ცი­ვი ომის "ა­რა­მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი იარა­ღი" - კვირის პალიტრა

ცი­ვი ომის "ა­რა­მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი იარა­ღი"

1958 წლის იანვარში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) შტაბბინაში საიდუმლო პაკეტი მოვიდა. მასში ბრიტანეთის დაზვერვიდან გამოგზავნილი ფირის ორი რულონი იდო - რომან "ექიმ ჟივაგოს" რუსული გამოცემის გვერდების ნახატები.

საბჭოთა კავშირში ბორის პასტერნაკის რომან "ექიმი ჟივაგოს" გამოცემა აკრძალული იყო. ბრიტანელები ვარაუდობდნენ, რომ ცსს მოახერხებდა რკინის ფარდის მიღმა სამყაროდან რომანის ასლის მოპოვებას. თუმცა იდეამ ვაშინგტონში სხვა სახე მიიღო და ახალი სიცოცხლე შეიძინა.

"ამ წიგნს მაღალი პროპაგანდისტული ღირებულება აქვს არა მხოლოდ იდეის წყალობით, რომელიც მასშია გადმოცემული და განსჯის უნარს ასაზრდოებს, არამედ მის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამოც. ჩვენ საშუალება გვეძლევა დავაფიქროთ საბჭოთა მოქალაქეები, ნორმალურია თუ არა მათი მთავრობა, როცა კარგი ლიტერატურა, რომლის შემქმნელიც ამჟამინდელ რუს მწერლებს შორის ერთ-ერთი უდიდესია, ვერ გამოიცემა მის ქვეყანაში, მისივე მშობლიურ ენაზე, მისივე ხალხისთვის", - აღნიშნულია ერთ-ერთ დოკუმენტში.

სწორედ ამ და კიდევ 130-მდე დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ცივი ომის ეპოქაში ბორის პასტერნაკის "ექიმ ჟივაგოს" ცსს იყენებდა, როგორც საიდუმლო "იარაღს" საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამ დოკუმენტებში, რომლთაც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გრიფი "საიდუმლო" ახლახან მოხსნა, წერია, რომ მწერლის ნაწარმოების რუსულ ენაზე გამოცემასა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გავრცელებას ხელს ცსს უწყობდა.

ამერიკული დაზვერვის ოპერაციას, რომელიც რომანის ევროპაში დაბეჭდვასა და შემდეგ საბჭოთა კავშირში მის გავრცელებას გულისხმობდა, სააგენტოს დირექტორი ალენ დალესი ხელმძღვანელობდა. პროცესში ჩართული იყო პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ 1953 წელს შექმნილი ოპერაციებისა და საკოორდინაციო საბჭოს კომიტეტი, რომელიც უსაფრთხოების ნაციონალური საბჭოს წინაშე იყო ანგარიშვალდებული. აღნიშნული საბჭო 1961 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გააუქმა.

ამ გეგმის შესაბამისად, პასტერნაკის რომანი რუსულ ენაზე პირველად 1958 წელს, ნიდერლანდებში გამოიცა. რომანი ჩაიტანეს ფრანკფურტში, ბერლინში, მიუნხენში, ლონდონსა და პარიზში. დიდი ნაწილი აღმოჩნდა ბრიუსელში, რომელიც მსოფლიო გამოფენის მასპინძლობისთვის ემზადებოდა. საგულისხმოა, რომ მაშინ ბელგიამ საბჭოთა მოქალაქეებზე 16 ათასი ვიზა გასცა. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში საბჭოთა ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჩავიდა. თავად პასტერნაკს ცსს-თან კავშირი არ ჰქონია, ამერიკული დაზვერვა მის გარეშეც შესანიშნავად ახერხებდა რომანის საბჭოთა ტოტალიტარული წყობის საწინააღმდეგო იდეოლოგიურ იარაღად გამოყენებას.

უკვე გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, 1959 წლის ივლისში, ცსს-ს შტაბბინაში "ექიმი ჟივაგოს" 9 ათასი მინიატურული ეგზემპლარი დაიბეჭდა. თუმცა ოფიციალურად ითქვა, რომ იგი ფრანგულმა გამომცემლობამ გამოსცა. მათგან 2 ათასი იმავე წელს ვენაში ჩაიტანეს, საერთაშორისო ფესტივალზე - "ახალგაზრდები და სტუდენტები მსოფლიოსა და მეგობრობისთვის". დანარჩენი 7 ათასი კი ევროპაში მყოფ საბჭოთა ტურისტებსა და მოხელეებში აგენტების დახმარებით გაავრცელეს.

ბრიუსელის მსოფლიო გამოფენა. 1958 წ.

9 ათასი მინიატურული "ექიმი ჟივაგო" მხოლოდ მცირე ნაწილი იყო რომანის იმ 10 მილიონ ეგზემპლარს შორის, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საბჭოთა რკინის ფარდის მიღმა ცივი ომის პერიოდში გაავრცელა.

ცნობები, რომ ევროპაში ბორის პასტერნაკის რომანი რუსულ ენაზე ცსს-ს მონაწილეობით გამოიცა, ადრეც არსებობდა. 2006 წელს ამის შესახებ ლაპარაკობდა ლიტერატურათმცოდნე და რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ივან ტოლსტოი კვლევაში "გათეთრებული რომანი - "ექიმ ჟივაგოს" პირველი რუსული გამოცემის საიდუმლო". ამერიკულ არქივებში მან მიაკვლია მასალებს, რომ რომანი ნობელის კომიტეტში ცსს-ს დახმარებით მოხვდა. ბორის პასტერნაკს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიეკუთვნა.

ამის შემდგომ მოვლენები "დრამატულად" განვითარდა. 1858 წელს ბორის პასტერნაკი აიძულეს, უარი განეცხადებინა ნობელის პრემიაზე. იმდროინდელ საბჭოთა პრესის "ფლაგმანში", გაზეთ "პრავდაში" გამოქვეყნებულ წერილში ბორის პასტერნაკი წერდა, რომ იგი მთელი თავისი ცხოვრებითა და შრომით უკავშირდება თავის სამშობლოს, მის აწმყოსა და მომავალს და ამიტომაც აცხადებს უარს ამ ჯილდოზე.

რომანი "ექიმი ჟივაგო" საბჭოთა კავშირში გამოქვეყნდა მოგვიანებით, 1988 წელს. 1989 წელს კი სტოკჰოლმში ბორის პასტერნაკის კუთვნილი ნობელის პრემია გადასცეს მის ვაჟს, ევგენის.

მომზადებულია Washington Post-ისა

და History.com-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#41