართულ რცხილადან წარმოშობა ეჭვს არ იწვევს. მაშასადამე, გვაქვს ერთმანეთის გვერდით არსებული ერთი და იმავე შინაარსის ქართული და სვანური ტოპონიმები".

აღსანიშნავია, რომ საცხუმეთის მსგავსად, შიდა ქართლის არაერთი ტოპონიმი ზანურ-სვანურის მეშვეობით იხსნება. მაგალითად, "ლარგვისი", რომელსაც თუ სვანური ენის მეშვეობით გავშიფრავთ, შუა ადგილს ნიშნავს. ასეთივეა პატარა ლიახვის ხეობაში არსებული ტოპონიმი - გერი, რაც მეგრულად მგელს აღნიშნავს. საინტერესოა პატარა ლიახვის ხეობაში გავრცელებული ისეთი გვარები, როგორიცაა ლაფაჩი და ფაჩური, ფაჩ სვანურად ცაცხვის სახელია. ასეთი ტოპონიმები, რომელთა განმარტებაც ზანურ-სვანურის მეშვეობით ხერხდება, პატარა ლიახვის ხეობაში სხვაც არაერთია. შიდა ქართლში ზანურ-სვანური ტოპონიმების გავრცელებასთან დაკავშირებით ჯონდო გვასალია წერს: "თუ უფრო ადრეული ხანიდან არა, გვიანი ბრინჯაოს ხანიდან მაინც, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის მოსახლეობა, არქეოლოგიურ კულტურათა მიხედვით, კულტურულ-ეთნიკურად მჭიდროდაა დაკავშირებული".

X საუკუნის დასაწყისში ქართლის ფეოდალურ საგვარეულოთა შორის განსაკუთრებით დაწინაურდნენ ტბელები. მათი სახლის წარმომადგენელი, ივანე, აფხაზთა მეფეების მოკავშირე გახდა და მათგან სამართავად ქართლი გადაეცა. ის ქართლის "უფლად" იწოდებოდა, ამას ადასტურებს ერედვის წმინდა გიორგი ტაძრის წარწერა, სადაც კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობაზეა საუბარი. ტბელთა ფეოდალურ გვართან X საუკუნის განმავლობაში დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში არაერთი ტაძრის აგებაა დაკავშირებული.

ტბელთა ფეოდალური გვარის აღზევებამდე პატარა ლიახვის ხეობაში სხვა ფეოდალური სახლებიც გამოირჩეოდნენ. მათ პირველობა პოლიტიკურ ასპარეზზე დაწინაურებულმა ტბელებმა ჩამოართვეს. ამას ადასტურებს უკანასკნელ ხანს ჩვენ მიერ სოფელ დიცის ღვთისმშობლის ტაძრის კედლებზე მიკვლეული IX-X საუკუნეების წარწერები. მოგვიანებით, ტბელთა საგვარეულოს პირველობა ქართლში ყანჩაელთა ფეოდალურმა გვარმა წაართვა.

პატარა ლიახვის ხეობა ჩრდილო-აღმოსავლეთით ქსნის ხეობას ესაზღვრება, სადაც გვიან ფეოდალურ ხანაში ქსნის საერისთავო არსებობდა. ხეობის ჩრდილო-დასავლეთი მხარე დიდი ლიახვის მხარეს ემეზობლება, სწორედ აქ XV საუკუნიდან ერთ-ერთი ძლიერი სათავადო - სამაჩაბლო იყო ჩამოყალიბებული. პატარა ლიახვის დიდი ნაწილი ისტორიულად ქსნის საერისთავოში შედიოდა, ხოლო ქვემო ნაწილზე არსებულ სოფლებზე არაგვის ერისთავთა გავლენა ვრცელდებოდა.

მლოცველები ქორდის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში

პატარა ლიახვის ხეობაში ძველი დროიდან გადიოდა არაერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელთა მეშვეობითაც არა მარტო შიდა ქართლის სხვადასხვა დასახლებებთან, არამედ ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებაც იყო შესაძლებელი. ხეობაში გამავალი გზების გაკონტროლების მიზნით აქ არაერთი ციხესიმაგრე არსებობდა, მათგან აღსანიშნავია ვანათის, ერედვის, ბელოთისა და აწრისხევის ციხესიმაგრეები. პატარა ლიახვის ხეობის ქსნის ხეობასთან დამაკავშირებელი გზა XVIII საუკუნემდე მოქმედებდა. ამ პერიოდში საქართველოში მყოფ გერმანელ მოგზაურს იოჰან ანტონ გიულდენშტედტს სწორედ ამ გზით უსარგებლია, როცა ცხინვალიდან ქსნის ხეობაში პატარა ლიახვის ხეობის გზით გადასულა.

გიულდენშტედტს ამ გზის მარშრუტი ასე აქვს აღწერილი: ცხინვალი-ფრისი-ერედვი-ვანათი-საცხენეთი-ელტურა-ბელოთი-ფოტნისის ხეობა-ზონკარი-წინუბანი-აწრისხევი-მდინარე კობაისის ხეობა-პატარა ლიახვის გადაკვეთა; ჩრდილო-აღმოსავლეთით წიფორი-ჯოვახთი მდინარე მეჯუდას ფონი-კოლხიონი-ცხრაწყარო-კორა-ჭურთას ხევი-უპეთი (რამდენიმე პატარა სოფელი, რომელთაც არ ასახელებს) და ლარგვისის მონასტერი. პატარა ლიახვის ხეობიდან გზა გადადიოდა ასევე არაგვის ხეობაში. XIX საუკუნის 80-იან წლებში გაზეთ "დროების" კორესპონდენტი გ. ლიახველი (ჩოჩიშვილი) პატარა ლიახვის სოფელ ვანათში სტეფანწმინდიდან ჩამოსულა.

პატარა ლიახვის ხეობიდან ერთ-ერთი გზა რაჭის გავლით იმერეთშიც გადადიოდა. ვანათიდან ამ გზით უკავშირდებოდნენ ჯავას, ჯავიდან კვაისას გავლით შესაძლებელი იყო რაჭაში ასვლა, რაჭიდან კი - იმერეთში. იმერეთთან დამაკავშირებელი გზით XVIII საუკუნეში სამეფო ხელისუფლებაც სარგებლობდა, ამ გზით ჩამოვიდა პატარა ლიახვის ხეობაში იმერეთის მეფე სოლომონ II, როცა ის სოფელ ვანათში მთავარმართებელ ალექსანდრ ტორმასოვს შეხვდა, იმერეთთან დამაკავშირებელ გზას იყენებდა იულონ ბატონიშვილიც.

ცნობილია, რომ ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ (1777 წ.) პატარა ლიახვის ხეობა ერეკლე II-მ თავის ძეს იულონს უბოძა. იულონს რეზიდენცია სოფელ ბელოთში ჰქონდა. რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი იულონ ერეკლეს ძე პატარა ლიახვის გზით ახერხებდა იმერეთში გახიზვნას. პატარა ლიახვის ხეობიდან გზა მიემართებოდა ასევე ცხინვალში. ერთ-ერთი გზა კი ჩრდილოეთ კავკასიასთანაც აკავშირებდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან პატარა ლიახვის ხეობასთან, კერძოდ, სოფელ ვანათთან და ქართლის სოფლებთან დამაკავშირებელი გზის ერთი მონაკვეთი მიემართებოდა სოფელ დისევის სიახლოვეს, რომელსაც ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით "საოსო გზა" ეწოდებოდა. ამ ადგილზე "საოსო გზა" რამდენიმე განშტოებად იყოფოდა. ოქროპირიძეების სიგელში ნახსენებია: "საოსო გასაყარ გზამდისინ".

მლოცველები არბოს წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში გერისთობის დღესასწაულზე

გვიანფეოდალურ პერიოდში პატარა ლიახვის ხეობის სოფლები გადანაწილებული იყო სხვადასხვა საფეოდალოებს შორის. მისი ჩრდილო-დასავლეთი მხარე ქსნის ხეობას ემიჯნებოდა. პატარა ლიახვის ხეობის ეს ნაწილი ქსნის საერისთავოში შედიოდა. ამას ხელი შეუწყო ქსნის ერისთავებისადმი საქართველოს სამეფო კარის კეთილგანწყობამ, კერძოდ, XIV საუკუნის დასაწყისში ვახტანგ III-მ (1302-1308) შალვა ქვენიფნეველს ქსნის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად, პატარა ლიახვის ხეობაში არსებული ერთ-ერთი სოფელი - აწრისხევი უწყალობა.

XV-XVIII საუკუნეებში ქსნის ერისთავებმა კიდევ უფრო გააფართოვეს თავიანთი საფეოდალოს საზღვრები. როგორც ჯონდო გვასალია განმარტავს: "XV-XVIII საუკუნეებში ქსნის ერისთავთა ექსპანსია მიმართულია შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთისკენ. დიდ ლიახვზე იერთებენ მის სათავეებს - მაღრან-დვალეთს (ტერმინი გვიან შუასაკუნეების ხანისაა), პატარა ლიახვზე სავახტანგოს ნაწილს და გვერდისძირს".

სავახტანგო, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობის მიხედვით, პატარა ლიახვის ხეობის ერთ ნაწილს ეწოდებოდა: "უწოდებენ ვანათითურთ სავახტანგოს". გვერდისძირი კი პატარა ლიახვსა და მდინარე მეჯუდას შუა წელს შორის მდებარე ტერიტორიას აღნიშნავდა.

ქსნის ერისთავებმა პატარა ლიახვის ხეობაში არაერთი ციხესიმაგრე ააშენეს, სოფელ ბელოთში კი საკუთარი სასახლე-რეზიდენცია ჰქონდათ.

ქსნის საერისთავო სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ტყვიავთან, არაგვის საერისთავოს ესაზღვრებოდა, თუმცა არაგვის ერისთავების გავლენა პატარა ლიახვის ხეობაზე არ შემოიფარგლებოდა მის ქვემო წელზე არსებული რამდენიმე სოფლით. ისინი ფლობდნენ სოფელ გერსა და გერისთავს, ასევე არბოს.

აღსანიშნავია, რომ ნარატიული წყაროების მიხედვით, არაგვის ერისთავები წარმოშობით პატარა ლიახვის ხეობიდან, კერძოდ, სოფელ ვანათიდან იყვნენ. ქსნისა და არაგვის ერისთავების გარდა, პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში შუა საუკუნეებში ყმა-გლეხებსა და მამულს სხვა ფეოდალებიც ფლობდნენ, მაგალითად, საამილახვროს საზღვარი სოფელ ძევერასთან გადიოდა. თუმცა, ამილახვრებს პატარა ლიახვის ხეობის რამდენიმე სოფელში ჰყავდათ ყმები, მათ შორის კარბსა და ვანათში. არაგვის ერისთავების გავლენაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტიც, რომ XIX საუკუნის I ნახევარში ვანათში ყმა ჰყავდა ანანურის სალოცავს.

პატარა ლიახვის ხეობის რამდენიმე სოფელში ყმა-მამულს ფლობდნენ ფავლენიშვილებიც. მათი საგვარეულოს ერთ-ერთი შტო სოფელ ერედვში სახლობდა, ფავლენიშვილებს აქ ციხესიმაგრეც ჰქონდათ. აქვე იყო მათი საგვარეულო სამარხი. ერედვის გარდა ფავლენიშვილებს ყმები ჰყავდათ სოფელ ვანათშიც, აგრეთვე სოფელ ქორდშიც.

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია

პატარა ლიახვის ხეობის ზოგიერთ სოფელში ყმები ჰყავდათ ასევე მაჩაბლებს. ფეოდალურ საგვარეულოთა გარდა, პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში ყმა-მამულს საქართველოს საპატრიარქოც ფლობდა. ამ სოფლებიდან უნდა დავასახელოთ: ქორდი, ვანათი, სათიხარი, ერედვი. აღსანიშნავია, რომ პატარა ლიახვის ხეობის რამდენიმე სოფელში მამულებს ფლობდნენ უცხოეთში არსებული ქრისტიანული ეკლესია-მონასტრებიც. ბელოთთან ახლოს, პატარა ლიახვის ერთ-ერთ შენაკად ფოტრისას ნაპირზე თავისი მეტოქი (მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით), ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ჰქონდა ათონის მთაზე არსებულ ვატოპედის ბერძნულ მონასტერს, რომელიც მდინარე პატარა ლიახვის დინებამ დაანგრია. ქართლის დედოფალმა მარიამმა XVII საუკუნის II ნახევარში აქ ახალი ტაძარი ააგო და დეკანოზად ცხინვალში მცხოვრები მახნიაშვილი დანიშნა.

პატარა ლიახვის ხეობაში არსებული სოფელი თერგვისი მფლობელობაში ჰქონდა იერსულიმის ჯვრის მონასტერს. წმინდა მიწაზე არსებული ქართული სასულიერო ცენტრისთვის აღნიშნული სოფელი ლუარსაბ II-ს 1624 წელს შეუწირავს. მართალია, XVIII საუკუნის ბოლოს ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, პატარა ლიახვის ხეობა ერეკლე II-მ თავის ძეს - იულონ ბატონიშვილს გადასცა, თუმცა იულონ ბატონიშვილის რუსეთში გადასახლების შემდეგ დავით გიორგის ძე ბატონიშვილმა პატარა ლიახვის ხეობის სოფლები კვლავ ქსნის ერისთავებს უბოძა.

XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში ოსთა განსახლების ადგილები ძირითადად მთიანი ზოლი იყო. ოსთა ახალშენები გაჩნდა პატარა ლიახვის ზემო წელზე. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, პატარა ლიახვის ხეობაში ოსები ვანათს ზემოთ იყვნენ დასახლებული. ოსები ცხოვრობდნენ პატარა ლიახვის ერთ-ერთი შენაკადის - ფოტრისის ხევის სოფელ შუაცხვირში, ასევე პატარა ლიახვის ხეობაში არსებულ სოფელ აწრისხევის ზევით. იოანე ბაგრატიონის აღწერით, პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე არსებულ სოფლებში XVIII საუკუნის ბოლოს ნახევრად ქართული მოსახლეობა იყო: "ამასვე მიეწერება პატარა ლიახვის ხეობაზედ მცხოვრებნი ოსნი და შიგ ნახევრად ქართველნიცა". ამ დროისთვის ოსებს კომპაქტური დასახლებანი ჰქონდათ დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობების მთიან ნაწილში, აგრეთვე თრუსოსა და კუდაროში.

XIX საუკუნეში საქართველოში რუსული მმართველობის დამყარება პატარა ლიახვის ხეობაზეც აისახა. იგი ჯერ ოსეთის ოკრუგში შედიოდა (ოსეთის ოკრუგი 1843 წელს გაიხსნა), ხოლო შემდეგ გორის მაზრაში. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისა და გასაბჭოების შემდეგ, რასაც ქვეყნის ახალი ადმინისტრაციული მოწყობა მოჰყვა, პატარა ლიახვის ხეობა ორ ნაწილად გაიყო, ერთი ნაწილი გორის რაიონის შემადგენლობაში შევიდა, მეორე კი ე.წ. სამხრეთ ოსეთში. აქ შეიყვანეს პატარა ლიახვის ხეობის მთელი რიგი სოფლები, მათ შორის "მერეთის საზოგადოებიდან" სნეკვი, ზარდიანთკარი, ქსუისი, ჭარები, კულბითი, დისევი (აქედან 1536 ქართველი მოსახლე, ხოლო 119 ოსი ეროვნების), ორტევის საზოგადოებიდან სოფელი ვანათი (432 ქართველი მოსახლე, ხოლო 48 ოსი ეროვნების), "ბელოთის საზოგადოებიდან": აწრისხევი, საცხენეთი, ხადურა, ხადურიანთკარი, ბელოთი, ზემო ავნევი, ქვემო ავნევი (აქედან აწრისხევში - 299 ქართველი მოსახლე, საცხენეთში - 289, ხადურაში - 135, ხადურიანთკარში - 22, ბელოთში - 220, ზემო ავნევში - 287, ქვემო ავნევში - 127). ეს გაკეთდა ადგილობრივი მოსახლეობის (იგულისხმება დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, ასევე ფრონეს ხეობაში მცხოვრებნი) წინააღმდეგობის მიუხედავად.

ყოფილი საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს 40 ქართული სოფელი გადაეცა. პატარა ლიახვის ხეობის ის სოფლები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოექცა, სამ საზოგადოებაში იყო გაერთიანებული: მერეთის (შედიოდა 6 სოფელი - სნეკვი, ზარდიანთკარი, ქსუისი, ჭარები, კულბითი, დისევი. სულ ამ საზოგადოებაში სახლობდა 1655 მცხოვრები, აქედან 1536 ქართველი, 119 ოსი ეროვნების); ორტევის (შედიოდა ერთი სოფელი - ვანათი 480 მცხოვრებით, აქედან 432 ქართველი იყო, ხოლო 48 ოსი); ბელოთის (შედიოდა 8 სოფელი: აწრისხევი, საცხენეთი, ხაშურა, ხადურიანთ კარი, ბელოთი, ზემო ავნევი, ქვემო ავნევი. სულ 1379 მცხოვრები, ყველა ქართველი ეროვნების).

შიდა ქართლის ერთ-ერთი უძველესი ხეობა დღეისთვის ოკუპირებულია. მკვიდრი მოსახლეობა დევნილად იქცა. განადგურებულია ქართველთა საცხოვრებლები. ისტორიულ ქართულ მიწაზე რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო ბაზები ააშენა. ქართველთა ცხოვრების ნაკვალევი იშლება, ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები კი ნადგურდება ან "ოსური კულტურის ძეგლებად" ცხადდება.

გიორგი სოსიაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#92