12 წმინდა მოციქულის მონასტერი მიტოვებულ სოფელში - კვირის პალიტრა

12 წმინდა მოციქულის მონასტერი მიტოვებულ სოფელში

თრუსოს ხეობას ზოგი თერგის ხეობას ეძახის, ზოგი კიდევ - სამოთხეს დედამიწაზე, მაგრამ დღეს აქაურობა თითქმის მიტოვებული და გაუკაცურებულია.

თოვლიან ჭიუხებში მოქცეული ხეობა თითქოს მცველად დასდგომია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს. დაცლილ სოფლებში თითქმის ყველგან ძველი ციხე-კოშკი დგას წარსულ დღეთა მემატიანედ. ძველი ტაძრების კვალი კი აქა-იქ თუ ჩანს... ამჯერად ერთ ნაეკლესიარზე აგებული ტაძრის შესახებ გიამბობთ.

სოფელი აბანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კობის თემში მდებარეობს, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მეტრზე მდებარე ეს სოფელი სტეფანწმინდიდან 28 კილომეტრითაა დაშორებული და სამწუხაროდ, დღეს თითქმის გავერანებული და დაცლილია. 2014 წლის აღწერით ამ უპატრონოდ მიგდებულ სოფელში ორი ქალი და ერთი მამაკაცი ცხოვრობდა მხოლოდ.

სოფელ აბანოში, რომელიც სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში შედის, არქიმანდრიტმა იოსებმა (თავაძემ) საფუძველი ჩაუყარა 12 წმინდა მოციქულის სახელობის მონასტრის მშენებლობას, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო მეუფე ეგუდიელის ლოცვა-კურთხევით. მიტოვებულ სოფელში უძველესი ეკლესიის ნანგრევებზე ააშენეს ახალი და დააფუძნეს მამათა მონასტერი. დღეს აბანოს მამათა მონასტერში წირვა-ლოცვა აღესრულება. მეტიც, თითქოს გაცოცხლდა სოფელი, სადაც დროდადრო ისმის მონასტრის ზარების რეკვა...

როგორც ჩანს, სოფელი აბანო თავის დროზე სისხლსავსე ცხოვრებით სუნთქავდა, რასაც ის არტეფაქტებიც ადასტურებენ, რომელიც ტაძრის საძირკვლის გათხრისას აღმოაჩინეს მშენებლებმა. სხვადასხვა სახის საუკუნეების წინანდელი ნივთები კარგ მასალას გვაძლევს თრუსოს ხეობის შემდგომი შესწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მაშინ ამავე პერიოდში უძველესი საძვალეც იპოვეს. იგი, სავარაუდოდ, ბერებისთვის ყოფილა განკუთვნილი. საძვალეში ათეულობით ნეშტია აღმოჩენილი, რომელთა შორის ერთ-ერთზე ცხადად შეუნიშნავთ ძალადობის კვალი - ბარძაყის ძვალზე შერჩენილი ისრისპირი!

თრუსოში აღმოჩენილ მასალებსა და არტეფაქტებს, არქიმანდრიტ იოსების ლოცვა-კურთხევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტი შეისწავლის. სათანადო დამუშავებისა და შესწავლის შემდეგ მოპოვებული მასალა სამეცნიერო შეფასებებისა და დასკვნების თანხლებით სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცემა.

ჟურნალი "ისტორიანი",#94