დადიანების განძის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

დადიანების განძის გადასარჩენად

"ერთი ძმა მყავდა, ოზურგეთში ცხოვრობდა და იშვიათად ვხედავდი. ერთხელ დეპეშა მომცა, ავადა ვარო, მაგრამ ვერც მაშინ წავედი ჩემი მუდმივი მოუცლელობის გამო. ოღონდ, წამლები მივაშველე და თან ზომები მივიღე, რომ კარგ ექიმებს ემკურნალათ მისთვის. ნამეტანი ნაწყენი დამრჩა. მერე რომ შევხვდი, მითხრა: "სულელი ვარ, ჩემი ავადმყოფობა კი არ უნდა მეცნობებინა, არამედ უნდა მომეწერა დეპეშა: "ნაპოვნია არქეოლოგიური ფირფიტა" და ვნახავდი, კისრისტეხვით თუ არ ჩამოირბენდი ოზურგეთშიო". ძმის ხუმრობა და წყენა არ გაჰკვირვებია, რადგან ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს საგანძურზე ზრუნვის გარდა აღარაფერი ახსოვდა, დღენიადაგ ამ საგანძურს დაეძებდა, ავსებდა, ამდიდრებდა, დარაჯობდა და მის გადარჩენას ცდილობდა.

არც ერთი ზაფხული არ გაუცდენია, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ტაძარი, ციხე თუ ნაქალაქარი მოიარა, თითქმის ყველა დიდი ისტორიული წარწერა შენიშნა, ყველა ღირსშესანიშნავი ხელნაწერი გადაფურცლა, არასოდეს დაზარებია საქმე, არასოდეს გასჭირვებია შეუძლებელის შეძლება... ამ დაუოკებელი და თითქოს ულევი ენერგიის მიზეზზე მოგვიანებით იტყვის: "სულ იმას ვშიშობდი, ის არ დაიკარგოს, ის არ წახდეს, ყველაფერი ავღწერო, რაც შეიძლება მეტი გამოვცე, გადმოვიღო, შევიძინო, შემოვაწირვინო, მუზეუმი შევქმნა, რომ შეინახოს ეს ყველაფერი-მეთქი და ასე მიდიოდა ჩემი მუშაობა... სად მქონდა იმის დრო და საშუალება, რომ დავმჯდარიყავი და ნამდვილი გამოკვლევა მეწერა?! რაც მოვასწარი, ისიც მიკვირს?! როგორ არ მეზარებოდა?! როგორ ვახერხებდი ამდენ რამეს, პირდაპირ საკვირველია! ამას ყველაფერს იმისთვის ვაკეთებდი, რომ მერე გამოჩნდებოდნენ მკვლევარები და ყველაფერს შეისწავლიდნენ".

სწორედ ამ მიზნით 1919 წელს მეცნიერი დადიანების სასახლეს ეწვია. ნოე ჟორდანიას დავალებით ექვთიმე თაყაიშვილსა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე გიორგი ფაღავას უფლება მიეცათ, მინგრელსკის ყოფილი სასახლიდან თბილისში გადმოეტანათ ნივთები, რომელთაც მხატვრული და ისტორიული ღირებულება გააჩნდა. 1919 წლის 14 დეკემბერს ისინი გაემგზავრნენ თბილისიდან და მეორე დღეს, 15 დეკემბერს ზუგდიდში ჩავიდნენ.

15, 16 და 17 დეკემბერს მათ შეუგროვებიათ ცნობები სამალავისა და დაცული ძვირფასი ნივთების შესახებ, მაგრამ სამალავს მხოლოდ მაშინ მიაკვლიეს, როცა 20 ან 21 დეკემბერს ზუგდიდში მინგრელსკის მოურავი ჩავიდა და ამ სამალავზე მიუთითა. ერთ-ერთი მოგონების მიხედვით, "1919 წლის გაზაფხულზე მენშევიკური მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ, მიიხმო დადიანების მოურავი ვლადიმერ ალშიბაია და უთხრა: ჩვენთვის ცნობილია, დადიანს დიდი ქონება დარჩა. შენ ეს კარგად იცი და წინადადებას გაძლევთ, ჩააბარე ეს ქონება მთავრობას შესანახად, თორემ იქ გლეხთა აჯანყება ხდება, ქალაქი შეიძლება ბოლშევიკებმა აიღონ და ყველაფერი დაიკარგება, ხოლო ჩვენ ქონებას აქ შევინახავთო. ვლადიმერი შეფიქრიანდა... ენდო მთავრობის მეთაურს და დათანხმდა მის წინადადებაზე".

I მსოფლიო ომის დასაწყისში დადიანების განძეულობა დაცული ყოფილა ზუგდიდის ეკატერინესეული სასახლის ზემო სართულის ორ ოთახში მოთავსებულ სალაროში. აქვე ყოფილა ჭურჭელი, ყანწები, ხალიჩები, ტყავეული, ფარდები, სურათები, სარკეები და მრავალი სხვა. 1914 წლის დეკემბერში დაიწყო თურქ-ოსმალთა ჯარების შეტევა რუსეთის კავკასიის არმიის წინააღმდეგ სარიყამიშის მიმართულებით და მოსალოდნელი იყო თურქთა შეჭრა სამეგრელოშიც. მოურავს გამოუყვია ოქრო-ვერცხლის ნივთები, რაც მას ყველაზე ძვირფასად მიაჩნდა, ჩაულაგებია ოთხ ყუთში და ვლაქერნის ღვთისმშობლის უზარმაზარ ხატთან ერთად მოუთავსებია ჯერ სასახლის ქვემო სართულის საყინულეში, შემდეგ კი იმავე ქვემო სართულის სამზარეულოს ღრმა და მაღალი კუთხის განჯინაში, რომელიც ამოუქოლავთ ორი ფენა აგურით, გაჯით შეულესავთ და შენიღბვის მიზნით, შეუღებავთ ისევე, როგორადაც შეღებილი იყო კედელი.

ექვთიმე თაყაიშვილს, გიორგი ფაღავასა და ზუგდიდის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ლეო ქიაჩელს (ლეო შენგელაიას) 21 დეკემბერს შეუღიათ ზუგდიდის სასახლის დალუქული კარი.

უკანასკნელი მინგრელსკი ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი

აი, როგორაა აღწერილი ეს ფაქტი ექვთიმე თაყაიშვილის ფონდში დაცულ ერთ-ერთ ოქმში: "1919 წლის 21 დეკემბერს... კომისია მივიდა სასახლეში. შესავალ უკანა კარები ზემო სართულისა დაბეჭდილ იყო ლუქით - ორი ბეჭდით... ბეჭდის ახსნის და კარების გაღების შემდეგ საერთოდ დაიარა კომისიამ ზემო სართულის ოთახები და შემდეგ ჩავიდა ქვემო სართულის სამზარეულოში. ამ სამზარეულოს ეზოდან შესასვლელ კარს და შიგნით კარს ლუქის ბეჭედი მოშლილი ჰქონდა. შევედით სამზარეულოში, სადაც არავითარი ავეჯი არ იყო, გარდა ორი ცარიელი იაშჩიკისა და სქელი ფიცრისა.

აქ გვიჩვენა დადიანების მოურავმა ალშიბაიამ სამალავი, რომელიც მოთავსებული იყო მაღალი კუთხის განჯინაში, განჯინა ამოქოლილი იყო ორი ფენა აგურით და გარედან გალესილი გაჯით და შეღებილი, როგორც სხვა კედელი, გამოანგრიეს ამოქოლილი პირი განჯინისა და შიგ აღმოჩნდა ოთხი იაშჩიკი და ცალკე ბიჭვინთის დიდი ხატი თავისი კიოტით. ოთხივე იაშჩიკი სავსე იყო ოქროს და ვერცხლის ნივთებით, რომელიც კომისიამ დაწვრილებით აღნუსხა ცალკე სიით, მეორე დღეს, 29 დეკემბერს, კომისიამ დაათვალიერა საპარადო ოთახები ზემო სართულისა და აღნუსხა უმთავრესი საგნები და წიგნები ამ ოთახებისა, წვრილმანების აღნუსხვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ეს დიდ დროს მოითხოვდა. შემდეგ კომისიამ ინახულა ზემო სართულის სალარო - ორ ოთახში მოქცეული.

ერთში არის დაგროვილი სასადილო, საჩაიე და საყავე მოწყობილობა მრავალნი, აგრეთვე დიდრონი კიდობანები ნოხებით, ტყავებიანი და სხვ. ესეც კომისიას დაწვრილებით არ აღუნუსხია. კომისიას არ აღუწერია აგრეთვე ზემო სართულის ფლიგელის ოთახები და ასევე ქვემო სართულის ოთახები. ერთ მათგანში მოჩანს სამიწათმოქმედო იარაღები. მეორე სალაროში დაგროვილია ხრუსტალის ჭურჭლები, ყანწები, სუსალები, სარკე და სხვადასხვა წიგნები. თვალსაჩინო წიგნების სია ამ სალაროსაც შესდგა. ყველა აღნუსხვილ წიგნებიდან კომისიამ საჭიროთ სცნო გადატანილ იქმნას ტფილისში შესანახავად, ბიჭვინთის ხატი, რომლის დაწვრილებით აღწერა უნდა შესდგეს, ის წიგნები, რაც ელაგა სამალავში, ამას უნდა მიემატოს ხატები, სამი სახარება და ყანწები.

ჩალაგება წიგნებისა მიენდო თვით ბ-ნ ალშიბაიას ერობის წარმომადგენლის თანდასწრებით. ჩალაგების შემდეგ იაშჩიკები უნდა დაიბეჭდოს ალშიბაიას და ერობის ბეჭდებით. დაცვა ნივთებისა გადატანის დროს ზუგდიდიდან ტფილისამდის მინდობილი აქვს ადგილობრივ მილიციის უფროსს და ის არის პასუხისმგებელი მთავრობის წინაშე ამ წიგნების მშვიდობით ტფილისში ჩატანისა.

არავითარი ნუსხა თავად დადიანის წიგნებისა ადგილობრივთ არ აღმოაჩნდათ. ბ-მა ალშიბაიამ განაცხადა, რომ თავადს აქვს თავისთვის სრული აღნუსხული სია, მაგრამ მისთვის ამ სიის პირი არ მიუცია... კომისიამ დაადგინა გაგზავნის შემდეგ ოთახები და კარები დაბეჭდილი იყოს ერობის და თვით ალშიბაიას ბეჭდებით, მანამ მთავრობა განკარგულებას არ მოახდენს. თუ ვის გადაეცეს სასახლე და მასში მოთავსებული ქონება შესანახად თუ დასაცავად".

ზუგდიდი, დადიანების სასახლე

ექვთიმე თაყაიშვილი და მისი კომისია თავდაუზოგავად მუშაობდა და ყოველმხრივ ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ნივთის აღწერა მოესწრო. ზუგდიდელი პედაგოგი სიმონ გოგიჩაიშვილი იგონებს: "კომისია შებინდების შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ, მუშაობდა ნავთის ლამპის შუქზე. ენთო ხოლმე ორი თუ სამი ლამპა. წასვლის წინ ლამპებს აქრობდნენ. იმ საღამოს, როცა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ლამპები ჩააქრეს, ბურბუშელაში, რომელიც ყველგან ეყარა (ამ ბურბუშელაში ინახებოდა დადიანისეული ძვირფასი საგნები), ერთ ადგილას უცებ ინათა. გვეგონა ბურბუშელას ვისიმე გაუფრთხილებლობით ცეცხლი წაეკიდა და ალი ავარდა, შევვარდით, რომ სასწრაფოდ ჩაგვექრო და სასახლე ხანძრისაგან გადაგვერჩინა, ბურბუშელა გადასწი-გადმოსწიეს და ცეცხლის ნაცვლად დაინახეს ბრილიანტებით მოოჭვილი ჯვარი. თურმე ის ანათებდა... თვით განძის სასახლიდან გატანას არ დავსწრებივართ, იგი ხეთაში ჩაიტანეს მთავრობის მიერ თბილისიდან გაგზავნილი ორი თუ სამი დაჯავშნილი ავტომობილით, ხოლო ხეთიდან განძი დაჯავშნილი მატარებლით თბილისში ჩაიტანეს".

გიორგი კალანდია

საქართველოს თეატრის, მუსიკის,

კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#41