გერმანულ-ქართულ-ოსმალური დიპლომატიური სამკუთხედი - კვირის პალიტრა

გერმანულ-ქართულ-ოსმალური დიპლომატიური სამკუთხედი

ოსმალეთის მოღვაწენი ქართველ და გერმანელ დიპლომატთა თვალით (1918-1921)

ნაწილი I

საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიის უახლესი პერიოდის სრულყოფილად შესწავლის თვალსაზრისით საყურადღებოა 1918-1921 წლებში მოღვაწე ქართველ და გერმანელ დიპლომატთა მოგონებანი იმდროინდელი ოსმალეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეთა შესახებ.  ამ უკანასკნელთა საქმიანობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა ხელახლა დაბადებულ ქართულ სახელმწიფოზე.

1917 წლის ოქტომბერში მომხდარი გადატრიალების შემდეგ, რის შედეგადაც ბოლშევიკები რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიის დიდ ნაწილს დაეპატრონნენ, კავკასიის ფრონტის რღვევამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები მასობრივად ტოვებდნენ ფრონტის ხაზს და სამშობლოში ბრუნდებოდნენ. მოწინააღმდეგის ჯარების სტიქიურმა უკან დახევამ ოსმალეთის შეიარაღებული ძალების გააქტიურება გამოიწვია. ისინი შეტევაზე გადმოვიდნენ და ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთის დაკავება სცადეს.

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო საზავო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და ოთხთა კავშირის წევრ ქვეყნებს (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი, ბულგარეთი) შორის. რუსეთის მთავრობამ ივალდებულა ბათუმის, არდაგანისა და ყარსის ოლქებიდან თავისი ჯარის გაყვანა.

ამიერკავკასიის კომისარიატის დელეგაციებმა 1918 წლის მარტ-აპრილში - ტრაპიზონსა და მაისში - ბათუმში გამართულ საზავო კონფერენციებზე სცადეს ზემოხსენებული ოლქების შენარჩუნება, მაგრამ ამაოდ. ოსმალეთის არმია შეუჩერებლად მიიწევდა წინ და რუსთა ჯარის მიერ დაცლილ ტერიტორიას იკავებდა.

ტრაპიზონის კონფერენციის მასალებიდან ჩანს, რომ იმ პერიოდის ოსმალეთის საგარეო პოლიტიკაში ბათუმის ოლქი მუდმივად ფიგურირებდა და მის ოკუპაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ბათუმი XX საუკუნის დასაწყისში

იმხანად შექმნილმა ვითარებამ ამიერკავკასიისა და ოსმალეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეთა ინტენსიური კონტაქტები აუცილებელი გახადა. დიპლომატები აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე პროცესებში.

1918 წლის აპრილში, პეტროგრადიდან სამშობლოში დაბრუნდა მეცნიერი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი (1875-1944), რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაინიშნა რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში. იგი უშუალოდ მონაწილეობდა ბათუმის კონფერენციაში. მის ნაშრომში "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში" წარმოდგენილია ამიერკავკასიაში იმხანად არსებული ურთულესი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის ობიექტური სურათი. ნაშრომი მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ოსმალეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეთა შესახებაც.

ზურაბ ავალიშვილი მოგვითხრობს: "ფრონტი საბოლოოდ იშლებოდა. "სადემარკაციო ხაზი", რომელიც ამ მხრიდან დაუცველი იყო, უკვე აღარ ზღუდავდა თურქებს და იმ ძალადობის საბაბით, რომელიც სომხურმა სამხედრო ნაწილებმა მუსლიმანური მოსახლეობის მიმართ ჩაიდინეს, თურქებმა 1918 წლის იანვრის ბოლოს დაიწყეს შეტევა".

გულის მომკვლელია ზურაბ ავალიშვილის მიერ აღწერილი ბათუმი, რომელიც 1918 წლის 1-ლი აპრილიდან ოსმალეთის შემადგენლობაში მოექცა: "ერთი თვეც არ გასულა იმ დღეებიდან, რაც სეიმში მხურვალე სიტყვები წარმოითქმებოდა: ბათუმი ან სიკვდილი! უბათუმოდ ჩვენი სიცოცხლე არ ღირს! - და, აი, დამოუკიდებელი ამიერკავკასიის დეპუტატებიც აღმოჩნდნენ ბათუმში, მაგრამ არა როგორც საკუთარ სახლში, არამედ თურქების სტუმრად (1918 წლის 6 მაისი)... წარმოვიდგინოთ თურქების გრძნობებიც... ისინი, თითქოს ბრუნდებოდნენ აქ, 40-წლიანი განშორების შემდეგ. და თუმცა, რაც აქ 1918 წელს დახვდათ, ნაკლებად ჰგავდა 1878 წელს მათ მიერ დატოვებულ ბათუმს. ბრესტ-ლიტოვსკში მათთვის დათმობილ პროვინციებს ისინი აღიქვამდნენ თურქულ ელზას-ლოტარინგიად, რომელიც, კუთვნილებისამებრ მათვე დაუბრუნდა.

ამ განსაკუთრებულ გრძნობას დაემატა რაღაც უფრო ზოგადი რამ: დიდი ხანია ოსმალეთი მიეჩვია პროვინციების დაკარგვასა და ქალაქების დათმობას. მას შემდეგ, რაც სულთნების ძლიერებამ იკლო, ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა თურქთა ჯარმა დაიკავა საკმაოდ ცნობილი და მნიშვნელოვანი ქალაქი და ეს წარმატება სტამბოლის პატივმოყვარეობაზე მოქმედებდა. ეს მაინც რაღაც ნუგეში იყო ბაღდადისა (1917 წ. მარტში) და იერუსალიმის (1917 წ. დეკემბერში) დაკარგვის შემდეგ! აი, რატომ უბრწყინავდათ სახეები თურქ ოფიცრებსა და მოხელეებს ბათუმში 1918 წლის გაზაფხულზე, რატომ ხასხასებდნენ წითელი ლეინის (ქსოვილია ერთგვარი. - ნ. ჯ.) თურქული ბაირაღები ყველა საზოგადოებრივ და სახაზინო შენობაზე!"

ისტანბული (ყოფილი კონსტანტინოპოლი) XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე

ზურაბ ავალიშვილი შთამბეჭდავად აღწერს იმხანად ბათუმში მყოფ ოსმალეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეებს: "კონფერენციაზე მთავარი დელეგატი იყო იუსტიციისა და (დროებით) საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალილ-ბეი, "ერთობისა და პროგრესის" ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენელი (მოგვიანებით - კონსტანტინოპოლის პარლამენტის თავმჯდომარე), აპოპლექსიური წყობისა და თურქებისათვის დამახასიათებელი ცრუფრანგული პეწის მქონე კაცი. ბათუმშივე იმყოფებოდა იმ დროს კავკასიის ფრონტის თურქი მთავარსარდალი ვეჰიბ-ფაშაც, მხარბეჭიანი, თვალსისხლიანი, საომარი ველიდან უბრძოლველად წასულ ჯარებზე იოლად მოპოვებულ გამარჯვებათა გმირი. ჩვენ დროს ჩამოვიდა კონსტანტინოპოლიდან იახტით საზღვაო მინისტრი ჯემალ-ფაშაც, ცნობილი ტრიუმვირატის წევრი (თალაათი-ენვერი-ჯემალი), წარმოსადეგი და თვალსაჩინო ფიგურა. ჩვენს ჩამოსვლამდე ენვერ-ფაშა ბათუმში ყოფილიყო, დიდი ზარ-ზეიმით შეხვედროდნენ".

მოგონებებში ზურაბ ავალიშვილი იხსენებს ჯემალ-ფაშას, ვეჰიბ-ფაშასა და ჰალილ-ბეის ვიზიტს ბათუმში, რომელიც საზავო კონფერენციის მსვლელობისას შედგა. მათ "მოისურვეს გასცნობოდნენ ჩვენს დელეგატებს... მოგვართვეს ყავა. აქეთა მხარეს, პატარა სასტუმრო ოთახში, მთელ არქიპელაგად განლაგდა ამიერკავკასიის დელეგაცია. მე მიწვეული ვიყავი "თანამშრომლად". ჯერ თავისუფალი საუბარი; შემდეგ ჩვენი სტუმრები გვთხოვენ, ყოველმა ეროვნულმა სექციამ გულწრფელად გამოთქვას თავისი აზრი.

აკაკი ჩხენკელი ყოველთვის აღფრთოვანებულია, როცა შემთხვევა ეძლევა გააბას "საერთაშორისო" საუბარი. აქ მის წინაშე ოთომანის პორტას სამი ბურჯი აღმართულა. სამი კავკასიური ერის ქადაგთა პირისპირ დამდგარან ისინი. ციფრმა "სამმა" მისტიკურად იმოქმედა ჩხენკელზე და მან, როდესაც წინ ედგა სამი მუსლიმანი და ორიც თავისივე დელეგაციაში ჰყავდა, დაიწყო იმით, რომ "თუმცა როგორც სოციალისტი, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ რელიგიურ დოგმატებს, მაგრამ როგორც ღმერთია სამსახოვანი, მაგრამ ერთია, ისევე ამიერკავკასია, თუმცა შეიცავს სამ ერს, მაგრამ" და ა.შ.

ნიკო ნიკოლაძემ უბრალოდ, მოკლედ, დასაბუთებულად ილაპარაკა თვით ოსმალეთისთვის ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის სარგებლობაზე, მნიშვნელოვანია დასაწყისშივე არ წავართვათ ამიერკავკასიას ის ელემენტები, რომლებიც მის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენსო და ა.შ.

ალექსანდრ ხატისოვმა (ხატისიანმა) თემად აირჩია სომხეთის საკითხი, ჯემალ-ფაშას მოაგონა მისი სარდლობა პალესტინაში და ქრისტიანებისადმი კეთილი დამოკიდებულება, სომეხი მეგობრები, რევოლუციაში მისი თანამებრძოლები. ეტყობა, ჯემალ-ფაშას მტკივნეულ ადგილს შეეხო. მან სერიოზული სახე მიიღო და ურჩია, ამ საკითხზე არ ელაპარაკათ - ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მოხდაო (თურქთა ღრმა რწმენით, 1914-1915 წლების ომში სომხებმა ზურგში მახვილი ჩასცეს)".

ისმაილ ენვერ-ფაშა (1881-1922)

ზურაბ ავალიშვილი შემდეგნაირად ახასიათებს ვეჰიბ-ფაშას, რომელიც სადგურზე ამიერკავკასიის დელეგაციის წევრთა გასაცილებლად მოვიდა: "მისი თქმით, იგი მხოლოდ 42 წლისაა, მაგრამ გარეგნობა ხანში შესული კაცისა აქვს. რამდენი ღამის გათევა მომიხდა მე, მეთაურს, ავტომანქანაშიო, - ამბობს იგი, - რამდენჯერ დავჯერებულვარ სადილად მოხარშულ კვერცხსა და ჭიქა რძეს! წარმოშობით ალბანელია იანინიდან, მაგრამ დედა ქართველი მუსლიმანი ჰყოლია ახალქალაქიდან. ჩვენს ოჯახში 17 ოფიცერია, 3 სარდალიო. იურისკონსულტი ნუსრეთ-ბეიც ალბანელია".

ქართველი დიპლომატი წარმოაჩენს გერმანიის როლს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა-განმტკიცებაში და წერს: "1918 წლის ზაფხულში, შავი ზღვის რაიონში გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური უპირატესობისა და თურქეთის მიმართაც აშკარა ჰეგემონობის უეჭველობის გამო, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო - ეს იყო თურქების მგლური მადისთვის გერმანიის კონტროლის დაპირისპირება. ჩვენც შევეცადეთ, რაც შეიძლებოდა მეტად გვესარგებლა თვით გერმანია-თურქეთის სამოკავშირეო დისციპლინის არსით... გერმანია აღმოჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მიმრქმელი. ამ დროს ამ როლის შესრულება ხელეწიფებოდა მხოლოდ მას. მისი მხარდაჭერით ეს საკითხი საერთაშორისო მნიშვნელობას იძენდა". ამასთანავე, გერმანიის მხარდაჭერით, "საქართველო, კავკასია შევიდა ევროპულ პოლიტიკასა და ისტორიაში. დადგა ჩვენი არსებობის პროვინციულ-რუსული ფაზის აღსასრული!"

ზურაბ ავალიშვილი იხსენებს საქართველოს დელეგაციის შეხვედრას თალაათ-ფაშასთან, რომელიც 1918 წლის 24 სექტემბერს, ბერლინში, სასტუმრო "ადლონში" შედგა: "დიდი ვეზირის კაბინეტში იმყოფებოდა აგრეთვე კავკასიურ-თურქული იერსახის ახალგაზრდა კაცი, ფაქიზად ჩაცმული, პეწიანი, რომელსაც კრემწასმული თმიდან დაწყებული და ლაიკის ფეხსაცმლით დამთავრებული, ყველაფერი უბრწყინავდა. იგი ტახტის მემკვიდრის ვაჟი გახლდათ, მაშასადამე, სულთან ფარუხ-ეფენდის ძმისწული. ყმაწვილი უსიტყვოდ ისმენდა ჩვენს საუბარს. სახელგანთქმულმა ტრიუმვირმა, რომელმაც ფოსტის წვრილი მოხელის თანამდებობიდან ვეზირობას მიაღწია და ამით "უმაღლესობაც" შეიქმნა, ხაზგასმული თავაზიანობით მიგვიღო".

საყურადღებოა ნაშრომში მოცემული თალაათ-ფაშას გარეგნული დახასიათება და მისი გასაუბრება საქართველოს დელეგაციასთან: "ეს მოსული, შავგვრემანი, ელვარეთვალებიანი პომაკი (გათურქებული ბულგარელი. - ნ. ჯ.), არასენტიმენტალური გამომეტყველებით სხვადასხვანაირად გამუდმებით იმეორებდა: "ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ, ყველა სადავო საკითხს გადავჭრით ორივე მხარისთვის სასარგებლოდ... ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა ვუდგეთ კავკასიაში. აი, დღეს რუსმა ელჩმა იოფემ მითხრა, რომ ისინი, რუსები, თვით საქართველოსაც კი არ ცნობენ, თუმცა დათანხმდნენ გერმანიის მიერ მის აღიარებაზე! ხედავთ თუ არა, რომ ჩვენ მოკავშირეები უნდა ვიყოთ: შემდეგ კი ერთად წარვმართავთ იქ, აღმოსავლეთში დიდ პოლიტიკას"... ამაში იგულისხმებოდა კავკასიის კონფედერაცია, განსაკუთრებით კი - თურანული აღმოსავლეთის პოლიტიკური ორგანიზაცია, ანატოლიიდან თურქესტანამდე. "თავი დაანებეთ გერმანიას - ჩვენთან იყავით" - ასე უნდა გაგვეგო თალაათის წინადადება".

1918 წლის 4 ოქტომბერს ზურაბ ავალიშვილი ბერლინიდან ისტანბულში გაემგზავრა. გზად მან გაიცნო გადამდგარი გენერალი მეჰმედ-ფაშა, რომლის შესახებაც წერს: "შეშინებული ლაპარაკობდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე; მილოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მთავაზობდა შაქარსა და პურს... გამაცნო ახლახან გარდაცვლილი სულთან მეჰმედ-რეშადის გენერალ-ადიუტანტი სალეჰ-ფაშა. ეს უკანასკნელიც სასოწარკვეთილებით აქნევდა თავს".

ზურაბ ავალიშვილი

ისტანბულში ჩასული ზურაბ ავალიშვილი შეხვდა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეებს, რომლებმაც ქართველი დიპლომატები კარგად მიიღეს.

14 ოქტომბერს ქართული დელეგაცია ეწვია მაჰმუდ-ფაშას, წარმოშობით ქობულეთელ თავდგირიძეს (ე.წ. ჩურუქსულუს).

ზურაბ ავალიშვილი წერს: "თოფ-ხანის მოედნის ზემოთ ერთ-ერთ აღმართზე მდებარე ნახევრად ევროპულად მორთულ სახლში ძალიან თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს. ფაშა ადრეც ყოფილა მინისტრი და ახლაც უნდა შესულიყო თევფიკ-ფაშას მთავრობაში, თუ იგი შედგებოდა.

მისი სიტყვებით, იგი მზად იყო გაეკეთებინა საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის ინტერესებს. მათი მხრივ, ახლა უნდა ველოდეთ უფრო თავშეკავებულსა და ზომიერ პოლიტიკას. თვითონ მას არაერთხელ უცდია დაერწმუნებინა ისინი, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა, ბათუმსა და საქართველოს შორის კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაში. იგი დაგვპირდა მოლაპარაკებოდა ახალ ვეზირს, რომ სასურველი იყო დაუყოვნებლივ, ახლავე გადაწყვეტილიყო ყველა სადავო საკითხი საქართველოსა და თურქეთს შორის. მსახური-მეზღვაურის მიერ მორთმეული ტრადიციული ფინჯანი ყავის შემდეგ, ჩვენ გამოვეთხოვეთ თავაზიან მასპინძელს. საუბრის თავი და კუდი ქართული იყო, ტანი კი - ფრანგული".

16 ოქტომბერს ქართველი დიპლომატები შეხვდნენ ახალ დიდ ვეზირს - იზეთ-ფაშას, რომელმაც განაცხადა: "ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულს გარდა, საქართველოში მათ მიერ დაკავებული ყველა ტერიტორია განთავისუფლდება. რაც შეეხება ამ ხელშეკრულებით მიღებულ პროვინციებს (ბათუმი), თუ მისი დაბრუნება აუცილებელი გახდა ("ვილსონის პრინციპის" მიხედვით), თურქები ამაზეც თანახმა იქნებიან. ამასთან დაკავშირებულ სხვადასხვა წვრილმან საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრ ნაბი-ბეისთან უნდა შევთანხმდეთ".

ზურაბ ავალიშვილი იგონებს: "განვაგრძეთ მოლაპარაკება მინისტრთან და მის ამხანაგ რეშად-ჰიქმეთ-ბეისთან. ამ დიპლომატს... დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. მათ დაადასტურეს, რომ თანახმანი არიან დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ ახალციხისა და სხვა მაზრები (ე.ი. ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიღებულს გარდა), თუმცა აღნიშნეს "ახისკას" (ახალციხის) მუსლიმური ხასიათი და სხვ.

"მიუხედავად ამისა, - განაცხადა რეშად-ჰიქმეთმა, - ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რაც სცილდება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხაზს და სურვილს გამოვთქვამთ, საუკეთესო მეზობლური ურთიერთობა გვქონდეს ქართველებთან, რომელნიც კავკასიაში წარმოადგენენ ყველაზე უფრო..." და ა.შ. ამას მოჰყვა "დათაფლული" სიტყვები. შემდეგ დაწვრილებით განვიხილეთ ამ ტერიტორიების გაწმენდის საკითხი და მივიღეთ დაპირება, რომ ამის შესახებ დეპეშით გაიცემოდა განკარგულება".

იარაღის ძალით მიერთებული ქართული და სომხური ტერიტორიების დათმობა ოსმალეთის ხელისუფლებას ფრიად უმძიმდა.

ავალიშვილი შენიშნავს: "შემდეგ გადავედით ბათუმის საკითხზე და ყურადღება გავამახვილეთ იზეთ-ფაშას მიერ გამოხატულ გუშინდელ, ძალიან პირობით თეზისზე, რომ "თუ თურქეთი იძულებული გახდება გაანთავისუფლოს სამი სანჯაყი (ბათუმი, არდაგანი, ყარსი), მაშინ იგი მზად არის საქართველოს დაუთმოს ამ ტერიტორიის ქართული ნაწილი". ამ თემას ჩვენი თანამოსაუბრენი თავს არიდებდნენ და რაღაც პირქუშად ლაპარაკობდნენ. ისინი, მგონია, იმედს არ კარგავდნენ "ვილსონის თანახმად" შეენარჩუნებინათ ის, რაც მიიღეს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით".

* * *

საქართველოში გერმანიის შეიარაღებული ძალების ნაწილების ყოფნის (1918 წლის ივნისი-ნოემბერი) პერიოდში მათ სამხედრო-დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა გენერალი, ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი (1870-1948). მის მოგონებებში "ჩემი მისია კავკასიაში", რომელიც 2002 წელს ქართულად გამოიცა, საყურადღებო ცნობებს ვხვდებით ამიერკავკასიაში ჩამოსულ ოსმალეთის მოღვაწეთა შესახებ.

1918 წლის 29 ივნისს კრესენშტაინი ბათუმში ჩავიდა. ნოე ჟორდანიას თხოვნით, მან მოლაპარაკება გამართა კავკასიის ფრონტის ხაზზე განლაგებული ოსმალეთის ჯარის სარდალ ვეჰიბ-ფაშასთან. მოლაპარაკების მიზანს იმხანად სოხუმთან გადასხმული 800-კაციანი დესანტის უკან გაწვევა წარმოადგენდა.

ქართველთა მიმართ სიმპათიით გამსჭვალული გერმანელი გენერალი და დიპლომატი საკმაოდ ცივად მოიხსენიებს თავისი ქვეყნის მოკავშირე ოსმალეთის სამხედრო მოღვაწეებს. მის მოგონებებში ვკითხულობთ: "ავადსახსენებელი ვეჰიბი, დაბალი, დაახლოებით 42 წლის სქელი კაცი, მართლაც ცბიერი, მოლაპარაკებებში გაქნილი აზიელი, თავისი გარეგნობითაც მხეცურად მოძალადე, უაღრესად არასიმპათიური, მაგრამ უდავოდ ძლიერი პიროვნება, მართალია, ძალიან მეგობრულად შეგვხვდა, თუმცა საქმისადმი სავსებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მან გადაჭრით თქვა უარი სამხრეთ საქართველოში თურქების მიერ ტყვედ აყვანილი გერმანელი ჯარისკაცების განთავისუფლებაზე.

მეჰმედ თალაათ-ფაშა (1874-1921)

შევიტყვეთ, რომ სოხუმში დესანტის გადასხმა მას კონსტანტინოპოლისთვის უცნობებლად გაუკეთებია, რადგან აფხაზებს მისთვის დახმარება უთხოვიათ. სინამდვილეში, აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ქართველების მხარეს იდგა. მხოლოდ ზოგიერთმა მსხვილმა მიწათმფლობელმა, რომელთაც თბილისის სოციალისტური მთავრობის მიერ მათი სამფლობელოების კონფისკაციის ეშინოდათ, მიმართეს ვეჰიბს დახმარებისთვის. ჩემს კითხვაზე, სწორ მისამართზე მოვხვდით თუ არა მასთან, ვეჰიბმა გვაცნობა, რომ იგი 5 საათზე მთავარსარდლობას თავის ძმას ესად-ფაშას გადასცემდა. ენვერს იგი უკვე გადაეყენებინა თანამდებობიდან".

კრესენშტაინის მოგონებებში მოთხრობილია მისი მოლაპარაკების შესახებ ვეჰიბ-ფაშას ძმასთან - ესად-ფაშასთან. მემუარებში ვკითხულობთ: "გარეგნული შეხედულებით ესადი პირდაპირ მისი ძმის საპირისპირო კაცი გახლდათ - სასიამოვნო, კეთილშობილური სახის პიროვნება, რომელიც კარგად ლაპარაკობდა გერმანულად და გულღია, პატიოსანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ისევე ცბიერი და თავნება იყო, როგორც მისი ძმა, თუმცა არა მასავით მოხერხებული და ცინიკური.

საუბარში იმ საბაბს იშველიებდა, რომ ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის რწმუნებანი არ გააჩნია. მან მაშინვე განაცხადა უარი გერმანელ ტყვეთა განთავისუფლებაზე და ამტკიცებდა, სომეხ ლტოლვილებს თავიანთ სამშობლოში ვერ შევუშვებთ, რადგან მათ იქ საშინელებანი აქვთ ჩადენილიო; თქვა, რომ მას არ შეუძლია გაანთავისუფლოს თურქების მიერ უკანონოდ დაკავებული ტერიტორიები, რადგან საამისო უფლებამოსილებანი არ მაქვსო. სოხუმთან დაკავშირებული დესანტის გამო მას საჭიროდ მიაჩნია ამ ცნობის, როგორც არასწორის, საერთოდ უარყოფა და ა.შ.

თუმცა, ჩვენ საბოლოოდ მართლაც ენერგიულად და პირდაპირ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება, მაგრამ ბათუმი უშედეგოდ დავტოვეთ. სამაგიეროდ, ფოთისკენ გამგზავრებულებმა, გზაში ესადის რადიოგრამა მივიღეთ, რომ იგი - ალბათ ენვერის ბრძანების საფუძველზე, - მზადაა გაათავისუფლოს ტყვე გერმანელები და როცა ფოთში ჩავედით, დაგვხვდა ცნობა, რომ სოხუმთან გადასხმულ თურქების ჯარს საქართველოს ტერიტორია უკვე დაეტოვებინა. მაშასადამე, ჩვენი მისია მთლად უნაყოფო არ ყოფილა".

კრესენშტაინი აღნიშნავს: "გენერალურმა ინტენდანტმა ისმაილ ჰაკი-ფაშამ, უჭკვიანესმა და ამავე დროს, გაიძვერა ყალთაბანდმა, დეპეშით მოწიწებით მთხოვა შუამდგომლობა ქართველებთან, რათა მათ ნება დაერთოთ აზერბაიჯანში შეძენილი ბამბა საქართველოს რკინიგზით გადაეტანათ".

1918 წლის 16 ივნისს გერმანელი გენერალი აზერბაიჯანის იმდროინდელ დედაქალაქ ელიზავეტპოლში (განჯა) შეხვდა ოსმალეთის მთავრობის წარმომადგენელს, გენერალ ნური-ფაშას, რომელიც ენვერ-ფაშას ძმა იყო. მას კრესენშტაინი აზერბაიჯანის "ფაქტობრივ დიქტატორს" უწოდებს და წერს: "ნური-ფაშა 28-დან 30 წლამდე ასაკისაა. ენვერივით ლამაზი არაა, მაგრამ საკმაოდ კარგი იერისაა... თუმცა ძალზე თავაზიანი იყო, მაგრამ მისი ნდობა მაინც არ შეიძლებოდა".

1918 წლის 4 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა ოსმალეთის არმიათა ჯგუფის უმაღლესი მთავარსარდალი ჰალილ-ფაშა. მის შესახებ კრესენშტაინი წერს: "დაახლოებით 35 წლის, იშვიათად კარგი შესახედაობის და თავაზიანი თურქი, ენვერ-ფაშას ბიძაა. ჭკვიანი და მოხერხებული - ხალისიანი ბუნებისა და გერმანელთა მიმართ, არა აშკარად, მტრულად განწყობილი. ვინაიდან "ახალგაზრდა თურქ" ოფიცერთა უმეტესობის მსგავსად ისიც ძალიან სწრაფად დაწინაურდა - საფუძვლიანი პროფესიული ოსტატობა და ცოდნა აკლდა. ჩანდა, მას საკმარისი კეთილი ნება გააჩნდა ჩვენთან და ქართველებთან ურთიერთგაგების მიღწევისთვის. მისი შტაბის უფროსი, ძალიან უნარიანი და საქმის მცოდნე, ბავარიის გენშტაბის პოდპოლკოვნიკი პარაქვინი, აშკარად მისი ნდობით სარგებლობდა და კეთილისმყოფელ ზეგავლენას ახდენდა მასზე. საქართველოს მთავრობამაც და მეც თავმომწონე ფაშას ძალიან ვასიამოვნეთ. თავის მხლებლებთან ერთად იგი ორჯერ იყო ჩემთან სუფრაზე და საქართველოს მთავრობამაც გამართა მის პატივსაცემად თავისი ერთ-ერთი დიდი მიღება".

გერმანელი გენერალი, რომელიც განჯაში ჰალილ-ფაშასთან ერთად ჩავიდა, აღნიშნავს, რომ ამ სარდლის უკმაყოფილება გამოიწვია მისი ძმისწულის - ნურის მიერ ბაქოს ასაღებად განხორციელებულმა წარუმატებელმა ოპერაციამ. იგი საუბრობს ოსმალეთის გენერალიტეტისთვის დამახასიათებელ უარყოფით თვისებებზეც.

მოგონებებში ვკითხულობთ: "ჰალილი განჯაში დარწმუნდა, რომ მისი ძმისწული ნური, რომელმაც, მართალია, თავი გამოიჩინა, როგორც პროპაგანდისტმა და ორგანიზატორმა, მხედრული თვალსაზრისით უნიჭო კაცი იყო და არ შეეძლო, სამხედრო მდგომარეობა ემართა. მან შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე, რომ მისი მეთაურობისთვის დაექვემდებარებინათ ე.წ. ისლამის არმია, ანუ აზერბაიჯანში განლაგებული თურქეთის ჯარები. თავის უფროსებთან ურთიერთობა ჰალილს განსაკუთრებით გაურთულა იმან, რომ თავდაჯერებულ ესად-ფაშას ბათუმში, ჩემი და ჰალილის პროტესტების მიუხედავად, აქამდე არ ჩაუთვლია საჭიროდ ნატანებში საქართველოს სატელეგრაფო ქსელთან კავშირის აღდგენა. ჰალილს, საერთოდ, ყველა თავის ღონისძიებაში სიძნელე იმანაც შეუქმნა, რომ ესად-ფაშას მე-3 თურქული არმია მას არ დაუქვემდებარეს.

აჰმედ ჯემალ-ფაშა (1872-1922)

თურქ გენერლებში განსაკუთრებით თვალსაჩინო მიდრეკილება, იფიქრონ მხოლოდ პირად ინტერესებზე და უშუალოდ მათზე დაქვემდებარებული ჯარების მოთხოვნილებებზე, აქაც ისევე უარყოფითად იგრძნობოდა, როგორც ამ ჯარების პოლიტიკური პოზიციის ზეგავლენა გენერლების მიღწევებსა და მორჩილებაზე. სომხებისადმი ფანატიკური სიძულვილი და მათი სრული ამოწყვეტის სურვილი თურქული გენერალიტეტის შიგნით მრავალი უთანხმოებისა და ინტრიგის საბაბს იძლეოდა.

იმ დროს, როცა თურქების ყველა ინსტანციას მთელი თავისი ძალა ბაქოსთან მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა გამოეყენებინა, ესად-ფაშამ სწორედ ეს მომენტი მიიჩნია ხელსაყრელად, რომ თურქულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 600-მდე ჯარისკაცი, რამდენიმე ტყვიამფრქვევით, საქართველოს სანაპიროზე, სოხუმთან ახლოს გადმოესხა მცირე რაზმებად.

საქართველოს მთავრობის თანხმობით მე იქ გავგზავნე მოიერიშეთა ბატალიონის მეთაური რამდენიმე ასეულით და დავავალე, ხელთ ეგდოთ თურქი ჯარისკაცები, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, იარაღის გამოუყენებლად, განეიარაღებინათ და როგორც შეპყრობილი დეზერტირები, უკანვე გაეგზავნათ ესადისთვის. ეს წმენდის აქცია სწრაფად და ინციდენტის გარეშე ჩატარდა".

ამდენად, ზურაბ ავალიშვილისა და გენერალ კრესენშტაინის მემუარები ძვირფასი წყაროა როგორც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის 1918 წელს არსებული დაძაბული ურთიერთობის ისტორიის შესასწავლად, ასევე იმავე პერიოდში არსებული გერმანულ-ქართულ-ოსმალური დიპლომატიური სამკუთხედის გასაანალიზებლად.

(დასასრული იქნება)

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#93