როგორ ეძებდა თამარის საფლავს ექვთიმე თაყაიშვილი - კვირის პალიტრა

როგორ ეძებდა თამარის საფლავს ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა გელათის მონასტრის სიძველეთა შესწავლაზე. მის არქივში შემონახულია 1905 წლის 10 აგვისტოს ჩანაწერი მონასტრის ფრესკების შესახებ.

მოგვიანებით მეცნიერი არაერთხელ ეწვია გელათს სიძველეების შესასწავლად და მის არქივშიც მონასტრის შესახებ საკმაოდ ბევრმა მასალამ მოიყარა თავი, შესაბამისი ილუსტრაციებით. ექვთიმე თაყაიშვილს მოცემული აქვს როგორც გელათის კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძრის, ასევე წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრულ-არქიტექტურული ანალიზი. დაწვრილებითაა განხილული ფრესკები და ლაპიდარული წარწერები. აღწერილია მონასტერში დაცული სიძველეები, მათ შორის საეკლესიო ნივთები, ხელნაწერები, სიგელები. როგორც ჩანს, ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნულ მასალას ცალკე გამოსაქვეყნებლად ამზადებდა ემიგრაციაში წასვლამდე, მაგრამ მისი დასრულება ვერ მოასწრო.

ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაიფიქრა გელათის სიძველეებისადმი ნაშრომის მიძღვნა. შემონახულია ნაშრომის გეგმის შავი ვარიანტი: "გელათი - 1. ლიტერატურა (ქართლის ცხოვრებისა და ვახუშტის ცნობებითურთ); 2. სახარება - წყაროსთავის, ბერთისა, გიორგი მთაწმინდელის სახარება; 3. განრიგება ფრესკებისა ეკლესიაში; 4. სია გელათის გუჯრებისა; 5. შენიშვნები გელათის შესახებ - დე ბუას, ბროსეს და სხვ. ევთიმი საყვარელიძე (უნდა იყოს ექვთიმე I საყვარელიძე - 1578-1616), დაახლოებით 1578-1611. 6. "ტუფლი"; 7. დავით აღმაშენებლის ეპიტაფია; 8. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ნივთები; 9. "ქრონიკა".

მოგვიანებით მეცნიერი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ამ შრომის დასრულება ვერ მოახერხა. გიორგი ლომთათიძის მიერ ჩაწერილ თაყაიშვილის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: "გელათის სიძველეებიც გამოუცემელი დამრჩა, თუმცა ხელნაწერიც მაქვს და ფოტოსურათებიც. ერთ ამათგანზე გადაღებულია მარგალიტდაყრილი ქოშები. ისინი რომელიღაც ეპისკოპოსის ნაქონი უნდა იყოს (ეცვათ ხოლმე ასეთი ქოშები) და ჩვენებური ნაზღაპრის წყალობით კი მაინცდამაინც თამარ მეფის ქოშებადაა მიჩნეული. ასე სჩვევია ხალხს! (თამარ მეფის საფლავისა არ იყოს, ყველგან რომ ის ეგულებათ!)". ჩვენი აზრით, სწორედ გელათში მუშაობის ჟამს უნდა შეეტყო ზედმიწევნით ექვთიმე თაყაიშვილს იმ ტრადიციის შესახებ, რომელიც თამარის საფლავთან დაკავშირებით მონასტერში არსებობდა. საარქივო მასალიდან ირკვევა, რომ მეცნიერი 1919-1920 წლებში ინტენსიურად იკვლევდა გელათის მონასტერს. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, მანამდეც ჰქონდა თუ არა მას გელათში ასეთი მასშტაბის კვლევა-ძიებითი სამუშაოები ჩატარებული. ადრეული ნაშრომებიდან ერთადერთი ჩანაწერი დათარიღებულია 1905 წლით, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ დიდი მეცნიერი ამის შემდეგაც არ ჩასულიყო გელათში ადგილობრივ სიძველეთა სანახავად და შესასწავლად.

თამარ მეფის სავარაუდო ფრესკა მისსავე სახელობის ეგვტერში. გელათი

1919 წელს ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა დაავალა. მეცნიერმა რამდენიმე პირის თანხლებით იმოგზაურა საქართველოში საეკლესიო სიძველეების შესასწავლად. 3-4 აგვისტოს ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში იყო, 6-10 აგვისტოს - გელათში, ხოლო 10 აგვისტოს მოწამეთაში. ამ ექსპედიციის დროს დიდმა მეცნიერმა საგულდაგულოდ შეისწავლა გელათის მონასტრის ის სიძველეები, რომლებიც მანამდე არ ენახა. ამ პერიოდში ექვთიმეს დაინტერესება თამარის საფლავით არ ჩანს, თუმცა არსებობს ერთი ჩანაწერი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ 1919 წელს მეცნიერმა წინასწარი სამუშაო ჩაატარა წმინდა თამარ მეფის აკლდამის გათხრასთან დაკავშირებით. ეს მონათხრობი პეტრე ჭაბუკიანს ეკუთვნის. მისი თქმით, 1919 წლის ზაფხულში "ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში არქეოლოგიური გათხრა აწარმოა საიდუმლოდ, სამღვდელოების საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე ტრიფონ ჯაფარიძისა და იმერეთის ეპარქიის მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავასთან ერთად".

ჩვენ ადრეც ვფიქრობდით, რომ აქ პეტრე ჭაბუკიანს თარიღები და მოვლენები ერეოდა. მას 1919-1920 წლებში გელათში ექვთიმე თაყაიშვილის საქმიანობა ერთ ეტაპად წარმოედგინა, რაც შეცდომა იყო. როგორც ვხედავთ, მეცნიერი ორივე წელს ზაფხულში რამდენიმე დღით ეწვია მონასტერს. 1919 წელს გელათის სიძველეთა აღწერისას ტრიფონ ჯაფარიძე მართლაც იმყოფებოდა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად. ამას ადასტურებს "გელათის მონასტრის შემოწმების ცნობა", რომელსაც ხელს აწერენ: ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, ვასილ ფალავანდიშვილი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი, მღვდელ-მონაზონი ზენონი. შესაძლებელია წინასწარი სამუშაო თამარის საფლავის ძიებასთან ან მის გათხრასთან დაკავშირებით ამ დროს განხორციელდა, მაგრამ უშუალოდ გათხრები არ დაწყებულა და ამას ადასტურებს თავად ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერები. ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ სწორედ 1919 წელს, გელათში 4-5 დღით ყოფნის შემდეგ იწყებს ექვთიმე თაყაიშვილი თამარის საფლავის გათხრისთვის სამზადისს. რადგანაც ეს ზაფხულში ვერ მოხერხდა, ამიტომაც მეცნიერმა მომავალი წლისთვის გადადო.

1920 წელს 4 ივლისს ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში სავარაუდო გათხრების საკითხი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე განიხილა. საბჭომ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის თხოვნით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობასა და საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს. აქვე უნდა ითქვას, რომ მეცნიერებაში გავრცელებული შეხედულებით, დიდი ექვთიმე გელათში გათხრებს ფარულად წარმართავდა. ამ აზრს ამაგრებდა მოვლენების თვითმხილველი პეტრე ჭაბუკიანი, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად აღნიშნავდა, რომ "ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში არქეოლოგიური გათხრა აწარმოა საიდუმლოდ... ამ გათხრის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი მენშევიკურ მთავრობას არ უმხელდა. 1919 წლის ზაფხულში (როგორც ითქვა, შესაძლებელია, აქ ავტორი ცდება თარიღში. უნდა იყოს 1920 წელი, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში გათხრები დაიწყო. - ჯ. ს.). ერთ საღამოს, საჭირო საქმის გამო მოვხვდი ნაზარ ლეჟავასთან თავის ბინაზე, სადაც მოსათათბირებლად მოვიდნენ ექვთიმე თაყაიშვილი და ტრიფონ ჯაფარიძე".

ჩვენს ხელთ არსებული მასალა სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევა. 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილის გადაწყვეტილების შესახებ, გაეხსნა თამარ მეფის საფლავი, იცოდა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა. 1920 წლის 14 ივლისს შეიკრიბა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორები: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, ანდრია ბენაშვილი და გიორგი ახვლედიანი. გამგეობაზე მოისმინეს ინფორმაცია: "პროფ. ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება, რომ თანახმად ქუთაისის მიტროპოლიტის წინადადებისა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ 4 ივლისის სხდომაზე დაადგინა, შემოწმებულ იქნას ამ ზაფხულში თამარის საფლავი გელათში და თხოვნა შემმოწმებელ კომისიაში უნივერსიტეტის მხრით არჩეულ იქმნეს წარმომადგენელი". უნივერსიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა: "წარმომადგენლობა თამარის საფლავის შემამოწმებელ კომისიაში დაევალოს პროფ. კორნელი კეკელიძეს და მიეცეს სამგზავროდ და დღიურ სახარჯოდ შესაფერისი თანხა".

ამ ცნობაზე პირველად ინფორმაცია გამოაქვეყნა ი. მეგრელიძემ, ოღონდ უშუალოდ ცნობა არ უნახავს. მან უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისადმი ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნა მიიჩნია როგორც "მაშინდელი მთავრობისგან" ნებართვის აღების ფაქტი. გამგეობის გადაწყვეტილებაში კი სხვა რამ წერია. ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსაც მიმართა გათხრების წარმოებისას თავისი წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე. საბჭოს კანცელარიის 1920 წლის 17 ივლისის ცნობით, "წმინდა თამარის საფლავის შემოწმება-გამშვენიერების" საქმეში საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს სახელითაც მონაწილეობას მიიღებდა კორნელი კეკელიძე.

ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერების თავფურცელი, მისივე ხელით გაკეთებული შენიშვნებით

ის ფაქტი, რომ მეცნიერი გათხრებს მთავრობისგან დაფარულად არ აწარმოებდა, სხვა ცნობებიდანაც დასტურდება. ჩვენამდე მოაღწია დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის მიერ 1920 წლის 15 ივლისს გაცემულმა მოწმობამ, რომელშიც ნათქვამია, რომ "ეს მიეცა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს, ამხანაგს ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს იმაში, რომ მას დავალებული აქვს პრეზიდიუმის, საპროპაგანდო და ხელოვნების კომისიების მიერ შეისწავლოს საქართველოს საკულტურო ძეგლები და ეკლესია-მონასტრების განძეულობა და ამ მიზნით ის თანამშრომლებით დაივლის საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. სახელმწიფო საზოგადოებრივ დაწესებულებათა და თანამდებობის პირთ ევალებათ ყოველგვარი კანონიერი, ენერგიული და სწრაფი დახმარება აღმოუჩინონ დასახელებულ ექვთიმე თაყაიშვილს და მის თანამშრომელთ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის". გამოდის, რომ გელათში გამგზავრებამდე, 1920 წლის ივლისში ექვთიმე თაყაიშვილი აღიჭურვა ოფიციალური ნებართვებით - უნივერსიტეტიდან, საკათალიკოსო საბჭოდან, დამფუძნებელი კრებიდან.

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ წამოწყებული გათხრები იყო პირველი და ერთადერთი მცდელობა, გახსნილიყო თამარ მეფის გასაიდუმლოებული აკლდამა. მართალია, მანამდე დიმიტრი ბაქრაძესაც ჰქონია მასშტაბური არქეოლოგიური კვლევის იდეა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. სიმონ ღოღობერიძე, რომელმაც ფრანგულიდან თარგმნა და განმარტებები დაურთო მარი ბროსეს "საქართველოს ისტორიას", სქოლიოში აღნიშნავდა: "სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი საფლავი დიდის მეფის თამარისა. განსვენებული დ. ბაქრაძე იმ აზრის იყო, რომ თამარი გელათში უნდა ესვენოს, და კიდეც გამოითხოვა ნებართვა იმერეთის ეპისკოპოზის გაბრიელისგან იმის სამარხის საძიებლად და იატაკის აღებას აპირებდა გელათში. მაგრამ სიკვდილმა აღარ დააცალა და ვეღარ მოასწრო თავის სურვილის აღსრულება". ამის შემდეგ ეს იდეა თითქოს მიივიწყეს. 1920 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილმა, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსა და სამღვდელოებასთან შეთანხმებით, გელათში, თამარის ეგვტერში ერთი საფლავი გახსნა.

გელათის მონასტრის საკურთხეველი. XX საუკუნის დასაწყისის ფოტო. მარცხნივ დასვენებულია ხახულის კარედი გაძარცვამდე

ექვთიმე თაყაიშვილის არქივში გელათისადმი მიძღვნილ მასალათა შორის თვალში საცემია მისი შავი ჩანაწერი: "გელათი, 1920 წ. 26 ივლისი. თამარის ეკვდერი". შემდგომ გვერდზე ავტორს მიუწერია: "გელათი, 1920 წელი. იმერეთის დედოფლის თამარის ეკვდერი. ეს საფლავი შემოწმებულია 1920 წელს". ამას მოჰყვება გაკრული ხელით ქართულად და რუსულად წარმოებული რამდენიმეგვერდიანი ჩანაწერი, რომელშიც აღწერილია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გელათში წარმართული გათხრების დეტალები. რვეულს თან ერთვის ტექსტის სუფთად გადაწერილი პირი, შესრულებული გ. ლომთათიძის მიერ.

პეტრე ჭაბუკიანის მონათხრობით, გათხრებს გელათში აგრეთვე ფიცის ქვეშ (რომ არ გაემხილათ) დაესწრნენ და მუშაობაში მონაწილეობდნენ დაქირავებული პირები სოფელ კურსებიდან: ვალერიან გიორგაძე, მაქსიმე და პოლიევქტ ბერეკაშვილები, გელათის ტაძრის მცველი ნიკოლოზ ჯანგავაძე და არქიმანდრიტი სერგი ნამორაძე. ამ ვარიანტის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი ექვთიმესეული მეორე ჩანაწერიც - "სამხრეთ კარისბჭე და ეკუტრები გელათისა (11 ფ.)", სადაც ცალკე ნაწილადაა შესული ქვეთავი "წმიდა ანდრიას ეგუტერი (ეთმობა 3 გვერდი)". მასში მოცემულია ეგვტერის ინტერიერის აღწერა და დაზუსტებულია გათხრების ზოგიერთი დეტალი. ეს მასალა პირველად გამოაქვეყნა ივ. ლოლაშვილმა.

"წმინდა ანდრიას ეგუტერი, - ვკითხულობთ ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებში, - სამხრეთ აღმოსავლეთის მხრით არის. ეს ეგუტერი მოხატული ყოფილა ორჯერ მაინც. მხატვრობა ეხლა მოშლილია უმეტეს ნაწილად, შერჩენილია მხოლოდ ალაგ ალაგ... მარჯვენა მხრით კარისა, ახალ ნაგლესსქვეშ მოჩანს თავი ძველი მხატვრობისა, თავი ერისკაცისა უნდა იყოს. ამას იქით მარჯვნივ დასავლეთის კედელზე ემჩნევა კიდევ ფიგურა მთელის ტანით და გულზე სამლოცველოდ მიდებულის ხელებით, ვგონებ მეფისა. ამ ფიგურის ქვემოთ საფლავია, რომელსაც თამარის საფლავს უწოდებენ. ჩრდილოეთ თაღზედ ეგუტრისა დასავლეთისკენ მეფის სურათი ყოფილა მთელის ტანით, ბიზანტიური სამეფო ტანისამოსით. მოჩანს კიდევ ზემო ნაწილი თავისა გვირგვინით და შარავანდედით და წარწერა ასომთავრული მარცხნივ თავისა:

მეფ"თა / [ეფეთა

მ"ფე / მეფე]

ამ მეფის სურათი დაჰყურებს საფლავს, რომელსაც თამარის საფლავს უწოდებენ, მაგრამ რომელიც კომისიის შემოწმებით არ აღმოჩნდა თამარის საფლავად, არამედ საოჯახო საფლავად, რომელშიც ოთხი მიცვალებულის ჩონჩხი იყო, მათ შორის ერთი - კუბოთი ზემოთ და სხვები - კუბოს ქვეშ".

ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერები საფლავის გახსნის შესახებ

ამდენად, ექვთიმემ თამარის ეგვტერში ნახა ერთი აკლდამა, რომელშიც ოთხი მიცვალებულის ნაშთები აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან მუშაობა შეწყვიტა. ექვთიმეს არ გაუთხრია თამარის ეგვტერში მოთავსებული სხვა საფლავები. რამდენად მართალია ის ვერსია, რომ თითქოს სამღვდელოებამ მას ცილი დასწამა, გელათის საფლავებში ოქროს ეძებსო, ამის გადამოწმება დღეისთვის ძნელია. პირადად ჩვენ, გელათში თამარის აკლდამის შესწავლისას გვიამბეს, რომ მუშაობისას, შესვენების ჟამს იქ მყოფთ წაუკითხავთ გელათის ჩრდილოეთ მინაშენის კარიბჭეში დაკრძალული ზაქარია ქვარიანის საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერა: "ქ. ღმერთო შეიწყალე კათალიკოზი ზაქარია. ესე საფლავი ჩემი არის და ვინცა ეს ჩემს უკან გახსნას, შეჩვენებულ იყოს". ამ წყევლა-კრულვისა მუშებს შეშინებიათ და თამარის ეგვტერში გათხრები შეუწყვეტიათ. სამწუხაროდ, ამ გადმოცემის სისწორეც ვერ გადავამოწმეთ. ფაქტი ერთია, დიდი სამზადისის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში გათხრები შეწყვიტა. თამარის საფლავის საიდუმლო კვლავ ამოუხსნელი დარჩა.

ჯაბა სამუშია ჟურნალი "ისტორიანი",#41