"გაიცანით, ეს საქართველოა" - ჯონ სტეინბეკისა და რობერტ კაპას თვალით დანახული საქართველო XX საუკუნის 40-იან წლებში - კვირის პალიტრა

"გაიცანით, ეს საქართველოა" - ჯონ სტეინბეკისა და რობერტ კაპას თვალით დანახული საქართველო XX საუკუნის 40-იან წლებში

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობას საქართველოში.

1947 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, მომავალი ნობელიანტი მწერალი საბჭოთა კავშირს ეწვია. მას თან ახლდა რობერტ კაპა, ფოტოგრაფი უნგრეთიდან - დოკუმენტური ფოტოგრაფიის კლასიკოსი, სამხედრო ფოტოჟურნალისტიკის ფუძემდებელი და მსოფლიოში პირველი ფოტოსააგენტოს, "მაგნუმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოგზაურებმა მოინახულეს მოსკოვი, კიევი, მაშინდელი სტალინგრადი, უკრაინის რამდენიმე სოფელი, აგრეთვე, თბილისი, გორი და ბათუმი. მოგზაურობა, რომელიც არ ყოფილა განპირობებული მხოლოდ უცხო ქვეყნის დათვალიერების სურვილით, ორ თვეს გაგრძელდა. მისი შედეგი გახლდათ 1948 წელს სტეინბეკის მიერ გამოქვეყნებული ნაწარმოები. "რუსული დღიური" - ასე უწოდა მან წიგნს, რომელშიც თავისი შთაბეჭდილებები ამერიკელ მკითხველს გაუზიარა და აქვე გვამცნო იმ დროისთვის საკმაოდ სარისკო და უჩვეულო გადაწყვეტილების მიზანი.

ამერიკაში, მართალია, იმ დროს ბევრი იწერებოდა საბჭოთა კავშირზე, მაგრამ თითქმის არავინ არაფერი იცოდა ამ უზარმაზარ სახელმწიფოში შემავალი ერების, რიგითი მოქალაქეების ცხოვრების შესახებ. არც მათი ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტოები იბეჭდებოდა არსად. აქედან გამომდინარე, სტეინბეკსა და კაპას სურდათ, ამერიკელი საზოგადოებისთვის საბჭოთა კავშირი განსხვავებული მხრიდან ეჩვენებინათ, მიეწოდებინათ ინფორმაცია იქ მცხოვრებ ადამიანებზე - როგორ ჭამდნენ, რა ეცვათ, რით ერთობოდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ და სხვ.

წიგნის შესავალ ნაწილში სტეინბეკი წერდა: "იყო რაღაც-რაღაცები რუსეთის შესახებ, რაზეც არავინ წერდა და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. როგორც ეცვათ იქ? სადილად რას ჭამდნენ? წვეულებებს თუ მართავდნენ და რით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს? როგორი სექსი ჰქონდათ ან როგორ კვდებოდნენ? რაზე ლაპარაკობდნენ? თუ ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ? ბავშვები სკოლაში დადიოდნენ თუ არა? ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს ამბები გაგვერკვია, ფოტოები გადაგვეღო და ამაზე დაგვეწერა". ეს სიტყვები ნათლად წარმოაჩენს ამ მოგზაურობის მიზანს და რა თქმა უნდა, მწერლის ინტერესის საგანი საქართველოც იყო, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

1947 წელს სტეინბეკი და კაპა ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ, სადაც მწერალმა თავის ძველ მეგობარს ამცნო, რომ საბჭოთა კავშირში მოგზაურობას აპირებდა. ამ უჩვეულო იდეით აღფრთოვანებულმა ფოტოგრაფმა სტეინბეკს მეგზურობა შესთავაზა. "რუსული დღიურის" შესავალ ნაწილში მწერალი მოგვითხრობს, როგორი გულმოდგინებით ემზადებოდნენ ისინი მოგზაურობის დასაწყებად. იმავე 1947 წელს ისინი მოსკოვში ჩაფრინდნენ.

თბილისი, რობერტ კაპას ფოტო (1947)

სტეინბეკის ნაწარმოების მე-7 და მე-8 თავები საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

ჩვენს ქვეყანაზე საუბარს სტეინბეკი ასე იწყებს: "სადაც უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, კიევში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან გამუდმებით საქართველოს ჯადოსნური სახელი ჩაგვესმოდა. ისინიც კი, ვინც არასდროს ყოფილა იქ და ვერც ვერასდროს ჩავლენ ალბათ, საქართველოზე მონუსხული აღტაცებით ლაპარაკობდნენ. ისინი ქართველებზე ისე ყვებოდნენ, როგორც სუპერმენებზე,.. თან ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ქვეყანა მეორე სამოთხე იყოს". ამ სიტყვებით, მწერალი არა მხოლოდ პიროვნულ სიმპათიას გამოხატავს საქართველოსადმი, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით მის ერთგვარ უპირატესობასაც და ეს აზრი რომ რეალურია, ამაში მოგვიანებითაც კიდევ რამდენჯერმე თავად დაგვარწმუნებს. "ეგ კი არა, ისიც გვგონია, - იუმორნარევი სერიოზულობით აგრძელებს იგი, - რომ ბევრს რუსს სჯერა, წესიერად, პატიოსნად თუ იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ საქართველოში მოხვდება".

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო მართლაც სარგებლობდა პოპულარობით. აქ მცხოვრები ადამიანების ხასიათი, ნიჭიერება, კულტურული მიღწევები და ბუნებრივი გარემო იტაცებდათ სხვადასხვა ერების წარმომადგენლებს. ამის დადასტურებაა ამერიკელი მწერლის ზემოთ მოხმობილი სიტყვებიც.

საქართველოს ბუნებამ ჯერ კიდევ მაშინ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება მოგზაურებზე, როცა თვითმფრინავში ისხდნენ და ქართული მიწა ჯერ ახლოდან არ ენახათ. როგორც სტეინბეკი მოგვითხრობს, ისინი გაოგნებული იყვნენ კავკასიონის ხილვით, მთების ხედებმა გულში სითბო ჩაუღვარათ. მთელი მოგზაურობის განმავლობაში, სტეინბეკი პარალელებს ავლებდა საქართველოსა და ამერიკის ადგილებს შორის. მაგალითად, შავი ზღვის სანაპირო კალიფორნიის სანაპიროს შეადარა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შავი ზღვა ისეთი მშფოთვარე და ბოროტი არ არის, როგორც წყნარი ოკეანე.

უცხო ხალხების დახასიათებას სხვადასხვა ეპოქის ისტორიკოსები, მოგზაურები და მწერლები უფრო ხშირად მათი გარეგნობის, ფიზიკური შესახედაობის აღწერით იწყებდნენ. ამ მხრივ არც სტეინბეკია გამონაკლისი, რომელიც ისტორიკოსის, მოგზაურისა და მწერლის ფუნქციებს შესანიშნავად ითავსებდა. აი, როგორ აცნობს ის ქართველებს საკუთარ მკითხველს: "ქართველებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ. შავგვრემნები არიან, ბოშებს წააგვანან, ელვარე კბილები და გრძელი, ლამაზი ცხვირი აქვთ, თმა კი ტალღოვანი. თითქმის ყველა მამაკაცი ულვაშს ატარებს, ისინი გამხდრები და ენერგიულები არიან, შავი თვალები უციმციმებთ".

შემდეგ კვლავ ქართველი ერისადმი რუსების სიმპათიებზე საუბარს განაგრძობს: "რუსი ხალხი აღტაცებულნი არიან მათით. ყოველთვის მათ ძალასა და ენერგიაზე, მათ მოხერხებულობაზე ლაპარაკობენ, დიდებული კავალერები და კარგი მებრძოლები არიანო. ქართველი მამაკაცები რუს ქალებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობენ. პოეტი ხალხია, კარგი მოცეკვავეები და მომღერლები არიან, და როგორც ამბობენ, დიდებული საყვარლებიც. ასეც იქნება, ისეთ ბუნებაში ცხოვრობენ და ამ 2 ათასი წლის განმავლობაში იმდენი ომი გადახდათ თავს".

ამერიკელი მწერლისთვის, როგორც ჩანს, ცნობილი იყო საქართველოს სისხლიანი წარსულისა და ქართველი ერის ისტორიის შესახებ. ის მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ აცნობს ამერიკელებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის მთავარ შტრიხებს. თბილისზე საუბრისას წერს: "აქა-იქ ძველისძველი ციხესიმაგრეები გვხვდებოდა, და ქალაქშიც მთის თხემზე სასახლე დგას. ხეობის მეორე მხარესაც ციხესიმაგრე დგას, რადგან ეს ვიწრო ხეობა სამხრეთიდან სპარსელების, ირანელების, ერაყელების, ჩრდილოეთიდან კი თათრებისა და სხვა მძარცველთა გზად ქცეულიყო". აღწერს რა სტეინბეკი თბილისის გეოგრაფიულ მდებარეობას, მისი ხეობა რატომღაც ნიუ-მექსიკოს ახსენებს, და ხაზს უსვამს ქალაქის ისტორიულ სიძველესაც: "მართლაც ძველისძველი ქალაქია, მაშინ როდესაც მოსკოვი წლეულს თავის მერვაასე წლისთავს აღნიშნავს, გაისად თბილისი ათას ხუთასი წლის იუბილეს იზეიმებს".

თბილისი, რობერტ კაპას ფოტო (1947)

მწერალი საგანგებოდ საუბრობს აქ არსებულ ეკლესიებსა და საზოგადოდ, ქრისტიანულ რელიგიაზე, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქართველი ხალხის ცხოვრებაში: "ქალაქშიც და მთის თხემებზეც ძველი ეკლესიებია, საქართველოში ქრისტიანობა IV საუკუნეში შემოვიდა, და ის ეკლესიები, სადაც ახლაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა". სხვა ადგილას კი იგი აღფრთოვანებით შენიშნავს, რომ აქ ქრისტიანული ტაძრები ჯერ კიდევ მაშინ შენდებოდა, როცა ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში კერპთაყვანისმცემლობა იყო გამეფებული. როგორც ჩანს, სტეინბეკსა და კაპაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მამადავითის "უბრალო და ლამაზმა" ეკლესიამ მოახდინა. მათ დაათვალიერეს მთაწმინდის პანთეონიც. სტეინბეკის თქმით, ეს არის ის ადგილი, რომელიც "ქართველებს ძალიან უყვართ".

მამადავითის ეკლესიიდან ჩამოსვლის შემდეგ, მოგზაურებს სიონის საკათედრო ტაძარიც უნახავთ, სადაც იმ დროს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე სამეუფო წირვას აღავლენდა. აი, როგორ აღწერს ჯონ სტეინბეკი ამ ვითარებას: "წირვა-ლოცვას მოხუცი კაცი უძღვებოდა, თეთრთმიანი, თავზე ოქროს მიტრა ედგა, და იმდენად ლამაზი იყო, ირეალური გეგონებოდა, იგი კათალიკოსი და საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია... ღვთისმსახურება დიდებული იყო, და მუსიკოსების გუნდი წარმოუდგენლად გალობდა". ვფიქრობ, აქ ნათლად ჩანს, როგორ მოიხიბლა ამერიკელი მწერალი საქართველოში არსებული მართლმადიდებლური ტრადიციით. და ეს ნამდვილად არ გახლავთ ერთადერთი შემთხვევა. არსებობს საკმაოდ ბევრი ფაქტი, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ამერიკელებს ძალიან მოსწონთ ქართული ქრისტიანული კულტურა, განსაკუთრებით, საეკლესიო მუსიკა და ლიტურგიკული მსახურება, რაც მათში განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს.

სტეინბეკი საუბრობს თბილისში საუკუნეების განმავლობაში არსებული რელიგიურ ტოლერანტობის შესახებაც. ის წერს: "თბილისში ბევრი ეკლესია დგას, და უნდა იყოს კიდეც ასე, რადგან რელიგიური ტოლერანტობის ქალაქია, აქ ხომ ძველისძველი სინაგოგები და მუსლიმანური ტაძრები დგას, და არც ერთი მათგანი არასდროს არ დაუნგრევიათ". საყურადღებოა ფრაზაც: "ეს ქალაქი (თბილისი) წარმოუდგენლად სუფთაა. პირველი სუფთა აღმოსავლური ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს". მწერლის შეფასებით, ასეთ ქალაქში მოქალაქეებიც შესაბამისად ცხოვრობენ, ისინი ამაღლებული განწყობითა და ჩაცმულობით უკეთესად გამოიყურებიან საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან შედარებით. სტეინბეკი თამამი გულახდილობით აღნიშნავს: "ქართველი ხალხი, სხვა ხალხებთან შედარებით უფრო ლაღი ჩანდა, უფრო ფიცხები და უფრო მხიარულები. და იქნებ სწორედ ამიტომ ეთაყვანებიან მათ რუსები. იქნებ სწორედ ასეთები უნდათ რომ იყვნენ".

თბილისის ბაზარში. რობერტ კაპას ფოტო (1947)

ლოგიკურია, როცა უცხო ეროვნების ადამიანი შენს ქვეყანაში ჩამოდის, ყველანაირად ცდილობ აჩვენო ის, რაც ძალიან გიყვარს და რითაც შენი ხალხი ამაყობს. გამონაკლისს არც სტეინბეკისა და კაპას ქართველი მასპინძლები წარმოადგენდნენ, რომელთაც ეკლესიებისა და მუზეუმების დათვალიერების შემდეგ, სტუმრების ყურადღება საფეხბურთო მატჩზე, თბილისისა და კიევის გუნდების შეხვედრაზე გადაიტანეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სტეინბეკი წერდა, რომ საქართველოში და საერთოდ მთელ საბჭოთა კავშირში, ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო, ისევე როგორც ჭადრაკი, თუმცა, მისი დაკვირვებით, პირველ ადგილას მაინც ფეხბურთი იდგა. აღსანიშნავია, რომ გორში სტალინის მუზეუმის სანახავად ჩასული ამერიკელი მოგზაურები დაესწრნენ ქართულ ჭიდაობაში ნაციონალური შეჯიბრების ფინალურ შეხვედრასაც და ამ კუთხითაც გაეცნენ ქართველების სპორტულ შესაძლებლობებსა და მებრძოლ ხასიათს.

მეტად საინტერესო გახლდათ, აგრეთვე, ქართველ მწერლებთან შეხვედრა, რომელზეც საკმაოდ ბევრს საუბრობს სტეინბეკი. მისი თქმით, ქართველებს თავიანთი ლიტერატურით დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიო კულტურის საგანძურში, და ამ ფაქტის იდეალურ დადასტურებად შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს" მიიჩნევს.

თბილისისა და გორის შემდეგ, სტეინბეკი და კაპა ეწვივნენ დასავლეთ საქართველოსაც, კერძოდ კი ბათუმს. "დილით ძალიან ადრე გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სრულიად სხვანაირ მიწაზე, სულ სხვანაირ მხარეში ამოგვეყო თავი", - მოგვითხრობს ის, სადაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩაის დიდმა და ლამაზმა პლანტაციებმა მოახდინეს.

შეხვედრა მწერალთა კავშირში

ქართული სამზარეულო და ქართული სტუმართმოყვარეობა რომ უეჭველად მონუსხავდათ უცხოელ მოგზაურებს, ამაში, ვფიქრობ, მოულოდნელი არაფერია. ისინი კარგად გაეცნენ აქაური სუფრის ტრადიციას, "თამადის" ფენომენს, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რომლებითაც მოხიბლული სტეინბეკი წერდა, ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობნიან, ყველაფერი გამოსდით, რასაც ხელს მოჰკიდებენო.

თუმცა, ეს ყოველივე სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკიდან ჩამოსულ სტუმრებს საქართველოში ყველაფერი მოეწონათ. ეს შეუძლებელია, მაგრამ მათ მიერ დაწუნებულ ფაქტთა სია მეტად და მეტად მცირეა...

მთელი მოგზაურობის განმავლობაში რობერტ კაპა "შეირაღებული" იყო ფოტოაპარატით და ყველაფერს აღბეჭდავდა მისი მეშვეობით. კაპამ გადაიღო უნიკალური კადრები თბილისში, გორსა და ბათუმში. დღესდღეობით, ქართველი ფოტოგრაფები ცდილობენ ამოიცნონ რომანტიკოსი ფოტოგრაფის შემოქმედების საიდუმლო, რაც განაპირობებდა მისი ფოტოების სიდიადესა და გენიალურობას. ერთხელ კაპას ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალის რედაქტორმა ჰკითხა, რა იყო მისი ოსტატობის საიდუმლო. მან უპასუხა - მთავარია, მოგწონდეს ხალხი და ეს აგრძნობინოო. აშკარა იყო, რომ ქართველი ხალხი რობერტ კაპას ძალიან მოეწონა, უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, როგორ დიდებულად გააცნეს მან და სტეინბეკმა საქართველო ამერიკელებს.

მონაზონი ეკლესიაში. რობერტ კაპას ფოტო

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მწერალი ზუსტად 20 წლის შემდეგ საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და თქვა, ეს ქვეყანა ისეთივე მიმზიდველია, როგორც პირველი მოგზაურობის დროსო. ამჯერად მის მოგზაურობას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, როგორც თავად სტეინბეკი წერს, იგი ამ ვიზიტით ჯონ კენედის თხოვნას ასრულებდა. არსებობს ცნობები, რომ იმ პერიოდში მწერალი ჩართული იყო ეროვნულ პოლიტიკაში, ამასვე ადასტურებს მისი მეგობრობა ლინდონ ჯონსონთან (აშშ პრეზიდენტი 1963-1969 წლებში).

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯონ სტეინბეკისა და რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობა გამორჩეული მოვლენაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში. ამ ორმა უნიჭიერესმა პიროვნებამ შესანიშნავად გადაჭრა დასახული ამოცანა - ამერიკელი მკითხველისთვის საბჭოთა კავშირისა და მათ შორის, საქართველოს სრულიად სხვა, არაპოლიტიკური კუთხით გაცნობა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტი იყო იმ პერიოდში როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ამერიკელი საზოგადოებისთვის და დღესაც აქტუალობას არ კარგავს.

გიორგი მაჭარაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#93