თრუსო - ქართველთა განსახლების უძველესი არეალი - კვირის პალიტრა

თრუსო - ქართველთა განსახლების უძველესი არეალი

"სადაც კი საქართველოში ოსებს ფეხი დაუდგამთ, ოსი "სწავლულები" ძირძველ ოსურ ტერიტორიად აცხადებენ"

ქართველი ხალხის განსახლების არეალი ისტორიულად საკმაოდ ვრცელი იყო. საგარეო ფაქტორის გამო, ის თანდათანობით შემცირდა, განსაკუთრებით სამხრეთით. ჩრდილოეთით ქართული ეთნოსის კუთვნილი ტერიტორია ბუნებრივი ზღუდეებით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს საზღვარი, ფაქტობრივად, ხელუხლებელი იყო. მაგრამ რუსეთის იმპერიამ მოახერხა მისი დარღვევა...

1859 წელს დვალეთი, რომელიც თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა როგორც ნარას "უჩასტკა", თერგის ოლქს გადაეცა და ამით რუსეთის იმპერიამ საქართველოს მისი ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ჩამოაცილა.

რუსეთის იმპერია დღესაც ცდილობს შეკვეცოს საქართველოს ტერიტორიული საზღვრები და ამას ოსების ხელით აკეთებს. ადრეც გვისაუბრია "ისტორიანის" მკითხველთან ოს "სწავლულთა" ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რომლებიც ძირძველ ოსურ მიწა-წყლად აცხადებდნენ მტკვრის მთელ მარცხენა მხარეს და არაგვის მარჯვენა მხარეს. ისინი ამ ტერიტორიების მისაკუთრებაზე ოცნებობენ, ისე რომ, მომავალ "სამხრეთ ოსეთში" გულისხმობენ გუდაურს, დუშეთს, გორსა და საქართველოს უძველეს დედაქალაქს - მცხეთას. არ დაგვავიწყდეს, მცხეთაში აგებული ქართველთა სიამაყე, თურმე, ოსთა წინაპრების აშენებულია და სვეტიცხოვლის ადრინდელი სახელწოდება "ოსთცხოველი" ყოფილა(!). ამ პრეტენზიების რეალობად ქცევის შემთხვევაში, საქართველოს ორი დიდი მაგისტრალი - საქართველოს სამხედრო გზა და ავტობანი უკვე ოსთა მომავალი და გაფართოებული სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა აღმოჩნდეს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ეს პრეტენზიები რუსულ იმპერიულ-სახელმწიფოებრივ წრეებშია ჩამოყალიბებული. ოსები ამ იდეებს უბრალოდ ახმიანებენ.

ამ ბოლო დროს კი მათ მეტად აქტიური გახადეს თრუსოს საკითხი, რომელსაც აღმოსავლეთი ოსეთი უწოდეს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ებღაუჭებიან იმ ტერიტორიებს, რომელზედაც ოსები ცხოვრობდნენ. მართლა ოსებისაა თრუსო? ქართველებს იქ არ უცხოვრიათ? - პირდაპირ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ოსები ძირძველი კავკასიელები არ არიან. სანამ კავკასიამდე მოაღწევდნენ, შუა აზიიდან წამოსულებმა დიდი და ხანგრძლივი გზა გაიარეს. კავკასიის მთებში მათ მხოლოდ მონღოლთა შემოსევების დროს შემოაღწიეს. თანდათან ქართველთა განსახლების არეალშიც შემოვიდნენ, ჯერ დვალეთი დაიკავეს XVI საუკუნეში, ხოლო XVII საუკუნის შუა ხანებიდან შიდა ქართლის მთიანეთი. ჩვენ მიერ ნახსენები თრუსოც შიდა ქართლის მთიანეთში შედის.

ქართველთა განსახლების არეალს ჩრდილოეთით, როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივი ზღუდეები განაპირობებდა. ხშირად შეცდომით წერენ, რომ ეს ბუნებრივი ზღუდე კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე გადის. გადის, მაგრამ არა ყველგან. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ მონაკვეთში ზოგან კავკასიონის წყალგამყოფი ქედი პარალელურად მდებარე ჩრდილოეთ ქედზე დაბალია და მასზე გადასვლა უფრო მოსახერხებელია. ეს უკანასკნელი ქედი, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი "პირიქითელ" ქედს უწოდებდა, მაღალი და გაუვალია. იქ, სადაც მთავარი წყალგამყოფი ქედი დაბალია, მის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები ოდითგანვე ქართველთა განსახლების არეალი იყო. ეს ტერიტორიებია: დვალეთი, თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი და ხევი. ხევი დღევანდელ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შედის, რომელშიც ქართველი მთიელი მოხევეები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის მდინარე თერგის სათავე. აქ მდებარეობს თრუსოც, რომელიც თერგის უკიდურეს ზემო წელს მოიცავს. თრუსოს ესაზღვრება ისტორიული დვალეთის ზახას ხეობა, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციაში შედის. სხვათა შორის, ეს საზღვარი თავდაცვითი თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას სათანადოდ გამაგრებული უნდა ჰქონდეს.

სწორედ აქ, თერგის ხეობაში იყო და არის გამაგრებული სასაზღვრო პუნქტი "დარიალი", რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ადრე, ქრისტეს შობამდე ქართველმა მეფეებმა ააშენეს. თერგის ხეობის ზემო წელში, გარდა ხევისა, ქართული წყაროებით, თრუსოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეც არსებობდა და არსებობს, რომელშიც დროთა განმავლობაში მოსახლეობა შეიცვალა და საბოლოოდ, XVII საუკუნის შუა ხანებიდან, ჩრდილოეთიდან გადმოსახლებულ ოსთა განსახლების არეალად იქცა. 2013 წელს ვლადიკავკაზში დაბეჭდილ "ოსურ ეთნოგრაფიულ ენციკლოპედიაში" თრუსოს შესახებ ვკითხულობთ, რომ ის ახლა საქართველოს შემადგენლობაშია. თითქოს ოდესმე ოსეთის რამე პოლიტიკური წარმონაქმნი არსებობდა და თრუსო მისი შემადგენელი ნაწილი იყო.

სოფელი ზაკაგორი (ოსები ჩეტოითას უწოდებენ)

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თრუსო (თერგის ხეობის სათავე არც არასოდეს არ ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ) გვიან შუა საუკუნეებში (ისევე როგორც ხევი) არაგვის ერისთავების საგამგებლოში შედიოდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, იოანე ბაგრატიონის მონაცემებით, თრუსოში რვა ოსური სოფელი იყო. ზემოხსენებული ენციკლოპედიის ავტორი ცამეტ სოფელს უთითებს. ეს რვა სოფელი ცამეტ სოფლად XIX საუკუნეში იქცა. ბუნებრივია, როგორც სხვაგან, აქაც ოსები (ალანების სახით) ხეობის უძველეს მკვიდრებად არიან გამოცხადებული, რასაც თურმე ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, მიტოვებული დასახლებები და ეპიგრაფიკული ძეგლები ადასტურებენ. თუმცა იმას ვერ უარყოფენ, რომ თრუსოს ოსური მოსახლეობა XVI-XVIII საუკუნეებში გადმოსახლებულთა შთამომავლები არიან. რა წყაროს ეყრდნობიან, როდესაც 1770-იან წლებში თრუსოში 400 კომლის მკვიდრობაზე საუბრობენ, გაუგებარია. რეალურად 1776 წელს თრუსოში 71 კომლი ოსი ცხოვრობდა, 1780 წელს - 73 კომლი. 1886 წლისთვის აქ ოსების რაოდენობამ 240 კომლს მიაღწია.

ოსი მეცნიერები კარგა ხანია სპეკულირებენ და მკითხველს ატყუებენ, თითქოს თრუსოშია ნაპოვნი საფლავის ქვა, რომელიც XIV საუკუნით არის "დათარიღებული". ამ ძეგლის ფოტო დიდი ხნის წინ დაბეჭდა თავის წიგნში ბორის კალოევმა და ის ალანური კულტურის ძეგლად მონათლა. ინტერნატსაიტებიდან ირკვევა, რომ თურმე წარწერა ოსურ ენაზეა შესრულებული, სირიულ-ნესტორიანული დამწერლობით. მართალია, ილუსტრაცია მცირე ზომის ახლავს, მაგრამ მასზე აშკარად ჩანს ქართული მხედრული დამწერლობა.

უფრო კარგად შეიმჩნევა ის ბორის კალოევის წიგნის (Осетины, 1971) 59-ე გვერდზე განთავსებულ ილუსტრაციაზე. მას საერთო არაფერი აქვს სირიულ-ნესტორიანულ დამწერლობასთან. ამ საფლავის ქვის შესახებ არავითარი გამოკვლევა არ არსებობს და, როგორც ირკვევა, ახლა მისი "განსასვენებელი" ადგილი ვლადიკავკაზია. ის საბჭოთა პერიოდშია საქართველოდან გატანილი. სხვათა შორის, საიტზე განთავსებულ ფოტოზე საერთოდ არავითარი წარწერა არ ჩანს, ენციკლოპედიასა და სხვა გამოცემებში ფოტო მცირე მასშტაბისაა. ამ შემთხვევაშიც აშკარა ქურდობასთან გვაქვს საქმე. ბორის კალოევის მითითებით, ის თრუსოს სოფელ შუატისიდან არის წაღებული. მისი 1326 წლით დათარიღება საეჭვოა. კიდევ ერთი გარემოების შესახებ: სტატიაში ვკითხულობთ, რომ თრუსოს ხეობის საფლავის ქვების შთამომავლობითი ოსტატები/ხელოსნები სოფელ ოქროყანაში მცხოვრები გუდიევები იყვნენ. გუდიევები წარმომავლობით ოსები ნამდვილად არ ყოფილან. ისინი ადგილობრივი ქართველი გუდია-ურ-ები იყვნენ, რომელთა ნაწილი მოგვიანებით ოსურ ენობრივ-ეთნიკურ გარემოში გაოსდა. გვაქვს 1774 წლის თრუსოს სოფელ მნის აღწერა (მდებარეობდა ოქროყანის მახლობლად). ამ აღწერაში სხვა ქართულ გვარებთან ერთად (ბაბეური, არჯინაური, ბადაძე, ნოქარაული, შუშღიაური, აღსუაიძე, ნასყიდაური, ბადილაური, ვარზოური, თადიაური) გუდიაურის გვარიც არის შეტანილი. დიახ, ხევ-თრუსოში საფლავის ქვების კეთების ტრადიცია რომელ გვარსაც ჰქონდა, ის ეთნიკურად ქართველი იყო.

სხვათა შორის, ოსების თრუსოში მოსვლის შესახებ მიუთითებდნენ არაქართველი ავტორებიც. ვოლდემარ პფაფი და ნატალია ვოლკოვა ასეთად XV-XVI საუკუნეებს ასახელებდნენ. მათი ეთნოგრაფიული მასალებით, ოსები თრუსოში ქურთათის საზოგადოებიდან იყვნენ გადმოსახლებული. თრუსოდან ქართული მოსახლეობის აყრა კი თემურ-ლენგის შემოსევების დროს მოხდა, გადარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ კი მთლიანად ხევში მოიყარა თავი. არაერთი მაგალითი შეიძლება დავასახელოთ ქართული გვარების თავდაპირველად თრუსოში მკვიდრობა-მოსახლეობისა. ეს გვარებია: ზაქაიძე-ზაგაშვილები, ბაბაშვილები, ფაჯიშვილები, არჯინაშვილები, ბადაშვილები, კობიაშვილები, ტუჩაშვილები... ძირად ქართველებად მიაჩნიათ თავი ქასოევებსა და სუხიევებს, რომლებიც თავიანთ ადრინდელ გვარებად ქასოშვილსა და სუხუშვილს ასახელებენ, ეს გადმოცემები ეთნოლოგ გიორგი ჯალაბაძეს 1950-იან წლებში აქვს ჩაწერილი. მეცნიერს მთელმა რიგმა ოსური გვარების წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ არდონის ხეობიდან მათი წინაპრების გადმოსახლება სამი-ოთხი თაობის წინ მოხდა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ დღევანდელი ხევის მომიჯნავე თრუსოს ნაწილი XVIII საუკუნეშიც ქართველებით იყო დასახლებული. ამაზე სოფლების სახელწოდებებიც (შევარდენი, ოქროყანა) მიუთითებენ. ზემოთ დავასახელეთ 1774 წლის აღწერაში მოხსენიებული ქართული გვარები. დღევანდელ ტოპონიმ "ადოს მინდვრის" ადგილას კი "გერგეტის სულთა მატიანეში" მითითებულია სოფელი ადო, რომელშიც ცისკარიშვილებს უცხოვრიათ.

დღეს თრუსოდ ჩვეულებრივ მიიჩნევენ ტერიტორიას სოფელ აბანოდან თერგის აყოლებით. თავდაპირველი თრუსო შედარებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა - თერგის სათავიდან ხეობის უვიწროეს ადგილ ყაშარა//კასარამდე. "ძეგლი ერისთავთას" მიხედვით, ხევსა და თრუსოს შორის გამოიყოფოდა მნის ტერიტორიული ერთეული, თრუსოელნი და მნაველები დაპირისპირებული იყვნენ ერთმანეთისადმი. მნის ხეობელნი თრუსოელებად არ არიან მიჩნეული. ასე რომ, XIV საუკუნეში თერგის ხეობაში სამი "ქვეყანა" - თრუსო, მნა და ხევი გამოიყოფა. "გერგეტის მატიანეს" (1439) მიხედვით აშკარაა, რომ ხევის საერთო სალოცავი - გერგეტის სამება თავის უფლებამოსილებას, გარდა ხევისა, ავრცელებდა მნასა და თრუსოზეც, ე.ი. XV საუკუნეში თერგის ხეობა მთლიანად (თრუსო+მნა+ხევი) ერთ ერთეულს წარმოადგენდა. თერგის ხეობის სამივე გეოგრაფიული ერთეული გერგეტის სამებას ეყმობოდა.

XIV საუკუნეში თერგის ხეობაში სამი "ქვეყანა" - თრუსო, მნა და ხევი გამოიყოფოდა და სამივე გეოგრაფიული ერთეული გერგეტის სამებას ეყმობოდა

ისტორიის სიღრმეში თუ უფრო ჩავიხედავთ, როგორც ქართული, ისე უცხოური წყაროებით, თერგის ხეობის მკვიდრებად (მთლიანად დღევანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) წანართა ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი ცხოვრობდა. IX საუკუნეში წანარები მასობრივად ჩამოსახლდნენ კახეთის მთისწინეთსა და ბარში. მათი ჯგუფური გადასახლების შედეგი იყო ის, რომ წანარები, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი, ისტორიის სარბიელიდან გაქრა. ბუნებრივია, წანარები მთლიანად არ აყრილან და გადასახლებულან, მათი ნაწილი ადგილზე დარჩა. "მოქცევაი ქართლისაიში" ნახმარია ტერმინი "წანარეთის ხევი". დროთა განმავლობაში "წანარეთის ხევიდან" "წანარეთი" დაიკარგა და მივიღეთ "ხევი". თანამედროვე ოსი "სწავლულები" გვმოძღვრავენ, რომ "მოხევეები" არ არსებობდნენ, რომ ისინი სულ ცოტა ხნის წინ ძალადობრივად გაქართველებული ოსები არიან. მათ შეიძლება ვურჩიოთ, ჩაიხედონ "გერგეტის მატიანეში", რომელშიც ვკითხულობთ: "ესმა მოხევეთა და მოვიდეს ბრძოლად". ანალოგიური წყაროები, რომელშიც ხევი და მოხევეები არიან მოხსენიებული, ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ. ალბათ, შორს არა ის დრო, როდესაც გერგეტის სამებასაც ოსების აგებულად გამოაცხადებენ.

ასე რომ, ერთიანი წანარეთი (წანარეთის ხევი) X საუკუნის შემდეგ სამ პატარა "ქვეყანად" დაიშალა: თრუსოდ, მნად და ხევად. XVIII საუკუნის დასასრულს მნაც თრუსომ გადაფარა, რაც განაპირობა ამ პერიოდში მნაში ქართული მოსახლეობის ოსურით შეცვლამ. უფრო ადრე, XVII საუკუნის დასაწყისშიც თრუსოც არაოსური იყო. აქ ქართველი მთიელი დვალები ცხოვრობდნენ, რომლებიც ასევე გაოსდნენ, ჩრდილოეთ კავკასიის ქურთათის ხეობიდან ოსების ინფილტრაციის შედეგად. სხვათა შორის, ტოპონიმი "თრუსო" მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენით იხსნება და არა ოსურით. ის ძველი ქართული სიტყვაა. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ვკითხულობთ: "დრუსო არს ზღუდე ქვისა კოშკიანი, დიდი და კეთილად ნაშენი"; "დრუსო არს ზღუდე ქვისა მაღალი კეთილად ნაგები კოშკ-კოშკოვანი". იმავე განმარტებას აძლევს ამ სიტყვას დავით ჩუბინაშვილი: "დრუსო - ზღუდე ქვისა მაღალი, ნაგები კოშკ-კოშკად". თრუსო, სხვა მთის მხარეებთან ერთად, ისეთი რეგიონი იყო, სადაც სწორედ ასეთი კოშკოვანი ზღუდეები იგებოდა. რაც შეეხება იმას, რომ რეგიონს სახელად "თრუსო" ჰქვია და ზღუდის სახეობას - "დრუსო", აქ "დ" და "თ" თანხმოვნების მონაცვლეობასთან გვაქვს საქმე. იმავე გიორგი ჩუბინაშვილს თუ მოვიშველიებთ: "გარნა მდაბიურად ნაცვლად "დ" ხმარობენ "თ". ზოგიერთ ქართულ დიალექტში, მაგალითად, ქიზიყურში "თრუსოს" ცელის პირის ასაწყობ სალეს ქვას უწოდებენ. ასეთ ქვას, რომელიც მოლურჯო იყო, მშრალად და დაუსველებლად ხმარობდნენ. თერგის ხეობა სწორედ ასეთი სალესავი ქვებით იყო მდიდარი.

ტოპონიმები მეცნიერებაში დედამიწის ენად არის მიჩნეული. სწორედ ასეთია "თრუსო". თრუსოში რამდენიმე ტოპონიმი ზემოთ დავასახელეთ. ასეთი სხვაც იყო. მაგალითად შეიძლება კიდევ დავასახელოთ სოფელი "გიმარა". "გიმ" სვანურად მიწას ნიშნავს, "სგიმ" მჟავე წყალს, -არ კი ქართველური ენებისთვის დამახასიათებელი სუფიქსია.

თრუსო ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ტერიტორიულად არ არის დაკავშირებული. თრუსოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ხომ მთიულეთი მდებარეობს, უფრო სწორად, თეთრი არაგვის სათავე. ოსმა "მეცნიერებმა" აქაც მიაგნეს "გამოსავალს" და თეთრი არაგვის სათავესაც, რომელსაც მთიულები ღუდას უწოდებენ, "ოსეთის განუყოფელ ნაწილად" მიიჩნევენ, რადგან აქ XVIII საუკუნეში მიგრირებული ოსები ცხოვრობდნენ. ღუდაში კი სინამდვილეში თავდაპირველად მთიული ბუთხუზები და სისველაურები სახლობდნენ, რომელთაგან პირველნი იქვე მლეთაში იყვნენ გადასახლებული, მეორენი - ჟინვალში. სწორედ ბუთხუზების გვარის წარმომადგენელმა - ჯაბან ბუთხუზმა მისცა მაღრან-დვალეთიდან (მდინარე დიდი ლიახვის უკიდურესი სათავის სახელწოდება, რომელიც ცხრა მთური სოფლის მომცველი იყო) გადმოსულ ოს რუბაევს დასახლების უფლება. ოსებმა ღუდას, ისევე როგორც სხვა არაერთ ქართულ ტოპონიმს, სახელი შეუცვალეს და "კუდი კომ" დაარქვეს. სხვათა შორის, ღუდას დვალეთთან ("თუალაგომ") და თრუსოსთან ("თირსიგომ") ერთად, ოსურ ეთნოგრაფიულ ენციკლოპედიაში ცენტრალურ ოსეთად მოიხსენიებენ. ასეთი სახელწოდება დასახელებული გეოგრაფიული ერთეულებისა არც სადმე დოკუმენტშია და არც ხალხის მეტყველებაში არსებობდა. ასე რომ, ადრე თრუსოს ჯერ ცენტრალურ ოსეთს უწოდებდნენ, ახლა კი აღმოსავლეთ ოსეთის ცნება შემოიტანეს.

ნასოფლარი თრუსოში. ნინო გძელიძის ფოტო

"ენციკლოპედიაში" ღუდაში 11 სოფლის შესახებ მიუთითებენ, რომლებიც არაგვის ერისთავების უღელქვეშ იმყოფებოდნენ. არაგვის ხეობის სათავეში - ღუდაში რეალურად მხოლოდ ხუთი პატარა/მთური სოფელი არსებობდა. ესენი იყო: განისი, მიქეთი, ურმის სოფელი (გამოღმა სოფელი), ხატის სოფელი და ერეთო. XIX საუკუნის სტატისტიკური მონაცემებით, ღუდაში ოსების რაოდენობა 50-დან 60 კომლამდე მერყეობდა. მიხეილ კედელაძის ეთნოგრაფიული მასალით, პირველი ოსი მიგრანტი ღუდაში დაუკითხავად დასახლებულა, რომელიც მაღრან-დვალეთიდან მესისხლეობის გამო გამოქცეულა. როცა ბუთხუზებმა და გაგაძეებმა თავიანთ ტერიტორიაზე დასახლებული ოსი აღმოაჩინეს, ოსმა მთური ტრადიციით ამანათად მიღება ითხოვა (მთაში უცხო ადამიანის დასახლების ტრადიციას ამანათობა ეწოდებოდა). ტრადიციიდან გამომდინარე, ქართველმა მთიელებმა უარი ვერ უთხრეს. ბოლოს კი აქ დასახლებულ ოსებს ღუდის ღვთისმშობლისთვის კულუხის მიტანა შეეწერათ, ე.ი. სალოცავად მისული მთიულებისთვის სუფრა უნდა გაეშალათ და საკლავი დაეკლათ.

აი, ასე, სადაც კი საქართველოში ოსებს ფეხი დაუდგამთ, ყველა ასეთ ტერიტორიას ოსთა განსახლების არეალად, ოსურ ძირძველ ტერიტორიად აცხადებენ ოსი "სწავლულები". მადა ჭამაში მოდის - ხომ მიითვისეს იმპერიის ხელით საქართველოს კუთვნილი მიწა-წყალი? დაპყრობილი ქართული ტერიტორიების ახლომახლოც ხომ ცხოვრობდნენ ოსები? ე.ი. ოსთა სახელმწიფოს შემადგენლობაშიც უნდა შევიდეს. ისინი უბრალოდ იმპერიაში შექმნილ "მეცნიერულ შედევრებს" ახმიანებენ. თუმცა, ამ იდეოლოგიის პროპაგანდის შედეგი ის გახლავთ, რომ ოსი ახალგაზრდების უმრავლესობა ამ სიყალბის ნამდვილობაში დარწმუნებულია.

როლანდ თოფჩიშვილი

გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჟურნალი"ისტორიანი",#94