ნორვეგია - ტბებისა და მუზეუმების ქვეყანა - კვირის პალიტრა

ნორვეგია - ტბებისა და მუზეუმების ქვეყანა

თუ ბოლო წლებში ზაფხულობით მაინც ამოდიხართ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ მუზეუმს რომ ეძახით "შინაურულად", აუცილებლად შენიშნავდით ქართველი დურგლების გვერდით უცხოელებს - მაღალ, თეთრ, ქერათმიან ნორვეგიელებს, ძველქართულ სახლებს რომ აღადგენენ. რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ოსლოს სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის პარტნიორობით, ნორვეგიელი მეცნიერები და დურგალ-მშენებლები ჩვენი მუზეუმის მასპინძლებადაც კი იქცნენ. ნორვეგიელებმა საქართველო ხომ შეიყვარეს, ახლა ქართველ მეცნიერებს ჩვენი ქვეყანა უნდა შევაყვაროთო და თავიანთ სამშობლოში მიგვიწვიეს.

ეს რეპორტაჟებიც ნორვეგიულ დღიურებს მოიცავს.

გზა ჩრდილოეთისკენ...

თბილისიდან გამთენიას გავფრინდით. სამ საათში რიგაში ვართ. რიგიდან იმავე თვითმფრინავით - ოსლოში საათ-ნახევარში. ვტოვებთ ბალტიის ზღვას, ქარვისფერ ქარვის სანაპიროს, რიგის უბეს. ნორვეგიას ესაზღვრება ბალტიის ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვასთან დამაკავშირებელი სრუტეებიდან ბოლო - სკაგერაკის სრუტე, რომლის ვიწრო და ხმელეთში ღრმად შეჭრილ ყურესთან მდებარეობს დედაქალაქი ოსლო. ნორვეგიას აკრავს ჩრდილოეთის, ნორვეგიისა და ბარენცის ზღვები. სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ნორვეგია მდიდარია ტბებითაც.

მკითხველმა ალბათ მშვენივრად იცის, რომ რუკაზე სკანდინავია ვეფხვივით გადაჭიმულა ევროპის ჩრდილო-დასავლეთში. ნახევარკუნძულზე განთავსებულია ნორვეგია და შვედეთი. ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით, სკანდინავიის ქვეყნებს მიაკუთვნებენ აგრეთვე ისლანდიას, დანიასა და ფარერის კუნძულებს. სკანდინავიელი ხალხი ძველგერმანული ტომების შთამომავლები არიან, რომელთაც ცენტრალური ევროპიდან ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლეს. როგორც ჩანს, ჯერ იუტლანდიის ნახევარკუნძულზე (სადაც დანია მდებარეობს) და შემდეგ უშუალოდ სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ეს უნდა მომხდარიყო ჩვენს ერამდე 2300-2200 წლის წინ. ისტორიულ-გეოგრაფიულად სკანდინავიის ქვეყნებთან ახლოსაა ფინეთიც, რომელიც ამ ქვეყნებთან ერთად შედის ფენოსკანდიის მხარეში.

სკანდინავიის ქვეყნებს საერთო წარმომავლობა აქვთ. ახალი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ნახევარკუნძულს გერმანულენოვანი ტომების ახალმა ტალღამ გადაუარა, რომელთა შთამომავლებიც არიან დღევანდელი სკანდინავიელები.

ნორვეგია ყველაზე "გრძელი" ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში. კონტინენტის უკიდურესი ჩრდილოეთის კონცხ ნორდკინიდან, ლილელსნესის კონცხამდე სამხრეთში, ის 1752 კმ-ზეა გადაჭიმული. ქვეყნის საერთო ფართობი 324 ათასი კვკმ-ია, რაც მეტია მაგალითად, დიდ ბრიტანეთზე ან იტალიაზე. მაგრამ ამ უზარმაზარ სივრცეზე ცხოვრობს დაახლოებით იმდენი ადამიანი, რამდენიც საქართველოში (დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით 4,5 მლნ). მკაცრი კლიმატური პირობების გამო ქვეყნის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელია.

ძველი საცხოვრებელი სახლები მაიჰაუგენში

ნორვეგია მცირე ზოლით რუსეთსაც ესაზღვრება უკიდურეს ჩრდილოეთში. რუსეთთან მეზობლობის "სიკეთე" მათ ჩვენსავით ბევრჯერ იწვნიეს. ჩვენი ღვინისა და "ბორჯომის" მსგავსად, წუნი მსოფლიოში განთქმულ ნორვეგიულ ქაშაყს, ორაგულსა და თევზის კონსერვებსაც დასდეს.

ლილეჰამერი…

ქართული დროშით

ლილეჰამერი პატარა საკურორტო ქალაქია, სულ 26 ათასი მცხოვრებით. აქ არის ნორვეგიის სამთო-სათხილამურო ცენტრი და სამუზეუმო ცენტრიც. ლილეჰამერს მაიჰაუგენის სკანსენის, ანუ ღია ცის ქვეშ მუზეუმის გამო მუზეუმების ქალაქს ეძახიან. თვით მაიჰაუგენი კი მაისის მთას ნიშნავს.

გახსოვთ ალბათ, რომ 1994 წელს ლილეჰამერმა ზამთრის მსოფლიო ოლიმპიადას უმასპინძლა. მაშინ ძნელად წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ამ პატარა ოლიმპიურ ქალაქში აღმოვჩნდებოდი. ბუნებრივია, როცა მოგზაურობაზე ფიქრობ, პარიზს, მადრიდს ან რომს უფრო წარმოიდგენ, ვიდრე ასეთ პატარა ქალაქს...

სხვათა შორის, მასპინძლებმა სიურპრიზიც მოგვიწყვეს - ქართველ მეცნიერებს ოლიმპიური კვარცხლბეკი დაგვითმეს, ადგილები გაგვინაწილეს და ჯილდოებიც გადმოგვცეს - 1994 წელს გამოცემული სამკერდე ნიშნები საქართველოს დროშის გამოსახულებით. მოგვიბოდიშეს, დროშა სამფეროვანია, მაშინ თქვენი სახელმწიფო დროშა ასეთი იყოო. სამკერდე ნიშნები ოლიმპიადის მონაწილე ყველა ქვეყნის დროშების მიხედვით მოამზადეს. ქართულდროშიან სამკერდე ნიშანს "თოვლის ქუდები" ახურავს. ამ ოლიმპიადის ქართველმა მონაწილეებმა, ტრადიციულ ოლიმპიურ დევიზს უერთგულეს - მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა! ქართულდროშიანი სუვენირი დღესაც იყიდება სამუზეუმო მაღაზიაში. აქაც და საერთოდ, ნორვეგიის მუზეუმების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სამუზეუმო ექსპონატების ასლები, ეროვნული ატრიბუტიკა და სუვენირები, მუზეუმის ლოგოთი დამშვენებული მაისურები თუ მკვიდრად ნაქსოვი ნორვეგიული ცხვრის მატყლის სამოსი. სხვათა შორის, ეს ტენდენცია მსოფლიოს ყველა მუზეუმშია და თანდათან მკვიდრდება საქართველოშიც. ასე, მაგალითად, წნორის ოქროს მინიატურული ლომი (ძვ.წ. III ათასწლეულის), უნატიფესი ყელსაბამები ანტიკური ვანიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ეროვნული მუზეუმის მაღაზია-სალონებში (რაღა თქმა უნდა, მაღალი ოსტატობით შესრულებული ასლები, ძირითადად მოოქრული).

ჩვენ და ლვოველი ეთნოგრაფები

ჩვენთან ერთად სამუზეუმო შეხვედრებში უკრაინელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ ლვოვის მუზეუმიდან. მაშინ უკრაინაში ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო. მოგეხსენებათ, ნორვეგია იმდენად აწყობილი ქვეყანაა, რომ წლიდან წლამდე ბიუჯეტი პროფიციტულია, ანუ მაღალი შემოსავალი აქვთ. ამიტომ შეუძლიათ, ნამეტი თანხის ნაწილი განვითარების გზაზე მდგომ ქვეყნებსაც წაახმარონ. ჩვენთან კონტაქტების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ასეთივე ურთიერთობის დამყარება სცადა რუსეთის ერთ-ერთმა მუზეუმმაც. აი, აქ კი გამოვლინდა სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის, ქალბატონ ოგუტი გამერსკვიკის პრინციპულობა და სოლიდარობა ქართველი კოლეგებისადმი. ეს რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია - როცა აგრესორი რუსეთი დაუნდობლად უსწორდებოდა ქართულ სოფლებს და ბომბავდა შიდა ქართლის მიწა-წყალსა და კოდორის ხეობას, რუსეთის ერთ-ერთი მუზეუმი ნორვეგიას დონორობას სთხოვდა. ქალბატონმა ოგუტმა არაორაზროვნად განუმარტა რუს კოლეგებს, რომ არაეთიკური იქნებოდა ეს ურთიერთობა, რადგანაც რუსეთი იმ ქვეყანას ებრძოდა, რომელთანაც ლილეჰამერის მუზეუმს მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ ამ ვითარებაში წამოიწია უკრაინის თემამ და საფუძველი ჩაეყარა კონტაქტებს ლვოვის ღია ცის ქვეშ მუზეუმთან.

ნორვეგიული კარ-მიდამო მაიჰაუგენში

ლვოვის ღია ცის ქვეშ მუზეუმის ისტორია 1928 წლიდან იწყება, როდესაც ცნობილი მოღვაწის, მიტროპოლიტ ანდრეი შეპტიცკის ინიციატივით XVIII საუკუნის ეკლესია კარპატების ერთ-ერთი სოფლიდან გადმოიტანეს. 1966 წლიდან კი ისევე, როგორც თბილისში, ლვოვშიც ღია ცის ქვეშ მუზეუმი ოფიციალურად დაარსდა.

ლვოვის "მხარეს" ლილეჰამერში წარმოადგენდნენ მუზეუმის დირექტორი ივან კოვასევიჩი, მოადგილე მიჰაილო ლაბოიკო, კოლექციების მენეჯერი რუსლან სირიი, კონსერვატორი იჰორ კუშნირუკი და ეთნოლოგი ტეტიანა ჰელეტიი. როგორც ხედავთ, რუსეთისგან "იზოლირებულმა" უკრაინელებმა, მით უფრო ლვოველებმა სახელებს უკრაინული ჟღერადობა დაუბრუნეს! თუმცა ნორვეგიელთაგან განსხვავებით, სამუზეუმო პირობები თითქმის ჩვენნაირი აქვთ.

საღამოობით მეგობრულ ვახშამზე თამადობას, ჩვეულებრივ, ქართველებს გვთხოვდნენ. აი, სწორედ აქ მიეცა კოლხი რაინდის, ბატონი ნუგზარ მიქაძის ასპარეზს გასაქანი და მჭევრმეტყველებით თუ სიმღერით უკრაინელი და ნორვეგიელი კოლეგები მოხიბლა. ტეტიანამ თავის თანამემამულეებს ისიც კი უთხრა, უყურეთ ქართველებს და ახლა მაინც ისწავლეთ ქალისადმი რაინდული დამოკიდებულებაო...

ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსლან სირიი ტრადიციული, გულისპირმოქარგული "უკრაინკით" გამოცხადდა, რამაც საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა. მაშინ კი ინანა ბატონმა ნუგზარმა, რომ ქალიშვილებს არ დაუჯერა და ქამარ-ხანჯლით გაწყობილი ჩოხა შინ დატოვა...

"არყის ხის ფეხების" ლეგენდა

ლილეჰამერში ჩვენს სასტუმროს "ბირკებეინერენი" ერქვა. ცხადია, დავინტერესდით ამ სიტყვის წარმომავლობით. XIII საუკუნის დასაწყისში ნორვეგიაში სამოქალაქო დაპირისპირება გამძაფრდა. მოეწყო შეთქმულება, რომელსაც მეფე ჰოკონი ემსხვერპლა. შეთქმულებმა მეფის ოჯახის მთლიანად განადგურება განიზრახეს, განსაკუთრებით სამეფო ტახტის მემკვიდრის თავიდან მოშორება უნდოდათ. სამეფო კარის ერთგული მხოლოდ ბირკებეინერენის რაზმი დარჩა. ნორვეგიულად ეს არყის ხის ფეხებს, ანუ თხილამურებს ნიშნავს. ამ რაზმის წევრები არყის ხისგან დამზადებული თხილამურებით მოძრაობდნენ.

1205 წლის შობის ღამეს ბირკებეინერენის რაზმის მებრძოლებმა ტორსტენ სკევლამ და სკერვალდ სკრუკამ ოსლოდან ქალაქ ტრონჰეიმის მახლობლად, ნიდაროსის დასახლებაში გადამალეს პატარა პრინცი ჰოკონ ჰოკონსონი. გზად ლილეჰამერში შეჩერებულან, ღამეც გაუთევიათ.

პატარა უფლისწული გაიზარდა და სამეფო ტახტიც დაიბრუნა...

ლილეჰამერი დღესაც ამაყობს იმით, რომ პატარა უფლისწული შეიფარა.

ნორვეგიის ზღვის ნობათი და კარტოფილი "მუნდირში"

ყოველწლიურად, ზამთარში იმართება მოთხილამურეთა მასობრივი შეკრება-შეჯიბრება. მასში ათას ხუთასზე მეტი მოხალისე-მოთხილამურე მონაწილეობს.

ერთ-ერთ სასტუმროს, რომელიც 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის აიგო, სწორედ "ბირკებეინერენი" ჰქვია. სასტუმროს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ცნობილი მხატვრის კნუდ ბერგსლიენის ნამუშევარი, რომელზეც დრამატიზმითაა გადმოცემული პატარა უფლისწულის მტერთაგან გარიდების სცენა.

ნორვეგია თხილამურების სამშობლოდ ითვლება. როგორც სარბოლო, ისე სლალომის თხილამურები პირველად ნორვეგიელებმა დაამზადეს. სიტყვა სლალომიც ნორვეგიული წარმოშობისაა. ასეთი ისტორიაც არსებობს: როცა XIX საუკუნეში ნორვეგიელების დიდი ნაწილი ამერიკის კონტინენტზე გადასახლდა, ზამთარში სიერა-ნევადას შტატში საფოსტო კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდათ. აქ გამოჩნდა გამოცდილი ნორვეგიელი მოთხილამურე, რომელმაც ეს პრობლემა მოაგვარა - და თხილამურებით ყოველდღე უზარმაზარ მანძილს ფარავდა და ადრესატებს გზავნილებს აბარებდა.

თანამედროვე ვიკინგი

გაგვიმართლა! ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოზე შეყვარებული ახალგაზრდა ვიკინგია, ლილიჰამერის მუზეუმის კოლექციების ხელმძღვანელი, ახლა უკვე დირექტორი გაუტე იაკობსენი. თითქმის ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. კარგად იცნობს ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმის კოლექციებს და იმ სირთულეებსაც, რაც თან ახლავს ჩვენს პირობებში სამუზეუმო ნივთების მოვლა-პატრონობას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას...

ამ ვიზიტებისას ვერც ქართულ სუფრას ასცდა და ქართული ტრადიციებიც შეითვისა. შინ, მაიჰაუგენელ კოლეგებს ხშირად აოცებს ნორვეგიულ ყაიდაზე გადამღერებული დედმამიშვილების, დიდი წინაპრებისა და მეგობრობის სადღეგრძელოებით. გაუტე ტიპური ვიკინგია, ლამის ორ მეტრამდე სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, ქერა, მონაცრისფრო თვალებითა და ნორვეგიული მუყაითობით გამორჩეული.

მუზეუმში მისვლამდე რთული სამხედრო გზაც გაიარა - რამდენიმე წელი საერთაშორისო ძალებში მსახურობდა ლიბანში - ნაგაზთან ერთად, რომელიც თავადვე გამოწვრთნა (ერთხანს კინოლოგიითაც იყო გატაცებული).

ამჯერად გაუტე ნორვეგიული სოფლის მასპინძელია.

იაკობსენი ერთ ადგილას არ ჩერდება, მუდმივად მოგზაურობს. ჩვენი წამოსვლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში აპირებდა გამგზავრებას. გაუტეს ქართული ხასიათი კიდევ ერთ რამეში გამომჟღავნდა: პროტოკოლით გათვალისწინებული იყო ვახშამი თითო ჭიქა ღვინით. ქართულ მასპინძლობას ნაზიარები ნორვეგიელი, ცხადია, თავს "არ ირცხვენდა" და თითო ჭიქა ღვინოს თავისი ხარჯით ღვინოსაც უმატებდა და ლუდსაც... თითქოს არაფერია, მაგრამ ნორვეგიაში, სადაც ალკოჰოლისადმი ჩრდილოური ქვეყნების დარად მეტად ფრთხილი და კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, კათხა ლუდი 80 კრონი (10 დოლარი) ღირს. მისი გულუხვობა არც ლვოველ კოლეგებს გაჰკვირვებიათ, რომელთაც არანაკლებ იცოდნენ ქართული სტუმარმასპინძლობის შესახებ.

P.შ. ლილეჰამერში ბაიკერთა მორიგი შეკრების მოწმენიც გავხდით. ოღონდ ხანში შესული ბაიკერებისა! ბაიკერების არავის უკვირს, მაგრამ თვალში საცემი იყო, რომ მზით გარუჯული, სპორტული აღნაგობისა და უხვად მოსვირინგებული 60-70 წლის ქალები და მამაკაცები ახალგაზრდებს არაფრით ჩამორჩებოდნენ...

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი",#41