როგორ მზადდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომი - კვირის პალიტრა

როგორ მზადდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომი

XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეული რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების გამწვავებით ხასიათდებოდა. ეს ტენდენცია უფრო მეტად საგრძნობი გახდა ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1999 წლიდან.

2008 წლის ომზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ ომის მიზეზები საბრძოლო მოქმედებებამდე რამდენიმე თვით ან თუნდაც წლით ადრე კი არ არის საძიებელი, არამედ დაკავშირებულია მოვლენების ერთობლიობასთან, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში 1999 წლიდან განვითარდა.

1990-იანი წლების დასასრულს და 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ოთხი რუსული სამხედრო ბაზა, რომლებიც 1995 წლის შეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად იყო განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე.

სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი მწვავედ დაისვა ეუთოს 1999 წლის სტამბოლის სამიტზე, როცა რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე, გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გასულიყო 2001 წლის 1-ელ ივლისამდე. ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას შეეძლო რეალურად შეემცირებინა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში და ამით ერთგვარი საფუძველი შეემზადებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, თუმცა ეს კრემლის მიზნებში არ შედიოდა.

2000 წლის 9 ნოემბერს მოსკოვმა სავიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოსთან. ქართული მხარის გამოთქმულ უკმაყოფილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მოჰყვა კრემლის მიერ დსთ-ის წესდების იმ ნაწილის გაუქმება, რომელიც თანამეგობრობის წევრი ქვეყნებისთვის თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას იძლეოდა (წესდების მე-2 და მე-19 მუხლების ნაწილები).

ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის 8 აპრილს, მიიღეს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია". დეკემბერში ცხინვალის რეგიონში მორიგი "საპრეზიდენტო არჩევნები" გაიმართა, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ედუარდ კოკოითიმ, ბიზნესმენმა და პროფესიონალმა მოჭიდავემ. ცხადი გახდა, რომ წინამორბედი დე-ფაქტო პრეზიდენტის, ლუდვიგ ჩიბიროვისა და შევარდნაძის ფორმატი, რომლის დასკვნით ნაწილს 2000 წლის 13 ივლისს პარაფირებული ე.წ. ბადენის დოკუმენტი წარმოადგენდა, მიუღებელი იყო კრემლისთვის.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ნიუ-იორკში კრემლისთვის საქართველოზე თავდასხმის კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა. მანჰეტენის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე პუტინმა საქართველო ტერორისტული საფრთხის მატარებელ ქვეყნად გამოაცხადა. 2002 წლის 6 აგვისტოს კრემლმა დაბომბა პანკისის ხეობა. ამ ამბების შემდეგ, 22 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძემ ნატოს პრაღის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პირველად გამოთქვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების სურვილი.

2002 წლის მაისში, რუსეთში მიიღეს ახალი კანონი რუსეთის მოქალაქეობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების ე.წ. გამარტივებულ წესს ხალხთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის. ეს რეგულაციები მოცემული იყო კანონის მეექვსე მუხლში, რომლის მიხედვითაც, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭებოდათ იმ პირებს, რომლებიც "ფლობდნენ სსრ კავშირის მოქალაქეობას, მოსახლეობენ და მოსახლეობდნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე, არ მიუღიათ აღნიშნულ სახელმწიფოთა მოქალაქეობა და შედეგად, დარჩნენ მოქალაქეობის გარეშე".

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან (2006 წ.)

ეს იყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული მოქალაქეობის მასობრივი მინიჭების პროცესის დასაწყისი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კანონს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ. სწორედ ამ რუსულმა კანონმა საქართველოში 2008 წლის ინტერვენციისას, რუსეთისთვის ერთგვარი "არგუმენტის" როლი შეასრულა, რის მიხედვითაც კრემლი "საკუთარ მოქალაქეებს იცავდა ".

ეკონომიკურ საკითხებში პუტინის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის ცნობით, 2003 წლის თებერვალში რუსულმა მხარემ თორმეტი თ-55 ტიპის ტანკი გადასცა ოს სეპარატისტებს. ეს პროცესი 2003-2004 წლებშიც გაგრძელდა. 2004 წლის მაისსა და ივნისში კრემლის მიერ ცხინვალის რეგიონში გაიგზავნა 75 ერთეული თ-72 ტიპის საბრძოლო ტანკი, უზარმაზარი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.

ამასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანის ნაცვლად, ამ პერიოდში რუსულმა მხარემ დაიწყო ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობა ჯავის რეგიონში და ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მოდერნიზება აფხაზეთში. რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინასა და ანდრეი ილარიონოვის ინფორმაციით, მოსკოვი კიდევ ერთ ბაზას აშენებდა დაღესტნის ბოთლიხის რეგიონში, საიდანაც 2008 წელს სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ.

ზემოაღნიშნულ პროვოკაციებს საქართველოში რუსული მხარე ახორციელებდა 2003-2004 წლების გარდამავალ პერიოდში, როცა საქართველოს ხელისუფლება გამოიცვალა და მთავრობაში ახალი გუნდი მოვიდა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. თუკი მანამდე შევარდნაძემ ღიად გამოხატა ნატოში ინტეგრაციის სურვილი, ახალი ხელისუფლების მთავარი მიზანი ამ სურვილის რეალობად ქცევა იყო, რისთვისაც სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები დაიწყო. ამგვარი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, შორს იყო კრემლის რეალური მიზნებისგან, რომელიც ძირითადად საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური სივრცის მაქსიმალურ კონტროლზე იყო ფოკუსირებული.

მკვეთრად დასავლური საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, საქართველოს ახალი მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს რუსეთთან დიალოგი წარმოადგენდა. ამის ნათელი ილუსტრაცია იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში 2004 წლის 11 თებერვალს. ქართულმა მხარემ რუსეთთან დიალოგის სურვილი გამოხატა, თუმცა პასუხად იმავე წლის ივლისის დასაწყისში მიიღო დიდი რაოდენობით ახალი რუსული ტექნიკა ცხინვალის რეგიონში.

8 ივლისს, ქართულმა მხარემ რეგიონში რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავა. მომდევნო დღეს, რუსულმა მხარემ 50 ქართველი მშვიდობისმყოფელი განაიარაღა და ცხინვალის ცენტრში დააჩოქა. რუსებმა ეს სცენა გადაიღეს და წამყვან რუსულ საინფორმაციო გადაცემებში აჩვენეს. იმავე ღამით, ქართველთა მიერ კონტროლირებული სოფლების, თამარაშენისა და ქურთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

რუსეთის ამგვარი აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, 2004 წელს მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება მოხერხდა ქართული მხარის ზომიერი დიპლომატიური პოზიციის საშუალებით. 2004 წლის 5 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სოჭში ედუარდ კოკოითის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რუსული მხარე და ეუთო. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად დარეგულირების აუცილებლობას. ამასთან ერთად, დადგინდა, რომ მომავალში სამხედრო ნაწილებისა თუ ტვირთის გადაადგილება კონფლიქტის ზონაში მხოლოდ და მხოლოდ შერეული საკონტროლო კომისიის ყველა მხარესთან შეთანხმებითა და მათი დასტურით უნდა მომხდარიყო.

2005 წლის 26 იანვარს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ახალი სამშვიდობო გეგმის ინიციატივა წამოაყენა. გეგმის მიხედვით, ცხინვალის რეგიონს უნდა მინიჭებოდა ავტონომიური სტატუსი საკუთარი თვითმმართველობის ორგანოების არჩევის უფლებით, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებდა პარლამენტისა და აღმასრულებელი ორგანოს შექმნას. ავტონომიური რეგიონის პარლამენტის კომპეტენციაში უნდა შესულიყო საგანმანათლებლო, კულტურული, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა. ამასთან ერთად, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას უნდა ჰქონოდა ხმის უფლება ეროვნულ სამთავრობო სტრუქტურებში, რის კონსტიტუციურ გარანტიასაც თავად ეს გეგმა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ოსმა სეპარატისტებმა, საკუთარ "დამოუკიდებლობაზე" აპელირებით, უარყვეს ეს გეგმა და მას "ყოვლად მიუღებელი, მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" უწოდეს.

ბომბორა - რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთასთან

ქართული მხარის ამ სამშვიდობო ინიციატივას მხარი დაუჭირა ეუთოს ლიუბლიანის მინისტერიალმა 2005 წლის 6 დეკემბერს. მინისტერიალის შეფასებით, ქართული გეგმა, შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ნამდვილად იძლეოდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გარანტიას.

2005 წლის 30 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის ვადის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის სამხედრო ნაწილებს საქართველო 2008 წლის ბოლოსთვის უნდა დაეტოვებინათ.

ეს პირობები კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის 2006 წლის 31 მარტს სოჭში გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. შეთანხმების მე-11 მუხლის მიხედვით, რუსეთს არ უნდა მიეწოდებინა სამხედრო შეიარაღება ამ ბაზებისთვის. აღნიშნული შეთანხმებების მიუხედავად, 2006 წლის მაისისთვის, მოსკოვმა ჯავასთან ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო.

პარალელურად, რუსულ პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა ინფორმაცია ქართული მხარის სამხედრო ნაწილების შიდა სამზარეულოს შესახებ, რაც კრემლის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობაზე მიუთითებდა. მაგალითისთვის, "ნეზავისიმაია გაზეტას" 2006 წლის 1-ლი მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო ქართული მხარის მიერ ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ მომზადებულ სამხედრო გეგმაზე, სახელწოდებით "ვეფხვის ნახტომი". რუსული ნარატივის მიხედვით, ქართული მხარის ქმედებები დიდწილად განპირობებული იყო აშშ-ის მიერ საქართველოს წაქეზებით. ეს თვალსაზრისი საკმაოდ მკაფიოდ გამოხატეს რუსმა ავტორებმა მიხაილ ლეონტიევმა და დმიტრი ჟუკოვმა წიგნში: "დამოუკიდებელი საქართველო - ბანდიტი ვეფხვის ტყავში", სადაც 2008 წლის ომზე საუბრისას ავტორები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ამერიკელებმა თავიანთი ძაღლი მიუშვეს რუსეთის წინააღმდეგ.

ესკალაციის ახალი ფაზა 2006 წლის 27 სექტემბერს დაიწყო, როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა რუსული სპეცსამსახურების ჯაშუშური ქსელის აღმოჩენის შესახებ. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი რუსეთის ოთხი და საქართველოს თერთმეტი მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, რომლებშიც საქართველოს ხუთი მოქალაქე რუსულ სამსახურებთან კავშირს აღიარებდა.

პასუხად მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა, რუსეთის საელჩომ თბილისში შეწყვიტა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკოც გამოიწვია თბილისიდან. რუსეთის განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გამოგზავნა თვითმფრინავები, რომელთაც საქართველოში მცხოვრები რუსი დიპლომატების ოჯახების "ევაკუაცია" ევალებოდათ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ქართული მხარის საქციელი "სახელმწიფო ბანდიტიზმად" შერაცხა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეეკავებინათ.

რუსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრებ ქართველებს შეუჩერდათ ვიზები. ანდრეი ილარიონოვის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ სპეციალური "საქართველოს დეპარტამენტი" შექმნა. როგორც ვხედავთ, მოსკოვის რეაქცია საქართველოს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე შორს იყო ადეკვატურისგან. ამის მიზეზად შესაძლებელია დავასახელოთ ორი მთავარი ფაქტორი: 1) რუსეთი არ იყო ჩვეული საქართველოსგან მსგავს მოქმედებებს, ამიტომაც კრემლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს "დასჯა" სპეცოპერაციის გამო; 2) მოსკოვის მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო საქართველოს საშინაო პოლიტიკური სივრცის კონტროლი. სწორედ ამ მიზნით მიმართა კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ ზემოაღნიშნულ ნაკლებად ადეკვატურ ქმედებებს. საქართველოს დასჯასთან ერთად, რუსეთს იმის დემონსტრირებაც უნდა მოეხდინა, თუ რამდენად "სასიცოცხლოდ" იყო საქართველო მოსკოვზე დამოკიდებული. საბოლოოდ ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ერთადერთ მიზანს - საქართველოს საკუთარი პოლიტიკური თვალსაწიერიდან და გავლენიდან არგაშვებას ემსახურებოდა. ამგვარად, მოსკოვის ქმედებების მიხედვით, საქართველოს უნდა "ეზღო" იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ჯაშუშური ქსელის საქმიანობა აღკვეთა.

2007 წლის მაისში საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი გეგმა შეიმუშავა ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის დასარეგულირებლად. ქართულმა მხარემ შექმნა "სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია", რომელსაც ხელმძღვანელობდა "სამხრეთ ოსეთის" ყოფილი "თავდაცვის მინისტრი" დიმიტრი სანაკოევი. საქართველოს ხელისუფლების ეს მოქმედება წინააღმდეგობრივად აღიქვა ქართველმა საზოგადოებამ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, რომ ამ ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლება არ არღვევდა არც ერთ შიდა ან საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმას.

ეუთოს სტამბოლის სამიტზე (1999 წ.)

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსული ბაზების დემონტაჟი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2007 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდა. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მოსკოვის ამგვარმა ნაბიჯმა საქართველოში ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია. ჯერ კიდევ 2007 წლის თებერვალში, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ასრულებდა საკუთარ სიტყვას და საქართველოდან ბაზები დაჩქარებულ რეჟიმში გაჰყავდა.

თუმცა, როგორც ანდრეი ილარიონოვი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი კრემლმა მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში თავიდან აეცილებინა ქართული მხარის მიერ საქართველოს სხვადასხვა ნაწილში განლაგებული ბაზებიდან რუსი სამხედროების ტყვედ ჩაგდების შესაძლებლობა. ილარიონოვის აღნიშნული შეხედულება ფარდას ხდის რუსულ საომარ გეგმას საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, იყო, რომ იმავე ავტორის თქმით, "რუსეთის მმართველმა წრეებმა 11 წელიწადზე გათვლილი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ ხუთ თვეში განახორციელეს".

2008 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება უფრო და უფრო მძიმდებოდა. სამშვიდობო გეგმების უარყოფისა და მოსკოვის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ოფიციალურ თბილისს საკმარისი საფუძველი ჰქონდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი $560 მილიონიდან $875 მილიონამდე გაიზარდა. 2008 წლის იანვარში საქართველოში გაიმართა პლებისციტი ქვეყნის ნატოში გაწევრების თაობაზე, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 77%-მა დადებითი პოზიცია გამოხატა.

ზედმეტია საუბარი, რომ ქართული მხარის ეს ქმედებები კრემლის გაღიზიანებას იწვევდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ახლოვდებოდა 2008 წლის 2-4 აპრილს დაგეგმილი ნატოს ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოსა და უკრაინისთვის ე.წ. სამოქმედო გეგმის (Mემბერსჰიპ Aცტიონ Pლან - MAP) მინიჭების საკითხი უნდა განხილულიყო.

აღსანიშნავია, რომ კრემლის უკმაყოფილება ქართული მხარის პოლიტიკის მიმართ საკმაოდ მკაფიოდ აისახებოდა რუსული ბუნებრივი აირის საქართველოში გასაყიდ ფასებზე, რომელთა დინამიკა 2005-2009 წლებში ასე გამოიყურებოდა: $60 - 2005, $110 - 2006, $235 - 2007, $280 - 2008, $350 - 2009.

თავის დროზე ვლადისლავ არძინბა ამბობდა, რომ ქართველებს ნებისმიერ ფასად უნდა ესროლათ აფხაზებისთვის. 2008 წლისთვის ეს უკვე ცხინვალის რეგიონში იყო მოსკოვის ამოცანა

2008 წლის დასაწყისში, მოსკოვში საქართველოსთან ომის გეგმა უკვე დამტკიცებული იყო. როგორც თავად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ეს გეგმა საიდუმლოს არ წარმოადგენდა და მან იგი პირადად მოიწონა 2006-2007 წლების მიჯნაზე. მოცემული გეგმის აქტუალურობა უკვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე იყო დამოკიდებული, რომელიც კავკასიის რეგიონის გარშემო იქმნებოდა 2008 წელს. ამ კუთხით, ორ მოვლენას ჰქონდა მთავარი მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკური მასშტაბით: პირველი - კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება 2008 წლის 17 თებერვალს და მეორე - ნატოს ბუქარესტის სამიტი 2008 წლის 2-4 აპრილს.

კოსოვოს ფაქტორს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან. 2007 წლის თებერვალში თავის "მიუნხენის სიტყვაში" (გამოსვლაში მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე) ვლადიმირ პუტინმა ერთგვარად ამხილა დასავლეთის ქვეყნები კოსოვოში სამხედრო ძალის გამოყენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტს კოსოვო ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო მასშტაბით ძალის გამოყენებისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოს (და არა ნატოს ან ევროკავშირის) დასტურის აუცილებლობას.

კრემლის პოლიტიკა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოიკვეთა ამ მოვლენიდან მეხუთე დღეს, 2008 წლის 21 თებერვალს, ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე. ამ შეხვედრის დეტალები განხილულია ამერიკელი ანალიტიკოსის, რონალდ ასმუსის ცნობილ წიგნში, რომლის მიხედვითაც პუტინმა, ფაქტობრივად ,პირდაპირ განუცხადა სააკაშვილს რუსული გეგმების შესახებ საქართველოში: "აუცილებელია რეაგირება იმაზე, რაც ევროპამ კოსოვოში მოიმოქმედა; ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს და თქვენც გაითვალისწინეთ, რა წნეხს განვიცდით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მხრიდან – როგორღაც ხომ უნდა გამოვეხმაუროთ მათ მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ... არ გვესმის, რატომ წამოიწყო ამერიკამ ევროპის ისლამიზაციის კამპანია – მას მერე, რაც ალბანელებმა თავისი გაიტანეს, მეტსაც მოინდომებენ და ახლა მაკედონიასაც მისდგებიან! ხომ გესმით, რომ კოსოვოს შემდეგ, დასავლეთს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ – მართალია, ვწუხვარ, მაგრამ თქვენც ამ პასუხის ნაწილად მოიაზრებით".

მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ყაზანში (2005 წ.)

ამგვარად, პუტინმა ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვალში ახადა ფარდა რუსეთის გეგმებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. დასავლეთისთვის კოსოვოს გამო პასუხის გასაცემად მოსკოვს სჭირდებოდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამ გეგმის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება საქართველოს "აგრესორად" წარმოჩენა უნდა ყოფილიყო. ამგვარად, აქ იკვეთება რუსული პოლიტიკის მსგავსება 1990-იან წლებში შექმნილ ვითარებასთან აფხაზეთში. როგორც თავის დროზე ვლადისლავ არძინბა ამბობდა, რომ ქართველებს ნებისმიერ ფასად უნდა ესროლათ აფხაზებისთვის. ამჯერად იგივე შედიოდა მოსკოვის ინტერესებში.

ამგვარად, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ერთმნიშვნელოვანი პოზიციისა, რომ საქართველო კოსოვოს აღიარებას არ გეგმავდა, ვითარება ჩვენი ქვეყნის გარშემო სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა.

4 მარტს "სამხრეთ ოსეთის", ხოლო სამი დღის შემდეგ აფხაზეთის "პარლამენტებმა" მიმართეს რუსეთს, დსთ-ისა და გაეროს მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით.

შექმნილ ვითარებაში, 28 მარტს მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა ახალი სამშვიდობო გეგმა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში უნდა შექმნილიყო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც ეთნიკურად აფხაზი წარმომადგენელი დაიკავებდა. აფხაზეთის პარლამენტს უნდა ჰქონოდა ვეტოს უფლება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აფხაზეთს ეხებოდა. ამასთან, აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომლითაც რეგიონის აღმშენებლობა იყო დაგეგმილი: "ულიმიტო ავტონომია, ფართო ფედერალიზმი და სერიოზული წარმომადგენლობა საქართველოს სახელისუფლებო აპარატში - ეს ყველაფერი იქნება განხორციელებული საერთაშორისო გარანტორების მხარდაჭერით", - აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი. მეორე დღეს, აფხაზეთის "ხელისუფლებამ" საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის შესაძლებლობას დაუშვებელი უწოდა.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

კახაბერ ყალიჩავა

თსუ ისტორიის დოქტორანტი

(სტატია გამოქვეყნებულია უცხოურ სამეცნიერო ჟურნალში, როგორც მომავალი დისერტაციის ნაწილი) ჟურნალი "ისტორიანი",#93