მჭადიჯვარი მთავარანგელოზის ეკლესია - კვირის პალიტრა

მჭადიჯვარი მთავარანგელოზის ეკლესია

აგურის გრანდიოზულ ეკლესიაში ხუროთმოძღვარმა სვეტიცხოვლის მოტივებიც გამოიყენა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია. ის გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ამ პერიოდის ერთ-ერთი გრანდიოზული ნიმუშია. აგურის შენობა 23 მეტრის სიმაღლისაა, შესასვლელის თავზე განთავსებული წარწერის თანახმად, აგებულია 1668 წელს, XVII საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, დომენტი კათალიკოსის მიერ (დომენტი III მუხრანბატონთა საგვარეულოდან, 1660-1678 წლებში იყო ქართლის კათალიკოსი).

ტაძარს გარს აკრავს ოდნავ მოგვიანებით აგებული გალავანი და აქვს სამრეკლო. გალავნის შიგნით მოქცეულია სასახლეც, რომელშიც ამჟამად დედათა მონასტერია განთავსებული.

მჭადიჯვარი ისტორიული სოფელია. ის XVII საუკუნეში შედიოდა სამუხრანბატონოს ტერიტორიაში. ისტორიულ წყაროებში იგი ცნობილია, როგორც ლეკებთან ერთ-ერთი მასშტაბური შეტაკების ადგილი. სწორედ მჭადიჯვრის ციხესთან, 1754 წლის 16 აგვისტოს ერეკლე II-სა (1744-1798) და თეიმურაზ II-ს (1744-1762) სასტიკად დაუმარცხებიათ ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი. ამ ადგილებს უკავშირდება 1905 წლის 3 აგვისტოს ისტორიული შეტაკება გლეხებსა და კაზაკებს შორის. გლეხები მემამულე ბაგრატიონ-მუხრანელს აუჯანყდნენ. გამოსვლაში 14 სოფლის 3 ათასამდე გლეხი მონაწილეობდა. მართალია, კაზაკთა დამსჯელმა რაზმმა აჯანყებულები განდევნა, მაგრამ აჯანყება ხალხის მეხსიერებას შემორჩა და საბჭოთა პერიოდში მემორიალური დაფითაც აღინიშნა.

გვიანი შუა საუკუნეები, წინამორბედ ეპოქებთან შედარებით, ქართული ხელოვნების ისტორიაში არ მიიჩნევა განსაკუთრებულად საინტერესოდ და ახლის მთქმელად - პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეების გამო. პირველი ქართველი ხელოვნებათმცოდნის, გიორგი ჩუბინაშვილის მოსაზრებით, გვიანი შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში ირანული მხატვრული ფორმების გავლენა შეიმჩნევა.

ირანის ბრწყინვალებამ ამ პერიოდში განაპირობა მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვნების საგნების შემოდინება აღმოსავლეთ საქართველოში, რასაც მოჰყვა საზოგადოების მაღალი ფენების გატაცება ხელოვნების ამ მოდური საგნებით. ისინი ცდილობდნენ "დამსგავსებოდნენ" სპარსელებს გარეგნულად, ცხოვრების წესით, სახელებით, ასევე საყოფაცხოვრებო სახლებითა და ახალი ნაგებობებით. ამასთან, "ახალ პერიოდში არსებითი გადაფასება ხდება თავად სამშენებლო მასალისა.

ქართული არქიტექტურის წინა მხატვრულ-შემოქმედებით პერიოდში, სამშენებლო მასალად გამოიყენებოდა კარგად გამოთლილი ქვის ფილები, ზოგჯერ საკმაოდ დიდი ზომის, საგულდაგულოდ შერჩეული ფერის მიხედვით. ამჯერად კი, ამგვარი ქვის ადგილს იკავებს აგური. აგური ღიად ჩანს ფასადებზე და განსაზღვრავს მათ დეკორატიულ გაფორმებას. აგურით შეისრული თაღი თანდათან ანაცვლებს ნახევრად მომრგვალო ფორმის ქვის თაღს" (გ. ჩუბინაშვილი). თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აგურის მთავარ საშენ მასალად გამოყენება და ირანული მხატვრული ფორმების გავლენა კახეთის არქიტექტურულ ნიმუშებში უფრო ადრეული პერიოდიდან იკვეთება. ქართლის ძეგლებში კი ეს გავლენა მოგვიანო პერიოდში, XVII საუკუნიდან ხდება თვალში საცემი. გარდა ამ აღმოსავლური მოტივების გადამუშავებული ვარიაციებისა, ამ პერიოდში იხსენებენ ძველ, ქართულ ხუროთმოძღვრებისთვის სახასიათო არქიტექტურულ ფორმებსა და მხატვრულ სახეებს. ჩახაზული ჯვრის ტიპიც, რომელსაც მჭადიჯვრის ეკლესია მიეკუთვნება, სწორედ ამ "გახსენების" მაგალითია.

ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაგები, მაგრამ საბჯენი თაღები, სვეტის თავები და შესასვლელის თაღები, მეტი კონსტრუქციული სიმდგრადისთვის, თლილი ქვებით არის შეკრული.

შესასვლელები სამი მხრიდან ყოფილა გაჭრილი: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. მოგვიანებით ჩრდილოეთის შესასვლელი ამოუქოლავთ. ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი.

აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის წინ მოწყობილია ბემა (ამფითეატრის მსგავსი სივრცე ტაძარში). საკურთხევლის ორივე მხარეს ღვთისმსახურთა დამხმარე აფსიდიანი სათავსებია - სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც საკურთხეველს თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე კამარით გადახურული უსარკმლო თითო ოთახია, რომლებსაც თლილი ქვით გამოყვანილი ორმაგი თაღები აქვთ, შუაში სვეტით - რაც აშკარად სვეტიცხოვლიდან გახსენებული მოტივია. მცირე შესასვლელი მოჩანს ჩრდილოეთ კედელზე, სადაც სამალავი იქნებოდა მოწყობილი.

გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და ორ, თავისუფლად მდგომ რვაწახნაგა სვეტს. გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელია, ჯვრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავებში - კიდევ სამ-სამი დიდი სარკმელი. დასავლეთის მკლავის ღერძზე, ტრადიციულად, ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია გაჭრილი, ხოლო გვერდებზე, დაბლა, თითო პატარა სარკმელია. ერთი დიდი სარკმელია აფსიდში, რომლის ქვემოთ, ერთ დონეზე, სამი მსგავსი ისრულთაღიანი ნიშია გამოყვანილი.

ტაძრის მხატვრული გაფორმება საკმაოდ მწირია, გვაქვს მხოლოდ აგურით გამოყვანილი თაღედები. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, მხედრული სამშენებლო წარწერაა მოთავსებული. დასავლეთის ფასადის ქვედა ნაწილში, ერთ დონეზე, განლაგებულია ხუთი უწყვეტი თაღი. შუა თაღის ზევით სარკმელია, მის ქვეშ, თაღში, სამშენებლო წარწერაა. თორმეტწახნაგა გუმბათიც აგურით გამოყვანილი თაღებითაა შემკული. ტაძარს დასავლეთ მკლავზე დაშენებული აქვს XIX საუკუნის სამრეკლო, ოთხ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი ფანჩატური. თავდაპირველად ტაძარი, გრემის მსგავსად, მთლიანად გადახურული ყოფილა მოჭიქული ლურჯ-მწვანე კრამიტით.

ციხე-გალავანი, რომელიც ტაძარს გარს აკრავს, აგებულია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეებში ჩაყოლებული აქვს ცილინდრული კოშკები. ამჟამად გალავნის დიდი ნაწილი დანგრეულია. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუკედლებიანი იყო, ხოლო ზედა ნაწილში სათოფურები და სალოდეები ჰქონდა დატანებული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის გვერდებზე აგურის ნახევარსვეტებია, რომლებიც მთელ სიმაღლეზე გაფორმებულია აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი რომბებით, აღმოსავლური მხატვრული მოტივის მსგავსად. კარის თავზე განთავსებული სამშენებლო წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს, ლეკებს სოფელი მჭადიჯვარიც აუოხრებიათ, მაგრამ თვით ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონს სოფელი აღუდგენია და ციხეც მაშინ აუგია.

გალავნის შიგნით, თითქმის ზედ ტაძართან, სავარაუდოდ, XIX საუკუნის სასახლის ტიპის საცხოვრებელია, ხის ტრადიციული აივნით, რომელშიც ამჟამად დედათა მონასტერია განთავსებული.

მარიტა სახლთხუციშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ჟურნალი "ისტორიანი",#92