ხის თოჯინა ეგვიპტურ პირამიდებზე ორჯერ ძველია - კვირის პალიტრა

ხის თოჯინა ეგვიპტურ პირამიდებზე ორჯერ ძველია

რუსეთში, ტორფიან ჭაობში აღმოჩენილი ხის თოჯინა, კერპი, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანს, ეგვიპტის პირამიდებზე ორჯერ უფრო ძველია. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები შიგირის თოჯინის ხელახალი კვლევის შემდეგ მივიდნენ.

ადამიანის მსგავსი დიდი ზომის ხის ფიგურა ოქროს მომპოვებლებმა 1894 წელს, რუსეთში, შიგირის ტორფიან ჭაობში, 4 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. ფიგურის სიმაღლე 5 მეტრი იყო, მაგრამ დღეს მხოლოდ 3,4 მეტრია დარჩენილი. დამზადებულია ლარიქსის მერქნისგან. თოჯინის ფრაგმენტები რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, სვერდლოვსკის რეგიონულ მუზეუმშია დაცული.

გიგანტური თოჯინის სამეცნიერო კვლევა მისი აღმოჩენიდან 100 წლის შემდეგ დაიწყო. რადიოკარბონული დათარიღების მეთოდით გაირკვა, რომ შიგირის თოჯინა დაახლოებით 9 900 წლისაა, ანუ მსოფლიოში უძველესი მონუმენტური სკულპტურაა.

ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა კი მისი ასაკი კიდევ უფრო გაზარდა - 11 500 წლამდე. ანუ, გამოდის, რომ ის გაცილებით ძველია, ვიდრე ეგვიპტის დიდი პირამიდა, რომელიც ძვ.წ. 2550 წელს არის აშენებული.

მკვლევართა ვარაუდით, ეს ფიგურა შესაძლოა, ევრაზიაში ადრეული მეზოლითის ხანის მცხოვრებმა მონადირეებმა, შემგროვებლებმა და მეთევზეებმა შექმნეს და მას სპირიტუალური დანიშნულება ჰქონდა.

თომას ტერბერგერი, ჰანოვერის სიძველეთა დაცვის სამსახურის არქეოლოგი: "როცა ხის თოჯინა სვერდლოვსკის მუზეუმში პირველად ვნახე, გაოცებული დავრჩი. ის მოხატულია გეომეტრიული ორნამენტებითა და ადამიანების სახეებით. ასეთი დიდი სკულპტურა ადვილი შესამჩნევი იქნებოდა მონადირე-შემგროვებელი საზოგადოებისთვის და შესაძლოა, თავის წინაპრებსაც გამოსახავდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ სასწაულია, რომ ასეთმა ფიგურამ ათასწლეულებს გაუძლო".

შიგირის თოჯინის შესწავლას სიურპრიზებიც ახლავს. აღმოჩენიდან 20 წლის შემდეგ მის სტრუქტურაზე ილუსტრირებული ხუთი სახე შენიშნეს. 2003 წელს მასზე ცხოველის გამოსახულება, 2014 წელს კი ადამიანის კიდევ ერთი სახე აღმოაჩინეს.

მომზადებულია livescience.com-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#92