თეთრი "გიორგანელის" უცნობი წერილები - გიორგი კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით - კვირის პალიტრა

თეთრი "გიორგანელის" უცნობი წერილები - გიორგი კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით

"არის ორი ტიპი დიდი ადამიანებისა: ერთნი არიან უმთავრესად მოქმედებისა, მეორენი - აზროვნებისა. პირველნი დიდ როლს ასრულებენ თავის დროისთვის, მაგრამ მათ ფიზიკურ სიკვდილთან ერთად მათი როლიც თავდება. სულ სხვაა მოაზროვნე, იდეოლოგი. მისი აზრები ავტორის სიკვდილის შემდეგაც ისე აღელვებს, ამოძრავებს ხალხს, როგორც მისი სიცოცხლის დროს. განსაკუთრებით ეს ითქმის იდეოლოგზე, რომელიც ორ მხარეს - აზრსა და მოქმედებას ერთმანეთს უკავშირებს. ასეთია არჩილ ჯორჯაძე, რომლის პიროვნება და აზრი დღესაც უნათებს ჩვენს პარტიას და ქართველ საზოგადოებას".

არჩილ ჯორჯაძის ირგვლივ თავი მოიყარეს შემოქმედებითმა და ესთეტურად მოაზროვნე ახალგაზრდებმა საქართველოს ყოველი კუთხიდან. მათ შორის იყვნენ ძმები კერესელიძეები.

"ვმუშაობდით "სოციალისტ-ფედერალისტების" პარტიასთან - ლეოც, გიორგიც და მეც (თუმცა პარტიის წევრები არ ვიყავით), რათგანაც მხოლოდ ამ პარტიას ეჭირა ეროვნული დროშა და ჩვენც იმედი გვქონდა, რომ რევოლუცია რუსეთის თვითმპყრობელობას დაამხობდა და საქართველოც თავისუფლებას მოიპოვებდა.

ლეო და გიორგი შვილები იყვნენ მათე კერესელიძისა, მის დროს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პატრიოტისა, და შვილებს მამის სახლითგან მოჰქონდათ მოვალეობა სამშობლოსათვის ბრძოლისა, აღტყინებული სიყვარული მისი", - წერდა ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფურცლებზე მიხაკო წერეთელი.

დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ცნობილი საქმის გამო 1906 წელს ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, ასევე მათი დეიდაშვილი ნესტორ მაღალაშვილი მოსალოდნელი დაჭერის შიშით შვეიცარიაში გაიხიზნენ.

რუსეთის მთავრობამ მათ კვალს მალე მიაგნო და შვეიცარიის მთავრობისგან სისხლის სამართლის დამნაშავეთა გადმოცემა მოითხოვა. შვეიცარიის მთავრობამ ისინი დააპატიმრა, რომელთა საქმეს სასამართლოზე მიწვეულმა საერთაშორისო სამართლის ბელგიელმა მეცნიერმა ერნესტ ნისმა ამგვარი მსჯავრი დასდო: "რუსეთი მოტყუებით დადებული და დამტკიცებული 1783 წლის ხელშეკრულების დარღვევით გაბატონდა საქართველოში. მისი ბატონობა უკანონოა და წინააღმდგომი საერთაშორისო სამართლისა. ამიტომ ყოველი მოქმედება ქართველთა ქვეყნის განთავისუფლებისთვის უკანონო უცხო ბატონობისგან პოლიტიკური აქტია, და დუშეთის საქმეც. კერესელიძეებისა და მაღალაშვილის გადაცემა რუსეთისთვის ამიტომ უკანონო იქნებოდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგანაც ისინი სისხლის სამართლის დამნაშავენი კი არ არიან, არამედ პატრიოტულ-რევოლუციონური აქტის ჩამდენნი".

საერთაშორისო სამართლის ძალით განთავისუფლებული ძმები კერესელიძეები ჟენევაში დამკვიდრდნენ. უფროსმა ძმამ ლეო კერესელიძემ ჟენევის უნივერსიტეტი დაამთავრა და მეცნიერ-იურისტი გახდა, ხოლო გიორგი ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი უკვე ცოლშვილიანი იყო და მის მეუღლე თამარ ციციშვილს პირველი ვაჟი მათე საქართველოში, ხოლო მეორე ვაჟი ლეო (ლულუ) ჟენევაში შეეძინა. ძმებმა კერესელიძეებმა ჟენევაში პეტრე სურგულაძესთან ერთად "სეპარატისტთა ჯგუფი" დააარსეს, რომლის ჟურნალი იყო "თავისუფალი საქართველო". ჟურნალის რედაქტორი იყო პეტრე სურგულაძე, ხოლო თანამშრომლებად და ავტორებად ლეო და გიორგი კერესელიძეები, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ნესტორ მაღალაშვილი. პაპიროსის ქაღალდზე დაბეჭდილი ყოველთვიური ჟურნალი 24- გვერდიანი იყო. სულ 1913-1914 წლებში ჟურნალის 4 ნომერი გამოვიდა.

ამ ჯგუფმა და მისმა ჟურნალმა მოამზადა ქართული აზრი მომავალ დიდ საქმეთა გასაგებად. "სეპარატისტთა ჯგუფი", 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე "საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტად" გადააკეთეს.

კომიტეტის წევრებთან ერთად გიორგი კერესელიძე ხან სტამბოლში, ხან ლაზისტანში, ბოლოს ბერლინში მუშაობდა. 1916 წელს ბერლინში "საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა" "ქართული გაზეთი" დააარსა, რომელსაც 1917 წლის დეკემბრიდან მის დახურვამდე, 1918 წლის სექტემბრამდე რედაქტორობდა გიორგი კერესელიძე.

1918-1919 წლებში გიორგი კერესელიძე მუშაობდა ბერლინში, დამოუკიდებელი საქართველოს საელჩოში. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წლებში იგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, აქტიურ პარტიულ საქმიანობას ჩამოშორებული გიორგი კერესელიძე, გერმანიიდან საბოლოოდ საფრანგეთში დამკვიდრდა და ფართო ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო.

გიორგი კერესელიძე

როგორც ემიგრანტი ვახტანგ ღამბაშიძე 1947 წლის 24 ივლისს შოტლანდიიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "...მაინც რამდენი მასალა დაიღუპა ამ შეჩვენებული ომის წყალობით: ლეო კერესელიძის ნაწერები და წიგნები, გიორგი კერესელიძის, ზურაბ ავალიშვილის, რეზო გაბაშვილის და რამდენი სხვა. აკაკი პაპავას წიგნთსაცავი მგონი გადარჩენილა, მაგრამ შეუძლია კი ვისმე მათი სარგებლობა? - მეეჭვება".

გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა "რკინის ფარდა" ჩამოიხსნა, ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ სამშობლოში მიწერ-მოწერა განაახლა. 1956 წელს გიორგი კერესელიძე თბილისში მცხოვრებ დას, ელენე გლურჯიძეს წერდა: "შენი ბოლო წერილი ბერლინში, დაახლოებით, ამ 20-22 წლის უკან მივიღე. დღეს 8 ამ თვის ბარათით უაღრესი ბედნიერება მივიღე. შენ და მეღა დავრჩით ჩვენი დედმამიშვილებიდან. ლეომ, იასონმა და ვახტანგმა დაგვაობლეს.

მომწერე ხოლმე ყველა ამბები. აკოცე ყველას ჩვენებს და სთხოვე ხანდახან მაინც ორიოდე სიტყვით გამომებაასონ. ჩვენი იასონის შვილები რომ დიდად ლამაზნი იყვნენ, ამას ხშირად მიამბობდა ხოლმე ლიზა ჩერქეზიშვილი. ერთი პირობა იასონის ბავშვების ბერლინში ჩამოყვანას ვაპირებდი, ხოლო ბევრმა ჩემგან დამოუკიდებელმა გარემოებამ ხელი შემიშალა. ეხლა არა ვნანობ. საქართველოს თავისი შვილები თვითონ სჭირიან და მათ გაფანტვა დედამიწის ზურგის სხვადასხვა კუთხეებში დიდი ეროვნული დანაკლისია".

ცრემლნაპკურებ პირველ წერილში სიტყვები ძლივსღა იკითხება. ამდენი ხნის მონატრებულ ძმას სურდა, ყველაფერი გაეგო მისი ახლობლების შესახებ: "შენი 3 თებერვლის წერილი დიდი ხანია მივიღე და უღრმესი ბედნიერებით წავიკითხე.

მართალია, ბევრი სამწუხარო ცნობებია შიგ (ვახტანგ ქართველიშვილის, საშა ნათიშვილის, ვანო უთნელიშვილის, ტიტო გურამიშვილის, ნესტორ მაღალაშვილისა და კოხტას შესახებ), მაგრამ შენი სიტყვები კვლავ მიბრუნებენ ბავშვობისას განცდილ გრძნობებსა და სურათებს. რამდენი ტკბილი და რამდენი მწარე მოგონებანი აღსდგებიან ხოლმე ჩემ თვალთა წინაშე და ჩემი გულის სიღრმეში. ხო, ჩემო ელენე, 13 აპრილს შესრულდება 51 წელი, რაც მე უცხოეთში დავეხეტები ქვეყნიდან ქვეყანაში. მაგრამ განა უკეთესთა უკეთესი ქვეყანა სამშობლოს ადგილს დაიჭერს?! მწერ - თბილისს ვეღარ იცნობო. და, განა, საერთოდ საქართველოს კიდევ ვიცნობ, ღმერთმა რომ მისი ნახვა მაღირსოს?! ფიზიკურად შეიძლება ესა თუ ის კუნჭული კიდევ მეცნობოს, მაგრამ მორალურად? ე.ი. ნათესავ-მეგობრები და საერთოდ მთელი ერი და მე, 51 წლის დაშორების შემდგომ კიდევ ვიცნობთ ერთი-მეორეს?!

გავიგე ლიზა თურმე კერესელიძის ქუჩაზე ცხოვრობს. ალბად ივანე კერესელიძის სახელობის ქუჩა იქნება. გიგზავნი ერთ ჩემს სურათს 18 წლის უკან გადაღებულს. მას აქეთ დრომ თავისი მსვლელობა განაგრძო და კვალიც დიდი დასტოვა.

შენი ერთგული და მოსიყვარულე ძმა გიორგი კერესელიძე".

პეტრე სურგულაძე

მიუხედავად ნახევარ საუკუნეზე მეტის გასვლისა, გიორგი კერესელიძე, როგორც ყველა ემიგრანტი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ღრმა ფესვებით იყო დაკავშირებული სამშობლოსთან, მის ყოფასაც სდევდა დარდი და მონატრება: "მომაგონდება ხოლმე გორი, სადაც შენ, ლეო, ვახტანგი და მე დავიბადენით. მახსოვს ის სახლი, გორში, იქ სადაც ფშანი ლიახვსა და ლიახვი მტკვარს ერთვიან. მაგონდება ხშირად ჩვენი აღმზრდელი აკვანი, გადახოხილი, ღარიბი, ჭუჭყიანი ახრისი და ვერ აგიწერ, რამდენ პოეზიასა ვპოულობ თუნდაც შემდეგ სურათში: წყლის "ბოჭკა", საღორესთან ახლოს, "ბოჭკის", "კრანთან" გობი, სადაც წინწკალ-წინწკალ წყალი გროვდებოდა, გადმოდიოდა და ქმნიდა პატარა წუმპეს, იხვისა და ბატის ჭუკების საბედნიეროდ. მახსოვს დედა, ახალგაზრდა, ლამაზი, ტანადი, კოხტა, ეშხით, მიმზიდველობით, საოცარი კეთილის ღიმილით დიდად დაჯილდოებული. მისი ლიტერატურული და პოლიტიკური "სალონი".

სტუმრობა, სახლი მთაწმინდაზე - იმედები მომავლისა. მამა, ილიასა და აკაკის რომ აღფრთოვანებით გვიკითხავდა და გვაყვარებდა. ყოველივე ეს და სხვა ბევრი რამ ღრმად და დიდის სილამაზით აღბეჭდილი არიან ჩემს გრძნობებში".

გიორგი კერესელიძის წერილებში, სამშობლოსა და ახლობლების მონატრებასთან ერთად, საინტერესო ლიტერატურული პასაჟებიც არის წარმოდგენილი, რომლებიც ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან მის განსწავლულობასა და კრიტიკულ, ესთეტიკურ შეხედულებებზე: "ჩემო ელენე, ვამაყობდი და ვამაყობ შენით, და როდესაც წარმომიდგები ხოლმე, როდესაც შენ მომეჩვენები, - ჩვენი ღვთაებრივი ნიჭის გრიგოლ ორბელიანის ლექსი, რუსეთიდგან თავის დას ეფემიას რომ სწერდა გაიელვებს ჩემს გულში:

"...დაო სასურველ! ამა სოფელს

შენ დამშთი მხოლოდ...

მისთვის ვლოც ცასა, შავნი დღენი

ჩემთვის შთომილნი

არ შეწყდნენ, ვიდრე კვალად ჩემთა

თვალთ არ გიხილონ,

და მაშინ, ოდეს საუკუნოდ

მივლულო თვალნი

მშობლიურ მიწა ხელთა შენთა

გულს დამაყარონ..."

გრიგოლ ორბელიანი, ჩემო ელენე, მე მიმაჩნია მსოფლიო პოეზიის ერთ ულამაზესს ნიჭთაგან: ქართული სიტყვის სრულმპყრობელი, - დიდი ბატონი პოეზიისა, მუსიკალობისა, მხატვრობისა. მახსოვს, როდესაც მისი პოეზიისა და მამულიშვილობის დაფასებასა ვწერდი - გარკვეულად მესმოდა ძახილი ჩემი სამშობლოისა. თითქოს მიკივოდა მისი ნიადაგი მორწყული მამა-პაპათა სისხლით, გაპოხიერებული მათი ძვლებით: "შენი გვამები მე მეკუთვნის, ისევე როგორც შენი აზრნი, შენი სული, შენი სიცოცხლე". მრავალტანჯულ გრიგოლს (სულიერად) - შვილთა იმედიც აღარა ჰქონდა, - სასტიკად შეუტია თერგდალეულებს. თაობამაც ვეღარ იცნო უცხო სამოსელში გამოწყობილი პატრიოტი; შეშინდა უებარი ვაჟკაცი: "ვაჰ თუ რაც წახდეს - ვეღარა ახსდგეს, - სასოწარკვეთილი მგოსანი ღრმად ამოიოხრებს:

"დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ,

დაემხო ჩემი სამშობლო,

გულს მიკლავს უიმედობა,

საფლავს ჩავდივარ სიმწარით".

და განუტევა სული თვისი.

მე გრიგოლზე ბედნიერი ვარ, რათგან ღრმადა მრწამს, რომ ჩვენნი შვილის შვილნი "ლამაზი და ვაჟკაცი ახალგაზრდობა" მოუვლის ჩვენს ქვეყანას და მომავალს შეჰქმნის წარსულის ღირსად. აბა, სხვა ვინა ჰყავს პატრონად ჩვენს მშვენიერ ქვეყანას!"

ყურადღებას იქცევს ილიას პიროვნებისა და მისი შემოქმედების მიმართ გიორგი კერესელიძის დამოკიდებულება. იგი დას წერდა: "ცისკრის" რამდენიმე წერილმა ("ცისკარი" #5, 1957) ილიას შესახებ დიდათ დამაინტერესა. ილია ჩემთვის ღვთაებრივი მოვლენაა. მან გადაგვირჩინა სიკვდილის პირზე მისული საქართველო. სამწუხაროდ, კიდევ მთელი სიღრმით ვერ ჩავწვდით მისი შემოქმედების უსაზღვრო განძს. ზოგიერთა ნაწერი, როგორც აქაური, ისე მანდაური ქართველებისა მცდარია, ღარიბი. თუნდ მისი "განდეგილი" ავიღოთ მაგალითად. აქამომდე არ შემხვედრია არც ერთი ისეთი განხილვა, რომელსაც ესმოდეს, თუ რა რელიგიურ-ფილოსოფიური აზრი სდევს ამ გენიოსურ ნაწარმოებში.

სტუდენტური ორგანიზაცია "ივერია". დროშით ხელში ნესტორ მაღალაშვილი, მარცხნივ ზის მიხაკო წერეთელი, ცენტრში ზის ლეო კერესელიძე, მის გვერდით, თეთრ ჩოხაში - გიორგი კერესელიძე

ესეთი ორიგინალური, წმინდა ილიასებრი განხილვა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა ვგონებ არავისა აქვს. არც Flaubert"ს, არც Zola"ს, არც ტოლსტოის, არც ლერმონტოვს, არც Anatol France"ს და არც სხვას" (გუსტავ ფლობერი, ემილ ზოლა. - მ.მ.).

"წინასწარ კოცნით გიხდი მადლობას ილიას საიუბილეო წიგნისთვის. ილიას ხსოვნა აქაც ვიდღესასწაულეთ. და განა შეიძლება ქართველმა, ვინც ამ სახელის ღირსია, ილია დაივიწყოს?"

* * *

საფრანგეთში დამკვიდრების შემდეგ გიორგი კერესელიძე ფართო ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობაში ჩაება. მისი კრიტიკული წერილები ლიტერატურაზე ევროპაში გამომავალ ჟურნალ-გაზეთების გარდა, იბეჭდებოდა ამერიკაში დაარსებულ ჟურნალ "კრებულში": "როცა ჩვენ გორიდან თბილისში გადავდიოდით, მამაჩემის პატივსაცემლად გორის პატრიოტულმა წრემ მის გარშემო გადააღებინა სურათი. მამა ზის შუაში. გარშემო: ზის მამას მარჯვნივ ნიკო ლომოური; მარცხნივ პავლე ბურჯანაძე; უკან დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ) კონსტანტინე ცხვედაძე, სიმონ გოგლიჩიძე, ა. თოხაძე, ა. დავითაშვილი, სურათის წინ წამოწოლილია ს. მგალობლიშვილი. ეს სურათი მოთავსებულია ჩრდილოეთ ამერიკაში დაბეჭდილ "კრებულში" გრიგოლ (გიგო) დიასამიძის მოგონებებთან ჩართული. დიდი სიმპათიებით იხსენებს გიგო დიასამიძე მამას, ჩვენს ოჯახს, ისევე როგორც ლეოს და მე.

გიგო დიასამიძე და მისი ასული ლოლა ჩრდილოეთ ამერიკაში არიან. ნიუ-იორკში ერთი ქართული ჟურნალი გამოდის. ამ ჟურნალმა წერილი მთხოვა. მივაწოდე ვრცელი განხილვა გრიგოლ ორბელიანის პოეზიისა და მისი პატრიოტიზმისა. ამას წინათ მივიღე ხუთი ცალი. ჩემი წერილი ცოტა დამახინჯებულია. ამავე ნომერში მოთავსებულია გიგო დიასამიძის მოგონება გორის ეპოქისა.

ამავე ნომერში მოთავსებულია გიგოს და ლოლას სურათი. გიგო 87 წლისაა, მაგრამ კარგად გამოიყურება".

ლეო კერესელიძის მეთაურობით ბერლინში მოქმედი "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"

ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში, ხანდაზმულობის მიუხედავად, გრიგოლ დიასამიძე არ წყვეტდა ლიტერატურულ საქმიანობას. მისი საყურადღებო წერილები და მოგონებები იბეჭდებოდა იქაურ ქართულ პრესაში - "ჩვენი გზა" და "კრებული".

ასევე საყურადღებოა გიორგი კერესელიძის ეპისტოლეები მთარგმნელობითი მუშაობის რაობაზე: "ნუცუბიძის თარგმანის შესახებ რა გითხრა, ჩემო ელენე! იქნებ ყველა თარგმანებს სჯობდეს, მაგრამ ნუცუბიძე რუსთაველი არ არის და ლექსად შოთას თარგმნა შეუძლიან მხოლოდ გენიოსს პოეტს.

ბალმონტსაცა აქვს თარგმნილი შოთას პოემა. ნუცუბიძისა უკეთესია, მაგრამ შოთას პოემას შორეულად თუ ჰგავს. დანტეს "ღვთაებრივი კომედია" სამი თუ ოთხი უკეთესი თარგმანი რუსულად მაქვს წაკითხული, ამდენივე და მეტიც გერმანულად, ესევე ფრანგულად. ხოლო, დანტეს პოემის სიღრმეს და მშვენიერებას რომ ჩავწვდენოდი, იტალიური ენა საგანგებოდ ვისწავლე. ყველა ჩემს მიერ წაკითხულ თარგმანებს არ ძალუძდათ ჩემთვის დანტე ეგრძნობინებინათ. და მთარგმნელებმა 30, 40 და 50 წელიწადი მოანდომეს ამ ძნელ საქმეს. ესევეა გოეტე, ვირგილიუსი, მილტონის "დაკარგული სამოთხე" და სხვა გენიოსური ქმნილებანი. ფრანგთა დიდმა მწერალმა შატობრიანმა თარგმნა "დაკარგული სამოთხე" და ამბობს: ნახევარი ჩემი სიცოცხლისა ამ თარგმანს მოვანდომეო. თარგმნილია პროზით".

შემდგომ წერილში გიორგი კერესელიძე დის შეკითხვაზე პასუხობს: "მეკითხები თუ აქ დასდგეს "ევგენი ონეგინი" და თუ ვნახე. დიდად აქებენ. არ ვიცი თუ დასდგეს. ორიოდე რუსული ფილმი ვნახე მე აქ. უნდა გითხრა, რომ ჩემზე დასტოვეს უხეირო შთაბეჭდილება. ნამდვილი ჩამორჩენილი პროვინციაა. ქართული ფილმებიც (ორიოდე) ვნახე და გული გამისკდა. რაღაც ნაცარ გადაყრილად მომეჩვენა - მტვრიანი, უნიჭო, უხეირო. ერთად ერთი ფილმი რომელმაც აღტაცებაში მომიყვანა, არის ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობიდან აღებული "ვირის ამბავი". გამაოცა განსაკუთრებით ბავშვების ნიჭიერმა თამაშმა. სხვა მსახიობებიც ნიჭიერნი არიან. კარგი ფილმი იმიტომაა რომ უბრალოა, უპრეტენზიო, გულწრფელი".

გიორგი კერესელიძის წერილი საკუთარ დას, ელენეს

ამ ეპისტოლეში იგულისხმება თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის რეჟისორობით გადაღებული ფილმი "მაგდანას ლურჯა", რომელმაც 1965 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მოიპოვა.

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)

მარიამ მარჯანიშვილი,

ფილოლოგიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#93