"ჩი­ნე­თის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი სი და მა - გო­რე­ლი გი­ორ­გი სი­და­მო­ნი­ძე" - კვირის პალიტრა

"ჩი­ნე­თის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი სი და მა - გო­რე­ლი გი­ორ­გი სი­და­მო­ნი­ძე"

გენერალი გიორგი სიდამონიძე ჩინეთის არმიაში 1923-1945 წლებში მსახურობდა. მიღებული ჰქონდა ჩინეთის არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. იქ მას გენერალ სი და მას სახელით იცნობდნენ.

გიორგი კონსტანტინეს ძე სიდამონიძე 1896 წლის 26 დეკემბერს ქალაქ გორში დაიბადა. დაამთავრა ტფილისის პრაპორშჩიკთა პირველი სკოლა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მსახურობდა 299-ე ქვეით პოლკში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის შტაბსკაპიტანი სიდამონიძე "წმ. ვლადიმირის" IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

სამოქალაქო ომში, აღმოსავლეთის ფრონტზე, თეთრების მხარეს იბრძოდა (1918 წლიდან) მსახურობდა 1-ელ სახალხო პოლკში, ქალაქ უფაში (შემდგომში უფის მე-13 პოლკში). 1918 წლიდან კაპიტანი გახდა, ხოლო მომდევნო წელს - პოდპოლკოვნიკი და უფის მე-13 პოლკის მეთაურადაც დაინიშნა.

მონაწილეობდა ციმბირის "დიდ ყინულოვან" ლაშქრობაში - ადმირალ კოლჩაკის არმიის აღმოსავლეთისკენ უკან დახევაში, თითქმის 2000 კილომეტრზე 1920 წლის 12 მარტს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, ხოლო 15 ნოემბრიდან უფის მე-2 დივიზიას ჩაუდგა სათავეში, რომელთან ერთად მთელი იმიერბაიკალი და ზღვისპირეთი გაიარა.

თეთრი არმიის ყოფილი წევრები ჩინეთში წვრთნებს გადიან

1921 წლის მარტიდან კვლავ მეთაურობდა პოლკს უფაში, მონაწილეობდა ხაბაროვსკის ლაშქრობაში და ორჯერ დაიჭრა ბრძოლებში. მომდევნო წლის 2 ნოემბერს, თეთრი არმიის ბოლო ნაწილებთან ერთად, ჩინეთში გადავიდა.

ემიგრაციაში გიორგი სიდამონიძე მანჯურიაში, ქალაქ გირინში ცხოვრობდა. 1923 წელს მარშალ ჩჟან ცოლინის არმიაში შევიდა, სადაც 27 წლის ასაკში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს და შანდუნის დივიზიის რუსული ბრიგადის მეთაურად დანიშნეს. ბრიგადა დაკომპლექტებული იყო მოხალისეებით, რომლებიც ადრე თეთრ არმიებში მსახურობდნენ.

მონაწილეობდა ჩინეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში (1924-1928 წწ.). მარშალმა ჩჟან ცუჩანმა გენერალ-მაიორი გიორგი სიდამონიძე 1926 წლის 9 დეკემბერს "უდიდესი თავთავის" II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარშალმა თავის სამადლობელ სიტყვაში განაცხადა: "ლეგენდარული გენერალი სი და მა ჯილდოვდება პირადი მამაცობისთვის, ბოლშევიკებთან და მათ მოკავშირეებთან ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისთვის". 1927 წლის ბოლოს რუსული ჯგუფის ბაზაზე 109-ე ცალკეული ბრიგადა შეიქმნა, რომლის მეთაურადაც გენერალი გიორგი სიდამონიძე დაინიშნა.

გენერალ-მაიორი სიდამონიძე "უდიდესი თავთავის" ორდენით დააჯილდოვა მარშალმა ჩჟან ცუჩანმა

მომდევნო წლებშიც გენერალი ჩინეთში დარჩა და 1945 წლის სექტემბრიდან კი ქალაქ შანხაიში გადაბარგდა, მას შემდეგ, რაც მანჯურია საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. შანხაიში სიდამონიძე დაკავებული იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით. შედიოდა "რუსეთის საერთო-საჯარისო კავშირში" და იყო რუსი ემიგრანტების საქმეთა ბიუროს წევრი.

1949 წელს, შანხაიდან რუსების სასწრაფო ევაკუირებისას, ბევრმა რუსმა, რომელიც ჩინეთის ნაწილებში მსახურობდა, თავისი ჯილდოების გაყიდვა დაიწყო, ოღონდ კი რამე თანხა მიეღოთ. ასე დაემართა გენერალ სიდამონიძესაც, რომელმაც "უდიდესი თავთავის" ორდენი გაყიდა. ის დღეს კერძო კოლექციონერის საკუთრებაა. შანხაის დატოვების შემდეგ გენერალი აშშ-ში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 1971 წელს, 75 წლის ასაკში, სან-ფრანცისკოში. გიორგი სიდამონიძე იქვე დაკრძალეს.

მამუკა გოგიტიძე

ისტორიის დოქტორი, პოლკოვნიკი ჟურნალი "ისტორიანი",#41