ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - როგორ დასწერა ილიამ "ოთარაანთ ქვრივი" - კვირის პალიტრა

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - როგორ დასწერა ილიამ "ოთარაანთ ქვრივი"

"ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკნელი ნაწარმოები ილიასი. ვგონებ ეს იყო 1886 წ.

შემოდგომაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ ცხოვრობდა ახალ ბებუთოვის ქუჩაზე ზუბალაშვილის სახლებში. ერთ ჟინღლიან დღეს, როცა ილიას შევასწარი მჯდომარე თავის კაბინეტში და როცა ჩემთან მორჩა საუბარს ახალ გერმანულ წიგნების შესახებ, მან უცბად მითხრა: "მე მაქვს საინტერესო იდეა მოთხრობისათვის, მან უნდა მოგვცეს ქართული გლეხის და უკანასკნელი დროის ქართველ მემამულეთა ფსიხოლოგია". შემდეგ ილიამ თითქმის დაწვრილებით მომიყვა ახალი მოთხრობის ფაბულას მაგრამ დასძინა, რომ უფრო უკეთესად მოიფიქრებდა.

მისი აზრი ძალიან მომეწონა, იგი თითქოს იყო გაგრძელება მისი აზრის "კაცია ადამიანში" და "გლახის ნაამბობში" რომ გამოსთქვა. "ამ მოთხრობით თქვენ დაამტკიცებდით, რომ თქვენი იდეები ქართველი ერის ზნეობრივ სიმაღლის მეტად მწყობრად მდინარებს მეთქი".

"ჰო, პირველ მოთხრობებში მე ვიბრძოდი გლეხების ნივთიერ თავისუფლებისათვის. ამ მოთხრობაში კი მე მინდა გავლენა მოვახდინო მათს ზნეობრივ თავისუფლებაზე, დასძინა ილიამ და ვრცლათ შეეხო მაშინდელ ქართველ გლეხის ყოფა-ცხოვრებას, მის ზნეობის სისუფთავეს და პატიოსნებას.

რასაც უფრო ბევრს ლაპარაკობდა ილია, მით უფრო თბილი ხდებოდა მისი სიტყვები. და არა ერთგზის ჩემთან ლაპარაკში მრავალგზის დაუყენებია მაღლა ქართველი გლეხის ზნეობა ეგრედ წოდებულ განათლებულ ერებზე.

ამ საუბრის მერე ილია რამდენიმე დღე აღარას ლაპარაკობდა თავის მოთხრობაზე, მაგრამ ერთხელ შაბათს დღეს როცა მე შეველ ილიასას, მისმა მეუღლემ ოლგამ გადმომცა, რომ ილიამ დაიწყო რაღაცის წერა და მთხოვა ჩემთან ნურავის ნუ შემოუშვებო. მე უკვე წასვლა დავაპირე, რო ილიას ჩემი ხმა გაეგო კაბინეტის კარები გააღო და დამიძახა.

კადრი ფილმიდან "ოთარაანთ ქვრივი" (1957 წ.) გიორგი შენგელაია გიორგის როლში

"გუშინ საღამოს მე დავიწყე ჩემი მოთხრობის წერა" მითხრა მან და მაჩვენა რამდენიმე ფურცელი წვრილ ხელით ნაწერი. "სულ მზადა მაქვს თავში და ეხლა შეუწყვეტლად შეუდგები წერას". ასეც მოხდა ხუთ დღესა და ღამის განმავლობაში ილიამ დაასრულა "ოთარაანთ ქვრივი", რის შემდეგაც მხოლოდ მეთაურებს ღა სწერდა "ივერიისთვის".

ის მაშინ 50 წლისა იყო სავსე ფიზიკურ, და გონებრივი ძალებით როგორც ილია თვითონ ხშირად იტყოდა, ევროპიელი მწერლები და განსაკუთრებით მეცნიერები ამ ასაკში იჩენენ ხოლმე დიდს გონებრივს ნაყოფიერებას მაშინ, როცა ქართველი მწერლები ძალიან მალე ჩუმდებიან.

სად არის მიზეზი?

ამაზე ილიასთან ძალიან ხშირად გვილაპარაკნია. შესაძლებელია, რომ ხასიათი, ცხოვრება ტემპერამენტი ჰავა და სხ, გავლენას ახდენენ გონებრივ ძალის დაცვასა თუ დახარჯვაზე.

მაგრამ ილია სამართლიანად შენიშნავდა, რომ აქ არის კიდეც სხვა მიზეზი ადამიანის ყველა მოქმედებაში უნდა იყოს რაიმე რიტმი ე.ი. რიტმიული ზომა თუ რიგი. კაცმა თავის ჯანის შესანახავად უნდა იმუშაოს ამა თუ იმ ტემპით, არც სწრაფად, ვნებით და არც ზანტად თუ ნელა. არ შეიძლება იმუშაო გიჟივით და მერე მთლად განელდე შრომაში უნდა იყოს გარმონია: "თავი დაუჭირე გატაცებებს და ყოველ დღე იმუშავოს რამდენიმე საათით და საჭირო შესვენებით. და არა დღე და ღამე მიყოლიებით, რომ მერე დაზანტებულმა უბრალოდ იხეტიალო მთელი დღეებითა თუ კვირეებით!

ამ გარმონიასთან შეთავსება ილიამ ვერ მოახერხა ბავშობიდანვე, თუმცა კი იცოდა, რომ მხოლოდ ამ ჰარმონიას შეუძლიან შეუნახოს მისი გონების შემოქმედება დიდს სიბერემდე.

არტურ ლეისტი

"ბახტრიონი", 1922 წ. #10

ნარკვევი

"ცნობის ფურცელის" 1873 ნომერში გამოცხადებულია დიდად შესანიშნავი ახალი ამბავი, ვითომ ჩვენს რედაქციაში ისყიდებოდეს ახლად მოგონილი პარაშოკი, სახელად "ანტი-სომეხი".

ამ პარაშოკს თურმე ისეთი ძალა აქვს, რომ საცა ერთი ბეწოს მოაყრით, იქ სომხები ისე სწრაფად იჟლიტებიან, როგორც სპარსეთის პარაშოკისაგან ბაღლინჯოები.

არტურ ლაისტი (1852-1927)

"ცნობის ფურცელის" რედაქცია, რომელიც აღებ-მიცემაში სახელ-განთქმულია, აღტაცებაში მოსულა და "ივერიის" რედაქციას მიჰმართავს, თქვენსა ხომ არ იყიდება ეს ფრიად საჭირო პარაშოკიო; ამასთან რედაქცია გვამცნობს, რომ სტამბოლის ხვანთქრისაგან ამ პარაშოკების "ფოდრათი" აუღიათ და ამ ფოდრათის შემწეობით "ცნ. ფ." რედაქცია ისეთს დიდს მოგებას მოელის, რომ ენკენისთვეში, როდესაც ქართველ გამომცემელთა ამხანაგობა შეიკრიბება, რედაქცია მოვალეებს სავსებით გაუსწორდება.

რა თქმა უნდა, ჩვენ დიდათ მოხარულნი ვართ, რომ ქართველებმა ისეთი აღებ-მიცემის შნოც გამოიჩინეს, რომ სტამბოლშიაც კი "ფოდრათები" აიღეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პარაშოკების მოგონება ჩვენთვის პირველი გაგონებაა.

თუ ღმერთმა ბრძანა და "ცნობის ფურცლის" ახალი ამბავი გამართლდა, უმორჩილესად ვთხოვთ "ცნ. ფ." რედაქციას, ორიოდე პარაშოკი "ფოდრათს" გადაარჩინოს და ჩვენ გამოგვიგზავნოს, რადგანაც ეს პარაშოკი, როგორც "ცნ. ფ." აცხადებს, არამც მარტო სომხებზედ ჰმოქმედებს, თურმე ერთი მისხალი სამყოფია, რომ ერთიანად ამოჟლიტოს ის ქართველები, რომლებიც ტყუილად აზგაბერობასა ჩემობენ.

"ივერია", 1902 წ. #155

ყურმოკრული საუბარი

_ მე გავიგე, ვითომც თქვენ კიბიდან გადმოუგდიხართ?

_ კიბიდან კი არა!

_ მაშ ტყუილია?

_ რასაკვირველია! იქვე ვაკეზე მკრეს ხელი და კიბეზე კი მერე მე ჩემს თავად ჩამოვგორდი.

"ცნობის ფურცელი", 1898 წ. #652

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა ჟურნალი "ისტორიანი",#92