ქართული ხელნაწერები სანქტ-პეტერბურგში - კვირის პალიტრა

ქართული ხელნაწერები სანქტ-პეტერბურგში

მსოფლიოს არაერთ ბიბლიოთეკასა თუ არქივში დაცულია ქართული ხელნაწერები, თუმცა განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის წიგნსაცავებში დაცული ქართული ნიმუშები.

მათი უმრავლესობა თავმოყრილია სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში.

ქართული ხელნაწერები სანქტ-პეტერბურგის ყოფილ სააზიო მუზეუმში სხვადასხვა გზით შევიდა - რუსეთში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთაგან, ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და ბიბლიოფილების კერძო კოლექციებიდან.

პირველი ქართული ხელნაწერი სააზიო მუზეუმის საკუთრებაში მისი დაარსებისთანავე, 1818 წელს უნდა გადასულიყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკიდან. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, სააზიო მუზეუმში დაიწყო მიზანმიმართული მუშაობა ქართულ ხელნაწერთა კოლექციის შესადგენად. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფრანგ მეცნიერს, ქართველოლოგ მარი ბროსეს (1802-1880), რომელმაც თავისი სამეცნიერო კავშირებისა თუ კერძო კოლექციონერებთან პირადი ნაცნობობის წყალობით, მნიშვნელოვნად გაამდიდრა სააზიო მუზეუმის საცავი.

მარი ბროსეს გარდაცვალების შემდეგ, 1884 წელს, მისი ანდერძის თანახმად, მეცნიერის ბიბლიოთეკა, სამეცნიერო არქივი და ხელნაწერთა პირადი კოლექცია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა. სხვადასხვა დროს ქართულ ხელნაწერთა კოლექცია შეივსო აგრეთვე რუსეთში მოღვაწე კალიგრაფისა და ბიბლიოფილის პეტრე ქებაძის, ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის, თბილისის ყოფილი სამოქალაქო გუბერნატორის ნიკოლოზ ფალავანდიშვილის, ლინგვისტისა და აკადემიის წევრის ანდრეი შოგრენის, ამიერკავკასიის ყოფილი მთავარმმართებლის ნიკოლაი მურავიოვ-კარსკის, ქართველი დიპლომატის, მწერლისა და მთარგმნელის გიორგი ავალიშვილისა და სხვათა პირადი კოლექციებიდან.

დიდად გააფართოვა ქართულ ხელნაწერთა კოლექცია თეიმურაზ ბაგრატიონის უმდიდრესმა პირადმა ბიბლიოთეკამ, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას მისი სიკვდილის შემდეგ გადაეცა.

ქართულ ხელნაწერთა კოლექცია დღეს მოიცავს 558 ერთეულს, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები XI-XIX საუკუნეებით განისაზღვრება. ხელნაწერები გამოირჩევა თემატიკური მრავალფეროვნებითაც. მათ შორის არის საერო და სასულიერო შინაარსის ძეგლები, ისტორიული დოკუმენტები, ასტროლოგიური, სამედიცინო თუ სამხედრო შინაარსის ხელნაწერები, მოგზაურობების ამსახველი, ბატონიშვილთა არქივებში დაცული მასალები და სხვა.

ბიბლიოთეკაში დაცულია ეპისკოპოს პორფირი უსპენსკის კოლექციიდან შესული, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ფსალმუნის ქართული ტექსტი, რომელიც იერუსალიმში რუსული მისიის ხელმძღვანელს წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრიდან წამოუღია.

ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერთაგან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კონსტანტინ ტიშენდორფის მიერ იმავე სინადან ჩამოტანილი ქართული პალიმფსესტები, რომლებიც X საუკუნით თარიღდება. აქვე ინახება X საუკუნით დათარიღებული გიორგი ქუეთაისძის მიერ გადაწერილი სახარება, რომელიც ბიბლიოთეკაში 1879 წელს მიხაილ საბინინისგან შევიდა.

ბიბლიოთეკაში დაცული ყველაზე ძველი დათარიღებული ხელნაწერი ტბეთის სახარებაა, რომელიც დავით III კურაპალატის მეფობისა და იოანეს ეპისკოპოსობის დროს კალიგრაფების, დავით ოშკელისა და არქიპოსის მიერ 995 წელს გადაიწერა. ხელნაწერში ჩართულია ლუკასა და მარკოზის შესანიშნავი მინიატურები.

პეტერბურგში რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია ლარგვისის სახარების ორი მინიატურა, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე იერუსალიმის ქართველთა მონასტერში შეიქმნა. წიგნსაცავს ეს ძვირფასი მინიატურები კოლექციონერმა ალექსანდრ ზვენიგოროდსკიმ უსახსოვრა.

სანქტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკაში დაცულია უნიკალური ქართულ-ბერძნული ხელნაწერი, მსგავსი ტიპის სხვა ნუსხა არც ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში მოიპოვება და არც ბიზანტიურში. ხელნაწერი თარიღდება XV საუკუნით და შექმნილია სამცხის საათაბაგოს სკრიპტორიუმში ცნობილი ისტორიული პირის, ყვარყვარე ათაბაგისთვის. ხელნაწერის შექმნაში მონაწილეობდა პონტოდან გადმოსახლებული ბერძენი მღვდელ-მონაზონი, რომელიც შემდგომში აწყურის ეპისკოპოსი და ქართველი მწიგნობარი გახდა.

პეტრეს უარყოფა; მამლის ყივილი; მაცხოვარი პილატეს წინაშე

ეს ხელნაწერი მნიშვნელოვანია პოსტბიზანტიური ბერძნული ენის ისტორიისთვისაც. ორენოვანი კრებული საინტერესო მაგალითია ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობებისა, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდა როგორც ამ ეპოქის თვალთახედვით განაზრებული ბრწყინვალე საუკუნეების შემოქმედებითი გამოცდილება, ასევე თანადროული მხატვრული აზროვნება. ქართულ-ბერძნული ხელნაწერის გაფორმებაში ნათლად აისახა იმდროინდელი ქრისტიანული სამყაროს მხატვრული გემოვნება, ტრადიციისადმი ერთგულება, იკონოგრაფიული და სტილური თავისებურებები და ლიტერატურულ-მხატვრული ძიებანი.

XVI-XVII საუკუნეების ქართული წიგნის ხელოვნების ისტორიის შესასწავლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიოთეკაში დაცულ პოემა "როსტომიანის" მინიატურებსა და გაფორმებას. ასეთივე საყურადღებოა 1676 წელს "ცოდვილ პაპუნას" მიერ გადაწერილი ოთხთავი, სადაც როგორც რუსი, ისე ქართველი ოსტატის მიერ შესრულებულ მინიატურებს ვხედავთ. აშკარად იგრძნობა აღმოსავლური, კერძოდ თურქული ხელოვნების გავლენა, რაც ორნამენტაციაში მიხაკისა და ტიტების გამოყენებაში გამოიხატება.

პეტერბურგის ქართული კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია პიოტრ ფროლოვის ნაქონი მინიატურული ლოცვანი. მინაწერთა მიხედვით ირკვევა, რომ მისი პირველი მფლობელი გიორგი XII-ის ვაჟი ბაგრატ ბატონიშვილი ყოფილა. კოლექციაში კიდევ ერთი მინიატურული ლოცვანი ინახება. იგი გადაწერილია იესეს ვაჟის დეკანოზ გაბრიელის მიერ, კათოლიკოს დომენტი IV-ის ბრძანებით. ლოცვანი ვერცხლის მოოქრულ ყდაში ზის და 1801 წელს სანქტ-პეტერბურგშია დამზადებული მირიან ბატონიშვილისთვის.

1814 წელს გადაწერილი ოთხთავი რუსული ბიბლიოთეკის კოლექციის მშვენებად შეიძლება ჩაითვალოს. მისი გადამწერი არუთინ იზმირია, სავარაუდოდ, სომეხი კალიგრაფი თურქულ ქალაქ იზმირიდან. ხელნაწერის მინდვრები პეტერბურგში უნდა იყოს გაფორმებული, იგი პერგამენტზეა გადაწერილი. ძვირფასი მასალის გამოყენება, ძველი ტრადიციების პატივისცემასთან ერთად, მფლობელის წარჩინებულ წარმომავლობაზე მიუთითებს. წიგნი ბიბლიოთეკაში 1810 წელს იოანე გრუზინსკისგან შევიდა.

პეტერბურგში, ქართულ კოლექციაში არაერთი საყურადღებო ქართული საერო ლიტერატურის ძეგლიც ინახება, მათ შორის აღსანიშნავია სარგის თმოგველის "ვისრამიანი" (XVII საუკუნის ნუსხა), მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანი", რომელიც გადაწერილია 1699 წელს გასპარ ბაღდასარაშვილის მიერ. გამორჩეული ადგილი უკავია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ლამაზი ხელით თავად დიმიტრის მიერ გადაწერილ "ვეფხისტყაოსანს", რომელიც ბიბლიოთეკაში მიხეილ საბინინისვე კოლექციიდან 1896 წელს შესულა. იმავე საბინინის წყალობით ბიბლიოთეკას შეემატა მეფე თეიმურაზ I-ის ლექსების შესანიშნავი კრებული. აქვე ინახება 1892 წელს ა. გრენისგან შესყიდული მეფე ვახტანგ VI-ის თხზულება "მირიანი", რომელიც 53-გვერდიანი მცირე ზომის ხელნაწერია. განმანათლებელი მეფის სხვა ნაღვაწიც გვხდება ბიბლიოთეკაში, კერძოდ ალექსანდრე მაკედონელის ისტორია, რომელიც ვახტანგს კვინტუს კურციუს რუფუსისგან უთარგმნია. მასში 201 გვერდი და 139 მინიატურაა. ხელნაწერი 1880 წელს იოანე გრუზინსკისგან არის შესული. აქვე იხილავთ ვახტანგისეულ ბოლოსიტყვაობას სულხან-საბა ორბელიანის "ქილილა და დამანასთვის".

VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ფსალმუნის ქართული ტექსტი

რაც შეეხება ამ უკანასკნელს, პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ინახება სულხან-საბა ორბელიანისეული "ქილილა და დამანას" მდიდრულად მოხატული ნუსხა. წიგნში 139 ნახატია. უმეტესი მათგანი მინიატურების ჯგუფს წარმოადგენს და ერთი იგავის სხვადასხვა ეპიზოდს გადმოგვცემს. ამდენად, ხელნაწერში სულ 805 მინიატურაა. პროფესორ მაგალი თოდუას მოსაზრებით, ხელნაწერს სამი მხატვარი ჰყავდა. პირველი, სავარაუდოდ, ქართული წარმოშობის ანონიმი მხატვარი, უმეტესად დიდი ფორმის ილუსტრაციებს ხატავს. მას ხელნაწერში სამი ისტორიული პირი აუსახავს: თამარ მეფე, ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. თამარ მეფე დახატულია ვახტანგ VI-ის წინასიტყვაობის საილუსტრაციოდ. აქ მას "ქილილა და დამანას" ქართულ თარგმანს მიართმევენ. შესავალშივეა დახატული ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. საბა ვახტანგს წიგნს მიართმევს (თუ გამოართმევს). დღეს ფართოდ გავრცელებული საბას პორტრეტი სწორედ ამ ნახატიდან მოდის.

ორბელიანის კიდევ ერთი საინტერესო პორტრეტი დაცულია ბატონიშვილ ბაგრატის მიერ 1814 წელს გადაწერილ ხელნაწერში. მინიატურაზე სულხან-საბა ახალგაზრდაა, აღმოსავლური ყაიდის ხალათსა და კავკასიურ ქუდშია გამოწყობილი. მინიატურა ბაგრატს დაუხატავს. იქვეა მინაწერი: "თავადი სულხან ორბელიანი, რომელსაც აღუწერია ისტორია ესე ჟამსა სიჭაბუკისასა თვისასა". ხელნაწერი წარმოადგენს სულხან-საბას იგავ-არაკების კრებულს და პეტერბურგის ბიბლიოთეკაში შევიდა 1896 წელს მიხეილ საბინინისგან. ლარგვისის სახარების მინიატურა(XII-XIII სს.) რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება ქართველი ბატონიშვილების დიდი მეცნიერული თუ ლიტერატურული მემკვიდრეობა. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიორგი XII-ის შვილების, იოანე ბატონიშვილის "ქართული ენის გრამატიკა" და თეიმურაზ ბაგრატიონის "საქართველოს ისტორია".

ბიბლიოთეკის კოლექციის ნაწილია სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც - პავლე I-ის მიერ საქართველოს სამეფოს რუსეთთან შეერთების მანიფესტი, საქართველოს უკანასკნელი დედოფლის მარიამ ციციშვილის წერილები, ერეკლე მეფის მიერ შედგენილი მორიგე ჯარის წესდება და მოსამსახურეთა მორიგეობის ნუსხა, ქართლის მეფის მიერ გაცემული წყალობისა და ხმლის ბოძების სიგელი.

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#92