"ის წამებისას შემოაკვდათ, მაგრამ ვერ გატეხეს. როცა სტალინს ამის შესახებ მოახსენეს, დიქტატორი ჩაფიქრდა..." - კვირის პალიტრა

"ის წამებისას შემოაკვდათ, მაგრამ ვერ გატეხეს. როცა სტალინს ამის შესახებ მოახსენეს, დიქტატორი ჩაფიქრდა..."

სტალინი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია

იხილეთ დასაწყისი

პირველი რეპრესიები

იურკო ტიუტიუნიკი გაათავისუფლეს. მალე მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც პეტლიუროველთა მოძრაობა სასტიკად გააკრიტიკა და საბჭოთა ხელისუფლება აღიარა. ამის შემდეგ ტიუტიუნიკი სცენარისტი და კინომსახიობი გახდა. ფილმში "პკპ" (П.К.П. - Пилсудский Купил Петлюру) მან საკუთარი თავი განასახიერა. მოგვიანებით მწერალ მაიკ იოჰანსენთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისა "ზვენიგორა", რომლის რეჟისორიც ალექსანდრ დოვჟენკო გახდა.

მიტროპოლიტი ვასილი ლიპკივსკი მოღვაწეობას განაგრძობდა, საბჭოთა ხელისუფლებას ის ყელში ძვალივით ეჩხირებოდა. მიტროპოლიტი გამოცდილი კაცი იყო და ხვდებოდა, რომ ბოლშევიკები მის წინააღმდეგ დარტყმას ამზადებდნენ. ამიტომაც ხელისუფლებას წერილით მიმართა. ლიპკივსკი წერდა, რომ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია სავსებით აპოლიტიკური ორგანიზაციაა და შესაბამისად, პოლიტიკურ მოვლენებში არ ერევა.

- ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა, - წერს ლიპკივსკი, - ჩვენც ის უნდა მივიღოთ და მასზე ვილოცოთ. მიეც კეისარს კეისრისა, ასე გვასწავლის უფალი.

მიუხედავად ამისა, მალე ლიპკივსკი დააპატიმრეს. ამან მთელ უკრაინაში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. საბჭოთა ხელისუფლებაც იძულებული გახდა, მიტროპოლიტი გაეთავისუფლებინა. ამის შემდეგ ბოლშევიკები უფრო ფრთხილად მოქმედებდნენ.

- სტალინმა უშიშროების ორგანოების წინაშე მოკლე, ნათელი ამოცანა დასახა: უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია უნდა განადგურდეს. პირველი ნაბიჯი საამისოდ მიტროპოლიტ ლიპკივსკის თანამდებობიდან ჩამოშორება უნდა ყოფილიყო, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი..

ჩეკისტები სტალინის ბრძანების შესასრულებლად ამოქმედდნენ. უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მალე ოპოზიცია შეიქმნა. მათ მიტროპოლიტ ლიპკივსკის გადაყენება მოითხოვეს. მიტროპოლიტს აგრძნობინეს, რომ ეს თავად სტალინის მოთხოვნა იყო.

- თუ გაჯიუტდები, ცუდი დღე დაგადგება!

- რაკი ასეა, არ გადავდგები, - მიუგო ლიპკივსკიმ.

რამდენიმე დღის შემდეგ მიტროპოლიტი დააპატიმრეს. ამან კვლავ უკუეფექტი მოახდინა. უკრაინაში მასობრივი საპროტესტო ტალღა აზვირთდა. ხელისუფლება კვლავაც იძულებული გახდა, ლიპკივსკი გაეთავისუფლებინა.

მალე გპუ-ს (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) ახალმა შეფმა ვიაჩესლავ მენჟინსკიმ სტალინს მოახსენა:

- კიევში დაბრუნებულ ლიპკივსკის მეფური დახვედრა მოუწყვეს. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის გავლენა გაიზარდა.

- ცუდია, - ჩუმად წარმოთქვა სტალინმა, - ძალიან ცუდი.

მენჟინსკიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დახარა.

"გადაყენება" ბოლშევიკურად

ჩეკისტები გულდასმით ამზადებდნენ შემდგომ დარტყმას. 1927 წელს საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელსაც მიტროპოლიტი ლიპკივსკი თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა.

მიტროპოლიტი ჯიუტობდა. მას იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ე.წ. ოპოზიციამ ვერაფერი მოუხერხა. მაშინ შენობაში, სადაც კრება მიმდინარეობდა, შეიარაღებული ჩეკისტები შეიჭრნენ.

- ან ლიპკივსკის გადააყენებთ, ან აქედან ცოცხალი ვერც ერთი ვერ გახვალთ!

ამან გაჭრა. ლიპკივსკი გადააყენეს.

სტალინმა მიტროპოლიტის გადაყენების ამბავი მშვიდად მოისმინა. ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა.

- ახლა გადამწყვეტი დარტყმის დრო დადგა! - ჩუმად წარმოთქვა მან.

- აჩქარება არ არის საჭირო. ყველაფერი სუფთად უნდა გაკეთდეს, გასაგებია?

ჩეკისტებმაც დაიწყეს სამზადისი უკრაინის ეკლესიის საბოლოო განადგურებისთვის.

მარცხნიდან: კლიმენტ ვოროშილოვი, იოსებ სტალინი და მიხაილ კალინინი, კომუნისტური პარტიის XVI ყრილობის დელეგატები (1930 წლის 26 ივნისი)

გაუტეხელი ტიუტიუნიკი

1929 წელს საბჭოთა კავშირში კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია დაიწყო. მათი განუყოფელი თანმხლები იყო მასობრივი რეპრესიები. სწორედ მაშინ დადგა უკრაინული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურების დროც.

- დაგეგმილი იყო მესაკუთრე გლეხების, ან როგორც ბოლშევიკები უწოდებდნენ, კულაკების მოსპობა. უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის მრევლს ძირითადად სწორედ ეს გლეხები წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ჩვენი ეკლესიაც უნდა მოსპობილიყო, - წერს სერგიიჩუკი.

სტალინური სქემა მარტივი იყო: უკრაინაში აღმოაჩენენ ე.წ. იატაკქვეშა ორგანიზაცია "უკრაინის განთავისუფლების კავშირს". მის ხელმძღვანელებს შორის იქნებიან როგორც უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ასევე ავტოკეფალიური ეკლესიის იერარქებიც. ეს საუკეთესო საბაბი იქნება ამ ეკლესიის გასანადგურებლად, რადგან მათი აზრით, ეკლესიას, რომელიც ანტისაბჭოთა შეთქმულებებს აწყობს, არსებობის უფლება არ აქვს.

ამგვარი პროვოკაციისთვის იურკო ტიუტიუნიკი ზედგამოჭრილი ფიგურა გახლდათ. ყოფილი პეტლიუროველი ატამანი არ შეიძლებოდა, შეთქმულებთან დაკავშირებული არ ყოფილიყო. ტიუტიუნიკის პატრიოტული საქმიანობა წარსულს ჩაჰბარდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ის ლოიალურ საბჭოთა მოქალაქედ გადაიქცა, წერდა წიგნებს, კინოსცენარებს, თამაშობდა ფილმებში, კითხულობდა ლექციებს წითელი ზემდეგების სკოლაში, მაგრამ ჩეკისტებისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისინი ამბობდნენ, რომ ყოფილი პეტლიუროველი თვალთმაქცობს, ის ლოიალური საბჭოთა მოქალაქის ნიღაბს ამოეფარა, რათა ანტისაბჭოთა შეთქმულებები მოაწყოს.

ტიუტიუნიკი დააპატიმრეს, ხარკოვიდან მოსკოვში გადაიყვანეს. გამომძიებელმა ლავრენტი ჯანჯღავამ პირდაპირ განუცხადა: იტყვი, რომ იატაკქვეშა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია შექმენი, საბჭოთა უკრაინისგან ჩამოშორება და ბურჟუაზიული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურდა.

- თუკი ამას იტყვი, ერთ წელიწადს მოგისჯიან, შემდეგ ამნისტიით გამოხვალ. გელის დაწინაურება, პრემიები.

- და ვინ უნდა დამხმარებოდა ამაში? - ტიუტიუნიკი ოდნავ წინ წამოიწია.

- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიისა და ავტოკეფალიური ეკლესიის იერარქები! ეკლესიაში თქვენ ხომ იარაღის საწყობები გქონდათ!

- ეგ ტყუილია!

- მაგას არ აქვს მნიშვნელობა! თუკი ამას იტყვი, ხელისუფლება დაგიფასებს. არა? შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა!

ტიუტიუნიკმა უარი განაცხადა. სტალინის პირადი ბრძანებით იგი აწამეს.

- ამბობენ, რომ გაუტეხელი ადამიანები არ არსებობენ. არიან კარგი ან ცუდი გამომძიებლები. კარგი გაგტეხს, ცუდი ვერა! თუმცა არსებობენ გამონაკლისები, ვისი გატეხვაც შეუძლებელია, - წერს ცნობილი მწერალი და გრუ-ს ყოფილი ოფიცერი ვიქტორ სუვოროვი.

იურკო ტიუტიუნიკი ამ ერთ პროცენტს განეკუთვნებოდა. ის წამებისას შემოაკვდათ, მაგრამ ვერ გატეხეს. როცა სტალინს ამის შესახებ მოახსენეს, დიქტატორი ჩაფიქრდა.

- სამწუხაროა, რომ ეს კაცი ვერ გადმოვიბირეთ.

მალე საბჭოთა გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ პეტლიურას არმიის ყოფილი გენერალი იურკო ტიუტიუნიკი ჯაშუშობაში ამხილეს და სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა.

ავტოკეფალიური ეკლესიის

განადგურება

ტიუტიუნიკის სიკვდილმა სტალინი ვერ შეაჩერა. მალე დააპატიმრეს უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღვრები, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ეფრემოვი, აკადემიკოსები ვლადიმირ დურდუკოვსკი, ლიუდმილა სტარიცკაია-ჩერნიახოვსკაია, იოსიფ გერმაიზე, ვსევოლოდ განცოვი და სხვები. მალე ხარკოვის გაზეთმა "ვისტიმ" სენსაციური ცნობა დაბეჭდა:

- მხილებულია მსხვილი იატაკქვეშა ორგანიზაცია "უკრაინის განთავისუფლების კავშირი" (СВУ). მისი ცენტრი უკრაინის მეცნიერებათა აკადემიასა და უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმყოფებოდა.

სენსაციური ინფორმაცია მოსკოვურმა "იზვესტიამაც" გადმობეჭდა.

ე.წ. უკრაინის განთავისუფლების კავშირის პროცესი ხარკოვის თეატრში (1930). 15 ადამიანს მიუსაჯეს დახვრეტა, 192-ს დაპატიმრება, 87 უკრაინიდან გაასახლეს

- მხილებულია მსხვილი ანტისაბჭოთა შეთქმულება. მას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიისა და მეცნიერებათა აკადემიის იერარქები აწყობდნენ, - წერდა ცნობილი საბჭოთა პუბლიცისტი მიხაილ კოლცოვი.

- ნიღბები ჩამოხსნილია! არ არსებობს არავითარი უკრაინის მეცნიერებათა აკადემია! არ არსებობს არავითარი უკრაინული ეკლესია! არის კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, რომელიც მეცნიერებისა და რელიგიის ნიღაბსაა ამოფარებული! ესენი მკვლელები, ჯაშუშები და ტერორისტები არიან! - წერდა "იზვესტია".

უკრაინაში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. იჭერდნენ ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდლებს, აკადემიკოსებს, მწერლებს, პოეტებს. გისოსებს მიღმა ცნობილი პოეტი მაქსიმ რილსკიც აღმოჩნდა. მართალია, პოეტი მალე გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ მან სტალინზე ლექსების წერა დაიწყო და ჩვეულებრივ საბჭოთა ტრუბადურად გადაიქცა.

უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდლები ცრემლმორეული კითხულობდნენ, რა დავაშავეთ, კი, ბატონო, შესაძლოა ჩვენს რიგებში პეტლიუროველები შემოიპარნენ, მაგრამ რა შუაშია მთლიანად ეკლესიაო?!

უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანი პანას ლიუბჩენკომ მათ უპასუხა:

- გინდათ გადარჩეთ? მაშინ ავტოკეფალიაზე უარი განაცხადეთ!

- რაო?

- უკრაინის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ არსებობა უნდა შეწყვიტოს! ეს ამხანაგ სტალინის მოთხოვნაა! რეპრესიები მხოლოდ ამ შემთხვევაში შეწყდება!

განაჩენის გამოცხადებისას

* * *

1930 წელს, 9 მარტიდან 9 აპრილამდე, ხარკოვის ოპერის თეატრში ე.წ. უკრაინის გათავისუფლების კავშირის პროცესი მოეწყო. განსასჯელთა სკამზე ისხდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ეფრემოვი, აკადემიკოსები ნიკოვსკი, გერმაიზე, სტარიცკაია-ჩერნიახოვსკაია, მწერალი მიხაილ ივჩენკო, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები.

იურკო ტიუტიუნიკი გამონაკლისი იყო. უკრაინელმა მღვდლებმა და აკადემიკოსებმა წამებას ვერ გაუძლეს. სერგეი ეფრემოვმა საჯაროდ განაცხადა: დიახ, ვაწყობდით შეთქმულებას, რათა უკრაინა საბჭოთა კავშირიდან მოგვეწყვიტაო.

- ჩვენი მიზანი იყო უკრაინის საბჭოთა კავშირიდან გასვლა, საბჭოთა ხელისუფლების მოსპობა და დამოუკიდებელი კაპიტალისტური სახელმწიფოს შექმნა, - თქვა ეფრემოვმა.

ავტოკეფალიური ეკლესიის იერარქებმაც აღიარეს, რომ იარაღის საწყობები მოაწყვეს, რომ მომავალი აჯანყებისთვის იდეოლოგიურ სარჩულს თავად ამზადებდნენ. აღიარეს, რომ ეკლესია-მონასტრების ტერიტორიაზე ტერორისტებს ამზადებდნენ, რომ სასულიერო სემინარიები შირმა იყო და იქ ტერორისტთა წვრთნა მიმდინარეობდა...

СВУ-ს სასამართლო პროცესი ჯერ არ იყო დამთავრებული, როცა ე.წ. საეკლესიო კრება გაიმართა. უკრაინის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტა. ის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი გახდა.

* * *

უკრაინული ეკლესიის დარბევა და СВУ-ს ფალსიფიცირებული პროცესი ტრაგედიის მხოლოდ პირველი მოქმედება იყო. შემდეგ იყო კოლექტივიზაცია, ხელოვნურად მოწყობილი შიმშილობა, რასაც 4 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სტალინმა თავისას მიაღწია. მან მოსპო უკრაინული ეკლესია, მოსპო მესაკუთრე გლეხობა (კულაკები), ანუ სოციალური ბაზა, რომელიც უკრაინულ ნაციონალიზმს ასაზრდოებდა. 1933 წელს მრავალი სოფლის სამწყსოებში ერთად ამოწყდა მრევლიცა და მოძღვრებიც...

1934 წელს ლენინგრადში მოკლეს საბჭოთა მოღვაწე სერგეი კიროვი. ამან დიდი ტერორის მეორე ტალღას მისცა ბიძგი. ამჯერად სტალინი არმიის, პარტიული აპარატისა და უშიშროების ორგანოების წმენდას შეუდგა. პიკი 1937 წელი იყო, როცა უამრავი ადამიანი გახდა მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი. 1937 წლის მერე აღარ დარჩენილა არც ერთი მოქმედი ეპისკოპოსი, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის წევრი იყო, არც ერთი სამწყსო უკრაინულ ენაზე ღვთისმსახურებით.

ბედის მწარე ირონიით, დიდი ტერორის მეორე ტალღის მსხვერპლი გახდნენ უკრაინელი აკადემიკოსები და სასულიერო პირები, რომლებიც СВУ-ს პროცესზე გაასამართლეს. მაშინ მათ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და სოლოვკიზე (სოლოვეცკის კუნძულები) გააგზავნეს. 1938 წელს კი ყველა მათგანი დახვრიტეს. საბჭოთა ტრადიციების სრული დაცვით, რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც СВУ-ს სასამართლოს ფარსი დადგა. შემდეგ სტალინის დავალებით უკრაინაში ხელოვნური შიმშილობა მოეწყო. სისხლიანმა ქარბორბალამ შეიწირა პარტიული მუშაკები პაველ პოსიტშევი, იური კოციუბინსკი, სტანისლავ კოსიორი თუ სხვები. პანას ლიუბჩენკომ თავი მოიკლა, ოღონდ ჯერ პარტიის პლენუმიდან, სადაც ბრალდებები წაუყენეს, შინ მივიდა და თავისი ცოლი და სამი შვილი მოკლა...

უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტი ვასილი ლიპკივსკი СВУ-ს პროცესის შემდეგ რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, მაგრამ გაათავისუფლეს. 1937 წელს კი ღრმად მოხუცებული ლიპკივსკი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

- სტალინმა უკრაინაში სისხლის ტბა დააყენა, - წერს ცნობილი უკრაინელი მწერალი იური სმოლიჩი.

ეპილოგი

მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინა გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. ამ დროს უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიაც აღდგა. მისი მღვდლები ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და იბრძოდნენ როგორც ნაცისტების, ასევე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა პანას ლიუბჩენკომ თავის მოკვლამდე ჯერ საკუთარი ოჯახის წევრები ამოხოცა

1990-იანი წლების ბოლოს უკრაინაში ეროვნული ტალღა აზვირთდა. 1989 წელს, ჯერ კიდევ არსებობდა უკრაინის სსრ, როცა ლეგალური საქმიანობა განაახლა უკრაინის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ. 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეიქმნა აგრეთვე კიევის საპატრიარქო (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია), რომელმაც მთელი უკრაინის მასშტაბით აქტიურად გაშალა მოღვაწეობა. კიევის საპატრიარქოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ როგორც ნარინჯისფერ (2004-2005), ასევე ღირსების რევოლუციებში (2013-2014). ისინი ბარიკადებზე ხალხის გვერდით იდგნენ. დონბასის ომშიც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ლაშქრობის მთელ სიმძიმეს იზიარებდნენ. ამან მოსახლეობაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის ზრდა განაპირობა. უკრაინელი ხალხი ემხრობა კიევის საპატრიარქოს, რომელსაც პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ფილარეტი უდგას სათავეში, - იტყობინება რადიო "თავისუფლება".

დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი დღის წესრიგში დადგა. უკრაინის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ გამოიარა სტალინური წმენდები, გესტაპოს დევნა, ხრუშჩოვისა თუ ბრეჟნევის ხანა, როცა იატაკქვეშეთში არსებობდა. ახლა უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია (УАПЦ) და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ КП) უკრაინელთა 87%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ეს კი უმთავრესია.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#93