საქართველო უცხოელთა ფერებში - კვირის პალიტრა

საქართველო უცხოელთა ფერებში

დასაწყისი იხილეთ ნაწილი მეორე

(ნაწილი III)

კიდევ ერთი გამორჩეული მხატვარი, ვინც საქართველოს ხედები გასაოცარი ოსტატობით გადმოსცა ტილოებში, ლევ ფელიქსის ძე ლაგორიოა (1827-1905). ფეოდოსიაში დაბადებული ნეაპოლელი ვიცე-კონსულის ვაჟი რუსეთის მოქალაქე გახდა და უზარმაზარი იმპერიის თვალწარმტაცი პეიზაჟების ხატვა დაიწყო. 1839-1840 წლებში ლევ ლაგორიო ივან აივაზოვსკის სახელოსნოში მოხვდა და მის ერთ-ერთ საუკეთესო შეგირდად იქცა. 1850 წელს ლაგორიომ სამხატვრო აკადემია დიდ ოქროს მედალზე დაამთავრა და პირველი ხარისხის მხატვრის წოდება მიიღო. ეს წარმატება მას უცხოეთში სახელმწიფოს დაფინანსებით გამგზავრების საშუალებას აძლევდა, თუმცა ჯერ ლაგორიო კავკასიური ხედების დასახატავად გამოგზავნეს. კავკასიამ მხატვარი სამუდამოდ დაატყვევა, მომავალში იგი აქაურობას არაერთხელ ესტუმრა.

ნახატი "ტიფლისის ხედი" შესრულებულია XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსული პეიზაჟისთვის დამახასიათებელი სტილით. ტილოზე ქალაქის მთელი პანორამაა გადმოცემული, თუმცა ცენტრალური ადგილი არქიტექტურულ ძეგლს, ამ შემთხვევაში ნარიყალას უკავია. ნამუშევარი ამჟამად რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის ფონდ "თაობის" სამხატვრო გალერეაში ინახება. 1871 წელს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი გალერეამ 1997 წელს შეიძინა.

იმავე მანერით არის შესრულებული ლაგორიოს მეორე ნამუშევარი, რომელიც ამჟამად რიბინსკის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ და სამხატვრო მუზეუმშია დაცული. 1889 წელს შესრულებული ნახატის სახელწოდებაა "კავკასიური ხედი", თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლაგორიოს ფუნჯს აქ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი ეკლესია აქვს გადმოცემული. არ არის გამორიცხული, რომ ეს გერგეტის სამების მხატვრისეული ინტერპრეტაცია იყოს. სახვითი ხელოვნების ორენბურგის საოლქო მუზეუმშია დაცული ლევ ლაგორიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახატი "ბათუმი". 1881 წელს შექმნილი ეს ტილო სამართლიანადაა შეტანილი რუსული მხატვრობის შედევრთა ნუსხაში. ნახატზე ბათუმის ყურეა ასახული, სადაც დიდი იალქნიანი გემები დგას. კარგად მოჩანს ხშირი ტყით დაფარული მახინჯაურის მთებიც, მათ ქვეშ კი ზღვისპირა ზოლზე პატარა პროვინციული ქალაქია გაშენებული. ოსმალურ-ბერძნული ტიპის სახლების უკან მეჩეთების მინარეთები ამოწვერილა. ნახატი ნათლად აჩვენებს, რომ XIX საუკუნის დასასრულს ბათუმის ყურე ნაოსნობის თვალსაზრისით უკვე ათვისებულია რუსული სამხედრო თუ სავაჭრო გემებით.

100-დან 120 ათას გირვანქა სტერლინგად შეაფასეს ერთ-ერთ საერთაშორისო აუქციონზე ლევ ლაგორიოს 1873 წელს შექმნილი ნახატი "იალბუზის ხედი". მცირე ზომის ტილოზე ჩვენებური პეიზაჟია გადმოცემული, მდინარეში შესული ქართული ურემი ამაღლებულ გორაკს უახლოვდება, თეთრი ჰორიზონტის შუაში კი იალბუზი ამაყად ამოწვდილა.

"ბათუმი". ლევ ლაგორიო

საქართველოს მთიანეთს უნდა ასახავდეს ლევ ლაგორიოს ორი ცნობილი ტილო: "კავკასიის მთებში" (1879) და "ხეობა კავკასიაში" (1893). პირველი ტილო ხარკოვის ხელოვნების მუზეუმშია, მეორე კი მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში.

არაჩვეულებრივი ოსტატობითაა გადმოცემული ჩვენი ქვეყნის მთიანეთის სილამაზე ნახატში "საქართველოს სამხედრო გზა". პეიზაჟზე, რომელიც ერთ-ერთ კერძო კოლექციაშია დაცული, ცენტრალური ადგილი ამაყად აღმართულ ყაზბეგის მთას უკავია, მარცხნივ კი გერგეტის სამების მიმზიდველი სილუეტი მოჩანს. ავტორისეული მინაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ტილო ლაგორიოს 1869 წელს შეუქმნია.

1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში ლევ ლაგორიო სხვა მხატვრების მსგავსად კორესპონდენტის რანგში მონაწილეობდა, _ თავისი შთაბეჭდილებები ტილოებზე გადაჰქონდა. მხატვრის ამ პერიოდის ნამუშევართაგან ცნობილია ბატალური სცენა "1877 წლის 8 ივნისს ბაიაზეთის ციხის შტურმის მოგერიება".

ლევ ლაგორიომ ამ ომის საქართველოსთან დაკავშირებული ერთი საინტერესო ეპიზოდი ასახა: 1877 წლის 4 აგვისტოს შავი ზღვის ფლოტისა და პორტების მეთაურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ივან შელკოვნიკოვმა სევასტოპოლს აცნობა, რომ სამხედრო რაზმთან ერთად აფხაზეთისკენ მიემართებოდა, თუმცა ვერ ახერხებდა გაგრის გადასასვლელის გადალახვას, რადგან აქ მუდმივად ოსმალური ჯავშნოსანი პატრულირებდა და ვიწრო გზა ზედ სანაპიროსთან საიმედოდ იყო დაცული. შელკოვნიკოვმა თურქებზე ნაღმტყორცნებით შეტევა ითხოვა.

ამ თხოვნის პასუხად, რუსულმა გენერალიტეტმა 120-ზარბაზიანი სახაზო გემ "ველიკი კნიაზ კონსტანტინის" მეთაურს, ლეიტენატ სტეპან მაკაროვს დაავალა, სასწრაფოდ დაეტოვებინა დისლოკაციის ადგილი და ყველაფერი გაეკეთებინა პოლკოვნიკ შელკოვნიკოვის რაზმის დასახმარებლად. იმავე დღეს გემმა "ვ.კ. კონსტანტინმა" სევასტოპოლი დატოვა და კურსი დანიშნულების ადგილისკენ აიღო. 6 აგვისტოს გემი ადლერში იყო, როცა ლეიტენანტმა მაკაროვმა შეიტყო, რომ გაგრასთან მდგომ ოსმალურ ჯავშნოსანს პატრულირების ადგილი დილით მიეტოვებინა. ლეიტენანტმა მიიჩნია, რომ ოსმალური გემის მოქმედება თვალის ასაქცევი, ყურადღების მოსადუნებელი მანევრი იყო, რათა პოლკოვნიკ შელკოვნიკოვის რაზმს მოულოდნელად დასხმოდა თავს. ამიტომ გემ "ვ.კ. კონსტანტინეს" მეთაურმა გადაწყვიტა, დაღამებას დალოდებოდა და მერე ნაღმტყორცნი კატარღებით ადგილმდებარეობა დაეზვერა.

ღამის ოთხ საათზე მზვერავები გემს დაუბრუნდნენ, მათ მოწინააღმდეგე ვერ აღმოაჩინეს... თუმცა მოულოდნელად, როცა გემბანზე კატარღები აიტანეს, ოსმალური ჯავშნოსანიც გამოჩნდა. თურქებმა ძრავები ბოლო სიჩქარით აამუშავეს და რუსულ გემს დაედევნენ. დევნა ორ საათს გაგრძელდა. "ვ.კ. კონსტანტინე" აშკარა დაღუპვისგან უცაბედად მოსულმა წვიმამ და ნისლმა იხსნა. მან თავი სოჭის რუსულ ბაზას შეაფარა.

8 აგვისტოს რუსულმა ხომალდმა მტრის ძიება განაახლა. რუსებს ნაღმტყორცნი კატარღებით თურქული გემის ჩაძირვა სურდათ, თუმცა ოსმალები გაგრის სანაპიროზე უკვე აღარ იდგნენ...

"ძველი ტიფლისი". დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. ლევ ლაგორიო, 1868 წ.

მომდევნო დღეს სევასტოპოლის გენერალიტეტმა პოლკოვნიკ შელკოვნიკოვისგან ტელეგრამა მიიღო: "კონსტანტინი" ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა, მისმა მანევრმა მტერი აგვარიდა. როცა ჩვენები გამოჩნდნენ, თურქულმა ჯავშნოსანმა სანაპიროზე კანონადა და პატრულირება შეწყვიტა და გემ "კონსტანტინს" დაედევნა. მაკაროვმა სწრაფად შეაფასა სიტუაცია და საუკეთესო გამოსავალი იპოვა. მისი დახმარება ფასდაუდებელია, ამიტომაც გულითად მადლობას ვუთვლი გემ "კონსტანტინის" მამაც მეთაურს! მისმა ქმედებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი რაზმის მიერ გაგრის მიუდგომელი მაღლობებისა და გადასასვლელების გმირულ ფორსირებაში".

ლევ ლაგორიომ ეს მომენტი ტილოზე ბრწყინვალედ ასახა, აქ კარგად ჩანს გაგრის სანაპიროზე მიმავალი შელკოვნიკოვის რაზმი და გემ "ვ.კ. კონსტანტინს" დადევნებული ოსმალური ხომალდი. ლევ ლაგორიოს შემოქმედებაზე საუბარს იმ ცნობილი ტილოთი დავამთავრებთ, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. დედაქალაქის ხედი ფუნჯის ოსტატმა ბრწყინვალედ ასახა. აქ ყველაფერს დაინახავ: მწვანეში ჩაფლულ ნარიყალასაც, კლდეზე წამომართულ მეტეხის ტაძარსაც და მტკვარზე მოცურავე ტივსაც, თუმცა ყველაზე უკეთესად ლაგორიომ ნახატში ნამდვილი თბილისური ხიბლი გადმოსცა. რუსეთ-ოსმალეთის ომის კიდევ ერთი მომენტია გადმოცემული ცნობილი პოლონელი მხატვრის, იანუარი სუხოდოლსკის (1797-1875) ტილოზე.

იგი 1810 წლიდან პოლონურ ჯარში მსახურობდა. თვითნასწავლი მხატვარი ფრანგი ფერმწერის, ორას ვერნეს ნახატების კოპირებით იყო გატაცებული და შიგადაშიგ საკუთარ ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი ერთ-ერთი ტილო "მეფე ვლადისლავის სიკვდილი ვარნასთან" იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ისე მოეწონა, რომ სუხოდოლსკის საკუთარი სათუთუნე აჩუქა. მოგვიანებით ამ რელიკვიას მხატვარი იმ აჯანყებას შესწირავს, რომელშიც თავადაც, როგორც კადეტი, აქტიურად მონაწილეობდა. 1830-1831 წლებში პოლონეთში რუსული ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა და იგი მალე რუსეთ-პოლონეთის ომში გადაიზარდა. რუსების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1832 წელს მხატვარი რომში გაეშურა და ორას ვერნესთან ერთ წელიწადს სწავლობდა. 1837 წელს სუხოდოლსკი ვარშავაში დაბრუნდა, მისი ნახატებით მოხიბლულმა ნიკოლოზ I-მა მხატვარს ბეჭედი აჩუქა და ხელოვნების საიმპერატორო აკადემიაში მიიღო. მას შესთავაზეს, შეექმნა ტილო პოლონეთის აჯანყების ჩახშობის აღსანიშნავად, თუმცა მხატვარმა სასტიკი უარი განაცხადა.

ნახატისთვის "ახალციხის ციხესიმაგრის შტურმი 1828 წლის 15 აგვისტოს" იმპერატორმა პოლონელ მხატვარს ბატალური ფერწერის აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. ტილოზე გადმოცემულია სამხედრო ეპოპეა, რომელიც საქართველოს სამხრეთ რეგიონში განვითარდა. 1828 წლის 14 ივნისს რუსეთის იმპერიის არმიამ საბრძოლო მოქმედება დაიწყო ყარსის ციხესიმაგრის მიმართულებით. ქალაქი მალე დაეცა, მას მოჰყვა ახალქალაქის აღებაც და აგვისტოში გენერალმა პასკევიჩმა უკვე ახალციხეს შეუტია. ახალციხის ოსმალური გარნიზონი იმდენად დაიმედებული იყო თავდაცვით, რომ უარს აცხადებდა ანატოლიის არმიის მთავარსარდლის მოადგილის, ბრძოლებში სახელგანთქმული კიოს მაჰმედ ფაშის დახმარებაზე. გარნიზონის უფროსი კიოს ფაშას წერდა: "ჩვენს კედლებში 10 000-ზე მეტი მამაცი მეომარია; ჩვენ არ გვჭირდება თქვენი დახმარება, თვით გავუმკლავდებით რუსებს". მაგრამ გარნიზონი დახმარების შემდეგაც ვერ გადაურჩა მარცხს. 5 აგვისტოს ახალციხესთან ოსმალეთის ძირითადი ძალები მივიდა კიოს ფაშას მეთაურობით. ივან პასკევიჩმა გადაწყვიტა მოწინააღმდეგე გაენადგურებინა ველზე, ვიდრე იგი ციხესიმაგრეში შევიდოდა. სასტიკი ბრძოლა რვა საათს გაგრძელდა. პოზიციები ხელიდან ხელში გადადიოდა. როდესაც კიოს ფაშა დაიჭრა, ოსმალებმა ვერ გაუძლეს რუსულ-ქართული შენაერთების იერიშებს და ბრძოლა პასკევიჩის გამარჯვებით დასრულდა. ოსმალების 10 ქვემეხი, 10 დროშა, 4 ბანაკი მთელი თავისი აღალით გამარჯვებულებს დარჩა. ახალციხე ალყაშემორტყმული აღმოჩნდა. 15 აგვისტოს ძლიერი ბრძოლების შემდეგ, კიოს ფაშა და ციხის უფროსი ფერხად ბეგ ხიმშიაშვილი, სელიმ ფაშას შვილი, გარნიზონით ჩაბარდა რუსებს. ქალაქის მთელი სიმდიდრე პასკევიჩის არმიას დარჩა. მათ შორის იყო მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაც.

"კავკასიური ხედი". ლევ ლაგორიო. შესაძლოა ეს იყოს გერგეტის სამების მხატვრისეული ინტერპრეტაცია სუხოდოლსკის გარდა, ახალციხის შტურმი უცნობმა გერმანელმა მხატვარმაც დახატა და იგი XIX საუკუნის დასაწყისში ნიურნბერგში გრავიურის სახით დაიბეჭდა. 2014 წელს ის აუქციონზე გაიყიდა, საყურადღებოა გრავიურის საკმაოდ ვრცელი მინაწერი: "თურქეთის ჯარების მთავარსარდალი აზიაში, კიოს მუჰამედ ფაშა მთელ თავის ჯართან ერთად დაიძრა ძალიან კარგად გამაგრებულ ციხესიმაგრისკენ ახალციხეში, შეუერთდა ალყაშემორტყმულებს და მათთან ერთად შეუტია რუსებს. მამაცმა გენერალმა პასკევიჩ-ერევანსკიმ მიიღო გამოწვევა და ისე ოსტატურად მანევრირებდა სულ უფრო გაძლიერებული მტრის წინააღმდეგ, რომ მათ ერთდროულად სამ ადგილას უხდებოდათ ბრძოლა. იმავდროულად, თურქებმა მოულოდნელად მოახდინეს ძლიერი ძალის კონცენტრირება მათ ბანაკში და დაემუქრნენ რუსებს ფრონტის ხაზის გარღვევით. ამ გადამწყვეტ მომენტში ბრძოლაში ჩაერთო ერევნის სამი პოლკი, რომლებმაც არტილერისტებისა და შუბოსნების მხარდაჭერით შეუტიეს აზიელებს, გამოსტაცეს დროშა, დაახევინეს მთელ ჯარს მტრის ბანაკისკენ, სადაც ხელთ ჩაიგდეს უამრავი ნადავლი და იარაღი. თურქების დანაკარგი წარმოუდგენლად დიდი იყო. მათ, ვინც შუბოსნებს გადაურჩნენ, გაქცევით უშველეს თავს". გიორგი კალანდია

საქართველოს თეატრის, მუსიკის,

კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#42