"დვალეთში შემოჭრილი ოსები, როგორც დამპყრობლები, იერარქიული საფეხურის თავში მოექცნენ" - კვირის პალიტრა

"დვალეთში შემოჭრილი ოსები, როგორც დამპყრობლები, იერარქიული საფეხურის თავში მოექცნენ"

"თრუსოს ხეობა"

შემთხვევითი არ არის, რომ სტატიის სათაური ბრჭყალებშია ჩასმული. თანამედროვეთა წარმოდგენით, "თრუსოს" შეცდომით მიიჩნევენ, როგორც კობიდან დასავლეთით, თერგის აყოლებაზე მდებარე არემარეს; თანაც ტოპონიმ "თრუსოს" "ხეობაც" დაემატა, რაც ძირშივე არასწორია, რადგანაც "ხეობა" უნდა უკავშირდებოდეს მდინარის სახელს. ჩვენს შემთხვევაში ეს გახლავთ თერგის ხეობა, რომლის გაყოლებაზე და შენაკადებში ისტორიული "მნა" და "თრუსო" მდებარეობს. კობიდან, თერგის ხეობას თუ ავუყვებით, 3-4 კილომეტრში ისტორიული "მნის" სოფლები შეგვხვდება. ამ ადგილას, აქამდე გაშლილი ხეობა შედარებით ვიწროვდება, ხოლო ჩრდილოეთიდან, მდინარე თერგს, მყინვარწვერის კალთებიდან გამომდინარე მნისწყალი შეერთვის. აქ მდებარეობს სოფლები ნოგკაუ, შევარდენი, ზემო და ქვემო ოქროყანა, თავად მნის ხეობაში კი მნა. მათი უმრავლესობა ამჟამად ნასოფლარებს წარმოადგენს.

სოფელ ზემო ოქროყანის დასავლეთით თერგის ხეობა მკვეთრად ვიწროვდება და კლდოვან გარემოში ვხვდებით. შემდეგ ხეობა ჯერ სამხრეთისკენ უხვევს, სადაც თერგი შვეულად აზიდულ კლდეებს შორის მოედინება, ხოლო შემდგომ ისევ დასავლეთისკენ, ფართოდ გაშლილ, ტაფობებიან მიდამოში აღმოვჩნდებით. სწორედ აქედან იწყება თრუსო, ხოლო აქამდე არსებულ ხეობის კლდოვან ნაწილს "კასარა" ეწოდება, რომელიც ზღუდეს ნიშნავს (ანალოგიურად ისტორიულ "დვალეთში" არსებული კასრის კარისა).

თრუსოს ოთხი კუთხე

თრუსო, რომელიც ზღვის დონიდან საშუალოდ 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რელიეფისა და განსახლების მიხედვით, ოთხ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი ნაწილი მოიცავს კასარადან დაწყებულ ვრცელ, გაშლილ ხეობას. იქ, სადაც მთის კალთა ვაკეში გადადის, აქა-იქ მინერალური წყლის წყაროებით მრავალფრად შეღებილი ნიადაგი ფერწერულს ხდის გარემოს. თრუსოს პირველი სოფელი ქეთრისი თავდაპირველად მდინარის მარცხენა ტაფობზე იყო გაშენებული. მისგან ამჟამად მხოლოდ ერთი კოშკია მეტ-ნაკლებად პირვანდელი სახით შემორჩენილი; დანარჩენი ნაგებობები კი ნანგრევებად არის ქცეული. სოფლის მოსახლეობა XIX საუკუნის II ნახევარში გადასახლებულა მდინარის მეორე მხარეს. ქეთრისიდან ერთ-ნახევარ კილომეტრში, თერგის მარცხენა ნაპირას სოფელი აბანოა. მისი ორი კოშკის სილუეტი შორიდანვე იპყრობს ადამიანის თვალს. კოშკების სიახლოვეს შემორჩენილია 1889 წელს აგებული და ბოლო წლებში რესტავრირებული ეკლესია. ამ ტერიტორიაზე ამჟამად მონასტერი მოქმედებს, რომლის 2-სართულიანი და მანსარდიანი შენობა აბანოს მეორე, ციხე-სახლზეა მიდგმული, რითაც ისტორიული შენობის ავთენტიკურობა უხეშად არის დარღვეული. სოფლის შემდეგ ხეობა ფართო რიყეს წარმოადგენს და მდინარეების დესისწყლისა და სუატისისწყლის შესართავებთან მთავრდება.

თრუსოს მეორე ნაწილი დესისწყლის ხეობაა. იგი ფართოდ შეერთვის თერგს სამხრეთის მხრიდან. ხეობა ცნობილია გოგირდოვანი წყლებით. მის დასაწყისში სოფელი ქვემო დესია, მისგან 800-ოდე მეტრში კი ზემო დესი მდებარეობს. ამ ხეობით ხდებოდა გადასვლა - ერთი გზით დიდი ლიახვის სათავეში, ისტორიულ მაღრან-დვალეთში, ხოლო მეორე გზით, ყელის ტბის გავლით, არაგვისა და ქსნის ხეობებში.

თრუსოს მესამე ნაწილი სუატისისწყლის ხევია. მისი სათავე მყინვარწვერის მყინვარებია. ხეობის შუაში სოფელი სუატისია, სადაც X საუკუნის დარბაზული ტიპის მცირე ეკლესია "სამება" და გვიანფეოდალური თავდაცვითი კოშკია შემორჩენილი. სოფლის მიდამოებში ფერდის აყოლებით კიდევ ორი პატარა სალოცავია. სამივეს ადგილობრივი მკვიდრნი "შანებას" უწოდებდნენ.

იქ, სადაც სუატისისწყალი თერგს უერთდება, კლდოვან კონცხზე, თრუსოს მთავარი სალოცავი, "მთავარანგელოზის" დარბაზული ტიპის ეკლესიაა აღმართული. მის მოპირდაპირე ბორცვზე კი ზაქაგორის კომპლექსია შეფენილი.

თრუსოს მეოთხე ნაწილი თერგის სათავემდე გრძელდება. აქ ხეობა შედარებით ვიწროვდება და ორივე მხრიდან პატარ-პატარა მდინარეები ერთვის. ამ შენაკადების თერგთან მიერთების ადგილებში ციხეკოშკებიანი სოფლები იყო განლაგებული: კარატკაუ (კართასოფელი), ბურმასიგი, ცოცოლთა, გიმარა, თეფი, რესი და სივრატი. ხეობის ბოლოს, თრუსოს უღელტეხილზე გადასვლით, ისტორიულ დვალეთში, ზახას ხეობაში შეიძლებოდა მოხვედრა.

როგორც თრუსოს მოკლე აღწერიდან გამოჩნდა, მისი გეოგრაფიული და სივრცობრივი ცენტრი, ამ ოთხი ნაწილის შეხების წერტილში მდებარეობს. ამიტომაც შემთხვევით არ აუგიათ ამ ადგილას აგებული "მთავარანგელოზი", როგორც თრუსოს მთავარი სალოცავი, რომელიც ყოველი წერტილიდან აღიქმება, ასევე გამაგრებული ციხე-ქალაქი "ზაქაგორი".

დვალეთის ნაწილი

ისტორიული წყაროების მიხედვით, თრუსო ოდითგანვე დვალეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. თავად თრუსოზე ისტორიული წყაროები ნაკლებად არის შემორჩენილი და დვალების ისტორიის განხილვით შეიძლება აღდგეს თვით თრუსოს წარსულიც. ყველაზე ადრინდელ ქართულ წყაროდ, სადაც დვალებია მოხსენებული, ადრეფეოდალური ხანის "მოქცევაი ქართლისაი" შეიძლება ჩაითვალოს. ხოლო ანტიკური წყაროების მიხედვით, I საუკუნის რომაელ ისტორიკოსს პლინიუს სეკუნდსა და II საუკუნის კლავდიუს პტოლომაიოსს ამ გეოგრაფიულ არეალში ნახსენები აქვთ "თუალნი". დვალეთის ძირითად ხეობას მდინარე არდონის სათავეები შეადგენს. დვალეთად ითვლებოდა აგრეთვე დიდი ლიახვის სათავეები - ე.წ. მაღრან-დვალეთი.

დვალების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ ტოპონიმებისა და დვალური წარმოშობის გვარებით ვიმსჯელოთ. თავდაპირველი მოსაზრებანი მათი მეტყველების ვაინახურთან სიახლოვისა უგულებელყოფილია, რადგან შემორჩენილი სიტყვები უფრო ქართველური ენებით იხსნება, ხოლო ოსურთან საერთოდ არ აქვთ შეხების წერტილი. ერთი რამ ცხადია, რომ იმ დროს დვალები ქართველიზაციის დიდ გავლენას განიცდიდნენ და არც ის არის გასაკვირი, რომ მათი გაქრისტიანებაც საქართველოდან მოხდა. საკუთრივ დვალეთში აგებული ხოზიტა-მარიამისა და თლის XI საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიების "ქართულობაც" ამის ნიშანია. თუ აქვე აღვნიშნავთ, რომ მნას, სუატისის და მთავარანგელოზის X და XI საუკუნეების თრუსოს ეკლესიებიც დვალეთს მიეკუთვნებოდა, გასაგები ხდება, რომ ქრისტიანობის შესვლა დვალეთში შემდეგი გზით მოხდა: ხევი - თრუსო - შიდა დვალეთი.

ვახუშტის ცნობით, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდგომ, XIV საუკუნის ბოლოს და XV საუკუნის I ნახევარში, თემურ-ლენგის შემოტევით შევიწროებული ოსები შევიდნენ დვალეთში და აიძულეს მათ გადასვლა ქართლში, რაჭასა და იმერეთში. ამ ცნობაში ის არის საინტერესო, რომ ამ დროს იწყება საქართველოში გადმოსული დვალების ასიმილაციის პროცესი ქართველებთან და ამავე დროს, თავად დვალეთში დარჩენილი დვალების ოსეთიზაცია. ამას დაერთო ისიც, რომ XVI საუკუნის ბოლოს ოსეთს ფეოდალური ყაბარდო დააწვა, თანაც მოუსავლიანობამ და შიმშილმა აიძულა ბარის ოსები, დაეკავებინათ დვალეთი და წყალგამყოფზეც გადმოსულიყვნენ. XIV საუკუნის ბოლოს, თრუსოში დვალების არსებობაზე "ძეგლი ერისთავთა" მოგვითხრობს. აქაური დვალების გამო, ქსნის ერისთავი ვირშელ III დამსჯელ ლაშქრობას აწყობს, რის შედეგადაც მას მრავალი დასახლებული პუნქტი აუოხრებია. ხოლო ერთ სოფელს შეწყალება უთხოვია და თან მნაში მცხოვრებ ოსებზე გალაშქრება შემოუთავაზებიათ. სავარაუდოდ, თრუსოში ოსების პირველი ტალღა XVI საუკუნის II ნახევრისთვის უნდა ვივარაუდოთ.

დვალეთში შემოჭრილი ოსები, როგორც დამპყრობლები, იერარქიული საფეხურის თავში მოექცნენ. როგორც ვახუშტი ამბობს: "საგვარეულოში დიდგვაროვანნი არიან ოსნი, ხოლო დვალნი უმდაბლესი გვარითა". ეს მომენტი დიდად ხელშემწყობი აღმოჩნდა დვალთა ასიმილაციისთვის, რადგან ოსობა სოციალურად "პრესტიჟული" აღმოჩნდა. XVII საუკუნეში და შემდგომ, თრუსოში მოსახლეობა ენით ძირითადად უკვე ასიმილირებულია, თუმცა საერთო ყოფა და არქიტექტურა თითქმის არ შეცვლილა, რადგან მომხდურებს არ ჰქონიათ გამოცდილება მთის რეგიონის შესაბამისი ნაგებობების აშენებისა.

თავად საცხოვრებლების ტერმინოლოგიაში მრავლად არის ქართულთან დაკავშირებული სიტყვები. ასეთებია: გალუანი - ქვის ღობით შემოზღუდული საცხოვრებელი და კოშკი; ერდო - სახურავში გაჭრილი ღიობი კვამლის გასასვლელად; კირინ - ქვითკირით ნაშენი გამაგრებული სახლი; სახლის მშენებლობისას არასამუშაო დღეს დახმარება - ბეგარა და სხვ. ამავე დროს, არდონის ხეობაში თავდაცვითი კოშკების მშენებლებად ოსები ინგუშებსა და თუალებს ანუ დვალებს იწვევდნენ ხოლმე. გარდა ამისა, აღსანიშნავია საკულტო-ქრისტიანული ტერმინოლოგია, რომელსაც აშკარად ქართულთან აქვს მსგავსება. ასეთებია: "ძუარი" - სალოცავი (პარალელი - ქართულ "ჯვართან"); "მარხო" - მარხვა; "თარანგელოზ" - მთავარანგელოზი; "კერე" - კვერი; "შანება" - სამება; "მაცხვარი" - მაცხოვარი და სხვ. თავად თრუსოსა და მნას ტოპონიმიკაშიც მრავლადაა ქართული დასახელებანი. ისტორიულ მნაში სახელები: ოქროყანა და შევარდენი; თრუსოში კი ქეთრისი, აბანო და ზაქაგორი; დანარჩენი დასახელებებიც გარდა კარატკაუსი, სივრატისა და ბურმასიგისა, არაოსურია.

ტოპონიმი ზაქაგორი საბაბს გვაძლევს, ვივარაუდოთ მისი შიგა დვალეთიდან წარმომავლობა. კერძოდ, სახელწოდების პირველი ნაწილი "ზაქა" მსგავსია თრუსოს უღელტეხილს გადაღმა არსებული ზახას ხეობის დასახელებისა. "ზახას" დამატებული "გორი" ქართულში ცვლილებებს განიცდის და "ზაქაგორი" ხდება. რაც შეეხება თანამედროვე ოფიციალურ დასახელება "ზაკაგორს", ეს განპირობებულია იმით, რომ XIX და XX საუკუნის რუსული ტრანსკრიპციით რუკებიდან პირდაპირ, ქართულის გაუთვალისწინებლად არის გადმოტანილი, რადგან მოსახლეობას დიდი ხანია მიუტოვებია დასახლება, ხოლო ოსურში ქართული "ქ"-ს შესატყვისი ბგერა არ არსებობს. "ზაქას" სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ მცხოვრები გვარის შთამომავალნი არიან ამჟამად სოფელ ცდოში მცხოვრები ზაგაშვილები და ხადის მკვიდრნი - ზაქაიძეები. მათ თავიანთი გვარის შესახებ ლეგენდაც შემოუნახავთ და თან ერთმანეთის ნათესაობის შესახებაც იციან. ლეგენდის მიხედვით, მათი წინაპრები დვალნი ყოფილან, თრუსოში უცხოვრიათ და ზაქაანთ გვარს ატარებდნენ.

დრამატული ისტორიის ფინალში ზაქაგორელი ძმები ერთმანეთს ეყრებიან. ერთი ძმა ცდოსკენ წასულა, მეორე კი ისტორიულ "ხადაში", ამჟამინდელ სოფელ ზაქაანში ანუ ზაქათკარში დამკვიდრებულა. ზაგაშვილების გვარი კი სახეშეცვლილი ფორმაა ზაქაშვილებისა. ტოპონიმ "ზაქაგორის" მეორე ნაწილი "გორი" აშკარად გამოხატავს მის მდებარეობას. მართლაც, ციხე-ქალაქი გაშენებულია მდინარეების შესაყართან აღმართული გორის თავზე. რელიეფის მსგავსად, ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზე ოდნავ წაგრძელებული ანსამბლი წარმოადგენს ერთიან ქალაქგეგმარებით სისტემას, ორგანიზებული ფუნქციონალური გეგმარებით, ზონირების საინტერესო პრინციპითა და საკმაოდ რთული ვერტიკალური გეგმარებით - ერთმანეთის მიჯრით, ტერასულად აგებული საცხოვრებელი სახლები ისეა მორგებული რელიეფს, რომ ბანიან სახურავებს შორის არსებული სიმაღლეთა სხვაობა გადაადგილებისას ადვილად დასაძლევი ყოფილიყო და ამდენად, გარდა კომპლექსის გარშემო არსებული გზისა, მცხოვრებლებს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ბანიანი სახურავების სისტემის გამოყენებაც შეეძლოთ.

ანსამბლის ვერტიკალურ დომინანტს ორი თავდაცვითი კოშკი და კოშკურა სახლი შეადგენს. განსხვავებით საცხოვრებელი სახლებისა, ისინი შედარებით მოზრდილი ქვებითაა აშენებული. განსაკუთრებით დიდი, გათლილი ქვებია გამოყენებული გარე კუთხეებში და კარების ღიობთა გარშემო.

თრუსოს თავდაცვითი სისტემა

ზაქაგორის კომპლექსი, როგორც ერთიანი თავდაცვითი ნაგებობა, გალავანთა სისტემაში იყო მოქცეული. ზაქაგორი საქართველოს სამეფო ხელისუფლების კუთვნილება იყო, მის დომენში შედიოდა. XIV-XVII საუკუნეებში ქსნისა თუ არაგვის ერისთავები არაერთხელ ცდილობდნენ მის მისაკუთრებას. XVIII საუკუნემდე ზაქაგორი ქართველებით იყო დასახლებული და ამას მოწმობს წერილობითი წყაროები. ოსური მოსახლეობა აქ მხოლოდ XIX საუკუნეში დამკვიდრდა. ზაქაგორი თავისი მდებარეობით თრუსოს ყველაზე საკვანძო-სტრატეგიულ ადგილასაა დაარსებული. როგორც ჩანს, თრუსოზე თავდასხმა სამი გზით ხდებოდა; თავისთავად ყოველი გზის დასაწყისში შეიძლება ვივარაუდოთ თავდაცვითი ნაგებობა, მით უმეტეს, მნას მხრიდან საზღვარს "კასარა" - ზღუდე ეწოდება, მაგრამ, ამავე დროს, თუ რომელიმე გზა გარღვეული აღმოჩნდებოდა, ზაქაგორი დარჩენილი სამი ხეობის "ჩამკეტად" გვევლინებოდა. აქედან გამომდინარე, კომპლექსის თავდაცვა არა მარტო ვიწრო თემური ინტერესებიდან იყო ნაკარნახევი, არამედ ისტორიული თრუსოს მცხოვრებთა საერთო საქმეც გახლდათ. ის ფაქტიც, რომ ზაქაგორის თავდაცვით კოშკებთან სამეურნეო სათავსებიანი საცხოვრებელი სახლები არ არის მიშენებული, როგორც თრუსოს სხვა სოფლებში, არამედ ერთი ან ორსართულიანი დამხმარე თავდაცვითი ნაგებობებია, მოწმობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ზაქაგორის თავდაცვაში სხვა სოფლის მკვიდრებიც მონაწილეობდნენ.

საინტერესოა, რომ თვით ზაქაგორში და მის სიახლოვეს საკულტო ნაგებობის კვალი არ შეიმჩნევა. თრუსოს სხვა სოფლებისგან განსხვავებით, სადაც ე.წ. "ძუარები" ან ეკლესიები თვით სოფლებშია განთავსებული. ამ შემთხვევაში ყველაზე ახლოს თრუსოს "მთავარანგელოზის" ეკლესია გვევლინება. შესაძლოა, როგორც ეს ხშირად გვხვდება ხოლმე აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთში და განსაკუთრებით, არდონის ხეობაში, სალოცავის ფუნქციას რომელიმე კოშკი ასრულებდა, სადაც ნიშა იქნებოდა მოწყობილი.

არც სოფლის სასაფლაოა ზაქაგორთან. ყველაზე ახლოს, მდინარის მეორე მხარეს, მისგან 700-ოდე მეტრში სასაფლაოა. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, მათ მოსვლამდე აქ უცხოტომელები სახლობდნენ, რომელთაც დაკრძალვის მათგან განსხვავებული წესი ჰქონიათ. იგი წარმოადგენს ყორღანის ტიპის შემაღლებულ ბორცვს, რომელზედაც ვერტიკალურად 1-1,5 მეტრი სიგრძის გაუთლელი, სიპი ქვებია ჩარჭობილი. ერთი შეხედვით, ამგვარი დასაფლავების წესი თითქოს მუსლიმანურ სამყაროს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ანალოგიური შემთხვევები ხევსურეთშიც არის შემჩნეული.

ზაქაგორის ტიპის ძეგლი თავისი იერით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, უნიკალურია საქართველოში. ამის განმსაზღვრელია მისი თითქმის პირვანდელი სახით შემორჩენა, მეტ-ნაკლებად გეგმაზომიერი მშენებლობა, ფეოდალური თრუსოს მთავარი ციხე-ქალაქის თავდაცვითი სტრუქტურის სრულად წარმოჩინება და უბრალოდ, მისი ლამაზი განლაგება, კიდევ უფრო მშვენიერ გარემოში.

თავდაცვითი კოშკების სიმრავლით გამოირჩევა კარათკაუ (კართსოფელი), სადაც ამჟამად ექვსი კოშკია შემორჩენილი, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში მათი რაოდენობა ათს აღწევდა. შემდეგი სოფელი ბურმასიგიც მძლავრი კოშკითა და მის გარშემო ნაგები დამხმარე სათავსებით არის წარმოდგენილი.

თრუსო და მნა ასევე მრავალფეროვანია ბუნების ღირსშესანიშნაობებით. სოფელი მნის სიახლოვეს წმინდა მარიამის ეკლესიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მნის ქვედა ჩანჩქერია, რომლის ქვეშაც მშრალად გავლა შეიძლება, ხოლო მის გარშემო შთამბეჭდავი ვერტიკალური ბაზალტის "პილასტრებია". ხეობის სიღრმეში მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი ჩანჩქერიც, რომლის სიმაღლეც 70 მეტრს აღწევს. აქვეა ცნობილი მნის კლდოვანი "ნემსი", რომლის დალაშქვრაც მრავალი კლდეზე მცოცავის ოცნებაა.

თრუსოში შესვლისას ტრავერტინების ველზე აღმოჩნდებით, მისი მინერალიზებული ფაქტურა თვალისმომჭრელად აირეკლება მზის სხივებში. აქვე, თერგის გაღმა ე.წ. "უძირო ტბაა", რომლის სიღრმე 42 მეტრს აღწევს, თუმცა ზომით 15X10 მეტრზეა. ეს ტბა ერთგვარი ვულკანური წარმოშობის ძაბრია, საიდანაც ძლიერ მინერალიზებული, გოგირდოვანი აირები ამოდის ბუყბუყით.

შექმნილი რეალობის გამო, მოგზაური მნის ხეობაში ვერ შევა. სასაზღვრო პოსტი ზემო ოქროყანაშია განლაგებული. თუმცა, 4-5 კილომეტრით მისი ხეობის სიღრმეში გადატანა ამ ისტორიული მხარის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.

ასევე რთულია თრუსოს სამი სოფლის - ქეთრისის, აბანოსა და ზაქაგორის, გარდა სხვა სოფლების (ნასოფლარების) ხილვაც.

მიტოვებული სოფლები წლიდან წლამდე ნანგრევებად იქცევა, მათი აღორძინების პერსპექტივა მომავლის საქმეა.

გიორგი ბაგრატიონი ჟურნალი "ისტორიანი",#94